რა ვუყოთ, რომ თეთრი ვარ?

კეშას ბლოგი
--------------------------
ნიგერიელებმა და თბილისის მერმა, ნიგერიელებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ფეხბურთი და კალათბურთი ითამაშეს და საფეხბურთო კონფლიქტი ამოიწურა - გვეშველა.

მწვადიც უჭამიათ, არ არიან ჩემი ნიგერიელები მშივრები, ამოვისუნთქე.
სხვა მოედანზეც მომხდარა კონფლიქტი - ქართველ ბიჭებს ქართველ ბიჭებთან უჩხუბიათ და მერს ვითხოვთ და პარლამენტის თავმჯდომარეს, ვერ ვშოშმინდებით სხვანაირად, ვერ ვწყნარდებით.

მიიწვია გაბუნიამ პირდაპირ ეთერში მხარე ნიგერიელი სამუელ ალავოდი - ხოდა, მისხალ-მისხალ და პატიოსნად მოყვა სამუელი: რომ მივედით ბავშვები თამაშობდნენ და ერთი წავაქციეთ, ამიტომ, ვთხოვეთ, მოედანი დაეტოვებინათო.

ხოდა, ეკითხება გაბუნია: - როგორ ფიქრობთ, ბავშვებს მართლა უნდოდათ თამაში მოედანზეო?
მართლა არ ენდომებოდათ, იტყუებოდნენ, ცრუობდნენ - ის რა ბავშვია, რომელსაც თამაში უნდა. ბავშვი ვიცი მე ტელევიზორთან და კომპიუტერთან.
უნდოდათ თამაში კი არა - თამაშობდნენ ბავშვები მოედანზე, თამაშობდნენ.

თუ დავინახავ, რომ ბავშვები გაყარეს მოედნიდან ზრდასრულმა კაცებმა - კანის ფერის გარჩევას დავიწყებ? - კანის ფერის მიხედვით უნდა ვიმოქმედო?
რა ვუყოთ, რომ თეთრი ვარ? 

ეროვნების ნიშნით განვასხვავო, ვის აქვს ბავშვების თამაშისთვის ხელის შეშლა და ვის არა? 
რა ვუყოთ, რომ ქართველი ვარ.

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხს - ბაზუკას გვიმიზნებდნენ ქართველებიო. სად წავიდა მერე ის ბაზუკა, სადაა ბაზუკადან გატყორცნილი ჭურვი?
არა, ახლა, ყველა ნამდვილი ქართველის სახლში ერთი ტანსაწინააღმდეგო ბაზუკა კი დევს, მაგრამ ასე წარამარა კი არ ვისვრით.
რაის ბაზუკა, რა ტანკსაწინააღმდეგო, რის ჭურვი.

ეს ნიგერიელები კი ისხდნენ წელგამართულები და ხერხემალში გაშლილები და ქართველს დაჟეჟილი თუ დალეწილი ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული ბინდით კისერზე. კაციშვილი არ ეკითხება, რა დროს იტკინა ხელი, როგორი დაზიანება აქვს, კიდევ ვინმეს ხომ არ აქვს დაზიანება.
ყვება თვითმხილველი, როგორ სცემდა 30 ნიგერიელი ერთ ქართველს და ჟურნალისტი ეუბნება, ეგ არ მინდა, ის მოყევი, 30 ქართველი რომ ერთ ნიგერიელს სცემდაო.

მოყვა ამას პოსტები ღრუზინობაზე, კანის ფერზე, ტოლერანტობაზე, ქაჯობაზე, დისკრიმინაციაზე.
რა ვუყოთ, რომ თეთრი ვარ, რა ვუყოთ, რომ ქართველი ვარ, ამის გამო სულ მე რატომ უნდა ვიყო თავჩახრილი - განა შეიძლება, კანის თეთრი ფერის და ეროვნების გამო, ჩემს ქვეყანაში ვისჯებოდე?

იუნონა შაფათავამ - შავი შვილები მეყოლება მე და ზანგს ვინც დაუძახებს, გავხევ შუაშიო.
აუ, გგონიათ ფერადკანიანები არ გვეძახიან - თეთრებს ზედმეტსახელებს? რა ვქნა, გავხიო შუაში?
შავი პურის ჭამას ვიწყებ ხვალიდან, შავებს ვიცმევ ხვალიდან, შავად ვიღებავ სახეს ხვალიდან, ტელეფონი უნდა გამოვცვალო - თეთრი ხაზი დაყვება გვერდზე, ემანდ ვინმემ არაფერი იფიქროს, რომ მოვკვდები, შავ კუბოში ჩამაწვინეთ - სახალხოდ ვიბარებ.

რა ვუყოთ, რომ თეთრი ვარ, რა ვუყოთ, რომ ქართველი ვარ, თორემ, ნიგერიელი რომ ვიყო, მეც და ჩემს შვილსაც ხომ შეგვიწვავდა ქალაქის მერი მწვადს.
რა დისკრიმინაციაზე ვსაუბრობთ, გაგდებული აქვს ჩემი ქალაქი ყველა ჯურის ჩამოსულს, რამდენიმე წლის წინ, პლეხანოვზე „სტაიშნიკს“ თურქეთის მოქალაქემ ჯოხი ჩაარტყა თავში და უბნის ინსპექტორმა გაუშვა თურქეთის მოქალაქე, პატრულიც არ გამოიძახა - დაზარალებული არ უჩივისო. 
სასწრაფოა გამოძახებული, კაცს თავი აქვს გატეხილი, სისხლი მოსდის - უბნის ინსპექტორი ამ ამბავს შეესწარი და პატრულსაც არ იძახებ - ანუ, მე რომ ხვალ მომკლან, თუ არავინ იჩივლა - შერჩება მკვლელს?

აბა, ქართველს ჩაერტყა? - რა ვუყოთ, რომ ქართველი ვარ, რა ჯანდაბა ვუყოთ.

მე თეთრი ქართველი ვარ, საბურთალო ინდოელებს დამუთმე, პლეხანოვი თურქებს და არაბებს, ყველა სხვა უბანი ნიგერიელებს და აფრიკელებს, ჩინელებს და პაკისტანელებს - რა ვქნა მეტი, რა შემიძლია კიდევ მოგცეთ, რა უნდა გავიღო კიდევ, რომ ლიბერალი გამოვჩნდე და დემოკრატი გეგონოთ? რა გავაჩუქო კიდევ, რომ დისკრიმინაციაში აღარავინ დამდოს ბრალი?

რა ვუყოთ, რომ თეთრი ვარ? - მე დავწვი, ბატონო? 

რატომ უნდა ვაგო პასუხო, ოდესღაც მსოფლიოში ჩადენილ ყველა დანაშაულზე პასუხი მე. 
ამას წინათ, ერთი ევროპული ქალაქის მერმა პაკისტანელებს განუცხადა: ჩვენ ოდესღაც მიგიღეთ და ცხოვრების უფლება მოგეცით, მაგრამ ის კი არ გვიგულისხმია, რომ ჩვენ ჩვენს ტრადიციებს ვუღალატებთ და თქვენსას მივიღებთ - კეთილი ინებეთ და ჩვენი ცხოვრების სტილს შეეგუეთო.
სად გვაქვს ჩვენ ცხოვრების სტილი, მაგრამ ჯერ კიდევ ვიცით, რომ ბავშვს კი არა, ძაღლს უნდა აცადო თამაში.

ცხოვრობს ნიგერილი 5 წელი ჩემს გვერდით, ერთი სიტყვა ქართული არ იცის, არ სჭირდება, არ მცემს პატივს და არ ვუყვარვარ, არ უნდა ჩემი ენის სწავლა - მე რომ ნიგერიაში ჩავიდე - ჩემს ქართულს ვინ გაიგებს, ვინ გამაგდებინებს ნიგერიელის ბავშვებს მოედნიდან, რომელი ნიგერიელი მერი დამაპურებს?
ხოდა, გავიგე, რომ უნდა ცხოვრობდეს, მაინც და მაინც ჩემს გვერდით უნდა ცხოვრობდეს ნიგერიელი და ჩინელი, ინდოელი და არაბი, თურქი და ერაყელი - გავიგე, კარგი - მაგრამ, ჩემს ქართველზე მეტად რატომ უნდა მიყვარდეს, რისი უფლებაც ჩემს ქართველს არა აქვს, იმის უფლებას რატომ ვაძლევთ მათ - ეგ ვერ გავიგე და გამხიოს თუ უნდა იუნონამ შუაზე, რა ვქნა.

ბიუჯეტს ვავსებთ მაგ შემოსული ადამიანებითო - მეუბნებიან, ხმა არ გაიღო, ჩუმად იყავიო. აუ, წლებია, ჩამოდიან და ჩამოდიან და შევსებული ბიუჯეტი მე ვერ დავინახე, ვერც ცხოვრების გაუმჯობესება დავინახე და ეგენი ავსებენ ბიუჯეტს და მე ვაკლებ ღამე ჩუმად, თუ როგორაა საქმე?
რა ვუყოთ, თუ თეთრი ვარ, მეც მინდა თამაში, მეც მინდა ცხოვრება, მეც მინდა სამართალი.

რა ვუყოთ, თუ ქართველი ვარ, მეც მინდა სამსახური, მეც მინდა სახლი, მეც მინდა პარლამენტის თავმჯდომარის და ქალაქის მერის, თუნდაც, მორალური მხარდაჭერა.скачать dle 12.0