რაკეტები, ტრამპს რომ ჭკვიანი ეჩვენებოდა, სულელები აღმოჩნდნენ

გვესაუბრება სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველოს" თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.

– ბატონო ვალერი, რატომ დაბომბეს სირია და, საერთოდ, საიდან იღებს ეს კონფლიქტი სათავეს?

– სირიის საკითხი ერთგვარი გასაღებია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში გასარკვევად.

2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მსოფლიოს ერთპოლუსიანმა მოდელმა ვერ გაამართლა და ეს ერა უნდა დასრულდეს, ანუ მსოფლიოზე ამერიკის ერთპიროვნულ ჰეგემონიას წერტილი უნდა დაესვას. 

თამამი ნაბიჯი რუსეთმა ამ მიმართულებით 2015 წელს გადადგა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ეს ტერორისტული სახელმწიფო ამერიკელების მიერ იყო შექმნილი და მასთან დაპირისპირება ამერიკასთან დაპირისპირებას ნიშნავდა.
ახლო აღმოსავლეთის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის. ლიბიაში, ეგვიპტეში, ტუნისში, ერაყში ამიტომ განხორციელდა აშშ-ის აბსოლუტურად უკანონო სამხედრო ჩარევა, რითაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის საერთაშორისო სამართალი არაფერს ნიშნავს. მათ არ ჰქონდათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია იმ სამხედრო ოპერაციებზე, რომლებსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეგიონსა და სახელმწიფოში ატარებდნენ. 
სირიაში აშშ-მა ე.წ. ისლამური სახელმწიფო შექმნა, შეაიარაღა, დააფინანსა და სირიას მიუსია სახელმწიფო გადატრიალებისა და მისთვის მიუღებელი კანონიერი პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის დამხობის მიზნით. აი, აქ მოხდა ის, რასაც ამერიკელები ნაკლებად მოელოდნენ, ან სულაც არ მოელოდნენ.
2015 წელს რუსეთმა ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ეს, ამერიკელებისგან განსხვავებით, კანონის სრული დაცვით გაკეთდა, აანუ გაკეთდა მას შემდეგ, რაც სირიის კანონიერმა მთავრობამ რუსეთს სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, წინადადებით მიმართა ფედერაციის საბჭოს, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი დადგენილება მიიღო.

– ისინი აცხადებენ, რომ სირიაში ბაშარ ალ ასადის დიქტატურას ებრძვის დემოკრატიული ამერიკა და ევროპული სახელმწიფოების კოალიცია…

– ვინ დაადგინა, რომ ასადი დიქტატორია, რომელმა სასამართლომ თქვა ეს?! რადგან აშშ-ს მიაჩნია და ასე ფიქრობს, ე.ი. ეს სწორია? 

მსოფლიოში საერთაშორისო საკითხების განსახილველად და გადაწყვეტილებათა მისაღებად არსებობს გაერო თავისი უშიშროების საბჭოთი. ამ ორგანიზაციის გვერდის ავლით საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტის მცდელობა არის საერთაშორისო უკანონობა და საერთაშორისო დანაშაული.

– რას მიაღწიეს ამერიკელებმა სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციით?

– ამ ოპერაციას მათთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. უარყოფითი შედეგი კი რამდენიც გნებავთ:
ამერიკა, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად, მსოფლიოში დაფიქსირდა, როგორც აგრესორი სახელმწიფო;
ამ ოპერაციამ ცხადჰყო აშშ-ის არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო უსუსურობაც. მათ მიერ სირიის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით გაშვებული 103 რაკეტიდან 71 სირიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანეიტრალეს. თითქმის ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა კავშირში დამზადებული ანტისარაკეტო სისტემების დაძლევა ამერიკელთა თანამედროვე რაკეტებმა ვერ შეძლეს. გახსოვთ ტრამპი როგორ დაემუქრა რუსებს ოპერაციის დაწყებამდე? — სირიისკენ გამოფრინდებიან ახალი, ლამაზი და ჭკვიანი რაკეტებიო. რაკეტები, ტრამპს რომ ჭკვიანი ეჩვენებოდა სულელები აღმოჩნდნენ. ისინი თანამედროვე რუსულმა სისტემებმა კი არა, ძველმა საბჭოთა სისტემებმა მწიფე თუთასავით ჩამოყარეს ძირს.
ამ ყოვლად სამხედრო ოპერაციამ ნათელი გახადა, რომ აშშ მძიმე სისტემური კრიზისის ფაზაშია შესული და მისი კრახი გარდაუვალია.

– ეს ოპერაცია ამერიკელებისთის ვერანაირი დადებითი შედეგის მომტანი თუ ვერ იქნებოდა, მაშინ რა საჭირო იყო მისი ჩატარება საერთოდ, რა გათვლა ჰქონდა ტრამპს?

– ტრამპმა მოსვლის დღიდანვე გამოავლინა თავი, როგორც იმპულსურმა და გაუწონასწორებელმა პოლიტიკოსმა. ის მუდმივად მუსკულებზე იყურება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ შეაშინა. – მაგრამ კვლავ დგას საკითხი — რა ეშველება სირიას? ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, მას ბირთვული შეიარაღება არ გააჩნია…

– ამ მიზნით შეიკრიბნენ რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები და ისახება გეგმები, რა უნდა გაკეთდეს. ეს იმის მომასწავებელია, რომ პლანეტა მესამე მსოფლიო ომს თუ ასცდა, მაშინ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და ახალი მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება, სადაც ამერიკული ჰეგემონიისთვის ადგილი არ დარჩება.

– ალბათ, ამიტომაც იბრძვის აშშ ასე გამწარებით, ერთი კვირის წინ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, რუსი დიპლომატების დევნა რომ დაიწყო მთელ მსოფლიოში…


– დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ვითომ ცივილიზებულ, სინამდვილეში კი კანონიერების მიღმა მყოფ დასავლეთს მოუწოდა, რუსი დიპლომატები ქვეყნებიდან გავაძევოთო. თვითონ 23 რუსი დიპლომატი გამოუშვეს, ამერიკიდან დაითხოვეს 60 რუსი დიპლომატი და ა.შ. ამის პარალელურად მოხდა მართლაც ფანტასტიკური ამბავი — საქართველომ გააძევა შევეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომელი. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ვაძევებთ სხვა საელჩოს რუს თანამშრომელს. ეს საოცრება არ არის? აი, რას ნიშნავს მონური მორჩილება.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში უკვე განიხილეს იმ ქვეყნებისადმი პასუხები, რომლებმაც დიპლომატები გამოაძევეს და გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ალკოჰოლის და ა. შ. ექსპორტს რუსეთში ის ქვეყნები ვეღარ განახორციელებენ.
საქართველომ ძლივს მოახერხა რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ღვინის შეტანა და, როგორც ჩანს, ახლა ისიც აეკრძალება. უგუნურ გადაწყვეტილებებს სავალალო შედეგები მოაქვს.

– რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს, თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება?

– რამდენიმე დღის წინ პუტინი ერდოღანს შეხვდა და ხელი მოაწერეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის უზარმაზარ პროექტს. ამ ელექტროსადგურს რუსეთი ააშენებს ნატოს წევრ თურქეთში. 2 მილიარდის ღირებულების შ 400 სარაკეტო-საზენიტო დანადგარები რუსეთმა თურქეთს უკვე მიჰყიდა, მეტიც, გაფორმდა ხელშეკრულება, რომ შ 400 აწარმოონ თურქეთში, ანუ ყალიბდება გრძელვადიანი, პერსპექტიული ურთიერთობა. ეს ხომ სრულიად ცვლის ჩვენს ირგვლივ არსებულ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. წარმოიდგინეთ საქართველოს მდგომარეობა. ირგვლივ რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანია.

ირანი რუსეთის მოკავშირეა, თურქეთიც რუსეთის მოკავშირედ ყალიბდება, სომხეთიც რუსეთის მოკავშირეა და აზერბაიჯანიც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი სახელმწიფოა. ჩვენ სად მივდივართ, ჩვენს ირგვლივ არსებულ ყველა სახელმწიფოს ვუპირისპირდებით?

ირანდა კალანდაძე

скачать dle 12.0