საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეს არის "ნაციონალების" მიერ გაცოცხლებული ბოლშევიკური გადმონაშთი, რომელიც, ფაქტობრივად, პილიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა

"ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" წარმომადგენელი, ადვოკატი დავით მელაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ბოლშევიკურ გადმონაშთად აფასებს და მის კომუნისტების დროინდელი პროფკავშირის მსგავსებაზე საუბრობს.

– მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პროფესიონალიზმში კი არა, თავად ასოციაციის ფორმაში შემაქვს ეჭვი. ნაციონალებმა სპეციალურად შექმნეს ეს მახინჯი ფორმის გაერთიანება, რომ იმპერატიულად ზეგავლენის ქვეშ ჰყოლოდათ ადვოკატები. რომელი ადვოკატებიც არ ემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, ყველა ციხეში გაუშვეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი ასოციაცია არ აღიარებს გაეროს კანონს `ადვოკატთა შესახებ~, უბრალოდ არის ჩამოყალიბებული. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ძალიან დიდი შემოსავალი აქვს, საქართველოში 4500 ადვოკატია, შეიძლება უკვე მეტიც, სახაზინო ადვოკატებიც ასოციაციის წევრები არიან და ყველა ადვოკატი ვალდებულია წელიწადში 200 ლარი შეიტანოს ასოციაციაში საწევროს სახით. ადვოკატები სახელმწიფოს წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული, ყველა ორდერზე 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით ვიბეგრებით. ადამიანმა დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, სახელმწიფომ მას მიანიჭა სამართალწარმოების (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, რომელიც არჩეული ჰქონდა) სპეციალისტის კვალიფიკაცია, რა უფლება აქვს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომ ეჭვის ქვეშ დააყენოს ეს კვალიფიკაცია? იურისტს უფლება აქვს იუსტიციის სამინისტროში განაცხადი გააკეთოს, რომ სასამართლოში თუ საგამოძიებო ორგანოებში დაიწყოს მუშაობა.

ადვოკატის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს, იუსტიციის სამინისტრომ თავის თავზე უნდა აიღოს ეს სფეროც. სახელმწიფომ შექმნას ექვსთვიანი ადვოკატების მოსამზადებელი, იუსტიციის სკოლა, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ვისაც ადვოკატობა უნდა, გაიაროს აქ სწავლება, შეისწავლოს ის უნარ-ჩვევები, რაც ადვოკატს ჭირდება და სახელმწიფომ მიანიჭოს ლიცენზია. ამ შემთხვევაში ადვოკატიც გათავისუფლდება პოლიტიკისგან. მოთხოვნაა ადვოკატობის მსურველს ოფისი ჰქონდეს, შეასრულოს ეს მოთხოვნაც და იმუშაოს, ამას არავითარი ასოციაცია არ ჭირდება. დარჩეს ასოციაცია, მაგრამ მისი წევრობა სავალდებულო არ უნდა იყოს, ვისაც სურვილი ექნება, ის გაერთიანდეს, მაგრამ ადვოკატობის ნებართვა რასაც ჰქვია, ეს ადვოკატთა ასოციაციამ კი არა, იუსტიციის სამინისტრომ უნდა გასცეს. ინდივიდუალურად უნდა მიენიჭოს ადვოკატს ის უფლებები, რაც მთლიანად ადვოკატთა ასოციაციას აქვს. რა თქმა უნდა ხსენებული სკოლა ფასიანი იქნება, იყოს წინასწარი შესატანი, ვთქვათ, 500 ლარი, დანარჩენი თანხა კი ეტაპობრივად დაიფაროს, როცა პირი საადვოკატო საქმიანობას დაიწყებს. ამ სკოლის შექმნით, სახელმწიფო ბიუჯეტშიც შევა ფული და მოქალაქეებსაც ექნება საშუალება, რომ გაარკვიოს ვინ არის პროფესიონალი ადვოკატი, შესაბამისად არჩევანის საშუალება ექნება. ჩვენი საქმიანობა, მოგებული სასამართლო პროცესებით ფასდება, საქმე თუ მოიგე, ე.ი. კვალიფიციური ადვოკატი ხარ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ახლახანს სრულად მოვიგე საქმე, რომელიც 14 წელი გრძელდებოდა.

მრავლად არიან ე.წ. ლიცენზირებული ადვოკატები, რომლებიც ვერაფერს აკეთებენ და არიან ადვოკატის ლიცენზიის გარეშე მყოფი იურისტები, რომლებიც სერიოზულ საქმეებს იგებენ. მე, როგორც ადვოკატს უნდა მომენიჭოს უფლება, რომ თუ ვთქვათ, ჟურნალისტის საქმეს ვიძიებ, ჟურნალისტი ჩავრთო საქმეში, რადგან ამ საქმეს სპეციალური განათლება ჭირდება. მე სამართლებრივ შეფასებას კი მივცემ, მაგრამ არის საკითხები, სადაც აუცილებლად მჭირდება სპეციალური განათლების მქონე ადამიანი. ერთ-ერთ კომპანიას პირველი ინსტანციის სასამართლოში მოვუგეთ, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პირველ ინსტანციაში რამდენჯერმე დავაყენე შუამდგომლობა, რომ ექსპერტიზა დანიშნულიყო, რისი წინააღმდეგიც მოსარჩელე იყო. ზემდგომ ინსტანციაში რა მოხდა არ ვიცი, მოსამართლემ ამბობს, მე წარმოდგენა მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ორი ნივთი მსგავსიაო. მას პირდაპირ ვუთხარი, რომ ნუ შევითავსებდით სპეციალურ განათლებას და დაგვენიშნა ექსპერტიზა, მაგრამ უარი მითხრა, მე ასე მგონია იდენტურებიაო და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ დღევანდელი ტერმინოლოგიით ვისაუბრებთ, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მოსამართლემ ზედაპირულად განიხილა ეს საქმე. დავას რა აზრი ჰქონდა, როცა იმ კომპანიამ, ვის ინტერესებსაც ვიცავდი, ხარვეზებიანი მინდობილობა გამიფორმა, რაც უფლებას არ მაძლევდა მათი ინტერესები დამეცვა. ბოლოს გავიგე, რომ მეორე მხარე ამ კომპანიის კომერციულ დირექტორთან გარიგებაში შევიდა. ასეთი შემთხვევებიც ხდება, ადვოკატს საქმეში სპეციალისტის ჩართვის უფლება რომ ჰქონდეს, ალბათობა აშკარად შემცირდება.

– ბატონო დავით, ადვოკატები ხშირადი საუბრობენ მოსამართლეების, საგამოძიებო და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა არაკომპეტენტურობაზე და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ მათ, თურმე ისინი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მონები, მისი ინტერესების გამტარებლები არიან. ადვოკატთა ასოციაციის ექს-შეფმა ზაზა ხატიაშვილმა მგონია, `რეკორდი~ დაამყარა მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის ლანძღვაში. თქვენც იზიარებთ მის აზრს?

– ამიტომაც ვამბობ, რომ გასაუქმებელია ადვოკატთა ასოციაცია, რა უფლება აქვთ ზაზა ხატიაშვილს ან დავით ასათიანს, რომ ჩემი სახელით ილაპარაკონ, მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდი ხატიაშვილის პოზიციას. ისე გამოდიოდა, რომ ადვოკატთა კორპუსის ყველა წევრი მის მსგავსად ფიქრობდა. ასოციაცია ფაქტობრივად პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელობასაც ადვოკატები ვინახავთ, რაც არის მიუღებელი. ასოციაცია არის ნაციონალების ერთ-ერთი ნარჩენი, რომლითაც ერთეული ადამიანები სარგებლობენ. მეც მაქვს დავა მოსამართლეებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდინარები არიან, უბრალოდ, მე, როგორც იურისტს ჩემი შეხედულება მაქვს გარკვეულ საკითხებზე და ამ შეხედულებების შეჯერება ხდება. მე სისხლის სამართლის კუთხით არ მაქვს შეხება სასამართლოსთან, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ვმუშაობ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ძალიან კარგი სპეციალისტები, მცოდნე მოსამართლეები გვყავს. საქმე იმაშია, რომ თვითონ ადვოკატთა კორპუსი ვართ ძალიან სუსტი, ჩემი კოლეგები ძირითადად ფულის "გაცოცხლებაზე" მუშაობენ, მოსამართლეები კი არა, ადვოკატები გვყავს არაკომპეტენტური, რომლებიც თავიანთ პოზიციას სათანადოდ ვერ იცავენ და მერე მოსამართლეს სდებენ ბრალს უცოდინარობასა და ტენდენციურობაში. 

სხვათა შორის, საქმის წაგების მიზეზი მარტო ადვოკატის არაკომპეტენტურობა არ არის, საკმაოდ არის შემთხვევები, როცა ადვოკატი მეორე მხარესთან შევიდა გარიგებაში, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კუთვნილი ქონება დაკარგა. ახლა მაქვს ერთი საქმე, სადაც ადვოკატების თაღლითობის გამო, ადამიანმა ბათუმსა და რუსთავში დაკარგა ბინები. მან ორ ადვოკატს გაუფორმა მინდობილობები, რომელთა თანახმადაც ადვოკატებს უფლება აქვთ მორიგება და სხვა პროცედურები აწარმოონ, ზოგიერთი ადვოკატი კი, კლიენტის ნდობით ბოროტად სარგებლობს. ვიმეორებ, მოსამართლე ვერავის დაუდგება ადვოკატად, ის მხარეების პოზიციებს ისმენს და შეჯიბრობითობის პრინციპით გამოაქვს გადაწყვეტილება, თუ მხარეები რაღაცაზე მორიგდებიან, მოსამართლე დაეთანხმება მათ გადაწყვეტილებას. სასამართლო პროცესი როცა იწყება, პოსამართლე პირველად იმას აცხადებს ვინ ესწრება პროცესს და რა საქმე იხილება, რის შემდეგაც მისი პირველი წინადადებაა, მხარეები ერთმანეთში ხომ არ მორიგდებით, რა წინადადებები გაქვთო. მორიგების შესახებ სარჩელში და შესაგებელშიც არის მითითებული.

თუ ადვოკატი უსინდისო, ფულზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებაა, ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ზურგს უკან შედის გარიგებაში მეორე მხარესთან. არის შემთხვევა, როცა მხოლოდ ადვოკატი ესწრება სასამართლო სხდომას, ან ყველა ხომ არ ერკვევა იურიდიულ ნიუანსებში. სარჩელში მითითებულია ორივე მხარის ტელეფონის ნომრები, ადვოკატები ურეკავენ ერთმანეთს და შემდგომში ხდება ფარული გარიგება, თანხმდებიან რაღაც პირობაზე, რაც ცხადია, უანგაროდ არ მოხდება. ერთ-ერთმა ადვოკატმა რუსულენოვან ადამიანს გენერალური მინდობილობა გააფორმებინა, რომელიც ქონების განკარგვის უფლებას აძლევდა, 8.000 აშშ დოლარად ჰქონდა გაყიდული ეს ბინა და უკვე სასამართლოზე ხდებოდა ამის დამტკიცება. მორიგებას ეძახიან ამას, რასაც სასამართლო პროცესზე გააჟღერებენ და მოსამართლე ამას ადასტურებს. ამ შემთხვევაში ადვოკატმა ფაქტობრივად მოატყუა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც ქართულ ენას ვერ ფლობდა, ამ ადამიანს რომ ეგონა ქონებას უკან დაიბრუნებდა, სინამდვილეში მეორე მხარეს დარჩა.

სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ბრძანებულებაზე მაღლა დგას, ის კანონიერ ძალაში რომ შედის, აღარაფერი ეშველება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც მოატყუეს, ადვოკატი მას მეგობრობას ეფიცებოდა, ხშირად სტუმრობდა, ერთი სიტყვით, სრულ ნდობაში შევიდა კლიენტთან, რომელიც დარწმუნებული იყო რომ საქმეს მოიგებდა, მაგრამ დაკარგა ქონება ბათუმშიც და რუსთავშიც, რადგან ადვოკატები მეორე მხარეს ფარულად გაურიგდნენ. ხელახლა შევიტანეთ სარჩელი, მოსამართლემ წარმოებაში მიიღო, მაგრამ საქმე განუხილველი დატოვა, რადგან ორი მოპასუხე ვერ დავადგინეთ სად ცხოვრობდნენ. ეს უძრავი ქონებები სადაც მდებარეობდა, ის ქუჩები ორად გაიყო, სახელებიც შეეცვალა და პოლიციამ ვერაფრით დაადგინა მოპასუხეების მისამართები. კვლავ შევიტანეთ სარჩელი, მოსამართლემ წარმოებაში მიიღო და იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას. ასეთი თაღლითობები იშვიათობას არ წარმოადგენს, ამიტომ არის აუცილებელი, რომ იუსტიციის სამინისტრომ საადვოკატო სფეროც თავის თავზე აიღოს, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რა კომპეტენციის და მორალის ადამიანებს ენიჭებათ ადვოკატობის უფლება, რომ მათ დაცვის მაგივრად, არ დააზარალონ ჩვენი მოქალაქეები.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0