როდის შეიძლება წამალი საწამლავად იქცეს?

ვაგრძელებთ საუბარს პროფესორ რამაზ გახოკიძესთან. ამჯერად, ბატონი რამაზი "საერთო გაზეთის" მკითხველს წამლის მიღების წესზე ესაუბრება:

"სოდის მიღების უამრავი წესი არსებობს, მაგალითად, ილიკო ჩიგოგიძე ენაზე იყრის და პირდაპირ ისე ყლაპავს, ილარიონ შევარდნაძე კი ერთ სუფრის კოვზ სოდას ერთ ჭიქა თბილ წყალში ურევს და სულმოუთქმელად სვამს პახმელიაზე, ბებიაჩემი კი…" ხუმრობა იქით იყოს და მართალია "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის"  მთავარი პერსონაჟი ზურიკელა – წამლის მიღების სხვადასხვა ხერხი არსებობს, რაზეც მკურნალობის ეფექტია დამოკიდებული. ბევრი, ალბათ, ფიქრობს, მთავარია აბი მივიღო, ხოლო მას რას დავაყოლებ, მნიშვნელობა არ აქვსო. სინამდვილეში ასე როდია. საქმე ის გახლავთ, რომ სითხე, რომელსაც წამალს აყოლებთ, პირდაპირ არის დამოკიდებული თავად მედიკამენტის თვისებებზე. სწორედ წამლის თვისება განსაზღვრავს, თუ რა უნდა დავაყოლოთ მას უკეთესი სამკურნალო ეფექტის მისაღებად.

რატომ არ შეიძლება წამალზე ჩაის დაყოლება და რომელი პრეპარატები უნდა დალიოთ რძესთან ერთად?

– თავისთავად ცხადი და დაუშვებელია სამკურნალო პრეპარატების მიღება სპირტიან სასმელებთან ერთად, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. მაგალითად, ალკოჰოლის მიღება ინსულინთან ერთად ჰიპოგლიკემიურ კომას იწვევს, არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებთან ერთად კი – სისხლძარღვთა კოლაფსს (გონების დაკარგვას), პარაცეტამოლთან ერთად – ღვიძლის დაზიანებას, ხოლო ასპირინთან ერთად – გასტრიტს, კუჭის წყლულოვან დაავადებას.
ზოგიერთი წამალი წყლის ნაცვლად სხვა სითხესთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, ინდომეტაცინზე ან რეზერპინზე, ქიმიური თავისებურებების გამო, რეკომენდებულია რძის დაყოლება. იგივე ეხებათ იოდის პრეპარატებსაც. ასპირინზე რეკომენდებულია ბორჯომისა და სხვა ტუტემინერალური სასმელების დაყოლება. რძის დაყოლება არ შეიძლება ტეტრაციკლინზე, რადგან ამ დროს პრეპარატის აქტიურობა სუსტდება. ხილის წვენები, განსაკუთრებით, მჟავე, ეფექტს უკარგავს ანტაციდურ (კუჭის წვენის მჟავიანობის შემამცირებელ) პრეპარატებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წვენის ან კომპოტის დაყოლება საგულე გლიკოზიდებზე (დიგოქსინი და სხვა) და სულფანილამიდებზე (სტრეპტოციდი, სულფალენი და ა.შ.), რომლებიც თავიანთი ქიმიური ბუნებით ტუტეებს წარმოადგენენ. ასევე, არ შეიძლება რძის, ყავის, კოკა-კოლას, ბროწეულის წვენის დაყოლება პენიცილინისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებზე და რკინის შემცველ პრეპარატებზე. ციტრამონისა და ასპირინის ყავით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და სხვა ორგანოების გაუარესება. ნუ დააყოლებთ აბებს ჩაის. მასში შემავალი ტანინი წარმოქმნის უხსნად ნივთიერებებს და იწვევს მრავალი წამლის უკან გამოლექვას. აბების დასაყოლებლად ერთადერთ უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს წყალი ოთახის ტემპერატურის და არა ყინულიანი. ჩვეულებრივ საკმარისია მეოთხედი ჭიქა, განსაკუთრებულ შემთხვევებში (სალიცილატები) კი უფრო დიდი რაოდენობით.

როდის მივიღოთ წამალი - ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?

– წამლის მოქმედება, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხვდება იგი ორგანიზმში. წამლები ცარიელ კუჭზე ძალიან ძლიერად მოქმედებს. ჭამის შემდეგ წამლის მიღება ორგანიზმისთვის ნაკლებად საზიანოა, თუმცა, ეფექტი ბევრად ნაკლებია. სპეციალისტები თვლიან, რომ ჭამამდე ის წამლები უნდა მივიღოთ, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, მაგალითად, ანტიბიოტიკები, ონკოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები. ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღება ჭამის შემდეგ სჯობს, რადგან ისინი ძლიერად მოქმედებენ კუჭის ლორწოვან გარსზე. ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, F, K) მიღება აუცილებელია ჭამის შემდეგ ცხოველური და მცენარეული ცხიმებით მდიდარ საკვებთან ერთად, რომლებიც მათ შეწოვას აჩქარებს, ხოლო წყალში ხსნადისა (ჩ და B ჯგუფის) – ჭამამდე ან ჭამის დროს. კომპლექსური პოლივიტამინური პრეპარატების მიღება სასურველია ჭამისთანავე. ასპირინი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ამიტომ იგი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა გასტრიტი, კუჭის წყლული და ა.შ. ასპირინის მიღებამდე ერთი საათის განმავლობაში არ უნდა ჭამოთ ცხარე საკვები და ციტრუსები. ასპირინზე არ შეიძლება ფორთოხლის ან სხვა მჟავე წვენების დაყოლება. წამლის უმრავლესობას იღებენ ჭამამდე 30–40 წუთით ადრე (ამ დროს მათი შეწოვა კარგად ხდება), ზოგჯერ 15 წუთით ადრე. მაგალითად, ჭამამდე იღებენ კორდარონს, პულსნორმს, ობზიდანს, ტრაზიკორს, პანანგინს, იზოპტინს. ჭამის დროს იღებენ პეფსინს, ფესტალს, დიგესტალს, პანზინორმს და სხვა მსგავს პრეპარატებს, რომლებიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობს.
საკვებთან ერთად სასურველია სენის, ხეჭრელის ქერქის, რევანდის ფესვების, ხეშავის ნაყოფის მიღება. ჭამის დროს უნდა მიიღოთ ქინიდინი (ანტიარითმიული და მალარიის საწინააღმდეგო საშუალება), ეუფილინი (ასთმის საწინააღმდეგო საშუალება), ლევომიცეტინი (ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი). კვების დროს კუჭის წვენის მჟავიანობა ძალიან მაღალია, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს წამლების მდგრადობაზე და სისხლში მათ შეწოვაზე. მჟავა გარემოში ქვეითდება ერითრომიცინის, ლინკომიცინისა და სხვა ანტიბიოტიკების მოქმედება.

თუ წამალი ჭამის შემდეგ დაგინიშნეს, საუკეთესო თერაპიული ეფექტის მისაღებად დაიცადეთ არანაკლებ ორი საათი. ჭამისთანავე, ძირითადად, ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომლებიც აღიზიანებს კუჭის და ნაწლავების ლორწოვან გარსს, მაგალითად, დიაკარბი, ჰიპოტიაზიდი, ფუროსემიდი, ასპირინი, ბუტადიონი, ვოლტარენი, იბუპროფენი, ასკოფენი, ციტრამონი, დიგოქსინი, დიგიტოქსინი, სტრეპტოციდი, სულფადიმეტოქსინი, ნორსულფაზოლი, ფტალაზოლი, ალოხოლი.

რა საკვები მივიღოთ წამლის ეფექტურობის გასაზრდელად?

წამლის ეფექტიანობა ასევე დამოკიდებულია საკვების შედგენილობაზე. მაგალითად, ზოგიერთი წამალი ადვილად შეიწოვება და კარგად მუშაობს ცხიმიან საკვებთან ერთად, სხვა – პირიქით. მკურნალობის ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს წყლის ტემპერატურამაც. არსებობს ერთი სირთულეც. სხვადასხვა ფარმაცევტული ფირმა ერთსა და იმავე წამალს განსხვავებულად აწარმოებს. აბის გარსის შედგენილობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს მისი მოქმედება. წამლის არასწორად გამოყენების შედეგად მარტო აშშ-ში ყოველწლიურად 30 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

დროის რა მონაკვეთში უნდა მივიღოთ წამალი ამა თუ იმ ორგანოს  სამკურნალოდ?

მკურნალობის ეფექტი ბევრად არის დამოკიდებული წამლის მიღების დროზე. მაგალითად პარაცეტამოლის მიღება სასურველია ჭამამდე 30 წუთით ადრე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრად მცირდება საკვები ნივთიერებების სისხლში შეწოვა. ექიმები გვირჩევენ, რომ წამლები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მივიღოთ, რადგან დღის განმავლობაში იცვლება სამკურნალო პრეპარატთა შეთვისება. ალერგოლოგების აზრით, ასთმური შეტევა, ჩვეულებრივ, საღამოს ხდება, ამიტომ წამლის მიღება სასურველია 15 საათზე. სისხლის წნევა, ჩვეულებრივ, მაღლა იწევს დილით და მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნებულია. ამიტომ ჰიპერტონიის სამკურნალო წამლის მიღება სასურველია ძილის წინ. ართრიტისა და ართროზის დროს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა მიღება განსაკუთრებით ეფექტურია დღის 2 საათზე, თანაც კუჭზე ნაკლებად მოქმედებს. გრიპისა და გაცივების დროს ანთების საწინააღმდეგო აბები და მიქსტურები კარგად მუშაობს და თანაეფექტებსაც არ იძლევა, თუ ღამით მიიღებთ.

წამლებით მკურნალობისას ადამიანზე ზემოქმედების ერთ-ერთ ძლიერ ფაქტორს წარმოადგენს ბიორითმების გავლენა. ორგანიზმის თითოეული უჯრედი გრძნობს დროს – დღე-ღამის მონაცვლეობას, წელიწადის დროების ცვლილებას. ადამიანის ორგანიზმის 300-ზე მეტ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, როგორებიცაა არტერიული წნევა, პულსის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, სისხლში ჰორმონების კონცენტრაცია, ღვიძლის და თირკმლების მუშაობის აქტიურობა და სხვა, ზემოქმედებს დღეღამური და სეზონური რხევები. მედიცინის სპეციალური დარგი – ქრონოფარმაკოლოგია სწავლობს ბიოლოგიური რითმების გავლენას წამალთა შეთვისებაზე. წამლის მოქმედება ამა თუ იმ ორგანოზე დღის გარკვეულ საათებში განსხვავებულია. წამალში მრავალი საიდუმლოა ჩადებული და იგი გარკვეული წესით უნდა მივიღოთ.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0