სად იყვნენ ეს ქალთა უფლებების დამცველები მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს ციხეები სავსე იყო უდანაშაულო ქალებით?

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, გოგონებსა და ქალბატონებს მამაკაცები ყოველთვის ეუბნებოდნენ ქათინაურს, თუნდაც უცხო ყოფილიყო. ქალბატონები შექებას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდნენ და ამით ამაყობდნენ კიდეც. ისიც აღსანიშნავია, რომ მამაკაცები ზრდილობისა თუ ეთიკის ნორმებს ოდნავადაც არ არღვევდნენ. ჩვენში ქალს განსაკუთრებული ადგილი რომ ეკავა, არახალია. ერთსაც გავიხსენებ ჩვენი სიჭაბუკიდან _ ბიჭს, რაც უნდა გაენაწყენებინა მეორე ბიჭი, შეხვედრისას თუ მას გოგონა ახლდა, ხმას არავინ გასცემდა. ეს გახლდათ ქალის და კაცის, საერთოდ, ადამიანის და საკუთარი თავის პატივისცემა. სამწუხაროდ, ახლა ასეთ რაინდობაზე წარსულ დროში გვიხდება საუბარი.

კაცობრიობა წინ წავიდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწიაო, ხშირად გვსმენია. თუმცა ბოლო დროს, მიუხედავად უდიდესი ტექნიკური პროგრესისა, ეჭვი მეპარება ამაში. თითქმის ყოველ კვირას ქართული ტელევიზიებიდან გვესმის: "მავანმა კაცმა მავანი ქალი სექსუალურად შეავიწროვა, არიქა, მისი უფლებები უნდა დავიცვათო". რას ნიშნავს "სექსუალური შევიწროება" და მართლაც ასეთი საგანგაშო მდგომარეობაა თუ არა საქართველოში, ამის შესახებ გვესაუბრება უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე. 

_ ბატონო გრიგოლ, რას ნიშნავს "სექსუალური შევიწროება" და რა მიზანს ემსახურება ამ თემის გააქტიურება?

_ დავიწყოთ იმით, რომ "სექსუალური შევიწროება" ჩვენთან ახალი მოვლენაა. თემის გააქტუალურებას შორსმიმავალი მიზნები აქვს. გარკვეულმა პირებმა, ადვილი შესაძლებელია, ეს შანტაჟისთვის გამოიყენონ, რისი საშუალებითაც ზოგიერთი სასურველ თანამდებობას ჩაიგდებს ხელში, ზოგიერთი გზიდან ჩამოიცილებს კონკურენტს, ზოგიერთიც, უბრალოდ, ვინმეს გაამწარებს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები უკვე გვაქვს.

_ კი, მაგრამ, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება და დასჯადია თუ არა?

_ კანონით სექსუალური შევიწროება არ ისჯება. სისხლის სამართლის კოდექსში, საბედნიეროდ, ჯერ არ ჩაუწერიათ (დასჯადი მხოლოდ ძალადობაა). როგორც უკვე გითხარით, ახალი თემაა და თავად პირზე, ქალზეა დამოკიდებული, რას მიიჩნევს სექსუალურ შევიწროებად _ ხელით შეხებას, ლოყაზე ამბორს თუ, უბრალოდ, შეხედვას. ვერ დაითვლით, უკვე რამდენმა ქალმა გაიკეთა კარიერა სექსუალური შევიწროების შანტაჟით _ ერთსაც გეტყვით, თუ გენდერულ თანასწორობაზე საუბრობენ და ითხოვენ, მაშინ გავიწვიოთ ქალბატონები სავალდებული სამხედრო სამსახურში, როგორც ისრაელშია და დაიცვან სამშობლო.

_ თქვენ თქვით, რომ უკვე გვაქვს შევიწროების ბრალდების მაგალითები. იქნებ, დაგვისახელოთ...

_ კი, ბატონო, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა თანამდებობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატობას ზვიად დევდარიანი ჩამოაშორეს. ორივე ერთი მიზეზით _ სექსუალური შევიწროების ბრალდებით. ორივე საქმე ჯერ კიდევ მოკვლევის პროცესშია და ვნახოთ, როგორ დასრულდება. საერთოდ, ნებისმიერ საკითხში ორივე მხარის უფლებები უნდა იყოს დაცული. იმას, რა ფორმითაც იბრძვიან ეს ადამიანები თავიანთი უფლებების დასაცავად, მე, პირადად, რადიკალურ ლიბერალიზმს დავარქმევდი, რაც დიქტატურაზე ნაკლებად საშიში არ გახლავთ. ლიბერალად მეც ვთვლი საკუთარ თავს, მაგრამ საკანონმდებლო ლიბერალიზაციის მომხრე ვარ და არა რადიკალიზმის. იმასაც გეტყვით, რომ დევდარიანი სამი შვილის მამაა, შვილი ჰყავს უგრეხელიძესაც და საჯარო ბრალდებების დროს ოჯახის ფაქტორი აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რათა სხვა ადამიანებიც არ დავაზარალოთ, თუნდაც მორალურად.

_ ბატონო გრიგოლ, თქვენი აზრით, რა გახდა დევდარიანზე და უგრეხელიძეზე განხორციელებული შეტევის მიზეზი?

_ დევდარიანი, ფაქტობრივად, თავისივე კოლეგებმა, ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ გაწირა. აქვე გეტყვით, რომ სახალხო დამცველის და, საერთოდაც, უფლებადამცველი ორგანიზაციების დაპირისპირებაა, რამდენიმე ფრთად დაიშალნენ ისინი. დევდარიანი ეკა გიგაურის რადიკალური ლიბერალების გუნდში იყო და ამიტომაც გაიმეტეს. რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძეს, იგი იუსტიციის მინისტრისა და ყოფილი სახალხო დამცველის ნანუაშვილის დაპირისპირებას გადაჰყვა. სკანდალის გასაჯაროების შემდეგ ლიბერალები სწორედ თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვდნენ. ეს გახლდათ იუსტიციის სამინისტროზე და ქალბატონ თეა წულუკიანზე განხორციელებული არაპირდაპირი შეტევა.

_ ახლა, შესაძლოა, მავანი შემოგვედაოს, თითქოს გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვის წინააღმდეგები ვართ.


_ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ქალთა უფლებებიც დამიცავს და კაცისაც. არ შეიძლება კანონი საკუთარი ორგანიზაციის ინტერესებს მოარგო, როგორც ამას ახლა ზოგიერთი ცდილობს. ერთიც ვიკითხოთ, სად იყვნენ ეს უფლებადამცველები, როდესაც სააკშვილის რეჟიმის დროს ციხეები სავსე იყო ქალებით, მათ შორის, სრულიად უდანაშაულოებით. მაშინ ხმა ამათგან არავის ამოუღია და ახლა გააქტიურდნენ.

_ როგორ ფიქრობთ, რა მიზნები ამოძრავებთ?

_ მათი მცდელობაა ქართველი მამაკაცის ინსტიტუტის დაკნინება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოში ოდითგანვე იყო და, იმედია, მომავალშიც იქნება ქალის კულტი. ამის დანგრევაც სურთ. გენდერული უთანასწორობის, სექსუალური შევიწროებისა თუ ქალებზე ძალადობის თემა შემოგდებულია. მავანს გრანტების მიღება სურს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რადიკალური ოპოზიციის წაქეზებით მოქმედებენ და თემას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ. გახსოვთ, ალბათ, წლების წინ არასასურველ ოპონენტს სუკის, კრემლის და სხვა ქვეყნების თუ ორგანიზაციების აგენტების იარლიყს აწებებდნენ, ახლა სექსუალურ მოძალადეს დაარქმევენ და მორჩა, დაუნგრევენ კარიერას, ოჯახს.

_ კაცებს თუ გვაქვს უფლება, დავადანაშაულოთ ქალები სექსუალურ შევიწროებაში?

_ კი, გვაქვს, მაგრამ გააკეთებს კი ამას ვინმე? საერთოდაც, ქალი ყოველთვის ცდილობს, ლამაზად, სექსუალურად გამოიყურებოდეს, მოაწონოს კაცს თავი. ეს ხომ ბუნებრივია. სექსუალური შევიწროების თავიდან ასაცილებლად დავუწესოთ მათ, თუ როგორ ჩაიცვან, რათა არ გააღიზიანონ მამაკაცი. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ კანონის გაუაზრებლად მიღებით, ადვილი შესაძლებელია, ლამაზ, კეკლუც ქალებს მოესპოთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, რადგან ძალადობის ბრალდების შიშით ხელმძღვანელი მამაკაცები მათ სამსახურში მიღებაზე, უბრალოდ, უარს იტყვიან.
ამიტომ, ვიდრე კანონს მიიღებენ ჩვენი კანონმდებლები, აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება და არა ემოციებზე აყოლა.

_ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ტყუილად, შანტაჟის მიზნით ადანაშაულებენ სექსუალურ შევიწროება-ძალადობაში?

_ სიმართლის დასადგენად საჭიროა ბოლომდე ბრძოლა. სჯობს, პიროვნებამ საჩივარი პროკურატურაში შეიტანოს, სადაც შეისწავლიან, გამოიძიებენ ფაქტს, გამართლების შემთხვევაში, პირი მომჩივანს ცრუ დასმენისთვის უჩივლებს, რომელსაც ბოდიშის მოხდის ნაცვლად პატიმრობაც კი შეიძლება შეეფარდოს.

გია ბურდული
скачать dle 12.0