რა გახდა ქართველი თავადის ასულისა და ალექსანდრე პირველის საყვარელი ქალის თვითმკვლელობის მიზეზი?

ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი თავადის ასულის სახელს არა ერთი ლეგენდა და ბურუსით მოცული ისტორია უკავშირდება, თუმცა მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ივანე კრამსკოის ცნობილ სურათზე „უცნობი ქალი“ ქართველი თავადის ასული და რუსეთის იმპერატორის საყვარელი ქალია გამოსახული, რომელმაც ალექსანდრე პირველს შვილი გაუჩინა და ხანმოკლე ბედნიერებისთვის ძვირი საფასური გადაიხადა..

ბარბარე თურქესტანიშვილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის 1775 წელს დაიბადა თელავში, რუსეთის არმიის გენერლის ილია თურქესტანიშვილისა და მარია ერიოპკინას ოჯახში. გენერლის ათი შვილიდან მოზრდილობამდე მხოლოდ ბარბარემ და მისმა ორმა დამ მიაღწიეს. გოგონა 14 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, 20 წლისამ კი დედაც დაკარგა. ამის შემდეგ ბარბარე საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში, დედის ნათესავებთან გადავიდა. 1808 წელს 33 წლის ქართველი თავადის ასული იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას ფრეილინა გახდა და ძალიან მალე მთელი საიმპერატორო კარი და თავად ალექსანდრე პირველი მოხიბლა.

მას საიმპერატორი კარის მშვენებას ეძახდნენ, თუმცა მხოლოდ სილამაზისთვის არ აფასებდნენ. „მარია ფიოდოროვნას მოგზაურობაში მიჰყვებიან: ნარიშკინი — გართობისთვის, ალბედილი — ფულისთვის, თურქესტანოვა-ჭკუისთვის“ — წერდა გრაფი გოლიცინი თავის მოგონებებში.
„ბიძაჩემის სახლში მოწყობილ საღამოებს ხშირად სტუმრობდა დები გოლიცინებისა და მარია ალექსეევნას მეგობარი, თავადის ასული თურქესტანოვა. ეს იყო ძალიან ჭკვიანი, ეშმაკი, მხიარული, მოხერხებული და სალონური საუბრების მცოდნე ქალბატონი. ჩემი პატივცემული ბიძა თავს ევლებოდა და სწორედ მისი თხოვნით, ვარია სასახლის მთავარი ფრეილინა გახდა“- ასე აღწერდა ბარბარე თურქესტანიშვილის პეტერბურგში ცხოვრებას გრაფი ტოლსტოი.
რა თქმა უნდა, ქალების მოყვარულ იმპერატორს ლამაზი ქართველი ქალი შეუმჩნეველი არ დარჩენია. სიმპათიები ორმხრივი აღმოჩნდა. ერთ-ერთ წერილში ვარიამ აღიარა: „ეს კაცი რომ ხელმწიფე არ ყოფილიყო, ვინატრებდი მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა…“

ალექსანდრე პირველი საიმპერატორო ტახტზე 23 წლის ასაკში ავიდა. ამ დროისთვის მან დაქორწინებაც მოასწრო და საკუთარ მეუღლეზე გულის აცრუებაც. იმპერატორის ცოლი ელიზავეტა ქერათმიანი ლამაზმანი გახლდათ, რომელსაც ფსიქეას ადარებდნენ, თუმცა ალექსანდრეს ცოლის მიმართ გრძნობები მალე გაუცივდა და სასახლის კარის ლამაზმანებთან ურთიერთობა არჩია. არისტოკრატი ქალი სოფია შუაზელ-გუფიე იხსენებდა, რომ ალექსანდრე ქალების მოხიბვლის საოცარ ნიჭს ფლობდა. საიმპერატორო კარზე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ იმპერატორს 15 წლის მანძილზე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მარია ნარიშკინასთან და მხოლოდ მას შემდეგ დაცილდა, რაც ქალის ღალატის შესახებ შეიტყო. 1813 წელს ნარიშკინამ რუსეთი დატოვა და სამოგზაუროდ ევროპაში გაემგზავრა. სწორედ ამ პერიოდში, ალექსანდრემ თვალი დედის ქართველი ფრეილინას დაადგა. ამბობენ, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე მან ქართველი თავადის ასულს კამეა აჩუქა, რომელსაც ბარბარეს პორტრეტი და წარწერა ამშვენებდა: „ის, ვინც მე ავირჩიე და ვინც მე ამირჩია“. თანამედროვეთა მოგონებებიდან ირკვევა, რომ შეყვარებულებს შორის იდილიური ურთიერთობა არ ყოფილა. ისინი ხშირად კამათობდნენ და ერთმანეთის გაგება უჭირდათ. თურქისტანიშვილი თავის დღიურში წერდა: „უკმაყოფილო და უფრო მეტიც, დამწუხრებული ვარ, მაგრამ სასახლიდან წასასვლელი არსად მაქვს. ბედი არ მწყალობს..“ყველაფრის მიუხედავად, ქართველი თავადის ასულს ალექსანდრე პირველი თავდავიწყებით უყვარდა და 44 წლის ასაკში ქალიშვილიც გაუჩინა, მაგრამ ამ დროისთვის, იმპერატორს უკვე სხვა ქალი უყვარდა და შვილი ერთხელაც არ უნახავს. ოფიციალურად, ბარბარეს გოგონა თავადი გოლიცინის შვილად ითვლებოდა, თუმცა იმპერატორის კარზე ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის მამა ალექსანდრე გახლდათ.

მეორე ვერსიის თანახმად, მოღალატე იმპერატორი კი არა, ბარბარე იყო, რადგან ალექსანდრესთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, 24 წლის ვლადიმერ გოლიცინთან რომანი გააბა. გენერალი გოლიცინის უმცროსი შვილი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნაპოლეონთან ომის აქტიური მონაწილე იყო და საიმპერატორო კარზე ავანტიურისტისა და მექალთანის რეპუტაციით სარგებლობდა. მოარული ჭორების თანახმად, გოლიცინმა ნიძლავი დადო, რომ თურქესტანიშვილს აცდუნებდა, თუმცა მერე შეუყვარდა. ზოგი საპირისპიროს ამტკიცებდა და ამბობდა, რომ გამოცდილმა ქალმა ადვილად მოახერხა ახალგაზრდა ვაჟის მოხიბვლა. ასეა თუ ისე, გოლიცინმა მტკიცედ გადაწყვიტა ბარბარეზე დაქორწინება და გადაწყვეტილებაზე უარი მხოლოდ მაშინ თქვა, როცა ღამით ქალის საძინებელში ალექსანდრე პირველი დაინახა.

საბოლოოდ, თურქესტანიშვილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რასაც მისი ორსულობა უფრო ამძიმებდა. ბარბარეს სახელთან დაკავშირებული ჭორების მიუხედავად, 1818 წელს დაქვრივებულმა იმპერატრიცამ საყვარელი ფრეილინა ევროპის გარშემო ხანგრძლივ მოგზაურობაში იახლა. ბარბარე თავის ორსულობას გულმოდგიმედ მალავდა, თუმცა თავს საშინლად გრძნობდა. ჩვენამდე მოაღწია ქალის დღიურმა, რომელსაც მოგზაურობის დროს აწარმოებდა.
„სისწრაფე, რომლითაც ვმოგზაურობთ, სასოწარკვეთილებაში მაგდებს. მე თითქმის არ მძინავს, ხოლო სოფია არაფერს ჭამს, რომ ავად არ გახდეს. იმპერატრიცასა და მოხუც გრაფინიასთან შედარებით, ნამდვილ ფეთხუმებს ვგავართ. მათ შეიძლება გმირებიც კი ვუწოდოთ, რადგან შეუძლიათ დედამიწის ერთი პოლუსიდან მეორემდე მცირე უსიამოვნების გარეშე იმოგზაურონ.“

31 აგვისტო. რიგა.

„გუშინ მომაკვდინებელი ვახშამი, დღეს ბალი.. მთელი სისწრაფით მივქრივართ და დანიშნულების ადგილზე ჩასულები დასვენების ნაცვლად, ბალზე წასასვლელად ვემზადებით. გარწმუნებთ, ამას ვერც ერთი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს, თუმცა მისი აღმატებულება სირთულეებს შესანიშნავად ართმევს თავს და ახალგაზრდებზე უკეთ გამოიყურება “

19 სექტემბერი. ბრესლაუ

იმპერატრიცა ევროპაში მოგზაურობიდან პეტერბურგში წლის ბოლოს დაბრუნდა. 1819 წლის აპრილში კი ბარბარე თურქესტანიშვილმა გოგონა, სახელად მარია გააჩინა. იმპერატორის კარზე ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის მამა ალექსანდრე პირველი გახლდათ. დაუსრულებელი ჭორაობამ და მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ ბარბარეს ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია. მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ, სასოწარკვეთილმა ქალმა შხამი დალია და 1819 წლის 20 მაისს, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმპერატრიცა პავლოვსკოედან პეტერბურგში საგანგებოდ ჩავიდა, რომ მომაკვდავი ფროილინას გვერდით უკანასკნელი საათები გაეტარებინა.

იმ დღეებში მთელი პეტერბურგი მხოლოდ ამ იდუმალებით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობდა. თურქისტანიშვილის სიკვდილმა მთელი საიმპერატორო კარი და თავად იმპერატორიც დაამწუხრა. რუსი პოეტი და კრიტიკოსი პეტრე ვიაზემსკი წერდა: „გუშინ თავადის ასული თურქესტანოვა გარდაიცვალა. ის საოცრად კეთილი, თავაზიანი და უაღრესად ჭკვიანი ქალი იყო. არც თუ ისე დიდი ქონების პატრონი ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა და უამრავ ადამიანს სასიამოვნო მოგონება დაუტოვა“.

ბარბარეს ეყო ძალა და ღირსება, რომ საიდუმლო სამარეში წაეღო, ამიტომ საიმპერატორო კარმა გარდაცვალების მიზეზად ქოლერა დაასახელა, თუმცა ამ ვერსიის არავის სჯეროდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ბარბარემ თავი უიღბლო სიყვარულის გამო მოიკლა, ზოგს მიაჩნდა, რომ იმპერატორის საყვარელმა ბავშვი სხვა მამაკაცისგან გააჩინა და ამას ემსხვერპლა, ზოგი კი დარწმუნებული იყო, რომ ქალმა ვერ გაუძლო სკანდალს, რომელიც გაუთხოვარი და არც თუ ისე ახალგაზრდა ფრეილინას მიერ ბავშვის გაჩენას მოჰყვა.

ბარბარე თურქესტანიშვილი ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაკრძალეს.

მისი შვილი ოფიციალურად გამოცხადდა გოლიცინის ასულად და „მამამ“ სახლში ზედმეტი კითხვების გარეშე წაიყვანა. დედის მსგავსად, მარია გოლიცინაც უიღბლო აღმოჩნდა და სრულიად ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამბობენ, რომ მისი შვილი გარეგნულად ძალიან ჰგავდა იმპერატორ ბაბუას.
მე 19 საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა მხატვარმა ივან კრამსკოიმ ერთ-ერთ წვეულებაზე ბარბარე თურქესტანიშვილის პორტრეტით დამშვენებული კამეა იხილა. მხატვარი იმდენად მოხიბლა ქალის მშვენიერებამ და იმდენად შეძრა მისმა ტრაგიკულმა ბედმა, რომ პორტრეტის დახატვა გადაწყვიტა. კრამსკოიმ „უცნობი ქალისთვის“ ნატურად ახალგაზრდა ქალი შეარჩია, რომელიც თურქესტანიშვილს ძალიან ჰგავდა. უცნობი ქალის ვინაობა ძალიან დიდხანს საიდუმლოდ რჩებოდა, რადგან მხატვარს არც პირად წერილებში, არც მოგონებებში არ უთქვამს ვინ იყო მისი მუზა, თუმცა ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები დარწმუნებული არიან, რომ ნახატზე ქართველი თავადის ასული და რუსეთის იმპერატორის საყვარელი ქალია გამოსახული..

სალომე სახოკია
скачать dle 12.0