კობა არაბული :"დაბრუნება, როგორც მეორედ მოსვლა"

ივანიშვილის მოსვლის მეორე ეტაპი უნდა იქცეს აღდგინების და განახლების პროცესად, გაჩენილი "ხვრელების" და "წაშლილი" ზონების განახლების ხელოვნებად.

ურთულესი დრო დგას კულტურისთვის, მორალისთვის, ეკონომიკისთვის, ერის დემოგრაფიული გადარჩენისთვის…
ივანიშვილს დახვდა "ქართული ოცნების" ერთგვარი ჩონჩხი, რომელიც თავიდან ასაწყობია. ეს სავალალო რეალობაა!..
აქ მინდა მოვიტანო (გავიხსენო) ასეთი პოეტური ტექსტი, ერთგვარი ფილოსოფიური სენტენცია:
"ენკენიობას – კიდობნის გახსნის დღეს –
მოულოდნელად ხოგაის მინდი დაბრუნდა თავის სამშობლოში!
პირველად ხვთიშობლის ნიშმა იცნო იგი.
მერე – პირიმზის ყვავილმა, რომელიც ის-ის იყო, ამოდიოდა მიწიდან…
ბრუნდებოდა ხოგაის მინდი:
თანდათან ჩამოდიოდა სინათლე მთებზე,
ბრუნდებოდა ღამე – ღამეში,
დღე – დღეში,
სიხარული – სიხარულში,
დარდი – დარდში,
ზამთარი – ზამთარში,
ყვავილი – თოვლში…
ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა…
ეს ერთგვარი მისტიკური დროა, საბედისწერო, მაგრამ შემობრუნებული…
ასეთი უნდა იყოს "მაგის" და წინამძღოლის დაბრუნება მისტიკურ დროში…
მისი მოსვლით ბევრი რამ უნდა იცვლებოდეს, უწინარეს, ადამიანი უნდა უბრუნდებოდეს ხვთიურ ბუნებას და ბუნება – საკუთარ თავს… და ადამიანის დაბრუნების სიხარულს გრძნობდეს თუნდაც თოვლიდან ამოსული ყვავილი…
ივანიშვილს განგებამ ასეთი მისია დაუწესა…

ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სააკაშვილი და ახალი პროცესი დაიწყო – ეს იყო პირველი ურთულესი ფაზა – რაღაცის დასრულება და სხვა ეტაპზე გადასვლა…
მაგრამ ბიძინა ივანიშვილი წავიდა და პროცესი შეჩერდა…
იგი თავისით არ გაგრძელდა…
და აი, იგი კვლავ შემობრუნდა და დადგა იმ ადგილზე, საიდანაც წავიდა!
და ეს ასეც უნდა მომხდარიყო…

ზნეობრივ რევოლუციებს პიროვნებები ახდენენ!
ეკონომიკურსაც…
კულტურულსაც…
თავისით არაფერი ხდება…
ხოლო "უპიროვნო" ქვეყანაში, ულიდერო, უგმირო საზოგადოებაში, ქვეყანას ანარქია და `უპატრონო ფარის სინდრომი~ იპყრობს და წინ და უკან დადის – ერთ ადგილს ტკეპნის, როგორც ბუდეში შესული მზე…
ანდაც, უფსკრულში იჩეხება.
აგრესიულ, ულიდერო ლიბერასტულ საზოგადოებას არ უნდა ლიდერი, რომელშიც აკუმულირებული იქნება სულიერი მისია, ეროვნული დაცვის იდეა და ყოველივე ის, რასაც ერის მოძრაობის (დინების) სწორად წარმართვა შეუძლია.
მათ ურჩევნიათ, საზოგადოებისთვის "გამოხატვის თავისუფლება" იყოს მთავარი იდეა (?!), რასაც მორალურ ნიველირებამდე და ფასეულობათა ნგრევამდე მიჰყავს ქვეყანა.
"გამოხატვის თავისუფლება" ერთგვარ უმორალო, სამართლის არმქონე სახელმწიფოს თუ საზოგადოების არსებობას გულისხმობს…
ყველაფრის ქმნა და თქმა გიჟის დონეზე და არაფერზე რეაქცია და პასუხის გაცემა…
ასეთი საზოგადოება ჩამოგვიყალიბდა ჩვენ…
ეს არის რევოლუცია სულიერი დეფორმაციისკენ და ანომალიისკენ მიდრეკილი, რომელსაც სატანური ძალები ახვევენ XXI საუკუნის მსოფლიოს ახალი ფსევდოცივილიზაციის სახელით.

ვინ გამოასწორებს ამ ვითარებას? ვინ დაუპირისპირდება მსოფლიო მორალურ კრიზისს და ლიბერასტულ ძალადობას?! ამას ამერიკის პრეზიდენტი ვერ ახერხებს – ტრამპს საპროტესტო დემონსტრაციებს უმართავენ, არა მარტო იქ, ამერიკაში, არამედ აქ, საქართველოში ჩვენი ლიბერასტი ენჯეოები. არ არის ეს ტრაგიკომიკური ვითარება?!
ვინ უშველის ამას? საზოგადოება, რომ იტყვიან, "დააჩმორეს" ტელევიზიებმა. იგი ზომბირებული და წაშლილია.
არც ერთი ტელევიზია სახელმწიფოს და ერს არა აქვს, ყველა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს!
ყველა ტელევიზიიდან მოდის მაზომბირებელი, ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული აგრესია (პროპაგანდა), უარყოფითი, შავი ენერგია…
ინგა გრიგოლიას კივილი ეკრანს ხეთქავს, არ ჩამოჰყავს ტრიბუნიდან გირჩები, ლიბერასტი ნარკომანები და შალიკოს ტიპის კლონები (რომელმაც კვირაში ერღხელ მაინც ასე უნდა დაიწყოს თავისი გამოსვლა: "ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა და დაანგრია საქართველო!..")
გახსოვთ, რიყიდან გაქცეული, სააკაშვილისავე სიტყვით, ბაზალეთში ტახტის ქვეშ (თუ კასრში) კურდღელივით რომ ემალებოდა?!
ახლა მისი ხელის ლაქია გახდა, მესამედ მიეყიდა ეშმაკს და მეზობლის ფინიასავით ჰყავს ჩამოკიდებული შარვლის მუქასარზე ბიძინა ივანიშვილს!
ამბობენ, ყოველ ასეთ გამოხტომაზე მას 10 000 დოლარს აძლევენ სააკაშვილის "ანგარიშიდან-ო". ეს მართლა სირცხვილზე უარესია...

ივანიშვილის დაბრუნება, მისი "მეორედ მოსვლის" გადაწყვეტილება, არ არის მარტივი. მან თავიდან უნდა აღადგინოს მის მიერ ერთხელ უკვე დალაგებული ქვეყნის "ინტერიერი" და გადაიყვანოს სრულიად სხვა, ახალ, მოულოდნელ ფაზაში…
მან უნდა გააკეთოს რამდენიმე ურთულესი სვლა პოზიციის მოსაგებად, რომელიც შეცვლის ვითარებას, როგორც ეკონომიკაში, ასევე კულტურასა და ეთნო-ფსიქიკაში…
მსოფლიო პოლიტიკას ტრამპი ვერ ცვლის და ეს ივანიშვილსაც გაუჭირდება, მაგრამ საკუთარი ერის ანომალიური ვითარება უნდა დაძლიოს მის მიკროსივრცეში!
ეს დაბრუნება დაბრუნებაც უნდა იყოს და "მეორედ მოსვლაც"… მისი მოქმედება უნდა გახდეს რადიკალური და უკომპრომისო…
"ქართული ოცნება~ უნდა დააბრუნოს ქართულ ოცნებაში, ამ ცნების ფართო გაგებით და ქვეტექსტით!..
რა ხდება, ვინ გაიყვანა ქართული ოცნებიდან "ქართული ოცნება", რამ გაართულა სიტუაცია და გამოიწვია ვითარების სტაგნაცია, თითქოს ყველაფერი გაჩერდა და შეიბოჭა, გაიფლანგა ივანიშვილის ავტორიტეტი…
რა მოხდა? შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის გასვლამ პოლიტიკიდან გამოიწვია ერთგვარი ფსიქოლოგიური სტრესი და ნიჰილიზმი ხელისუფლებასა და საზოგადოებაშიც. ხელისუფლებაში მყოფთა "ორჭოფობა" გადაწყვეტილებათა მიღებაში.
ამუშავდა "კოჰაბიტაციის" ვირუსი – დაუსჯელი დამნაშავენი ღიად გამოვიდნენ "მზეზე" და პირდაპირ დაუწყეს გინება ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", დაიწყეს მისი საყოველთაო დისკრედიტაცია "რუსთავი 2"-ზე და არა მარტო იქ...
როგორც ვთქვი, "ტელევიზიები "ტროას ცხენებად" იქცნენ – ყველა არხი მიიმართა "ხელისუფლების" წინააღმდეგ, რომ სახელმწიფო შიგნიდან ააფეთქონ...
დაუსჯელობის სინდრომი და გამოხატვის თავისუფლება არასამთავრობოთა და მესამე სექტორის ხელში საშიშ ვირუსად იქცა და საზოგადოების სრული დეზორიენტაცია და ზომბირება გამოიწვია, მოწამლა ახალი თაობის ფსიქიკა.

ზოგადად, მეტად საგულისხმო მოვლენაა პიროვნებათა დაბრუნება და `მეორედ მოსვლა~. ბრძენი, ქარიზმული პიროვნებები ხშირად ბრუნდებოდნენ პოლიტიკაში, მართალი, სამართლის მქმნელი, მოწყალებით და სიუხვით გამორჩეული, ქველი და გულოვანი მოღვაწე ყოველთვის უნდა ბრუნდებოდეს.
– წასული იყო და დაბრუნდა ჩერჩილი თავის დროზე;
წასული იყო და დაბრუნდა დე გოლი;
– ნაპოლეონი დაბრუნდა 100 დღით...
– წასული დენ სიაო პინი არ დაბრუნებულა, მაგრამ იქიდან მართავდა მილიარდიან ჩინეთის იმპერიას, სადაც იყო, ანუ ჩრდილში იდგა;
– წასული იყო ბიძინა ივანიშვილი და დაბრუნდა!
მას მაშინაც (იქიდანაც) და ახლაც, ისევე შეუძლია გავლენის მოხდენა ჩვენს `პოლიტიკურ დინებათა მოქცევაზე~, როგორც მთვარის ველს – დედამიწაზე.
მაგრამ ლიბერასტ ფარისევლებს არ უნდათ "გამოჩინებული" ღირსეული კაცის დაბრუნება, რუსთველიც რომ იყოს, არ უნდათ ლიდერი, რომელსაც ექნება მკვეთრი გავლენა საზოგადოებაზე…
მათ არ აწყობთ პიროვნება, რომელსაც შეუძლია ვითარების შეცვლა – არ არის ლიბერასტული სამყაროსთვის მისაღები ასეთი ლიდერი. მათ ურჩევნიათ, არაფერში "არაფრებად" ყოფნა, ანუ ბელადმკვდარ "ერთიანი ბაყაყების ჭაობში" ცხოვრება.
არ ჩანს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში უფრო ქარიზმული ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაიმეს გადარჩენა, ან შეცვლა, ივანიშვილის გარდა…
ჩვენ ვხედავთ, რამდენად ძნელია"უპიროვნო" მსოფლიოში ქვეყნის (სახელმწიფოს) გადარჩენა. ხომ ვხედავთ, როგორ ინგრევა და იღუპება სახელმწიფოები და ერები ჩვენს თვალწინ.
ჩვენც ამ ბედისწერის (განსაცდელის) ზღურბლთან ვდგავართ და მაინც არ გვინდა, გვყავდეს კაცი ქვეყანაში, რომელსაც რაღაც შეუძლია, შალიკოებისა და მელიებისგან განსხვავებით,

ჩვენ ოკუპირებულ, დანგრეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გარიყული კიდობნის მგზავრებივით, რომელიც გადასარჩენია, მაგრამ მისი გადარჩენა არ არის ადვილი.
არ არის ადვილი, მით უფრო, რომ შინაურ მოღალატეებსაც კი შეუძლიათ მისი გაცვლა და გაყიდვა, ერთ გრანტზე შეუძლიათ დასმენა და ღალატი…

ვინ უნდა გააღვიძოს ჩაძინებული გემის ეკიპაჟი, ვინ უნდა აყაროს მუქთამჭამელნი, ცოცხალ-მკვდარნი, ორჭოფი ფარისეველნი და გააძევოს გემბანიდან.
ეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილმა უნდა შეძლოს და ვფიქრობ, შეძლებს!
მას შეუძლია შექმნას მოქმედების სხვა (მოულოდნელი) სისტემა და გრაფიკი!.. თუ ასე არ მოხდა, ეს "გიენები" თვითონ შეჭამენ მას

დაბრუნება ერთია, მაგრამ მთავარია, დაბრუნებულს ვინ დახვდება ჩავლილი მდინარიდან – იგივე ხალხი თუ ახალი ადამიანები შეცვლილი ფსიქიკით?
ვის დაეყრდნობა ის?! შექმნის მხარდამჭერთა ახალ კრებულს, ძველი და ახალი თაობის სინთეზურ ძალას?!
შეძლებს ერის სივრციდან ახალი სახეებისა და პერსონაჟების გამოხმობას გაბედულად, თუ კვლავაც ახალი `მარგველაშვილები~ შემოუძვრებიან?!
ვინ იქნება მისი მრჩეველთა და რჩეულთა, ანუ კითხულ კაცთა "დარბაზი"? ეს არის მთავარი ელემენტი შემდგომი პროცესისთვის...

ჩემთვის სრულიად გასაგებია ივანიშვილის დაბრუნებით გამოწვეული ეიფორია და განგაში ნაცებში და სხვა ოპოზიციურ ბანაკში: ზიზღი, დორბლი, ჭორი და წივილ-კივილი… გამოეცალათ "არაფორმალური" მმართველობის ერთადერთი მიზეზი…
გამოეცალათ მისი არდაბრუნების იმედიც…
ეტყობა, ბევრი რამ ჯერ კიდევ ღმერთის ნებაა!..

უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის "არყოფნამ" ბევრი რამ გააუფერულა ქართულ პოლიტიკაში.
არ იქნება რეფორმა საკმარისი მხოლოდ პარტიაში და ხელისუფლებაში, მთელ ქვეყანაში, მის ყველა რგოლსა და სფეროში უნდა დაიწყოს რეფორმის ახალი ფაზა, "საგანთა და მოვლენათა" მკვეთრი გადაადგილება. ერის ეთნო-კულტურული, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური სივრცის განახლება…
უნდა დაიგეგმოს "ზნეობრივი რევოლუცია" რომელიც ერს შეაბრუნებს ისტორიული ცნობიერების წიაღში, ამას ელოდება ჯანსაღი საზოგადოება და ინტელიგენცია, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ივანიშვილის გვერდზე დგომა…
დაბოლოს, წერტილი უნდა დაესვას ლიბერასტების ლეყეტობას: "…მოსვლით არაფერი შეიცვლება…", "ეს იქნება ბრეჟნევის დრო", "ხალხის გასულელება, ტყუილების რეფორმა", მხედრიონელი ფაშისტების და ნაცისტების ეს დემაგოგია უნდა გაქარწყლდეს…
ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა, რომ "კრებსითი სააკაშვილები" ვეღარასოდეს დაბრუნდნენ ერზე შურისძიებისთვის.скачать dle 12.0