ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი სამშობლოს სიყვარულისა და ხალხის კეთილდღეობისთვის გადადგა

"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი  ნიკუშა შენგელაია:

_ ბატონო ნიკუშა, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა. როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს?

_ რა თქმა უნდა, დადებითად. საერთოდ, ამ განცხადებას, საზოგადოების მხრიდან, ძალიან დადებითი რეაქცია მოჰყვა. კარგად მესმოდა თუ რატომ უნდოდა ივანიშვილს პოლიტიკიდან გასვლა და გულწრფელად ცდილობდა საქმე ახალგაზრდებისთვის გადაებარებინა, თუმცა, ეს, მაინც არ მოხერხდა. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ახლა, მისი ხელია საჭიროა, რათა საქმე ბოლომდე მივიდეს. ალბათ, მისი დაბრუნების განმაპირობებელი ბევრი ფაქტორი არსებობდა. მე, პარტიულ ცხოვრებაში არ ვერევი, არ ვიცი კულუარებში რა ხდება, მაგრამ ზოგადად, როგორც ჩანდა, პარტიაში განხეთქილებაც იყო, ადამიანები საკუთარი გუნდების შექმნას ცდილობდნენ და ა.შ. გარდა ამისა, ძალიან რთულია, როცა ადამიანს პოლიტიკიდან წასვლას არ გაცლიან _ არაფორმალური მმართველობა ყბადაღებულ თემად იქცა. ისეთი წესიერი და მორალური ადამიანისთვის როგორიც ბიძინა ივანიშვილია პოლიტიკის სფეროში ყოფნა ძალიან ძნელია, მაგრამ მან, ისევ და ისევ სამშობლოს სიყვარულისა და ხალხის კეთილდღეობისთვის ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ქვეყანა პოლიტიკური, პარტიული სირთულეების საჯიჯგნი არ გამხდარიყო. ვიმეორებ, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა. ზოგადად, საქართველოში საკადრო საკითხი მოსაგვარებელია, მოსაძიებელია ადამიანები, რომლებიც განათლებით, კომპეტენციით, პროფესიონალიზმით, თავიანთი ბიოგრაფიით და წესიერებით თანამდებობრივ ნიშებს შეავსებენ. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რატომაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა. იგი ძალიან კარგად და ზუსტად გრძნობს რა მომენტში სჭირდება საკუთარ ხალხსა და ქვეყანას. ივანიშვილმა წასვლისას თქვა: ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება მეორედ მოსვლა იქნებაო. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ითქვა ანუ, იგულისხმებოდა _ როცა საჭიროებას დავინახავ მაშინ დავბრუნდებიო. ახლა, მართლაც საჭიროა მისი თვალი, ყური. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ გუნდს მიენდო, ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობისთვის თავი არასდროს აურიდებია. ივანიშვილისადმი ხალხს უფრო დიდი ნდობა აქვს ვიდრე პოლიტიკური პარტიების თუ სხვა სუბიექტებისადმი. რაც მოსაწესრიგებელია უნდა მოწესრიგდეს, ასე ქვეყანაც წინ წაიწევს და იმედია, პოლიტიკურ არენაზე უკეთესი კადრები გაჩნდება.

_ როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს ხალხის ნდობის დასაბრუნებლად?

_ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მთავრობა მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს. არ მინდა ვთქვა, რომ არ მუშაობდნენ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ იყო რიგი საკითხები მით უმეტეს, პარტიულ და საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც ჩარევას და გამოსწორებას საჭიროებს. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესია. "ქართული ოცნება" ძალიან ეკლექტური ძალაა. ფაქტობრივად, იგი, "ნაცმოძრაობის", სააკაშვილის გასაშვებად ჩამოყალიბდა. პარტიის მთავარი ფიგურა ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი იყო. აზრთა სხვადასხვაობა, გაუგებრობა მოსალოდნელი იყო, ეს პრობლემა არ არის. კომუნიკაცია უფრო ეფექტური რომ იყოს, ამისთვისაც ივანიშვილის დაბრუნება დროული და კარგი ნაბიჯია.

_ ბატონო ნიკუშა, 2012 წელს ვინც გამარჯვებისას `ქართულ ოცნებას~, ბიძინა ივანიშვილს გვერდით ედგა, განზე დარჩა. მათი `შემობრუნების~ დრო ხომ არ მოვიდა?

_ იცით რა, ადამიანის წარსულს, მის ბიოგრაფიას ყოველთვის პატივი უნდა სცე, თუ როგორ იმოქმედა, რა დროს რა გააკეთა. თუ აქტიური ხარ და პოტენციალი გაქვს საკუთარ ქვეყანას დადებითი შესძინო, ამის კეთებას არავინ გიშლის. გუნდი უნდა შეიკრას, ერთმანეთში პატივისცემა იყოს, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ამის გაკეთებას შესძლებს. მას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, პატივისცემით სარგებლობს. საჭირო დროს მოვიდა იმ მხრივაც, რომ საზოგადოებაში ცოტა გაურკვევლობა იყო თანაც საპრეზიდენტო არჩევნებიც ახლოვდება.

_ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის?


_ არ მგონია იმიტომ, რომ პარტია პოლიტიკური ამინდის, კადრების სამჭედლოა. დღევანდელ პრეზიდენტს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტს და ა.შ. ჩვენი ქვეყანა მაინც საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იხრება.

_ როგორც ვახსენეთ, ივანიშვილი დაბრუნდა, რათა შიდა დაპირისპირებები მოისპოს და "ქართული ოცნების" გუნდი კვლავ გაერთიანდეს, მაგრამ ასევე, დაბრუნდა თუ არა იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. როგორ ფიქრობთ, ქვეყნის განვითარებაში რა წვლილს შეიტანს მისი პოლიტიკაში დაბრუნება?

_ ამას დრო გვიჩვენებს, ყოველ შემთხვევაში, არსებობს რწმენა, რომ მოვლენები დადებითად განვითარდება. არ მგონია ქვეყანა ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში იყოს გამომდინარე რეალობიდან თუ სად ვიმყოფებით, როგორი ეკონომიკა გვაქვს. ქვეყანა ვითარდება, მადლობა ღმერთს რომ მშვიდობა გვაქვს და ამას ვინარჩუნებთ, ეკონომიკაც ვითარდება, მაგრამ უფრო ეფექტური მუშაობაა საჭირო, თუნდაც უმუშევრობის დაძლევის კუთხით. ეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ძალიან ბევრი მოქალაქე უმუშევარია. სოციალურ თემებს უნდა მოევლოს. სხვა მხრივ თუ დავაკვირდებით, რა ხდება ჩვენს რეგიონში და გარშემოც, ვთვლი, რომ ხელისუფლებას სიტუაცია კიდევ კარგად უჭირავს.

_ რა შეცდომებია დაშვებული და რა არის ის პრიორიტეტი, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გაკეთდეს?

_ უფრო მეტი ძალისხმევა განათლებას სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავრობისთვის უფრო პრიორიტეტული სფერო გახდა, მაინც მეტია საჭირო. პლუს სასურველია საკვანძო ადგილებზე უფრო პასუხისმგებლიანი და კომპეტენტური კადრები შეირჩეს, რაც ქვეყნის განვითარებაზე სასიკეთოდ იმოქმედებს. ეს იოლი პრობლემა არ არის, ამ მხრივ, სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.

_ "ჯი-დი-ეს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ ნაციონალების თემას წერტილს დაუსმევს. ამაში რა იგულისხმებოდა?

_ თაკო, თუ გახსოვს, შენთან ინტერვიუში არაერთხელ მითქვამს: 2012 წლიდან მოყოლებული "ნაცმოძრაობა" დამთავრდა, ეს თემა დღის წესრიგიდან უნდა ამოვიდეს. საერთოდ, არ უნდა გავაზვიადოთ ის, რაც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ივანიშვილმა, თავისი გამონათქვამით, ალბათ, ეს შეახსენა საზოგადოებას. ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი _ მათ უტიფარ შენიშვნებს, არაარგუმენტირებულ კრიტიკას ყურადღება არ უნდა მიაქციო, ვითომ არც არიან. ჩვენი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი კარგად გაკეთებული საქმეები იქნება, ესაა ყველაზე დიდი პოლიტიკური დაცვა. ამიტომ, 2012 წლიდან "ნაცმოძრაობაზე" არ ვსაუბრობ, ვთვლი, რომ პასუხის გაცემის და ყურადღების ღირსიც არ არიან.

_ "ქართულ ოცნებაში" ხომ არ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ პარტია მაგისტრალური ხაზიდან გადაიყვანონ, ეს რამდენად საფრთხილოა?

_ გარწმუნებ, ვერავინ ვერაფერს აურევს. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ საზოგადოებაში არსებობს ხალხი, რომლებიც თავიანთი კარიერის, კეთილდღეობის გამო ყველაფრის მკადრებელია. სწორედ ასეთი ადამიანების დიდ ნაწილი ხვდება პოლიტიკაში, პარტიებში და მერე თავიანთი მოკლე ტვინით მსგავს მოძრაობებს იწყებენ, მაგრამ ეს არ გაუვათ არც ბიძინა ივანიშვილთან, არც ქართულ საზოგადოებასთან. ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ ამის ტვინი აქვთ.

_ რა შეიცვლება ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით, თუნდაც აღდგება თუ არა დაპირებული სამართლიანობა?

_ ეს ერთ-ერთი რთული პრობლემაა. მცდელობა გვაქვს სამართლებრივი ქვეყანა გავხდეთ. ამიტომ, არგუმენტებზე დაყრდნობით რაც შეიძლება მეტი საქმე უნდა გადაწყდეს იმ ხალხის სასარგებლოთ, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დროს მართლა დაიჩაგრნენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ასეთი ხალხი ბევრია, მე მათ გვერდით ვდგავარ იმიტომ, რომ ძალიან ძნელია როცა შენი შრომით შეკოწიწებულს ვიღაც გინგრევს და ამ კუთხით, სამართალს დღემდე არ უზეიმია. ამ საკითხს უფრო აქტიურად უნდა მიხედოს სასამართლომაც, პროკურატურამაც, ძალოვნებმაც იმიტომ, რომ ამ ადამიანების თავზე ბევრმა რამემ გადაიარა. ბევრი მათგანისთვის გაუგებარია, საიდან ჩნდებიან "ნაციონალებთან" ასოცირებული ადამიანები თანამდებობებზე, პარლამენტში და ა.შ. ვიცით, რომ ბევრი მათგანი, რომელიც მაშინ კურდღელივით იჯდა, დღეს, თავაწეული დადის, თითქოს, რამეს წარმოადგენდეს იმიტომ, რომ მათ "ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა თანამდებობების დასაკავებლად კარები გაუხსნა. ის ადამიანი არ ვარ, რომ ყველა დავადანაშაულო. ადამიანებმა, ფაქტობრივად, რვა წელი უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქუჩაში გაატარეს. ეს ჩვენი საზოგადოების დიდი მებრძოლი, მოაზროვნე ნაწილია. ასეთი ადამიანები ქვეყნის აღმშენებლობისთვის თუ ჩაერთვებიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საერთოდ, დროა, დიდი გაგებით, გუნდი საზოგადოებრივ პოლიტიკაზე გადავიდეს, უფრო სერიოზული საჭადრაკო პარტია დაიწყოს, რასაც თავის თავში დემოკრატია მოიცავს, საზოგადოებას საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართულობის გრძნობა უნდა გაუჩნდს. ეს საჭადრაკო პარტია ძალიან დიდია, რაც არ არის მხოლოდ სამთავრობო ინსტიტუტებზე და პარტიებზე ორიენტირებული საკითხი. ეს თემა ფართოდ უნდა გაიშალოს იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ძალა საზოგადოებრივი მხარდაჭერაა. ამაზე დიდი ძალა პოლიტიკაში, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, არ არსებობს. ამიტომ, ამ მიმართულებითაც, ბევრი სამუშაოა.

_ პოლიტ.საბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ წარმომადგენელს ჰკითხა: საიდან მოხვედით თქვენ "ქართულ ოცნებაშიო"?

_ (იცინის) მოუკლია კაცი. არ ვიცი ეს პიროვნებები საიდან მოდიან, რით ცხოვრობენ. ჩემი ტიპის ხელოვანი ადამიანები სხვა რამით ცხოვრობენ, ისინი _ სხვა რამით. მართლაც არ ვიცი საიდან მოდიან, საით მიდიან, მაგრამ სანამ არიან უნდა ეცადონ ქვეყანას დადებითი შესძინონ თუ ამის კომპეტენცია აქვთ, მაგრამ თუ მარტო საკუთარ კარიერაზე და კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ეს მათ არ გამოუვათ. არჩევანი უნდა გააკეთონ. თუმცა, ისტორიამ გვიჩვენა: ძალიან ბევრი ხალხი ვიცით, რომლებიც რამდენიმე ხელისუფლებაში იყვნენ, აქეთ-იქით დახტოდნენ პარტიიდან პარტიაში. საზოგადოება მათ ყველას იცნობს, ასე რომ არ გაუვათ ეს ამბავი.
ბოლოს, დასკვნის სახით მინდა ვთქვა: რაც მთავარია საზოგადოება მზად არის ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის გვერდში დაუდგეს იმიტომ, რომ მან პირადად, ყოველგვარი პოლიტიკისა და პარტიის გარეშე, ნებისმიერ სფეროში, თავის ქვეყანას უდიდესი სიკეთეEგაუკეთა. ამიტომ, აქვთ ადამიანებს მისი რწმენა, პატივისცემა. ივანიშვილის ყველაზე დიდი მხარდამჭერი პარტია ან რამე სხვა კი არა, არამედ ქართველი ხალხი და საზოგადოებაა.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0