"ეს ის შემთხვევაა, როცა გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა"

გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, "საერთო გაზეთის" წინა ნომერში მოცემულ ინტერვიუში "ქართულ ოცნებაში" არსებულ კრიზისზე ვისაუბრეთ. ასევე, გკითხეთ ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე, თქვენ კი მიპასუხეთ, რომ ეს უფრო მითოლოგიის სფეროს მიეკუთვნება, ვიდრე სინამდვილეს. ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კვირიკაშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორია თქვენი შეფასება?

_ ეს ის შემთხვევაა, როცა გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. დიახ, წინა ინტერვიუში მართლაც აღვნიშნე, რომ ივანიშვილის დაბრუნება მითოლოგიის სფეროა. სიმართლე გითხრათ, მისი პოლიტიკაში დაბრუნება ჩემთვის, ნამდვილად, მოულოდნელი იყო. ბატონი ბიძინას დაბრუნებას არ ველოდი იმდენად რამდენადაც მან არაერთხელ თქვა, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნებოდა. როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" გუნდმა მის წინაშე დაპირებული ამოცანები ვერ შეასრულა. ამ ჯგუფმა ვერ მოახერხა საკუთარ თავში რესურსი მოეძებნა, რათა გარედან, ამ შემთხვევაში, ივანიშვილისგან დახმარება არ დასჭირვებოდა. ივანიშვილის გამოჩენის ძირითადი მიზანი ის არის, რომ თავისი პირმშო _ "ქართული ოცნება" შეინარჩუნოს და შედარებით ნაკლები რყევებით მიიყვანოს შემდეგ საფეხურამდე _ ეს იქნება საპრეზიდენტო თუ სამომავლოდ საპარლამენტო არჩევნები.

_ დაპირისპირება, რაც ბოლო ხანებში "ქართული ოცნების" ორ ბანაკს შორის მიმდინარეობს განა იმ სირთულის პრობლემაა, რომ ეს ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი გამხდარიყო თუ მართლა მეორედ მოსვლაა?

_ როგორც ჩანს პრობლემა სერიოზულია. ზედაპირზე ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებული ინციდენტი ჩანდა, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად არ ვიცით შიდა სამზარეულო, რომელიც სავარაუდოდ უფრო მძიმე სურათს ხატავს. ბიძინა ივანიშვილმა ამ დღეებში ინტერვიუ ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს" მისცა, სადაც განაცხადა: რასაც მოსახლეობა ოთხი წლის მანძილზე ელოდა ყველაფერი დარეგულირდებაო. ამ ყველაფერში მან იგულისხმა `ნაცმოძრაობის~ თემა და კიდეც აღნიშნა, რომ ამ პარტიის საკითხი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოიხსნებაო. 

_ რადგან დაბრუნდა, მისი კვლავ დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ალბათ, ხალხის ნდობის დაბრუნებაცაა.

_ რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ერთ-ერთი და რთული ამოცანა, ალბათ, ხალხის ნდობის დაბრუნებაა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ დაიძლიოს ის სირთულეები, რამაც ივანიშვილის შემოტრიალება განაპირობა.

_ 2012 წელს "ქართულ ოცნებასთან" ერთასდ იბრძოდა ხალხი, რომლებიც მთლი ამ წლების მანძილზე არავის გახსენებია…

_ დიახ, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ხარვეზის გამოსწორება იქნება იმიტომ, რომ გარკვეული კუთხით ანალოგიური პრეტენზია ნინია კაკაბაძის ინციდენტში გაჟღერდა. ამ შემთხვევაში ლაპარაკი იყო მხოლოდ საპარლამენტო გუნდზე, რომელიც "ქართულ ოცნებას" თავიდანვე გვერდით ედგა. გახსოვთ, ითქვა, რომ "ქართული ოცნების" ძველი შემადგენლობა ხმის უფლების გარეშე დარჩა და სიტუაციას ის ახალგაზრდები წარმართავენ, რომელთაც ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასე, რომ ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით დატრიალდა ის საყვედური, რასაც ახლა, თქვენ მთელი საზოგადოების მასშტაბით მეკითხებით.

_ წეღან ახსენეთ, ივანიშვილი როგორც აღნიშნა, "ნაცების" საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნისო. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყბადაღებული კოაბიტაცია დასრულდება?


_ ასეთი პროგნოზის გაკეთება მიჭირს იმიტომ, რომ ანალოგიური ფრაზეოლოგია ადრეც მოგვისმენია და ამ მხრივ, იმედგაცრუება იყო. ივანიშვილმა ისევე როგორც ადრე, შეიძლება, ვერც ახლა მოახერხოს კოაბიტაციის რეჟიმიდან თავის დაღწევა. პროგნოზს მოვერიდები, მაგრამ ის, რომ ივანიშვილის წინაშე ეს საკითხი დადგა, მგონი ცხადია. ამოცანა დგას და როგორ მოახერხებს იგი მის გადაწყვეტას, ცხოვრება გვიჩვენებს.

_ ახლა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლო მიზეზებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ რას წაადგება მისი მოსვლა, იგივე, რა გადალაგებების მომსწრე შეიძლება გავხდეთ?

_ ალბათ ერთ-ერთი მიმართულება პარტიის შიგნით წესრიგის გაძლიერება უნდა იყოს იმ მიმართულებით, რამაც ამ დღეებში გაიჟღერა. ისევ ნინია კაკაბაძის თემას რომ დავუბრუნდეთ, გაისმა საყვედურები: მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას დაპირდით და ასევე, "ქართული ოცნების" მხრიდან "ნაცების" მიმართ უფრო ფხიზელი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო, რაც არ ხდებაო. აი, რას საყვედურობს პარტიის ერთი გუნდი მეორეს. სავარაუდოდ, ამ ყველაფერზე განახლებულ "ქართულ ოცნებას" პასუხი ექნება.

_ კოჰაბიტაცია ჩვენ არ მოგვიგონია, ეს ფაქტია. როგორ შეხვდება "ნაცებთან" "ფხიზელ დამოკიდებულებას"დასავლეთი?

_ არ მგონია დასავლეთის თემა, ამჟამად, გადამწყვეტი იყოს. მაშინ, როცა დასავლეთი კოაბიტაციას ბეჯითად ითხოვდა, შესაბამისი ინფორმაცია მათ საქართველოდან მიეწოდებოდათ. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით დასავლეთს მიაჩნდა, რომ `ქართული ოცნება~ შურისძიების გამო დგამდა იმ ნაბიჯებს, რასაც დგამდა. ეს მოახერხა `ნაცმოძრაობამ~, რომ სამართლიანობის აღდგენის სურათი უცხოელებისთვის შურისძიების სურათად გაესაღებინათ. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მეთაურებს ზუსტად ამავე დროს არ უკვირდათ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტზე საქმე იღძვრებოდა, ისრაელის პრეზიდენტთან დაკავშირებითაც ანალოგიური სიტუაცია იყო და ა.შ. მაგრამ ხსენებულ შემთხვევებში დასავლეთს მიაჩნდა, რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია და ეს პროცესები მას სამართლიანი სასამართლოს ნიშნულით ჰქონდა აღქმული. ვფიქრობ, განვლილმა პერიოდმა და განსაკუთრებით, უკრაინის მაგალითმა დასავლეთს სააკაშვილის განცხადებების მიმართ ნდობა გაუძნელა. ამდენად, არ მგონია დღეს დასავლეთმა კოჰაბიტაციის მოთხოვნა გაიმეოროს, რადგან ახლა, უკვე, შეიძლება ამ პროცესებში იგივე დაინახოს, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება. ვიმეორებ, ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესი დღეს არავის უკვირს. ამ ფონზე მეჩვენება, რომ უფრო რეალისტურია საკითხის ასე დაყენება — ქართული მოსახლეობისთვის მიცემული პირობა სამართლიანობის აღდგენაზე შეიძლება ახლა, უფრო ადვილი შესასრულებელი იყოს, ვიდრე ადრე.

_ რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს. ბატონი ბიძინა პრეზიდენტობისთვის ხომ არ ემზადება?

_ არა მგონია კენჭი პრეზიდენტობაზე იყაროს. თუმცა, ამის თქმა უკვე სახიფათოა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ივანიშვილს შეეძლო თუ პრეზიდენტობა სურდა, მარათონში პარტიის თავმჯდომარეობის გარეშეც ჩაბმულიყო. იურიდიულად ამას ხელს არაფერი უშლიდა. რადგან ეს ნაბიჯი არ გადადგა, ე.ი. მის ინტერესში საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმა არ არის. მას უნდა მის მიერ შექმნილი პარტია სისცოცხლისუნარიანი იყოს, ეს არგუმენტი უფრო დამაჯერებელია.
ქვეყნის კრიზისი კიდევ ცალკე საკითხია. მან პოლიტიკაში პირველად მოსვლისას თქვა, რომ ოთხ წელიწადში კარგად ვიცხოვრებდით. ეს არ იყო პარტიის ბედ-იღბალთან დაკავშირებული დაპირება. ეს დაპირება მაშინ ცოტა გამიკვირდა იმიტომ, რომ ერთ ან ორ წელიწადში ეკონომიკა არ იცვლება-ხოლმე. მაგრამ ივანიშვილი, ალბათ, გააცნობიერებს, რომ ასეთი ცვლილების გარეშე ანუ, ეკონომიკური სიტუაციის ცვლილების გარეშე, მხოლოდ შიდა პარტიული პროცესების შეცვლით, საზოგადოებაში კმაყოფილება დიდად არ იქნება.

_ თქვენი აზრით, რა იქნება მომდევნო ოთხი წლის მერე, როგორი საქართველო გვექნება?

_ რთული შეკითხვაა, ნამდვილად არ ვიცი როგორი საქართველო გვექნება, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ივანიშვილმა ამგვარი დაპირებები იმის ხარჯზე გასცა, რომ რაღაც პროცესები საქართველოში ისედაც დაწყებულია, ვგულისხმობ, ინვესტიციებს, ეკონომიკურ პროცესებს. მაგალითად, ჩინეთი აპირებს ინვესტიციები ჩადოს ელექტრო-მობილების მშენებლობაში, ანუ, საქართველოში ელექტრო-მობილების მშენებლობა დაიწყოს. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ დიდი სტიმულია ეკონომიკის წამოწევისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მისაღწევად. შესაბამისად, ივანიშვილმა, ალბათ, იცის, რომ ამ მხრივ რაღაც პერსპექტივა _ უცხოელებიდან სერიოზული ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით, იგეგმება და ამ გეგმების იმედით დგამს იმ ნაბიჯს, რომ პოლიტიკურ სივრცეს დაუახლოვდეს.

_ ოპოზიციისგან ხშირად გვესმის არაფორმალური მმართველობა. ახლა, ივანიშვილი კვლავ ღიად შემოდის მმართველობაში. რა იცვლება ამით?

_ "ქართული ოცნების" წევრები აქამდე გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში და ჩვენს გადაწყვეტილებებში არ ერევაო. ახლა, ივანიშვილი ღიად მისცემს ინტერვიუს და პირველი პირიდან გავიგებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღმა რა მზადდება. აი ეს იცვლება.

_ ბატონო რამაზ, წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადეთ: ივანიშვილს თუ გაკოჭავენ, ხელებს გადაუგრეხენ, თორემ ისე პოლიტიკაში არ მოვაო. რა მოხდა მართლაც გაკოჭეს?

_ (იცინის) არმგონია რომ გაკოჭეს იმიტომ, რომ იგი ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც თავად დაისახავს მიზნად. ადრეც კოჭავდნენ, როცა პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ მან თავისი არ დაიშალა და წავიდა. ასე, რომ გაკოჭვის გამო კი არ დაბრუნდა, არამედ თვითონ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის გადაჩეხვისგან გადარჩენის, მისი შემობრუნების დრო იყო და ამიტომ დაბრუნდა.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0