"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერის თქმით, განათლების სისტემაში არსებული ამოცანები, ხელისუფლებასთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას მოითხოვს. ამ მიმართულებითაც დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – სხვადასხვა უწყების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგების და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა. დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც.

"ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ისინი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამავე დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას. ჩვენი ვალია, არამხოლოდ მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის არსი, არამედ უწყვეტი საჯარო დისკუსიის პირობებში ერთად შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გახდება ძალიან ძლიერი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვრიკაშვილის თქმით, ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. როგორც პრემიერმა განაცხადა, ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებას უკავშირდება, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული.

„ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანია. მათ გააჩნიათ მომავლის სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები და თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის და თქვენი ჩართულობა გარდაუვალი და მნიშვნელოვანია. მადლობა განათლების სამინისტროს და მინისტრ მიხეილ ჩხენკელს საინტერესო გეგმის წარმოდგენისთვის. მათ ბევრი იმუშავეს ამ გეგმაზე. ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, პირველი არის განათლება. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და ეკონომიკური წინსვლის მთავარი ძალა გახდეს. ჩვენ ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმის საქმეში.

„ჩვენ ვნერგავთ პროფესიული განათლების წარმატებულ მოდელს. უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ამ სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობას უზრუნველყოფს. დაწყებულია კოლეჯების შექმნა, შემდეგი წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.скачать dle 12.0