"არ არსებობს ქვეყანა, სადაც ზოგადი თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასეთი მზაკვრული, ბოროტი, ანტიმეცნიერული და ახალგაზრდების განადგურებაზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს"

რატომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება ამაზე განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა:

– განათლება დიდი პოლიტიკის ნაწილია და პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მიმართულებით პროგრესულ და პოპულარულ რეფორმებს არ ატარებს, ვადაზე ადრე მიდის ხელისუფლებიდან. სააკაშვილის ხელისუფლება განათლებასა და მეცნიერებაში გატარებულმა არაპოპულარულმა და ანტიმეცნიერულმა რეფორმებმა შეიწირა. მისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში საუკეთესო პროგრამით მოვიდა, რომელიც პირველ რიგში, კანონმდებლობის მთლიანად შეცვლას ითვალისწინებდა, მაგრამ იმ პროგრამიდან არაფერი გაკეთებულა. რაც დღეს ხდება, კატასტროფაა! არასრულწლოვან ნარკომომხმარებელთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ე.წ. კლუბურმა ნარკოტიკმა 15-მდე მოზარდი შეიწირა. გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვიც, რაც იმის დამსახურებაა, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვი მთლიანად გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან.

– რა გამოდის, რომ ყოველწლიურად, 600 მილიონს უვიცობაში და კრიმინალისა თუ ნარკომიდრეკილების ჩამოყალიბებაში ვიხდით?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლების მიღების ნაცვლად, ბავშვები ნარკოტიკებს ეჩვევიან, მოძალადეებად ყალიბდებიან და ჭრიან და ჩეხავენ ერთმანეთს, ასე გამოდის. უძვირესი კერძო სკოლები გვაქვს: ამერიკული, ბრიტანული, ევროპული, არაეროპული, აზიური და ა.შ. ზოგან სწავლა 25 000 დოლარი ღირს, ზოგან 10 000 დოლარი და არაფერი. მოდის ბავშვი სახლში და მშობელი ყველა საგანში ამზადებს, რადგან იმდენ ცოდნას ვერ აძლევენ, რომ ბავშვმა დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ზოგადი თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასეთი მზაკვრული, ბოროტი, ანტიმეცნიერული და ახალგაზრდების განადგურებაზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს. სტუდენტების განათლების დონეს რომ ვხედავ, ვრწმუნდები, რომ საერთოდ არაფერი იციან. ვეკითხები სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს – რად უნდათ ეს უვიცი ბავშვები, მარტო იმისთვის, რომ ხელფასი აიღონ?

– თავის დროზე, ვარაუდობდით, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების დღეს არსებული მოდელი სწორედ ასეთ შედეგებს მოიტანდა..

– არც ვცდებოდი, თუმცა დაფინანსების გარდა, სხვა პრობლემებიცაა. ჩემი აზრით, დანაშაულია, როცა ტექნიკურ, სამედიცინო ან აგრონომიულ ფაკულტეტებზე ისტორიას, გეოგრაფიას ან ლიტერატურას გამოცდებით აბარებენ და სპეციალურ საგნებში არავითარი ცოდნა არა აქვთ. წარმოიდგინეთ, სტუდენტებს ქართველი კლასიკოსების ერთი ნაწარმოებიც კი არ აქვთ წაკითხული და ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. გაუგებარია, რა ტესტია, რა წყობაა და რა მოთხოვნებია, რომ უნარების გარდა, არაფრის ცოდნა არ გჭირდება და სტუდენტი ხდები. სტუდენტებმა ქართული და მათემატიკა არ იციან და ქიმიის, ბიოლოგიის და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაზეა საუბარი? რატომ გვიკვირს, რომ ამდენი უმაღლესი სასწავლებლის პირობებში, პროფესიონალი ექიმების, ინჟინრების თუ აგონომების დეფიციტი გვაქვს? რა აგრონომი გახდები თუ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია არ ჩაგიბარებია? რა ინჟინერი გახდები მარტო ისტორია-გეოგრაფიის ცოდნით?

– დანგრეული მაღაროები, ავარიული სახლები და გზები საბოლოოდ, ვიღაცის არაპროფესიონალიზმის შედეგია, თუმცა ბოლო დროს, განსაკუთრებით ბევრ კითხვას ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი აჩენს..

– რაც შეეხება სამედიცინო დარგს, დღევანდელი ექიმები სანატრელი გაგვიხდებიან, როცა პროფესიაში ექიმების ახალი თაობა შევა. თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ხანში, უბრალო დაავადებების სამკურნალოდ თურქეთში წასვლა დაგვჭირდება. რომელ არჩევით საგანზეა საუბარი? სამედიცინოზე მინიმუმ, ხუთი საგანი უნდა ბარდებოდეს: სამი, რომელიც ყველგან ბარდება და ამასთან, ქიმია, რომელიც მედიცინის ხერხემალს წარმოადგენს და ბიოლოგია. თანამედროვე მედიცინა ფიზიკის ცოდნასაც მოითხოვს, ამიტომ მომავალმა ექიმმა ეს საგანიც უნდა იცოდეს. ფიზიკა-ქიმიას კი ვერ ისწავლი, თუ მათემატიკა კარგად არ იცი. ამასწინათ, სტუდენტთა ჯგუფს ვკითხე მეტალი ელექტრულ დენს ატარებს თუ არა და ვერ მიპასუხეს. 21-ე საუკუნეში სტუდენტს ეს რომ არ ეცოდინება, სამედიცინოს სტუდენტი გოგორდმჟავას და მარილმჟავას ფორმულას რომ ვერ დაგიწერს და ფიზიოლოგიური ხსნარი არ იცის რაა, ის რა ექიმი უნდა დადგეს? ათასობით სტუდენტში თითო-ოროლა წარმატებულ და შრომისმოყვარე სტუდენტს ნახავთ და ისინიც საზღვარგარეთ გარბიან, იმიტომ, რომ აქ თუ ფული არ გაქვს და ვიღაცის შვილი არ ხარ, სამსახურს ვერ იშოვი. მაშინ რაში გვჭირდება ამდენი უმაღლესი სასწავლებელი? საბჭოთა კავშირის დროს, როცა 5 მილიონი ვიყავით, 18 უმაღლესი სასწავლებელი გვქონდა. ახლა ამის ნახევარი ვართ და 70-მდე აკრედიტებული უნივერსიტეტი გვაქვს. უნივერსიტეტების გარდა, დასახურია ბევრი მიმართულება. არ მესმის, რა საჭიროა პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებში არაპროფილური მიმართულებები? მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ისტორიის ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტები სრულიად ზედმეტია და თავის პროფილურ მიმართულებებს უნდა მიხედოს. ასევე, სხვებმაც. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ძირეული რეფორმებია გასატარებელი. 

თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა? ეს ადამიანი იმ ხუთკაციანი კომისიის წევრი გახლდათ, რომელმაც ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღვაწლმოსილი პროფესიორები გაუშვა, თანაც ამ დროს, აკადემიური ხარისხი არ ჰქონდა. ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგია, რომ განათლების სისტემაში ნაციონალების წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

– დღევანდელი განათლების სისტემას ყველაზე მწვავედ ნაციონალები აკრიტიკებენ. თქვენ კი ამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი საგანმანათლებლო პოლიტიკა გააგრძელა და რადიკალური ცვლილებები არ განუხორციელებია.

– ნაციონალებს ოპონირებაში ბადალი არ ჰყავთ, ხელისუფლებამ კი მათთვის პასუხის გამცემიც კი ვერ ნახა.. ღრმა და საფუძვლიანი რეფორმირების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა, რომლის წყალობით მივიღეთ გაცილებით უარესი, „ტაშფანდურა“ საგნებით სავსე და არაფრის მომცემი ეროვნული სასწავლო გეგმა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ხომ საერთოდ, კორუფციის წყარო კი არა, მდინარეა.. ამდენი მკვლელობა და ძალადობა არ მოხდებოდა, რომ ასეთ გაუაზრებლად მიღებულ დოკუმენტებს მასწავლებელი და მოსწავლე არ დაეშორებინა.. ყველა მიმართულებით ჩიხში შევედით და ამას ხელისუფლება მშვიდად აკვირდება. ბავშვებში რომ ამდენი აგრესია და ძალადობაა, გაკვეთილების მიმდინარეობისას თუ გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს რომ ჭრიან და ხოცავენ, თანამდებობის პირებმა პასუხი არ უნდა აგონ? 

– 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფაქტს გულისხმობთ?

– არა მარტო, მაგრამ თუნდაც ეს ფაქტი იყოს. სასწავლო პროცესის დროს მოხდა სასტიკი დანაშაული. კი არ მოკლეს, დაკლეს ბავშვები და სკოლის დირექციას პასუხი არ უგია.. რატომ არავინ დაინტერესდა, დანაშაულის ჩადენის დროს, სად იყვნენ 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორები? თუ ადგილზე იყვნენ, რა გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო? მე თუ მკითხავთ, მარტო დირექტორები კი არა, სამინისტროს მთელი შემადგენლობა უნდა გაეშვათ. სანამ თანამდებობა მარტო მაღალ ხელფასთან ასოცირდება და არა პასუხისმგებლობასთან, ვერც ივანიშვილის დაბრუნება გვიშველის და ვერაფერი. დღეს არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამიტომ არათუ თანამდებობა უნდა დაატოვებინონ, პასუხი უნდა აგებინონ ყველას, ვისი ბრალეულობაც ამ საქმეში იკვეთება.

საერთოდ გაუშვან არაპროფესიონალი და გამოცდილების არმქონე დირექტორები, რომლებსაც სკოლის მართვა არ შეუძლიათ. შეცვალონ უვარგისი კანონი, რომელშიც წერია, რომ სკოლის დირექტორად მუშაობისთვის პედაგოგიური განათლება აუცილებელი არაა და 3 წლიანი სტაჟიც საკმარისია. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. სამი კი არა, სკოლის დირექტორს ათწლიანი სტაჟი და განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურები უნდა ჰქონდეს გავლილი, რომ ნამდვილი პროფესიონალი ერქვას. როგორ შეიძლება გამოცდილების არმქონე ადამიანი პროფესიონალი იყოს, როცა პროფესიონალიზმს წლები და გამოცდილება ჭირდება?

ნელი თორდია

скачать dle 12.0