სააკაშვილი დემოკრატიის კი არა სიკვდილის შუქურაა

ორიოდე დღის წინ რუსეთმა კიევსა და ოდესაში მომხდარი გამიზნული მკვლელობების შესახებ განაახლა საუბარი, სადაც პოროშენკოც ფიგურირებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით "საერთო გაზეთის" სტუმარია ტრისტან წითელაშვილი, როგორც ინფორმირებული და აღნიშნულ სიტუაციების შესახებ ინფორმირებული პირი.

– თქვენ თუ გახსოვთ, როდესაც 2014 წელს მაიდანზე დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები, ერთ კვირაში მედიით განვაცხადე, რომ ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მაშინ ჩემი მისამართით წამოვიდა ლანძღვა-გინება, ხან პროვოკატორი მიძახეს და ხან კრემლის აგენტი. მე იმ დროს უკვე მქონდა გარკვეული სახის ინფორმაცია, რადგან სააკაშვილის მიერ ჩაყვანილ ზონდერებში აღმოჩნდნენ ჩემი ყოფილი ხელქვეითები, ჩემს მიერ მომზადებული სნაიპერები, როდესაც ჯარში მსახურობდნენ…

– თქვენთან რატომ გამოვიდნენ კავშირზე, გაუგებარია…

– როდესაც დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები (6-ნი იყვნენ ესენი), ამის შემდეგ დაიწყო მათზე ნადირობა, ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო მათი ლიკვიდაცია (ყიფიანის მოკვლა მოასწრეს, გვერდზე ქუჩაზე ნახეს მოკლული). ამ ოპერაციის შემდეგ ფული უნდა გადაეხადათ, ცხადია. ამათთან მივიდა იქაური ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, მეტსახელად `ჟან~, რომელიც იცნობდა "ბეჟოს" (სააკაშვილის ჩაყვანილი) და უთხრა, დროზე წადით აქედან, ცუდი ამბავი გელითო. ამათ, ამავდროულად, შეიტყვეს, რომ ყიფიანი უკვე მოკლული იყო და გაქრნენ. რა ფული, რის ფული! მამულაშვილს ჰყავდა წაყვანილი, ის ხელმძღვანელობდა და ამერიკელი ოფიცერი ქრისტოფერ ბრაიანი. ასევე, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი და უკრაინის ახლანდელი უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი პაშინსკი. მათ შეაიარაღეს სააკაშვილის სნაიპერები; განალაგეს ზოგი სასტუმრო "უკრაინაში", ზოგი – კონსერვატორიის შენობაში და მიიღეს ბრძანება…

– ხალხის დახოცვაზე რატომ იყვნენ დაგეშილები?

– იანუკოვიჩთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა ევროსაბჭოს ლიდერების მხრიდან, რომ ჩატარებულიყო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. დათანხმდა, ბოლო-ბოლო, იანუკოვიჩი, 18-ში ხელი უნდა მოეწერა თანხმობაზე, მაგრამ ეს უკვე მიუღებელი იყო აქეთა მხარისთვის, რადგან იმას ნიშნავდა, რომ ესენი მიზანს ვერ მიაღწევდნენ. ამიტომ საჭირო იყო არეულობა და შტურმით ძალაუფლების ხელში აღება. ამ დროს მაკკეინიც ჩაფრინდა, შედგა თათბირი და ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო ესეც, ადამიანების დახოცვა. თუ ხალხი დაშლას დაიწყებდა და დრო გაიწელებოდა, ყველაფერი ეშლებოდათ, ამიტომ უნდა დაესწროთ იანუკოვიჩის ხელის მოწერისთვის და მოეკლათ, როგორც თავიანთი მომხრეები, ისე – "ბერკუტელები". ჩაატარეს დაგეგმილი და აიღეს კიდეც ხელში ძალაუფლება. რა თქმა უნდა, არჩევნებზე ეს მხარე ვერ გაქაჩავდა, დონეცკი, დონბასი, ხარკოვი – პრორუსული მოსახლეობა იყო, მხოლოდ ბენდერები ვერ გადასძალავდნენ.

გიორგი ბეჟიტაშვილი, კობა ნერგაძე, ალექსანდრე რევაზიშვილი, ცეზარ ბაჯელაძე, გიორგი სარალიძე და მერაბ ყიფიანი – ამათ კი შეასრულეს დავალება, მაგრამ ჰყავდათ `გამწმენდი ჯგუფი~, რომელსაც ფაქტების მოსპობა ევალებოდა, მათ შორის, შემსრულებელი სნაიპერების. ორის მოკვლა მოასწრეს, ყიფიანის და სარალიძის, დანარჩენები, ბაჯელაძის გარდა, წავიდნენ. ბაჯელაძე ახლო კონტაქტში შევიდა მამულაშვილთან, ფიქრობდა, ფული ავიღოო… გაიფანტნენ მიშას სნაიპერები სხვადასხვა ქვეყნებში და შემდეგ მოხდა ჩემთან კონტაქტზე გამოსვლა.

– ფაქტოვრივად, დახმარება გთხოვეს…

– დიახ. ჩვენზე ნადირობენ, უნდა დაგვხოცონო. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი მოგმართავს დახმარებისთვის და ეს სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია, შედიხარ მის მდგომარეობაში. ვინ ნადირობს-მეთქი? აშშ-ის სპეცსამსახურებიც ნადირობს, მარტო სააკაშვილზე არ არის საუბარიო. გავიარე კონსულტაციები, მოვახერხე და გავედი იანუკოვიჩის ადვოკატებზე. არ დაგიმალავთ, შევხვდი მათ. ვუთხარი, რომ არიან ცოცხალი მოწმეები, რომლებიც მზად არიან, აღიარონ, რაც ჩაიდინეს და ვისი ბრძანებით, მაგრამ გარანტიებია საჭირო. შევიკრიბეთ "ძალიან ისეთი" პირები, შევხვდი კონკრეტულ ერთ პირს, რომლის ვინაობას არ დავასახელებ ჯერჯერობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე წავსულიყავი ევროპაში, რათა შევხვედროდი ამ ხალხს. მივიღე გარანტიები, რომ აღნიშნულ პირებზე არ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმეები. პარალელურად, ჩაერთვებოდა ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციები და იქნებიან ეს ადამიანები დაცულები. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები დასხდებოდნენ ტელეკამერების წინ და ისაუბრებდნენ თავიანთ ნამოქმედარზე. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის საქართველოზე, ევროპის ქვეყნების ტელევიზიები იგულისხმება.

ჩავედი და შევხვდი, ავუხსენი, რა გზით შეიძლებოდა მათი შველა. ამის შემდეგ შევხვდი იტალიელ ჟურნალისტს (რამდენიმეს), შევხვდი "ბი-ბი-სის" წარმომადგენელს სამხედრო ექსპერტის კუთხით, რათა ანალიზი გამეკეთებინა და, ამავდროულად, არ მომხდარიყო თუნდაც უმნიშვნელო დეტალის უმართებულოდ წარმოჩენა. პრეზიდენტს რომ უყენებ ბრალდებას, ხელს ადებ პარლამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს მდივანს და ა. შ. ჰაი-ჰარად ვერ ილაპარაკებ. ეს გუნდი იყო ყველა უბედურების შემოქმედი და ზედ დართული მიხეილ სააკაშვილი, აქტიური ფიგურა იმ სიტუაციებში. ის არის ამ "სპექტაკლების" დამდგმელი (გარდა სნაიპერებისა, სხვა "შემსრულებლებიც" ჰყავდა ჩაყვანილი საქართველოდან). დავდიოდი ჟურნალისტებთან ერთად იმ ქვეყნებში, სადაც ეს სნაიპერები იყვნენ, იწერდნენ და ვუდარებდით მათ ნაამბობს ერთმანეთს; ვიყავით იმ ადგილებზე, რომელზეც საუბრობდნენ და აბსოლუტური სიზუსტე იყო. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა ესენი საქართველოდან გაიყვანა ყალბი პასპორტებით. გვარ-სახელები, რომლებიც ამათ დამისახელეს, ამოვიღეთ აეროპორტის ბაზიდან – წამი-წამზე დაჯდა ყველაფერი. გარდა სნაიპერებისა, იმ ადგილობრივებსაც გავესაუბრე, ვინც მონაწილეობდა იმ ამბებში. ამას დაერთო ისიც, რომ მე ხელში ჩამივარდა ოპერატიული მასალა, რომელშიც ის ღამეა ასახული, რაც დოკუმენტად დევს – სააკაშვილის, პოროშენკოს, პარუბის, პაშინსკის, ბრაიანის და მაკკეინის ნაავკაცარი.

ამ ფილმის ჩვენებამ ფეხზე დააყენა ევროპის ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები,. ფილმის ბოლოში ამბობენ განწირული სნაიპერები, რატომ იძლევიან ინტერვიუს; რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ეს – აღიარონ, ვისი ბრძანებით რა დავალებას ასრულებენ და თუ რამე დაემართებათ, გამოსაძიებელი არაფერი იყოს.

ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ დამიკავშირდნენ იანუკოვიჩის ადვოკატები, ჩამოვიდნენ კიდეც და ჩემთან დააზუსტეს, თუ მისცემდნენ სააკაშვილის სნაიპერები ჩვენებას. მე ისევ მომიწია ჩასვლამ მათთან და ამ ადამიანებმა მისცეს აღიარებითი ჩვენება. კიევის პეჩორის სასამართლომ მიიღო ეს ჩვენებები და, ამასთანავე, მათ წარედგინათ ეს ფილმიც.

ახლა, რა ხდება უკრაინაში: 23 თებერვალს დაიბარეს უკრაინაში სააკაშვილი დაკითხვაზე ამ საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილმა უთხრა პოროშენკოს: ხო რამდენი ბრალდება წამიყენეთ. აგერ, კიდევ, უკვე ისეთი, რომ შენ თუ სასამართლოში მიმიყვან, დავაღებ პირს და ვიტყვი ყველაფერს. მიიმწყვდია ჩიხში სააკაშვილმა პოროშენკო, რაღა ექნა? ამიტომ იყო, რომ 22 თებერვალს იძულებითი დეპორტაცია გაუკეთეს სააკაშვილს, მოაცილეს ქვეყნიდან, თორემ სასამართლოს მიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით, გასვლის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული. სააკაშვილის ავანტურისტობა ვის გაუკვირდება და, აი, ამ შემთხვევაშიც გამოიყენა მომენტი, დაიძვრინა თავი უკრაინიდან.

ძალაუფლება რომ აიღეს ხელში, რეგიონები იყო დასამორჩილებელი, რადგან ძალიან ცუდად ჰქონდათ საქმე. რეგიონებძი შეიქმნა "ანტიმაიდნის კონიტეტი", მათ შორის, ოდესაში, ოდესა კი კარგი ლუკმა იყო სააკაშვილისთვის, ნაოცნებარი ლუკმა. თვით ოდესა რაში ანაღვლებდა, ოდესის პორტი იყო მნიშვნელოვანი, რომ ეწარმოებინა, როგორც იარაღის კონტრაბანდა, ისე – ნარკოტიკების.

პროფკავშირების შენობის წინ მიმდინარეობდა აქცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები კი არ დაერბიათ, არამედ, ფიზიკურად გაენადგურებინათ. დაუძახეს ბაჯელაძეს სააკაშვილმა და მამულაშვილმა, შენ იქნები ჩვენი წარმომადგენელი და გაჰყვები "მემარჯვენე სექტორს", პარუბის და 250-კაციანი ჯგუფი გაუშვეს ავტობუსებით ოდესაში და პარაცუკი (ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, პარლამენტარია ისიც). ჩავიდნენ ოდესაში, დაიწყეს პროვოცირებებით და ბოლოს მომიტინგეები მოაქციეს ალყაში ისეთნაირად, რომ შერეკეს ამ შენობაში. თან წაღებული ჰქონდათ გამზადებული "მოლოტოვის კოქტეილები" და როგორც კი შენობაში შერეკეს მომიტინგეები, კარებები ჩაურაზეს, ფანჯრებში კი "კოქტეილებს" ყრიდნენ. ვინც ფანჯრიდან ხტებოდა, იმას ესროდნენ, სახანძრო დახმარების მანქანები კი არ მიუშვეს. რა თქმა უნდა, – ამას თვითონ ამბობს ბაჯელაძე. ეს იყო უშუალოდ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მკვლელობა და მის მიერ გაცემული ბრძანება. ამით მან, ფაქტობრივად, დაიმორჩილა ოდესა და ცდილობდა, ხელში ჩაეგდო სრული ძალაუფლება. ოდესის გუბერნატორად გამომცხვარ სააკაშვილს ჩაჰყავს ოდესაში თავისი დაჯგუფებები და, მათ შორის, მახაური (მოკლეს უკვე კიევში), ჩეჩენი.

ოთხი პასპორტი ჰქონდა. ეს მახაური თურქეთშიც ჰყავდა გაგზავნილი სააკშვილს ერთი პირის ლიკვიდაციისთვის. სააკაშვილის ერთ-ერთი შემსრულებელი იყო, ლორთქიფანიძის გამოჩეკილი, იმ ლორთქიფანიძის, სააკაშვილმა ოდესის პოლიციის შეფად რომ დანიშნა.
სააკაშვილმა დაიწყო ინტენსიური კრიმინალური ქმედებები უკვე ოდესაში. რა თქმა უნდა, იმ დროს ყველა საქმეში ერთად და ერთნაირად იგულისხმებიან ის პირები, ვინც გითხარით, ცხადია, პოროშენკოს ჩათვლით. მერე აერიათ მეგობრობა, თორემ ამ ოთხ ადამიანს უნდა ემართა მთელი უკრაინა (სააკაშვილი, პოროშენკო, პაშინსკი, პარუბი). ასეც იქნებოდა, გადაინაწილებდნენ სფეროებს, მაგრამ სააკაშვილმა მოინდომა ყველაფერი. არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ ყოფილა მათ შორის, გარდა ფინანსური ინტერესებისა. სააკაშვილმა პოროშენკოსთან დაახლოებული ბიზნესმენი გაიტაცა, გამოსძალა მილიონები და მანდ დამთავრდა მათი მეგობრობა. მერე ავაქოვთან დაახლოებული ბიზნესმენი გაიტაცა და მას გამოსძალა და ა. შ. დაიწყო იგივე, რასაც საქართველოში აკეთებდა: ბიზნესმენების გატაცება მილიონების გამოძალვის მიზნით; ბიზნესმენებისგან ფულის იძულებითი ამოღება; ადამიანების ლიკვიდაცია; გაუპატიურებები… მან დაიწყო ოდესიდან (ამის მასალები მაქვს) სირიაში ტერორისტთა გადასროლა, რომლებიც უკრაინის დროშის ქვეშ იბრძოდნენ "ისლამური სახელმწიფოს" შემადგენლობაში. ერთ-ერთი პროვინცია რომ გაათავისუფლეს, შტაბში ნახეს უკრაინული დროშა, უკრაინული სიგარეტები და პირი, რომელიც დაატყვევეს, აღმოჩნდა უკრაინელი, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო გაგზავნილი. მიშას ხელს უწყობდა ყველანაირად მაკკეინი. ოდესის პორტიდან ხდებოდა იარაღის გადაყიდვა, ნარკოგადაზიდვები და უმთავრესი – მან გახსნა იქ გაურკვეველი მიმართულების კლინიკა "უკრაინის ომში მონაწილე მეომრების სარეაბილიტაციო ცენტრიო". სინამდვილეში, რომ შეჰყავდათ დაჭრილები და ოპერაციას რომ უკეთებდნენ, ჯანმრთელ ორგანოებს აჭრიდნენ. მესამე ოპერაცია რომ ტარდებოდა ორგანოების ამოსაღებად და გასაყიდად, დაიჭირეს ამ საქმეში სირიელი ბიზნესპარტნიორი, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მისცა… აი, ასეთ და ამდენ სიბინძურეებში იყო ჩაბმული სააკაშვილი ოდესაში, ხალხის ცოცხლად დაწვის ჩათვლით. დემოკრატიის კი არა, სიკვდილის შუქურაა სააკაშვილი! "ბი-ბი-სის" ბიურომ ისრაელში გადაიღო ფილმი ოდესის ამბავზე, რომელიც აჩვენეს უკვე, დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი, ბაჯელაძე ინტერვიუში ამბობს, აღიარებს.

– ისიც ევროპაშია?

– არა, ბელარუსში. ყველგან მომიწია ჩასვლამ და საუბარმა. ჯერ არ დამისრულებია მისია, ახლა მათთან მივდივარ, ვისაც იარაღის კონტრაბანდაში აქვს მიღებული მონაწილეობა უკრაინაში. 
შემდეგ, უნდოდათ სპექტაკლის დადგმა, რომ გავანადგურეთ რუსეთის ქვედანაყოფები და საიდანღაც მოიტანდნენ ცხედრებს, ჩააწვენდნენ სანგრებში, მიუდებდნენ იარაღს, გადაიღებდნენ და აი, "ქართულმა ლეგიონმა" ჩაატარა სპეცოპერაცია, გაანადგურა რუსული ქვედანაყოფებიო, სინამდვილეში "ბომჟები" და გაურკვეველი ვინაობის გვამები იყო.
აი, ამას აკეთებდნენ უკრაინაში ის ქართველი "გმირები", რომლებიც ვითომ საქართველოს იცავდნენ იქ, უკრაინაში.

P.S. ბატონმა ტრისტანმა მიჩვენა ფოტომტკიცებულებები და იმ სახის დოკუმენტაცია, რომელსაც მიზეზთა გამო ვერ ვაქვეყნებთ.

გიორგი ჩხეიძე
скачать dle 12.0