ვინ არის ნიკოლ პაშინიანი და როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში?

ბოლო ხანებში სომხეთში ვითარება დაიძაბა.

მოვლენების ეპიცენტრში კი ნიკოლ პაშინიანი მოექცა, რომელსაც სომხური საზოგადოება, აქამდე, ჟურნალისტად იცნობდა.
პაშინიანი 1975 წელს დაიბადა, 1991 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ჟურნალისტიკის მიმართულებით. 1994–98 წლებში რამდენიმე ყოველდღიური გაზეთის ჟურნალისტი და მთავარი რედაქტორი იყო. ყველაზე დიდხანს, 13 წლის განმავლობაში, იგი გაზეთ “Haykakan zhamanak”-ის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა.


2008 წლის იანვარში პაშინიანი 7 წლით დააპატიმრეს, 2010 წელს მას 7-წლიანი სასჯელი 3.5 წლამდე შეუმცირდა, ხოლო 2012 წლიდან იგი სომხეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს. პაშინიანი ამჟამად პარტია “სამოქალაქო შეთანხმებას” მეთაურობს, რომელიც “ელკის” შემადგენლობაში შედის.
2017 წლის არჩევნებში მისმა ბლოკმა 105-დან მხოლოდ 9 მანდატის მოპოვება შეძლო. პარტია "სამოქალაქო შეთანხმებას" ლიბერალური, დასავლური კურსი აქვს. ისინი ევრაზიულ კავშირში სომხეთის ყოფნის წინააღმდეგ გამოდიან.

ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკური ბიოგრაფიიდან არაერთი ინიციატივის გახსენება შეიძლება, რომელიც რუსეთის და სომხეთის ურთიერთოების ეწინააღმდეგება. მის ოპოზიციურ ფრაქციას ეკუთვნის ინიციატივა, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გამოსვლას უკავშირდება.

პაშინიანს ხისტი პოზიცია ჯერ კიდევ 2013 წელს დადებული შეთანხმების რატიფიკაციისას გამოჩნდა, რომელიც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთსა და სომხეთს შორის გაფორმდა. ამ შეთანხმების პირველი პუნქტი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის გადამცემ ქვეყანას უფლება აქვს კონტროლი განახორციელოს სამხედრო ტექნიკის ხელმისაწვდომობასა და გამოყენებაზე და შემსყიდველმა ქვეყანამ ამისთვის პირობები უნდა უზრუნველყოს.

სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე გვესაუბრება:

– ბატონო სოსო, რა ხდება დღეს სომხეთში? პაშინიანი დასავლეთის პროექტია?

– სომხეთში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს საქართვლოში 2003 წელს განვითარებულ სიტუაციას, როცა თბილისში ანთებული თვალებით დარბოდა ხალხი და ყველა კუნჭულში მიშა-მიშას გაიძახოდნენ.
იგივე სიტუაცია იყო რუსეთშიც, როცა ელცინი მოდიოდა ხელისუფლებაში.
ასეთი ეიფორიები, როგორც წესი, არ მთავრდება ხოლმე კარგად, რადგან ხდება არსებული ელიტების ცვლა და ხელისუფლებაში მოდიან პერსონები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ სახელმწიფოს სტაბილურობის და მისი მოწყობის შესახებ.
ამას მოჰყვება ხოლმე რეპრესიული მანქანის ამოქმედების მკაცრი აუცილებლობა მოწინააღმდეგეების დათრგუნვის და იმ გაუგებრობების დასაფარად, რომელსაც რეჟიმების ცვლა იწვევს.
რაც შეეხება პაშინიანს, მისი ძირითადი ბრალდება სარქსიანის მიმართ ისაა, რომ შარშან ყარაბაღის ხუთდღიან კონფლიქტში პოზიციები თითქოს დათმო.

– ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა, თუნდაც ჩვენი გამოცდილების მაგალითზე – ეროვნული ღირებულებებისა და სამშობლოს ცნების წინ წამოწევით ხელისუფლებაში მოდიან და მერე მთელი ძალებით ებრძვიან ეროვნულობის ყოველგვარ გამოვლინებას.

– ეს გახლავთ მანიპულაციის მექანიზმი. ადამიანის ძირითად იმპულსებზე მანიპულაციით მოდიან ხელისუფლებაში ასეთი ტიპის ლიდერები და ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ამ შედეგებს ერევანში.
რაც ეხება რუსეთის როლს, რუსეთს არ აქვს დამუშავებული ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და ამას თვითონაც აღიარებენ. ის, რომ ყველგან ყველაფერს ტანკები გადაწყვეტენ, არასწორია.
რაზეა საუბარი, როცა რუსეთმა ვერ მოახერხა და თავისი აქტივების დიდი ნაწილი ამერიკის მთავრობის ობლიგაციებში აქვთ დაბანდებული. რუსეთიდან გატანილი კაპიტალის მოცულობა 2017 წლის მონაცემებით, 60 ტრილიონი რუბლი იყო, ანუ ტრილიონი დოლარი.
რუსეთი არ არის ჰომოგენური სახელმწიფო, როგორიც იყო, მაგალითად, სტალინის დროს. დღეს იქ ძლიერია ლიბერალური ფლანგი, რომელიც შიგნიდან ღრღნის ამ ქვეყანას. ამიტომაც რუსეთისა და დასავლეთის დამოკიდებულება იმაზეა დამყარებული, რამდენად შეძლებენ კონსოლიდირებას დასავლური ძალები და მოახერხებს თუ არა რუსეთი მყარად ჩამოყალიბებული სამოკავშირეო კონტრნაბიჯების გადადგმაას.

– ანუ რუსეთი ამ დაპირისპირებაში დამარცხდება?

– რა თქმა უნდა. მაგრამ, მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ: ბალტიისპირეთი რომ მტრულადაა განწყობილი, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მოლდოვაში საპარალამენტო უმრავლესობა და ოლიგარქი პლახატნიუკი ანტირუსულ ისტერიაში არიან. უკრაინის შესახებ, მოგეხსენებათ. იგივე ვითარებაა ყაზახეთშიც. ნაზარბაევმა კირილიცას მაგივრად ლათინური შრიფტი დანერგა. 
თვით სომხეთში აშშ-ის საელჩოში 200 თანამშრომელია დასაქმებული, როცა რუსეთის საელჩოში 60 კაცია. სომხეთში აშშ-ის საელჩო ყველაზე მრავალრიცხოვანია ახლო აღმოსავლეთში.
ანუ ცეცხლოვანი რკალი რუსეთის გარშემო სახეზეა.

– ბატონო სოსო, რა მოუტანა ფერადოვანმა რევოლუციებმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს? თუ ერთად მათი განხილვა არამიზანშეწონილი და არაგონივრულია?

– ეს ქვეყნები, ძირითადად, დასავლეთის მიერ მათი გეოპოლიტიკური ინტერესების მიხედვით განიხილებიან, საჭიროების მიხედვით.
არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ ქვეყნებს ბევრი პრეფერენცია ექნებათ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, ან უფრო სწორად, აკეთებინებენ. აშშ-ი მოქმედებს სრულიად კონკრეტული სქემით – ქვეყნებში ამყარებენ პოლიტიკურ კონტროლს. მათ მიერ კონტროლირებად ხელისუფლებებს კი იმას აკეთებინებს, რაც თვითონ აინტერესებთ და არაფრად აგდებენ საზოგადოებების განწყობებს.

– რატომ არ გახდა მაგალითი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის იგივე უკრაინის ან თუნდაც საქართველოს მაგალითი?

– საერთოდ, ძალიან ძნელია დასკვნების გამოტანა, რადგან ყველა სახელწმიფოს თავისი შიდა პრობლემები ახასიათებს და ამ პრობლემების გვირაბებიდან იხედებიან.
სომხებმა ვერ გამოიტანეს დასკვნები. ვერც გამოიტანდნენ. საქმე ისაა, რომ ანტიპატია იმდენად დიდი იყო სომხეთის ხელისუფლების მიმართ – კორუფცია, პრობლემები მართვის სფეროში და ა.შ. რომ ხალხის უკმაყოფილება საკმაოდ მასშტაბური იყო იყო.
დასავლეთის ალტერნატივა გაცილებით უარესია, ფერადი რევოლუციების შედეგები კი უმძიმესი, მაგრამ ის, რითაც მანიპულირებს დასავლეთი, ხალხს აიძულებს თვალი დახუჭონ მოსალოდნელ შედეგებზე.
რაც ნაკლები იყო დასავლური გავლენა, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა უფრო შეინარჩუნეს მოსახლეობის კეთილდღეობის ნიშა, მაგალითად, ბელორუსში, ყაზახეთში…

– საქართველო კი ახალი შიდაპოლიტიკური ძვრებისთვის ემზადება. როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა...


– ივანიშვილი ძალიან შეზღუდულია იმ გავლენით, რაც ლიბერალურ ფრთას აქვს და მხარდაჭერილია სოროსისა და დასავლელი ლიბერალების მიერ.
მისი დაბრუნება შეიძლება განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ ეს გავლენები სუსტდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო მოვიდა. ის, სავარაუდოდ, შეცვლის მიმართულებას, ლიბერალური წნეხი და კონტროლი მოსალოდნელია, შეიცვალოს. თუ ასე განვითარდა მოვლენები, დადებითი ძვრები შეიძლება მოხდეს და ბიძინა ივანიშვილს, შესაძლოა, საშუალება მიეცეს რადიკალური ცვლილებები განახორციელოს.

ირანდა კალანდაძე

P.S. პაშინიანი უკვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.скачать dle 12.0