ვახტანგ ხარჩილავა: თავისუფლება, რომელიც კლავს

რუსთაველის პროსპექტზე 12 მაისს მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მიერ გამართული მიტინგზე ყველაზე ხშირად სიტყვა თავისუფლება ისმოდა და აქციის მთავარი სლოგანიც ეს იყო "ჩვენი თავისუფლებისთვის გამოდი გარეთ", თუმცა რა იგულისხმებოდა ამ სიტყვის ქვეშ, რისთვის სჭირდებოდათ და რისთვის ითხოვდნენ ეს ახალგაზრდები ასე ემოციურად და პათეტიკურად თავისუფლებას, ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ სხვა აქციებს და იქ გაჟღერებულ მოთხოვნებს, ცხადი იყო, რა იყო 12 მაისის მიტინგის სიტყვა თავისუფლებით შენიღბული ქვეტექსტი.

მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მესვეურებს თავისუფლება იმისთვის უნდათ, რომ თავისუფლად მოიხმარონ ნარკოტიკები და ამისთვის არავინ დაისაჯოს.

კი, ბატონო, დავუშვათ და სახელმწიფომ ყველანაირი შეზღუდვები მოხსნა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით და სრული თავისუფლება მისცა ნარკოტიკების მომხმარებლებს, რას მივიღებთ შედეგად?

რა მოაქვს ამგვარ თავისუფლებას და, ზოგადად, თავისუფლების რა კატეგორიაა ეს?

ეს არის თავისუფლება, რომელიც კლავს, თავისუფლება, რომელიც სულიერად და ფიზიკურად ანადგურებს და ამახინჯებს ადამიანებს, და, რაც მთავარია, ეს არის ის თავისუფლება, რომელიც თავისუფლებას ართმევს და ნარკოტიკების მონად ხდის ყველას, ვინც ამგვარ "თავისუფლებას" ეზიარება.

აი, ასეთი თავისუფლება გინდათ თქვენ, ძვირფასო ახალგაზრდებო, თავისუფლება, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგკლავთ, თავისუფლება, რომელიც მონად გაქცევთ და როცა მიხვდებით, რომ იღუპებით და ამ მონობიდან თავის დაღწევას შეეცდებით, უცებ აღმოაჩენთ, რომ ეს თითქმის შეუძლებელია.

აი, ამ თავისუფლებას სთავაზობთ თქვენ ადამიანებს, ნარკომანიის ნაბიჭვარო აგიტატორებო?

ბოდიშს ვიხდი საზოგადოებასთან ამგვარი მიმართვისთვის, მაგრამ მათ, ვინც თავისუფლების სახელით სიკვდილს და მონობას სთავაზობენ ადამიანებს, ნაბიჭვრის გარდა სხვა რა სახელი ვუწოდო?

იქნებ სატანის მოციქულები სჯობდეს?

ნამდვილად სჯობია, რადგან სატანურია იდეები, რომლებსაც ისინი ქადაგებენ, სატანურია მიზანი, საითკენაც ისინი ადმიანებს უბიძგებენ, სატანურია ის მუსიკაც, რომლის დიდხანს მოსმენაც ნარკოტიკული თრობის გარეშე შეუძლებელია.
თავიდან ბოლომდე სატანურია მთელი ეს კომპლექტი, მთელი ეს ბუკეტი, ე.წ. კლუბური მუსიკით და კლუბური ნარკოტიკებით, რომელიც ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება, ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა და მათი ბიოლოგიურ რობოტებად ქცევა.

– ეს არის ბრძოლა პროგრესსა და განუვითარებლობას შორის! _ აცხადებს "პროგრესული" "მწერალი" ლაშა ბუღაძე, თვითონაც რომ რაღაცით ჰგავს სატანის ბიძაშვილს.

საქართველოვ, დაიმახსოვრე მათი სახეები, ვინც 12 მაისს "თეთრი ხმაურის" მხარდასაჭერად მივიდა და მწერლების სახელით, ინტელიგენციის სახელით, ჟურნალისტების სახელით, პოლიტიკოსების სახელით წაახალისა და წააქეზა აქციის მონაწილეები.

ისინი, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდების მტრები არიან, რომლებსაც ვითომ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ისინი ქვეყნის მტრები არიან, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, ამ ქვეყნის მტრებმა უკვე მთლიანად დაიპყრეს ქართული ტელევიზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, შეაღწიეს სახელმწიფო სტრუქტურებში, დაიბუდეს პოლიტიკურ პარტიებში და თუ ასე გაგრძელდა, მალე მთელ ქვეყანასაც დაიპყრობენ.

სატანისტების არმია ებრძვის საქართველოს და მის სხეულში შეპარული შიგნიდან უჭამს გულ-ღვიძლს.

სატანის მოციქულები გვპარავენ შვილებს და შვილიშვილებს, გვპარავენ მომავალს, გვპარავენ ხვალინდელ დღეს და საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ბოლომდე, რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

– გაუშვით, მოიკლან თავი, თუ ასე უნდათ! – ასეთი რეპლიკებიც გაისმა აქა-იქ.

ისინი მხოლოდ თავს კი არ იკლავენ, კლავენ სხვებსაც, სიკვდილის ბანგით გათანგულ ბურანში ითრევენ და სიკვდილისთვის ამზადებენ, ისე, როგორც ტერორისტები ამზადებენ თვითმკვლელებს იმ დაპირებით, რომ მაღლა, ცაში ცხონდებიან.
სამსხვერპლოდ განწირულებს სიტყვა თავისუფლება შემოარტყეს წელზე შაჰიდის ქამრად, რომელშიც ბომბის ნაცვლად ნარკოტიკებია ჩაკერებული.

ვინც ამას აკეთებს, მათ იციან, რომ ეს ახალი ყაიდის მოდერნიზებული შაჰიდის ქამარი აუცილებლად აფეთქდება და ათობით და ასობით სიცოცხლეს შეიწირავს.

…ისინი წავიდნენ და დაიქადნეს, შაბათს დავბრუნდებითო!

ისინი ვერ უნდა დაბრუნდნენ უკან ვერც შაბათს, ვერც კვირას, ვერც ორშაბათს, ვერც ვერასოდეს.
ქართველმა ხალხმა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას!

скачать dle 12.0