"გულთა კავშირი" ქართველ ებრაელთა კვალდაკვალ

ქართულ–ებრაული ურთიერთობები  მრავალ  საუკუნეს  ითვლის  და  ეს  მეგობრობა  დღემდე გრძელდება.

მიმდინარე  წლის  დასაწყისში ისრაელში  ქართველ  ებრაელთა საქველმოქმედო  საზოგადოება "გულთა კავშირი" შეიქმნა, რომლის პრეზიდენტად ბიზნესმენი და ქველმოქმედი, ცნობილი არქიტექტორი,  ბატონი აბრაჰამ პაატა იოსები (იოსებაშვილი) აირჩიეს.

ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ლიტერატურისა  და  ხელოვნების მოღვაწე  ისრაელში  მცხოვრები ქართველი ებრაელები, ქართველი მწერლები  და  საზოგადო  მოღვაწეები. ორგანიზაციამ  პირველი  ღონისძიება  ისრაელში  გამართა  და მწერალთა  კავშირის  დელეგაცია ისრაელს ეწვია. ქართველთა  დელეგაციაში შედიოდნენ:  მწერალთა  კავშირის თავმჯდომარე, ბატონი ბაღათერ არაბული, მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, ბატონი ნოდარ კობერიძე.

ჩვენ  შევხვდით  ორგანიზაცია "გულთა კავშირის" პრეზიდენტს, ბატონ აბრაჰამ პაატა იოსებს (იოსებაშვილი), "გულთა კავშირის" გამგეობის წევრს, ქალბატონ იზოლდა მოშიაშვილს და მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ ბაღათერ არაბულს.

გთვაზობთ საუბრის ჩანაწერს.
პაატა იოსებაშვილი:
თქვენგან  განსხვავებით,  ჩვენ ორი  სამშობლო  გვაქვს  და  ამიტომ  კვლავ  ვეფერებით  მეორე სამშობლოს, ჩვენს საქართველოს, საქართველოს  კუთხეებს,  ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს და საკუთარი თავის კმაყოფილები ვართ, რომ ეს შეგვიძლია. იმიტომ, რომ ჩვენ აქედან წავიღეთ მადლიერება,  სიყვარული,  კულტურა  და ამ  კულტურას,  ურთიერთობების კულტურას, ტრადიციას,  ისრაელში ვინახავთ და ვავრცელებთ. იქმნება და კიდევ უნდა შეიქმნას დოკუმენტური ფილმები ჩვენი ურთიერთობების შესახებ, დაიწეროს წიგნები, ნაშრომები, პუბლიკაციები, რათა მომავალმა თაობებმა უკეთ გაიგონ, რას ემყარებოდა ეს სიყვარული და რას ნიშნავს ამ ორ ერს შორის ურთიერთობების უნიკალობა.

ჩემმა  შვილებმა,  რომლებიც ისრაელში გაიზარდნენ და სულით და ხორცით ებრაელები არიან, იციან, რომ არსებობს კიდევ  ერთი სამშობლო — საქართველო და მას პატივი  უნდა  სცენ.  ეს  განცდა  მე გადავეცი მათ, განცდა, რომელიც თავადაც  გამაჩნია  საქართველოს მიმართ და კიდევ იმ სიყვარულისთვის,  დედაჩემს  რომ  ჰქონდა  ამ მიწის  მიმართ.  მახსოვს,  როგორ თვალცრემლიანი  იხსენებდა ისრაელში  საქართველოში  დარჩენილ  მეზობლებს. წუხდა: ნეტავი, როგორ არიან ჩემი ნინო, ჩემი თამარა,  გიორგი.  წამიყვანე,  შვილო, საქართველოში,  სანამ  მოვკვდებიო.  ვერ  მოვახერხე.  ჩემდა სამწუხაროდ,  ისე  გარდაიცვალა დედაჩემი,  საქართველოში  ვერ ჩამოვიყვანე.  ბევრს  ვნანობ  ახლა ამაზე.  საქართველოში  ყოველი ჩამოსვლისას მახსენდება დედაჩემის ეს ნატვრა და ცრემლები მდის.

იზოლდა  მოშიაშვილი:
საქართველოში  ცხოვრებისას, ყოველთვის  გვქონდა  შთაგონება, რომ იყო სახელმწიფო — ისრაელი, სადაც უნდა დავბრუნებულიყავით  ოდესმე,  მაგრამ  ის  მიწაც შეგვიყვარდა, სადაც ფეხი ავიდგით და  ეს  სიყვარული  თითქოს შერწყმული იყო ერთმანეთთან.

ჩვენი  წასვლა  წინაპართა მიწაზე,  არ  ყოფილა  ღალატი,  ეს იყო რელიგიური მოწოდება, რაც წინაპრებისგან  გვქონდა გადმოცემული  შინაარსით: ღმერთმა  დაგვამადლიანოს ჩვენს ხას-ისრაელს (წმინდა ისრაელს).

საქართველოს მიწაში ჩვენი წინაპრების ძვლები განისვენებს და ამას ჩვენი მხრიდან დავიწყება არ უწერია.
ახლა  ამბობენ,  რომ  ეს  ქართულ-ებრაული  ურთიერთობები ნელ-ნელა იკარგება და ქრება. ეს არ  მოხდება.   მომავალი  თაობები არასდროს  დაკარგავენ  პატივისცემას საქართველოსადმი.

პაატა იოსებაშვილი:  მერვე წელიწადია, ქუთაისში "გვირილობის დღესასწაულზე" ჩამოვდივარ ისრაელიდან.
ქუთაისი  და  ხაიფა  დამეგობრებული ქალაქებია. წლების  განმავლობაში  ვიწვევდი  და  ვიწვევ  საქართველოს წარმოამადგენლებს  ისრაელში, ვმასპინძლობთ  საქართველოდან ჩამოსულ მეგობრებს, ჩამოვდივარ საქართველოში  დელეგაციებით, ვაწყობთ  კულტურულ-შემეცნებით  ღონისძიებებს,  ვშრომობ  და, ალბათ, ამიტომაც ჩემს მოღვაწეობას  ცოცხალ  დიპლომატიასაც უწოდებენ.
ერთხელ  ხარაგაულის  და ახალციხის  მერებთან  სუფრაზე მოვხვდი. სადღეგრძელოში ვთქვი, ერთ  წელიწადში ორივე  პარლამენტარები  მენახეთ-მეთქი.  მაშინ არც  ფიქრობდნენ  პარლამენტის წევრობაზე.  ზუსტად  ერთ  წელიწადში  ორივე  დეპუტატი  გახდა. მერე რომ შევხვდი, მეხუმრებოდ- ნენ:  ებრაელის  დალოცვამ  იმუშავაო.

არის, რაც ორგანიზაცია  "გულთა  კავშირი"  ჩამოვაყალიბეთ,  სადაც  გაერთიანებულნი  არიან  ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელე- ბი, ქართველი ებრაელი მწერლები, პოეტები, საზოგადოების გამოჩე- ნილი წარმომადგენლები. "გულთა კავშირმა"  გადაწყვიტა,  გამოეცა ქართველ  "ებრაელთა  პოეზიის ანთოლოგია".  ამ  გამოცემაში  65 პოეტის შემოქმედება მოხვდა.

– მოგვიყევით, როგორ შეიქმნა"გულთა კავშირი"?

–  როგორც  გითხარით,  ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში. ვგეგმავდი ღონისძიებებს. ერთხე- ლაც ბატონმა შალვა წიწუაშვილმა თქვა, ორგანიზაცია გვჭირდება, რაღაც ფორმა უნდა მივცეთ ჩვენს საქმიანობასო. ამ ფიქრში ვიყავით, როცა ამერიკიდან ისააკ კრიხელმა დარეკა და როცა ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალურად შეიტყო, თქვა:  "გულთა  კავშირს  გაუმარჯოსო!"  აირჩიეთ  თავმჯდომარე, ვინც  გაუძღვება  ამ  ორგანიზაციასო  და  დაასახელა  ჩემი  სახელი და გვარი. ასე ჩამოყალიბდა საზოგადოება,  რომლის  ხელმძღვანელი  დღეს  თქვენი  მონა-მორჩილი გახლავართ.

ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ღონისძიება  ბოლო  ხანებში  მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის ისრაელში მოწვევა იყო.
ჩვენ  ვაწყობთ  შეხვედრებს, პოეზიისა და ლიტერატურის საღამოებს, მაგრამ თუ ვინმემ არ აიტაცა, არ გაამჟღავნა, არ გააგებინა საზოგადოებას, რომ "გულთა კავშირი"  არსებობს  და  თანაც  ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, მაშინ რისთვის იყო საჭირო ამ  ორგანიზაციის  შექმნა?  იმისთვის,  რომ  პაატა  იოსებაშვილს უთხრან: ყოჩაღ, პაატა?! არ მინდა მე  მადლობა,  ოღონდ  გააშუქეთ, გააგებინეთ  ხალხს,  რომ  ქართ- ველებსა  და  ებრაელებს  შორის კვლავ  არსებობს  ხიდი,  კვლავ არის  "გულთა  კავშირი"  და  ამ ურთიერთობებს  აგრძელებენ  და ამყარებენ ქართველებთან ერთად ბატონები: შალვა წიწუაშვილი, გერშონ ბენ ორენი, მე, რობერტ ადარი (აჯიაშვილი), ნუგზარ  ჯანაშვილი, ქალბატონი იზოლდა მოშიაშვილი, ნანა დავარი დავარი და  სხვები.  თუ  არ  დაწერეთ  ამაზე,  ჩვენი  ნაოფლარი  დავიწყებას მიეცემა.

ისრაელში   ახალ ჩამოსული  რომ  ვიყავი,  პირველი,  რაც გავაკეთე, იყო ის, რომ ჟურნალი "ჩირაღდანი"  გამოვეცი.  ცოტა ხნის  შემდეგ  ქალაქის  საბჭოში მოვხვდი,  მერე  დავწინაურდი  და ვეღარ  მოვიცალე  ჟურნალისთვის — არქიტექტურის  სამსახურის უფროსი გავხდი. ერთი რამის თქმა მინდა: ჩვენ სხვანაირი ურთიერთობები ვიცით, სხვანაირი სიყვარული, ქართველი ებრაელი რომ ხარ,  სულ  სხვა  ხარ  ისრაელში და  სულ  სხვა  პასუხისმგებლობა  გეკისრება,  ამიტომაც  არის, ალბათ, ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული  რომ  იბრალებს  ხოლმე — ქართველი  ებრაელი  ვარო, თუმცა  ჩვენ  მშვენივრად  ვიცით, ვინ  ვინ არის.

ბაღათერ არაბული,მწერალთა კავშირის თავმჯდომარე: გასულ კვირას ისრაელში "გულთა  კავშირმა"  ღონისძიებაზე  მე,
საქართველოს  მწერალთა  კავშირის  თავმჯდომარე  და  მწერალთა  კავშირის  გამგეობის  წევრი ნოდარ კობერიძე მიგვიწვიეს.

მაგრამ სანამ ამ ვიზიტზე ვრცლად მოგიყვებოდეთ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი გაზეთის რედაქტორს, გამოჩენილ პოეტსა და პუბლიცისტს ვახტანგ ხარჩილავას, რომელიც შესანიშნავ გაზეთს აკეთებს და ქართულ-ებრაულ თემასაც სისტემეტურად აშუქებს.
მინდა,  გითხრათ  ის  26  საუკუნე,  ქართველები  და  ებრაელები ერთად რომ ცხოვრობდნენ, ამ ფაქტს,  ურთიერთობის  ამ  უპრეცედენტო შემთხვევას, საქართველოს  ხელისუფლებამ  სათანადო შეფასება  მისცა  და  მთავრობის გადაწყვეტილებით, 26-საუკუნოვან ქართულ-ებრაულ ურთიერთობას არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ უკვე ეცნობა იუნესკოს.  ახლა  სწორედ  იუნესკოს დადგენილებას ველოდებით. მე არ მგონია, რომ მომავალში ქართველი ებრაელების შვილიშვი- ლები და შვილთაშვილები ქართულად ისე ილაპარაკებენ, როგორც საქართველოში ნაცხოვრები ქართ- ველი ებრაელები და ისევე სისხლ- ხორცეულად ეყვარებათ ეს ქვეყანა, როგორც მათ წინაპრებს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყოველივე ქართულის კვლევას, ჩხრეკას, ძიებას არ მოიშლიანდა თავიანთ ფესვებს, ჩვენსკენ მომავალს, არ დაკარგავენ. ისრაელის ხელისუფლება ამის ინიციატორი  ვერ  იქნება,  მეტი აქტიურობა  ქართულმა  მხარემ უნდა გამოიჩინოს. ქართული ენის არდავიწყებისთვის,  ისეთ  ქალაქებში,  სადაც  უმრავლესი  რაო- დენობით  ქართველი  ებრაელები ცხოვრობენ,  მაგალითად,  ქალაქ აშდოდში, სადაც 50 000 ქართველი ებრაელი ცხოვრობს, უნდა შეიქმნას საკვირაო სკოლები, ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესასწავლად, ქართულ-ებრაუ- ლი ურთიერთობების გასაცნობად და უკვდავსაყოფად.

მწერალთა  კავშირი  გამოდის ინიციატივით და პირადად მე ავიღებ  ჩემს  თავზე,  რომ  სახელმძღვანელოები, რაც ამ ბავშვებს დას- ჭირდებათ,  უსასყიდლოდ  გავუგზავნოთ ისრაელში.
სასურველი იქნება, ამ ინიცია- ტივას მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოს საელჩომ ისრაელში. ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ჩვენს ელჩს ისრაელში, ბატონ პაატა კალანდაძეს და იმედი გვაქვს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

რაც  შეეხება  ჩვენს  მოგზაურობას; შესანიშნავი მასპინძლები დაგვხვდნენ ისრაელში.
ბატონი პაატა იოსებაშვილი, რომელიც  გულანთებული  იბრძვის  ქართულ-ებრაული ურთიერთობების  გასაღრმავებლად,  ისრაელის  ქართველობაში ცნობილი ადამიანია. მას შეუძლია წყნარად  იჯდეს  ისე,  რომ  თავი არაფერზე შეიწუხოს, მაგრამ, რომ იტყვიან,  არ  ისვენებს  და  ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს.
ქართული დელეგაცია აშდოდში დაგვაჯილდოვეს სპეციალური დიპლომებით  ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში  შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისთვის.

მე  გახლდით  იმ  სამყაროში, რომელიც  ჩემთვის  უძვირფასესია  ჩემი  სამშობლოს  შემდეგ.  მე ვიყავი იმ ადგილას, საიდანაც ჩვენი  სულიერი  ძალა,  ჩვენი  რწმენა მოდის. ქრისტეს დაბადების ადგილიდან ჯვარზე გაკვრამდე ყველა ადგილი  მოვიარე  და  სულიერად ამაღლებული დავბრუნდი საქართველოში. ეს ბედნიერება გვხვდა წილად ბატონი  პაატას  ხელმძღვანელობით,  ბატონების:
რობერტ ადარის (აჯიაშვილი),ნუგზარ ჯანაშვილის, იზოლდა მოშიაშვილის, შალვა წიწუაშვილის, ნანა დავარი-შაბათაშვილის მონდომებით,  რომელსაც  ჩვენთვის მოწყობილი საღამო მიჰყავდა აშდოდში ნუგზარ ჯანაშვილთან ერთად. ყურადღება არ მოუკლია ჩვენთვის მათ მეგობარს და ჩვენს მეგობარს შესანიშნავ პიროვნებას ბატონ მერაბ მიხელაშვილს და ჩემ დას ეთერ არაბულს.

აღსანიშნავი იყო  ქალაქის მერის  მოადგილის მოშე ბოთერაშვილის მასპინძლობა.  ის დაესწრო  ამ  ღონისძიებას,  საპატიო  დიპლომით  დაგვაჯილდოვა და დიდი სიყვარული გვაჩვენა.

შეხვედრისას მთელი დარბაზი სავსე იყო ქართველი ებრაელებით და ემიგრანტებით.
ალბათ, იცით, შარშან ქართველ ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია გამოიცა, რომელშიც 65 ქართველი ებრაელის შემოქმედება მოხვდა. აღსანიშნავია ის, რომ ამ 65 პოეტიდან მხოლოდ 3 ცხოვრობს საქართველოში, დანარჩენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არიან. ამ ანთოლოგიას მე "ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა საგალობელი~ დავარქვი და სხვადასხვა ქართულ გაზეთში გამოვაქვეყნე ლექსები ამ ანთოლოგიიდან. საზოგადოება მოიხიბლა ნანა შაბათაშვილის, რობერტ აჯიაშვილს, ნუგზარ ჯანაშვილის, სიმხა ადარის, ფირუზ ჯანაშვილის ლექსებით.

ქართველი ებრაელები ასე რომ ესათუთებიან ქართულ ენას, ქართულ  მწერლობას,  მე,  მწერალთა  კავშირის  ხელმძღვანელს,  რა უფლება მაქვს, არ ვიყო მათი მადლიერი?! ამიტომ მწერალთა კავშირის სამდივნოს გადაწყვეტილებით, ისრაელში მცხოვრები და მოღვაწე მწერლები დავაჯილდოვეთ "მადლიერების დიპლომებით" ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის, ენის შენარჩუნებისა და მოვლისთვის.
მწერალთა  კავშირმა  "მადლიერების  დიპლომით"  დააჯილდოვა ნანა შაბათაშვილი, ნუგზარ ჯანაშვილი, გერშონ ბენ  ორენი (წიწუაშვილი), სიმხა ადარი, სულო სეფიაშვილი, იზოლდა კრიხელი, თამარ მამისთვალოვი, გია მოშიაშვილი, სიმა ჯანაშვილი, რაია წიწუაშვილი, ისაკ და ირაკლი კრიხელი, იზოლდა მოშიაშვილი.

მანამდე პოეზიის ანთოლოგიის  პრეზენტაციის დროს,  დაჯილდოვდნენ და შალვა წიწუაშვილი
რობერტ აჯიაშვილი.

რა საჭიროა ახალი  "ველოსიპედის" გამოგონება, როცა წინ გვიდევს ურთიერთობების ამხელა ისტორია? როცა ებრაელი ხალხი არ ივიწყებს ჩვენს მეგობრობას?

უნდა  ჩავიდეთ  და  ვნახოთ, როგორ  ააშენეს  უძლიერესი სახელმწიფო  უდაბნოს  ქვიშაზე, გადმოვიტანოთ სოფლის  მეურნეობის  მოწყობის  სტრუქტურები,  მრეწველობის,  მშენებლობე- ბის გამოცდილებები და სხვ. ისინი მოხარულნი იქნებიან და პირიქით, მზადაც არიან დასახმარებლად.

– მთელი ერი მობილიზებულია, რამდენადაც ვიცი.

– დიახ. ყოველ დილით ყოველი ხე, ბუჩქი, მინდორი ირწყვება. დილიდანვე ყველა მზადაა ქვეყნის სამსახურისთვის. ჩვენ  აპრილის  თვეში  ვიყავით ისრაელში.18  აპრილი  გლოვის  დღედ აქვთ  გამოცხადებული  ებრაელებს – ისრაელისთვის  დაღუპულთა ხსოვნის დღედ.
დახოცილთა  ხსოვნის  საპატივცემულოდ,  დღის  11  საათზე მთელი  ქვეყნის  მასშტაბით,  ორი წუთით სირენა ირთვება.
ზღვაზე  ვიყავით  მე,  ნოდარ კობერიძე,  რობერტ  აჯიაშვილი და  ნუგზარ  ჯანაშვილი,  როცა სირენა ჩაირთო. ორი წუთი გაშეშებული  ვიდექით  ზღვის  სანაპი- როზე ისრაელისთვის დაღუპულთა პატივსაცემად.

ეს  არის  უმაღლესი  პატრიოტიზმის  განცდის  მქონე  ერის თვითშეგნება.
სანამ  ჩვენ  არ  გვექნება  იგივე განცდა, ჩვენი საქმე წინ ვერ წავა. ორი  წუთის  განმავლობაში ისრაელში  ყველა  საწარმო,  ქარხანა,  ჩერდება  და  ფეხზე  დგება დიდიც  და  პატარაც.  გლოვის დღის  დასრულების  შემდეგ  კი იწყება საყოველთაო ზეიმი. წლეულს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 70 წლისთავი გაიმართა.
მე დავდიოდი ბათ-იამის ქუჩებში, როგორც ებრაელების  დიდი მეგობარი  და  ჩვენი  მეგობრების სიხარული მიხაროდა.

– ურთიერთობების პერსპექტივებსა და გეგმებზეც მოგვითხრეთ.

– მწერალთა კავშირის ინიციატივით გადავწყვიტეთ ქართულ- ებრაული ლიტერატურის ყოველწლიური  ფესტივალის  დაფუძნება.  ფესტივალი  ერთ  წელიწადს საქართველოში  გაიმართება, მეორე  წელს — ისრაელში.  ამ ინიციატივის  განხორციელებაში ხარში დაგვიდგება ბატონი პაატა  იოსებაშვილი,  საქართველოს საელჩო  ისრაელში,  იმედი  მაქვს, ამ  ინიციატივას  ჩვენი  ხელისუფ ლების  წარმომადგენლები  მხარს დაუჭერენ, ასევე ებრაელთა მუზეუმის ხელმძღვანელობა საქართველოში და ა. შ.
ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ იდეას.

ფესტივალზე  გაიცემა  ბატონი  ჯემალ  აჯიაშვილის  პრემია, რომელიც  მიენიჭება  ერთ  ებრაელ  და  ერთ  ქართველ  მწერალს, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში  შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისთვის.
ჯემალ აჯიაშვილი ვახსენე და არ  შემიძლია  რამდენიმე  სიტყვა ამ დიდებული ადამიანის შესახებ არ გითხრათ. შესანიშნავი ურთიერთობა  გვქონდა  მე  და  ბატონ ჯემალს. მოგეხსენებათ, დიდი ხანი  არ  არის,  რაც  ის  გარდაიცვალა.  მაშინ  ჩვენ  ვერ  შევძელით ჩავსულიყავით ისრაელში. ამიტომ ამჯერად გადავწყვიტეთ, მის საფ- ლავზე მივსულიყავით. საქართველოს  წარმომადგენლები  და  მასპინძლები, ყველა წავედით ბატონი ჯემალის  განსასვენებელთან  და პატივი მივაგეთ ამ მართლაც ღირსეული ქართველის და ღირსეული ებრაელის ხსოვნას.

თბილისისკენ  გამომგზავრების  დრო  დადგა.  ის  დრო,  როცა ჩვენ  უნდა გამოვმშვიდობებოდით ჩვენს  საუკეთესო  მასპინძლებს. მადლიერებით სავსე დავბრუნდით საქართველოში,  რადგან  50–60 წლის  წინ  წასულ  ადამიანებს  არ დავიწყებიათ  საქართველო  და იქ, ისრაელში კვლავაც ქართულ კულტურას,  ქართულ-ებრაულ ურთიერთობას  გულწრფელად ემსახურებიან.

დიდი მადლობა მათ!

ირანდა კალანდაძე


скачать dle 12.0