გიორგი რუსი

ეს რა ნატვრა ჰქონია!
ეს რა დარდს დაუღრღნია და დაუდნია!
ეს რა ოცნება უტარებია 5 გრძელი წელიწადის განმავლობაში სამშობლოს სიყვარულით დათუთქულ გულში!

– ერთი ნატვრა მქონდა –  პუტინს შევხვედროდი, პუტინთან მესაუბრა, როგორც ტოლს ტოლთან, ისე, როგორც, ვთქვათ, გერმანიის კანცლერს ვესაუბრებოდი, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს ვესაუბრებოდი.
ვიცი, ჩემი ხალხის დიდ ნაწილს სურს რუსეთთან დალაპარაკებაო, – ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

ხუთი წელი თუ ამაზე ოცნებობდით, ბატონო გიორგი, ხუთი წელი თუ იცოდით, რომ ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი აქვს, ამდენ ხანს რას ელოდებოდით და მაინცდამაინც თქვენი საპრეზიდენტო ვადის მიწურულამდე რატომ მოიტანეთ ამ სანუკვარი ოცნების ასრულება? თუ ასე გულით გინდოდათ პუტინთან გულითადი მასლაათი, თუ ხვდებოდით, რომ ქართველი ხალხის ერთი ნაწილის შეკვეთა იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს დალაპარაკებოდით და ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული პრობლემები მოგეგვარებინათ, ვინ გიშლიდათ ხელს, ამდგარიყავით და ხმამაღლა, ოფიციალურად განგეცხადებინათ, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გინდოდათ.

ხუთი წლის განმავლობაში თავგადაკლული პროდასავლელი იყავით და ახლა გახდით პრორუსული ორიენტაციის და ახლა გაგისკდათ მაინცდამაინც სიყვარულის გუდა?

საოცარი მეტამორფოზაა, საოცარი!

თქვენგან მეტამორფოზები არავის უკვირს, მაგრამ ეს ბოლო სახეცვლილება ნამეტანი მოულოდნელი იყო. კიდევ ვიმეორებ, თუ ვლადი- მირ პუტინთან დალაპარაკება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და აუცილებელ საქმედ მიგაჩნდათ, თქვენ, პრეზიდენტ კაცს, ვისთვის რა გქონდათ საკითხავი – ჩასულიყავით მოსკოვში და შეხვედროდით ბატონ პუტინს.
თუ მარტოდმარტო ჩასვლა არ გინდოდათ, "პატრიოტთა ალიანსს" დამგზავრებოდით, რა პრობლემა იყო?
ჩნდება ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ კი მარგველაშვილის ფარულ სურვილს, კიდევ ერთხელ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი?

კი, მაგრამ, რუსეთი და პუტინი საქართველოს პრეზიდენტობასთან რა კავშირშიაო? - იკითხავს მიამიტი მკითხველი. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, მოდით, იმაზე დავფიქრდეთ, რა მდგომარეობში იმყოფება დღეს გიორგი მარგველაშვილი?

რა მდგომარეობაში იმყოფება და ჩიხშია - "ქართულ ოცნებასთან" დასაბრუნებელი პირი არ აქვს, ოპოზიციასთან შარიშურიდანაც არაფერი გამოვიდა, ვერც დასავლეთი მოხიბლა თავისი პოლიტიკური ფიგურით, ვერც ქართველ ხალხს შეაყვარა თავი, ერთი აბდუშელიშვილიღა დარჩა მხარდამჭერად და დასაყრდენად და ისიც კატასტროფულად იკლებს წონაში (პოლიტიკურ წონას ვგულისხმობ).

მოკლედ რომ მოვჭრათ, მარგველაშვილი მარტოა დარჩენილი, პოლიტიკური მოკავშირეების გარეშე და, როგორც ჩანს, ახალი, ძლიერი მოკავშირის ძებნაში რუსეთისკენ გადაწყვიტა გაჭრა.

სჭირდება თუ არა რუსეთს ეს არამდგრადი და არასაიმედო მარგველაშვილი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მარგველაშვილს რომ ძალიან, ძალიან სჭირდება რუსეთი, ეს ფაქტია.

როგორც ჩანს, მარგველაშვილს კარგად ახსოვს 2003 წლის ნოემბრის ე.წ."ვარდების რევოლუცია", რომელიც იმით დამთავრდა, რომ "რევოლუციის" ლიდერი მიხეილ სააკშვილი მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოფრენილმა იგორ ივანოვმა გამარჯვებულად "გამოაცხადა" – მისი მარჯვენა ისე ასწია მაღლა, როგორც რეფერი სწევს გამარჯვებული მოკრივის მარჯვენას.

მაშინაც ისმოდა ეს კითხვა: რაკავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთი "ვარდების რევოლუციასთან", მაგრამ, როგორც გაირკვა, იყო.
უნდა ითქვას რომ, მიუხედავად პროდასავლური ძალებიოს ოპტიმისტური ყიჟინისა და ეიფორიული განცხადებებისა, რუსეთი დღემდე ინარჩუნებს სერიოზულ გავლენას საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

ის არის თითქმის ყველგან, მათ შორის იქაც, სადაც მას არც ველოდებით. რაც მთავარია, საქართველოში არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ელექტორატი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და საქართველოს მომავალს მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ორბიტაზე ხედავს.

არცთუ ისე შორეულ წარსულში, ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ამ ადამიანთა რიცხვი 31%-ს შეადგენდა, რაც ძალიან სერიოზული ციფრია. შეიძლება დღეს ეს ციფრი ცოტათი ნაკლებია ან ცოტათი მეტი, თუმცა ეს არაფერს ცვლის – პრორუსული ორიენტაციის ამომრჩეველთა ხმები საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება ყველა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.

ამ ხმებზე ხომ არ აპირებს ნადირობის დაწყებას ბატონი მარგველაშვილი, როცა რუსეთისადმი ასეთ მოულოდნელ სიმპათიას ამჟღავნებს და, ფაქტობრივად, ღიად და დაურიდებლად აქცევს ზურგს დასავლეთს, რომლის აპოლოგეტადაც აქამდე გვევლინდებოდა.

მარგველაშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება რუსეთის მხრიდან.

რუსები სულაც არ თვლიან შეუძლებლად მარგველაშვილის ოცნების რეალობად ქცევას. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი, თუნდაც პიარის და პროპაგანდის შესანიშნავი შანსის გათვალისწინებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.

თუნდაც ვერ შედგეს ეს შეხვედრა, მარგველაშვილმა ამ თავისი განცხადებით უკვე ისეთი ფასდაუდებელი მასალა მიაწოდა რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას (რომელიც, უნდა ითქვას, ბრწყინვალედ მუშაობს), რომ მის დამსახურებას პუტინის კარზე აუცილებლად დააფასებენ სათანადოდ.

რუსეთის მხრიდან მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, მაგრამ მთავარი პრობლემები მას შეიძლება საქართველოში შეექმნას.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა უკვე უჩვენა ყვითელი ბარათი რუსეთისკენ მზერაგაქცეულ პრეზიდენტს და შეახსენა, რომ ერთია სურვილი, მაგრამ ასეთ შეხვერას სერიოზული მომზადება სჭირდება, რომელსაც, შეიძლება, თვეები მოუნდეს.
თუ ისე წარიმართა მოვლენები, რომ მარგველაშვილი, მოუხედავად სურვილისა, მაინც ვერ მოახერხებს პუტინთან შეხვედრას და თუ ეს ამბავი ქართულ მხარეს დაბრალდება, რუსეთი ამ ფაქტსაც შესანიშნავად გამოიყენებს სათავისოდ და მთელი მსოფლიოს გასაგონად განგაშს ატეხს –  საქართველო იმდენად არის დამოკიდებული დასავლეთზე, რომ ქვეყნის პირველ პირსაც კი არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავის ნება-სურვილზე, თავისი შეხედულებების მიხედვით იმოქმედოს.

ფაქტობრივად, მარგველაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს, წაუგებელი თამაში ითამაშოს.

რუსეთი მარგველაშვილის მიერ ბოძებული კოზირით ბევრ რამეს მოიგებს, მაგრამ რას მოიგებს ამ თამაშში თვითონ მარგველაშვილი, ეს მასზე და მის მიერ სამომავლოდ გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
რაც ამ მომენტში დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მარგველაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელმეორედ იყაროს კენჭი საქართველოს პრეზიდენტობაზე.

როგორც ჩანს, ძნელია, შეეგუო პრეზიდენტობის დაკარგვას.
ტკბილია პრეზიდენტობა, თან ისეთი პრეზიდენტობა, როგორიც მარგველაშვილს ჰქონდა.
ახლა ის მოკავშირეებს ეძებს, მხარდამჭერებს ეძებს, საყრდენს ეძებს, რომ როგორმე შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი, ამ დიადი მიზნისთვის კი მზად არის, ყველაფერი იკადროს, ყველაფერზე მოაწეროს ხელი.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარგველაშვილს რაღაცის პანიკური შიში აქვს.
ეტყობა, მას ეშინია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შეიძლება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და თუ აქედან დროზე ვერ გაასწრო, არ არის გამორიცხული, დაიჭირონ კიდევაც.
კონკრეტულად რა საქმეების გამო შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, ეს ყველაზე კარგად, ცხადია, თვით მარგველაშვილმა იცის და, რა თქმა უნდა, იცის საქართველოს ხელისუფლებამაც.
მარგველაშვილს, ეტყობა, მწარედ ენიშნა ის "ნამიოკები", რაც მისი მისამართით გაჟღერდა პარლამენტის იმ სხდომაზე, საიდანაც ის თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ, თუ გასაქცევად შეექნა საქმე, ყველაზე კარგი ადგილი გასაქცევად, რა თქმა უნდა, რუსეთია.
როგორც ჩანს, ამაზეც აქვს ნაფიქრი მარგველაშვილს, რომელიც ახლა მარბიელების მიერ ალყაში მოქცეული ნადირივით აქეთ-იქით აწყდება და ალყიდან თავის დაღწევას ცდილობს.
საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ – ყურადღებით იყავით, არ გაგეპაროთ ეს კაცი თქვენ აქედან და ავლაბრის რეზიდენციიდან უცებ წითელ მოედანზე არ ამოჰყოს თავი.

ასეა თუ ისეა, გიორგი მარგველაშვილს შანსი აქვს, საქართველოს ისტორიაში გიორგი რუსის სახელით შევიდეს.

მიმომხილველი
скачать dle 12.0