შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

სამთვიანი შესვენების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ კვლავ შეახსენა თავი მსოფლიოს. ქვეყანაში კვლავ გამოსაცადეს ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც მეზობელ ქვეყნებს _ იაპონიას და სამხრეთელ თანამოძმეებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. გულგრილი არც ამერიკის შეერთებული შტატები დაუტოვებია _ ახალი ტიპის რაკეტა თავისი ტექნიკური მონაცემებით ნიუ-იორკსაც კი მისწვდება. იარაღმა ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის ტრადიციული აღფრთოვანება გამოიწვია, სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განარისხა. მართალია, ცნობას ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ თავდაპირველად თავდაჭერილად და მშვიდად შეხვდა, მაგრამ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩინ ინს `ბინძური ლეკვი~ უწოდა.

აშშ-ი ჩინეთის პასიურობით უკმაყოფილოა და მოუწოდებს, აქტიურად ჩაებას კორეის პრობლემის მოგვარებაში. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვითარება საკმაოდ გამწვავდა. მათი განცხადებით, ჩრდილოელებზე ეკონომიკური სანქციები არ მოქმედებს და, საერთოდაც, არაეფექტურია. ექსპერტებს აშინებთ ის გარემოებაც, რომ ტრამპმა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოულოდნელად არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღოს, რაც რეგიონისთვის დამღუპველი იქნება. თუმცა, როგორც კულუარულად გავრცელდა ჭორი, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ აშშ-ის კონგრესმენებს შორის იყო საუბარი, რომ თუ ტრამპის იმპიჩმენტს ვერ შეძლებდნენ, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება მაინც ჩამოართვან. ამას დაერთო პენტაგონის გენშტაბის უფროსის განცხადება. როგორც ამბობენ, იგი უარს იტყვის დანაშაულებრივი (ანუ ბირთვული იარაღის) ბრძანების შესრულებაზეო.

სამხრეთ კორეა და იაპონია რთულ სიტუაციაში არიან, რადგან, თუ ვინმეს არ აწყობს რეგიონში საომარი ვითარება, სწორედ ეს ქვეყნებია. სამხრეთის დედაქალაქი სეული პირობითი საზღვრიდან 20 კილომეტრშია. ექსპერტების განცხადებით, ჩრდილოელებს ბალისტიკური რაკეტების გამოყენება არც დასჭირდებათ, ჩვეულებრივი საარტილერიო დანადგარებით შეუძლიათ თავისუფლად მისწვდნენ. რამდენად შეძლებს აშშ სამხრეთელების დაცვას, უცნობია. გასათვალისწინებელია სამხრეთში არსებული ატომური ელექტროსადგურები, რომელთა დაზიანების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი კატასტროფაა მოსალოდნელი.

ჩინეთი და რუსეთი მოუწოდებდნენ აშშ-სა და სამხრეთ კორეას, არ ჩაეტარებინათ ერთობლივი სამხედრო წვრთნები რეგიონში. თუმცა, მათი აზრი არ გაითვალისწინეს და უკვე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი წვრთნები, რაც ჩრდილოელებისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია. იაპონია და სამხრეთ კორეა ჩრდილოელებთან დათმობაზე ვერ წავლენ, რადგან აშშ-ის რისხვას დაიმსახურებენ. რეგიონში კი მომავლის შიშმა და გაურკვევლობამ დაისადგურა. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ორი თვეა დარჩენილი…
ამასობაში კი აშშ-ი კვლავ ეძებენ ტრამპის რუსეთთან გარიგების კვალს. მისი ყოფილი მრჩევლის _ ფლინის დაკითხვამ, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა, დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი განცხადებით, არანაირი შეთქმულება რუსეთთან არ ყოფილა. ტრამპის განცხადებით, ფლინის სატელეფონო საუბარი რუსეთის ყოფილ ელჩთან კისლიაკოვთან კანონიერი იყო. თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზი ის ყოფილა, რომ ფლინმა თავიდანვე არ თქვა სიმართლე. `მას დასამალი არაფერი ჰქონდაო~, _ განაცხადა ტრამპმა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ფლინზე ზეწოლა გაგრძელდება და ტრამპის მოწინააღმდეგეები ეცდებიან, როგორმე გამოსძალონ მათთვის სასურველი ჩვენება სამომავლოდ კი ვითარების კიდევ უფრო გამძაფრებას ელოდებიან.

გასულ კვირას აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ტრამპის მიერ წარდგენილი საგადასახადო რეფორმის კანონპროექტი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ორი ხმის უპირატესობით მიიღეს კანონი. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე არ ყოფილა სენატში ასეთი ხანგრძლივი და მძაფრი დებატები. კანონპროექტს დემოკრატები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, არც რესპუბლიკელებში იყო ერთსულოვნება, მაგრამ ორმა ხმამ გადაწყვიტა კანონის ბედი. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ კანონი მდიდრების სასარგებლო იქნება, შემცირდება სოციალური პროგრამების დაფინანსება და, რაც მთავარია, ბიუჯეტში 1,5 ტრილიონი დოლარი იქნება დეფიციტიო. აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მსხვილი ბიზნესმენები, მიუხედავად სანქციებისა, რუსეთის ბაზრის დატოვებას არ აპირებენ, საკმაოდ მომგებიანიაო, აცხადებენ.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში კიდევ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად და საელჩო ამ უძველეს ქალაქში გადაიტანოს. პალესტინელები ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანამ, შესაძლოა, რეგიონში სიტუაცია გაამძაფროს. საელჩოს გადატანას არც თავად სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა სამთავრობო სტრუქტურები ემხრობიან. მათი განცხადებით, დიპლომატების და სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა გაძნელდება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თელ-ავივში არსებული საელჩოს შენობა მრავალ ფუნქციას ითავსებს, მათ შორის, დაზვერვისას.

გავრცელებული ჭორებით, შესაძლოა, თანამდებობა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დატოვოს. როგორც აშშ-ი ამბობენ, ახალ წლამდე თუ არა, შემდეგ წავა თანამდებობიდანო. ამას უარყოფს ტრამპი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი, უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს. მის ადგილზე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი პომპეო განიხილება. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ჭორი გამოდგება თუ სინამდვილე. საერთოდაც, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, უცნაური მოვლენა აფრიკის ქვეყანაში, კოტ-დევუარში განვითარდა, რომელიც ევროპა-აფრიკის ქვეყნების კავშირის სამიტს მასპინძლობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ლიბიაში არსებული მონათვაჭრობის საკითხი. დიახ, 21-ე საუკუნეში არსებული ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ფრანგი ტელეჟურნალისტების სიუჟეტით გახდა ცნობილი, ევროპაში გადასვლის მსურველები ლიბიაში იყრიდნენ თავს. ამით სარგებლობენ ადგილობრივი კრიმინალები, ატყვევებენ მიგრანტებს და სხვადასხვა ქვეყნების პლანტატორებს. თუ სხვა მეწარმეებს ასყიდებენ, განურჩევლად, ქალია თუ კაცი. ერთი მონის ფასი თურმე 300–500 აშშ დოლარია.

საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ლიბიელებს კოლოსალურ თანხებს უხდიან, რათა როგორმე შეაჩერონ ევროპისკენ მიმავალი მიგრანტები. სამიტზე ევროპელები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. არავის გახსენებია, რომ შუა საუკუნეების გადმონაშთი, თითქმის დავიწყებული მონებით ვაჭრობა ქვეყანაში 2011 წელს მომხდარ ე.წ. ფერადი რევოლუციის შედეგია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ `ევროპა რა შუაშია, როდესაც თავად აფრიკელები ვაჭრობენ აფრიკელებით~-ო. საინტერესოა, კიდევ რომელ უმსგავსობას გადმოიღებს კაცობრიობა შორეული წარსულიდან.

საგანგაშო შემთხვევა მოხდა ჰააგის ტრიბუნალზე. ყოფილ იუგოსლავიის გენერალს სლობოდან პროლიაკს საერთაშორისო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ტუსაღმა მოსამართლეს მიმართა: `…არ ვცნობ თქვენს ვერდიქტს და არც ვეთანხმებიო~ და ფლაკონიდან რაღაც დალია. როგორც შემდეგ გაირკვა, გენერალმა თურმე ძლიერმოქმედი საწამლავი დალია. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სერბი გენერლის ქმედება მისმა ყოფილმა მოწინააღმდეგემ ხორვატმა ოფიცერმა გმირულ საქციელად შეაფასა. საგანგაშოა და აქვე საკითხავია, თუ ვინ და როგორ მიაწოდა მსოფლიოში ერთ-ერთ დაცულ ციხეში ძლიერმოქმედი საწამლავი პატიმარს. თუმცა აქვე გასახსენებელია, რომ 2006 წელს ამავე ციხეში საეჭვო ვითარებაში (ამას ადასტურებენ ევროპელი ექსპერტები) განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი.

გია ბურდული

скачать dle 12.0