ბატონო ბიძინა, თუ გინდათ განათლების სისტემას ეშველოს, აამოქმედეთ ის ბრწყინვალე პროგრამა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თქვენი მონაწილეობით 2012 წელს შექმნა

რა ეწერა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში, ვინ შეუშალა ხელი მის შესრულებას, რატომ უნდა გაეშვა ბიძინა ივანიშვილს გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან და რა გაამხილა ედუარდ შევარდნაძემ ხელისუფლებიდან წასვლამდე? "საერთო გაზეთი" განათლების ექსპერტს მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ "ქართული ოცნების" სხვა დარგობრივი კომისიების მსგავსად, განათლებისა და მეცნიერების კომისიებშიც სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა. ტარდებოდა შეხვედრები, რომლებსაც რამდენჯერმე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. პროგრამის ავტორებისა და ექსპერტების ერთობლივი შრომის შედეგად მივიღეთ კარგი და გამართული პროგრამა, რომლის მსგავსი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონია. ძირითადი საკითხები შვიდ პუნქტად იყო ჩამოყალიბებული: განათლების სისტემის დეპოლიტიზირება, პოლიციური რეჟიმის აღმოფხვრა, ეფექტური მართვისა და დაფინანსების მექანიზმების შექმნა. მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დარღვეული იყო საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული განათლების ხელმისაწვდომობისა და თანაბრობის პრინციპი. ამ ვითარების გამოსწორება აუცილებელი იყო, რაც პროგრამაშიც ჩაიწერა. პირდაპირ იყო გაწერილი განათლების ხარისხის ამაღლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები. მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი მეცნიერების მოზიდვის, დაფინანსებისა და სოციალური დაცვის საკითხები და ა.შ.

– საინტერესოა, რა შესრულდა ამ პროგრამიდან და რა არა?

– სამწუხაროდ, რამდენიმე ქვეპუნქტის გარდა, არაფერი გაკეთებულა. პროგრამაში პირდაპირ ეწერა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული ყველა ანტიმეცნიერული, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური, ანტიხალხური, ანტიჰუმანური და საერთაშორისო სამართლის ნორმების წინააღმდეგ მიმართული კანონები უნდა შეცვლილიყო. დავსვათ მთავარი კითხვა- არის თუ არა ეს კანონები შეცვლილი დღეს, როცა ქართულმა ოცნებამ ერთი ვადა ამოწურა და მეორე ვადის შუაშია? რა თქმა უნდა, არა! დრო საკმარისზე მეტი ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს. თუნდაც, განათლების დაფინანსება ავიღოთ. პროგრამის მიხედვით, ვაუჩერული დაფინანსება უნდა გაუქმებულიყო, საგრანტო დაფინანსება უნდა შეცვლილიყო და განათლების ოთხივე საფეხურზე სრულიად ახალი წესი უნდა შემოგვეღო, რაც არ მომხდარა. ეროვნული გამოცდების დღევანდელი მოდელი და საგნების არჩევითობა პირდაპირ ანგრევს უმაღლეს სკოლას. პროგრამა, რომლითაც "ქართული ოცნება" მოვიდა, ამ ყველაფრის შეცვლას ითვალისწინებდა, რაც არ მოხდა. პირად საუბრებში ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი პროგრამის შეუსრულებლობას საერთაშორისო ძალების წინააღმდეგობას აბრალებდა, მაგრამ ეს თავის მართლებას უფრო ჰგავს..

– განათლების სისტემის დეპოლიტიზირებასა და პოლიციური რეჟიმის აღმოფხვრაზე რას იტყვით?

– არც ეს მომხდარა.. თქვენ სააკაშვილის პერიოდში დეტალურად აშუქებდით განათლების სისტემის ოთხივე საფეხურს და მშვენივრად იცით, რომ საბავშვო ბაღებიდან დაწყებული, კვლევითი ინსტიტუტებით დამთავრებული, ყველაფერი პოლიტიზირებული იყო. ისიც გემახსოვრებათ, რომ 2004–2005 წლებში ნაციონალებმა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ავტონომია ფეხქვეშ გათელეს, ერთი ბრძანებით ქუჩაში გაყარეს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, რექტორები, აკადემიური საბჭოები, პროფესორ-მასწავლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მათ ნაცვლად, საკუთარი აქტივისტები დანიშნეს. ახლა მთავარი კითხვა – რატომ არ ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ" ხელახალი კონკურსები და რატომ არ მოაცილა სისტემას ნაციონალების პოლიტიზირებული კადრები? სხვათა შორის, ეს კითხვა ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დავუსვი და კითხვა შემომიბრუნა – რა მნიშვნელობა აქვს ქუჩაში აქციებს ვინ მოგვიწყობს ნაციონალი თუ ოცნების მომხრეო? ეს იყო მარგველაშვილის და ზოგადად, "ქართული ოცნების" ლოგიკა. პროგრამით გათვალისწინებული დეპოლიტიზირება სწორედ იმიტომ არ მოხდა, რომ ნაციონალების პარტიული ნიშნით დანიშნული ხალხი თანამდებობაზე დარჩა და იგივე საკადრო პოლიტიკა გრძელდება. 

– გემახსოვრებათ, პრეზიდენტის სიტყვები – განათლების სამინისტროში ჩემი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულაო. 

– მარგველაშვილმა ბრძანა, მე გავეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოვისმინე სპეციალისტების რჩევები და ვფიქრობ, რომ ამ ეროვნულ სასწავლო გეგმას შეცვლა არ ჭირდებაო. საინტერესოა, რომელი სპეციალისტების რჩევები მოისმინა, იმ ნაციონალების ხომ არა, რომლებმაც განათლების სისტემა გაანადგურეს და დამანგრეველი კანონები მიიღეს? მე თუ მკითხავთ, როცა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, იმავე დღეს თანამდებობიდან უნდა მოეხსნათ. პირველივე საჯარო განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ მარგველაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ბანაკში არ იყო. 

– ახლახან, პრეზიდენტმა შეგვახსენა, რომ განათლების მინისტრად მუშაობის დროს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში აღსადგენად ქმედითი მექანიზმი შექმნა. 

– როგორც ვიცი, კომისიაში მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე ორი ათასამდე განცხადება შევიდა, მაგრამ მათი უმეტესობა კანცელარიიდან დაიკარგა, რაც ნაციონალებით დაკომპლექტებულ სამინისტროში გასაკვირი არაა. საბოლოოდ, ათასამდე განცხადებიდან ოციოდე დააკმაყოფილეს და აქედანაც სამსახურში ერთი თუ ორი უფლებადარღვეული დირექტორი აღადგინეს. ამით იწონებს თავს მარგველაშვილი?

– საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი წინასაარჩევნო პროგრამის შეუსრულებლობას საერთაშორისო ძალების წინააღმდეგობით ხსნიდა. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელ საერთაშორისო ძალებს გულისხმობდნენ და რა იყო ზემოთხსენებულ პროგრამაში მათთვის მიუღებელი?

– ცოტა შორიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ მე წლების მანძილზე თბილისის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის ვხელმძღვანელობდი. ვადის ამოწურვის შემდეგ ანუ 2003 წლიდან თბილისის მერისა და საკრებულოს მთავარი მრჩეველი გახლდით. ეს ის პერიოდია, როცა საკრებულოს მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტს ნინო ბურჯანაძე და ახალგაზრდა რეფორმატორები ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებიან. ამ გუნდის მიზანი ხელისუფლების მაქსიმალურად შესუსტება იყო, ამიტომ ხელისუფლებისთვის განათლების, სპორტისა და კულტურის ანუ ყველაზე მასობრივი დარგების წართმევა მოინდომეს და მუნიციპალური სკოლის დებულება შეიმუშავეს. ამის პარალელურად, სტუდენტებთან აქტიურად მუშაობა დაიწყეს.

სწორედ მაშინ მოხდა აბსოლუტურად მიუღებელი რამ – საერთაშორისო კანონმდებლობით, განათლების სისტემაში პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებების შექმნა აკრძალულია. სწორედ ეს პრინციპი დაარღვიეს ახალგაზრდა რეფორმატორებმა. მე იმ დროს, ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდს ოპონირებას ვუწევდი. მუნიციპალური სკოლის დებულებასთან დაკავშირებით დეტალური დასკვნა დავწერე, რომელსაც ვერაფერი დაუპირისპირეს და როგორც ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ თუ ექსპერტულმა წრეებმა შეაფასეს, მაშინ რეფორმატორებს ასით ნული მოვუგე. მე პირდაპირ ვუთხარი სააკაშვილს, რომ ამის მიღებას არ დავანებებდი, თუმცა, შემდეგ დებულება თბილისის მთავრობას მიაღებინა.
სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევარდნაძემ ჩემთან შეხვედრა მოისურვა. ჩვენს შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა.

პირველ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მთხოვა, როგორც ექსპერტს შემეფასებინა საქართველოში განათლების ოთხივე საფეხური და მოურიდებლად მეთქვა რა გაფუჭდა ან არასწორად გაკეთდა მისი მმართველობის დროს განათლების სისტემაში. მეორე შეხვედრაზე შევარდნაძეს ჩემი დასკვნა მივუტანე და როცა კიდევ შევხვდი, ყველაფერი წაკითხული და დამუშავებული ჰქონდა. ჩვენს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა. მე მას საკადრო პოლიტიკის შესახებ და კონკრეტულად, ერთ-ერთი მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის მიზანშეწონილობაზე ვკითხე და გამაოგნებელი პასუხი გამცა. შევარდნაძემ მითხრა, თქვენ რომ ის კანდიდატურები გენახათ, რომელსაც მთავაზობდნენო, თვალებს არ დაუჯერებდით. ყალბი თავმდაბლობის გარეშე აღნიშნა, რომ მისი წონისა და გავლენების მქონე პოლიტიკოსს უზარმაზარი ძალისხმევა დაჭირდა, რომ განათლების მინისტრად შეთავაზებულებზე უკეთესი კანდიდატურა დაენიშნა. ამის გარდა, ისეთი რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ, რასაც არასოდეს გავაკეთებო.

– კონკრეტულად, რა რეფორმებზე იყო საუბარი?

– მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს "კურატორმა" შადმან ვალავიმ ბაგა-ბაღების დახურვა მოთხოვა. თუ გინდათ, რომ ფოთში ხორბალი შემოვიდეს, ბაღები უნდა დახუროთო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ხარისხიანი განათლება ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდის სისტემის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ეს ყველაფერი განახორციელეს და მიშა იქნებოდა თუ გრიშა, არავინ არაფერს ჰკითხავდა. საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა ჰქონდა და სისტემის ასეთი სრულმასშტაბიანი ნგრევა არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. სანამ ხელისუფლება ნაციონალების მემკვიდრეობაზე უარს არ იტყვის და თავისი პირველი პროგრამის განხორციელებას არ შეუდგება, არავითარი განათლების ხარისხის ამაღლება არ გვექნება და ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.

ნელი თორდია
скачать dle 12.0