საკაიფო ქვეყანა

კეშას ბლოგი 
____________________
ამბობენ, მალე ლეგალიზებული პლანი გვექნებაო, მაგრამ, ამ ჩვენს პროგრესულ ახალგაზრდებს რომ თეთრი ხმაური ქვიათ? თეთრი ხმაური და არა მწვანე სიმშვიდე. რას ეყოფა მაგათ ნარკოტიკით გაჯერებულ ორგანიზმს პლანის კაიფი?

არასოდეს მინახავს ქართული სპეცრაზმი ასე მობილიზებული მოსახლეობის დაცვაზე, არასოდეს მინახავს ორი დაპირისპირებული ძალის ასე უსისხლოდ დაშლა, არასოდეს მინახავს შსს-ს მინისტრი, რომელიც ორივე მხარესთან მივიდა სალაპარაკოდ და ორივე მხარემ მოუსმინა.
მანამდე კი, მანამდე ადამიანები იღუპებოდნენ, ზოგი გოგო, ზოგი ბიჭი, ზოგი პატარა და ზოგი დიდი…
ადამიანები და პოლიტიკოსები ერთხმად ითხოვდნენ – გვაჩვენეთ რა ხდება ბასიანში, ნუ უყურებთ ჩვენი შვილების სიკვდილს შორიდან, შედით ბასიანში და გამოიტანეთ ნარკოტიკი, თორემ, ჩვენ შევალთ და ჯერ რუმბივით გავაგორებთ იქაურ ფალავნებს და მერე თავებს დავკვეთთო.
ხოდა, ადგა შსს და შევიდა ბასიანში.

ტიტუ, შსს – ბასიანში ისე მოულოდნელად შევიდა და თან იარაღიც ეკეთაო…

მოგიკვდით, არ გაგაფრთხილათ, მოვდივარ და წამალი გადამალეთო? არ შემოყარეს ფერადი ბუშტები და არ გაუშვეს ფეიერვეკი, ისე მოვიდნენ?
რუსთავი 2 ის ჟურნალისტი ყოფილა მაგ დროს კლუბში, ხოდა, პირდაპირ ეთერში აღწერა, როგორ შევიდა შსს და როგორ ითხოვა კლუბის დაცლა სტუმრებისგან – მაგრამ, არ ცლიდნენ კლუბს, არ ჰქონდათ ბოლო ყლუპი ვისკი დალეული, ვერ მოასწრეს კოქტეილის მოწრუპვა…
აქეთ მაღალმა საზოგადოებამ დაიწყო აღშფოთება – საქართველოს კულტურულ ცენტრს, ბასიანს კლავენ, საქართველოში ტურისტები ბასიანის სანახავად ჩამოდიოდნენ და ახლა რა ვაჩვენოთო.

იქეთ, ბასიანელებმა დადეს პირველი ვერსია – საცეკვაოდ დავდივართ ჩვენ კლუბში და ცეკვას გვიშლიანო – მართალია, ფეხზე ვერ დგებოდნენ – მაგრამ დაწოლილი ცეკვაც ხომ არსებობს, კაცო? არსებობს, ალბათ, ტყუილს ხომ არ გვაკადრებდნენ.

მერე, ცოტა რომ შეფხიზლდნენ, გვითხრეს – არაო, მარტო საცეკვაოდ როგორ ვივლით ქვეყნის პროგრესული ნაწილი, ჩვენ კლუბებში ჰაერის დაბინძურებაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ თემებზე სასაუბროდ ვიკრიბებითო.
კლუბში ვინც არის, ერთხელ მაინც, ნამყოფი, ეცოდინება, რომ წარმოუდგენელია იქ რამეზე საუბარი მოახერხო, წარმოუდგენელია ხმა მიაწვდინო ადამიანებს და მათი ნათქვამი გაიგო – ხოდა, მგონი, ეგენი კლუბში არ იყვნენ, შეეშალათ მაგათ რაღაც.
ნუ, ახლა 9 აპრილის მემორიალზე რომ იცეკვეს, სამშობლოს რომ სულ ლანძღვა-გინებით მოიხსენიებდნენ და გაურკვეველ თავისუფლებას ეძახდნენ – სად გაიგეს თავისუფლება სამშობლოს გარეშე, რად უნდათ თავისუფლება სამშობლოს გარეშე. რა სამშობლო და რისი სამშობლო – ამათ ეს ქვეყანა საკაიფოდ უნდათ მხოლოდ.

რამდენ ხანს გაგრძელდება, ნეტავი, ნარკოტიკით მოტანილი თავისუფლება.
ნახევარი საქართველოღაა დარჩენილი, ამ ჩვენს ნახევარსაც არაბი და თურქი, სირიელი და ჩინელი გვართმევს – რა წამლით თავისუფლება, რის თეთრი ხმაური და მწვანე სიმშვიდე…

კარგად ჩანდა შსს-ს დადებულ ვიდეოებში, როგორ უთვლიდნენ ასლარიანებს ნარკორეალიზატორებს (ბარიგა არ უნდა დავუძახოთ, ხიხი სიტყვაა ბარიგა) – ვუყურებდი და ვფიქრობდი – რამდენ მშიერ ბავშვს დააპურებდნენ, რამდენ ობოლს გაახარებდნენ, რამდენ პენსიონერს გადაარჩენდნენ მცირე ხნით შიმშილისგან, მაგრამ თავისუფლების ფასიც ეს არის, ალბათ…

დაგვიანონსეს 17 ში – ლგბტ-ების გვერდით დავდგებითო – და აქამდე 11-ში, 12-ში და 13-ში ვის გვერდით იდგნენ, რო?
დადგნენ, უფრო გმირები გამოჩნდებიან, მეტად დიდები გამოჩნდებიან, მეტი ფასი დაედება მაგათ პროგრესულ აზროვნებას.
ასე იქცევა რუსი, რუსი კრძალავს ნარკოტიკს და ძირს რუსიო!

დებენ ჩვენი ემიგრანტი ქართველები, ევროპის ქალაქებიდან, პოლიციის მიერ, კლუბებში განხორციელებული რეიდების ფოტოებს – არ დაქცეულა ევროპა, არ გამოსულა ევროპის პროგრესული ნაწილი ქუჩაში – არა აქვთ, ეტყობა, იმათ ქუჩები.
მიუხტდნენ ქართველთა ნაწილი უწუ-ბუწუ პროგრესუკებს, მიუხტდნენ და დაშლა მოთხოვეს – გადაუვლიდნენ, ბევრნი იყვნენ, ლუკმად არ ეყოფოდათ.

არ დაანება პოლიციამ, ბოლომდე იბრძოდა, ფეხს არ იცვლიდა პოლიცია იმ დღეს.
მოიბოდიშა შსს-ს მინისტრმა, ვის მოუბოდიშა, რა მოიბოდიშა – მე კი ვერ გავიგე – მაგრამ თეთრმა ხმაურმა გაიგო და დაიშალა.
გაიგებდნენ, აბა, რა იქნებოდა, მომდგარი იყვნენ ქუჩას ხელკეტიანი ბიჭები, ცოტაც და ვეღარ შეაკავებდათ პოლიცია.
გაიგებდნენ, აბა, რას იზამდნენ, ორშაბათი მოდიოდა და ხალხს მაგათი ტანცებისთვის სადღა ეცლებოდათ.
მდგარიყვნენ, რომელი გმირები ეგ გყავდათ, რომ იქ კვირაობით გაეძლოთ მზისა და წვიმისათვის, ქარისა და მტვერისათვის, მოშივდებოდათ, მოწყურდებოდათ, დოზა მოუჭერდათ თავისუფლებაზე და მიაშურებდნენ თბილ კერებს.
ამასობაში, გახარიამ, ნარკოლიბერალიზაციაზე ვიფიქრებო.

ეჰ, ამ პროგრესულ თაობას განა თავისუფლება არ სურდა? განა თავისუფლებას არ ართმევდნენ? – რა ნარკოტიკი, რის ლიბერალიზაცია?
დღეს საავადმყოფოს ეზოში ჩამოვჯექი, გვერდით სკამთან პრაქტიკანტები იყვნენ შეკრებილნი – 15 მდე ახლაგაზრდა იქნებოდა.

- ეს რა სამარცხვინო აქცია იყო, მაგათ გვერდით დადგომაც კი ტეხავს.
- რა ნარკოტიკი, ნეტავი ოდესმე უფიქრიათ, მათმა შვილმა რომ წამალი გაიკეთოს, რას იგრძნობენ?
- ცეკვის წინააღმდეგი ვინაა, მაგრამ მემორიალზე რომ ცეკვავ…
- არ არის ის მემორიალი – წარწერაა, რომ მემორიალი უნდა დაიდგას იქ…
- მერე რა? მე რომ მოვკვდე და მარმარილოს დაფა ვერ დამადგან გულზე, ამიტომ უნდა მოხვიდე და ჩემს საფლავზე იცეკვო?
- ხო, ეგ მართალია…
- ნარკოტიკის ლეგიტიმაცია თუ მოხდება, ამ ქვეყანაში შვილები როგორ ვიყოლიო და გავზარდო, აღარ ვიცი. სადა აქვს ქართველ კაცს მაგისი თმენის უნარი, რომ ასე დაყრილ ნარკოტიკს აუქციოს გვერდი.
- წარმოდგენაც კი მიჭირს, ჩემმა შვილმა წამალი რომ გაიკეთოს, რა მომივა…
ეძებდით იმ დღეს მაგ ბრბოში პროგრესულ ახალგაზრდებს, ჭრელი ტანისამოსი რაკი აცვიათ და საყურე რაკი უკეთიათ, იმიტომ არ მოგწონთო – გვამუნათებდით.

ძალიანაც მომწონს ჭრელ ტანისამოსიანი და საყურებიანი ახალგაზრდები – ისინი აქ არიან, აქ, ჩვენს გვერდით არიან, პროგრესულად მოაზროვნეები, განათლებულები, ზრდილები და ლამაზები და არა იქ, სადაც მემორიალზე სტრიპტიზს ცეკვავენ და სამშობლოს დედ-მამის სულს უტრიალებენ. 
არ დგანან 9 აპრილის მემორიალზე – ნუ უყურებთ მხოლოდ პარლამენტის კიბეებს…скачать dle 12.0