აფიორა, თაღლითობა, გულგრილობა თუ ყველაფერი ერთად, რომელმაც უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრება დაუნგრია

თითქმის ერთი წელია ხატიაშვილების ექვსსულიანი ოჯახი გამოსახლების მოლოდინით ცხოვრობს. ოჯახის უფროსი, 79 წლის ვიქტორ ხატიაშვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, მისი მეუღლე, 78 წლის ნარი გეგეშიძე კი პენსიონერი. ხატიაშვილების ერთი ქალიშვილი საზღვარგარეთ, სამუშაოს საძიებლად არის წასული, მეორე დროებით უმუშევარი მარტოხელა დედაა და 15 წლის შვილს ზრდის. წლების მანძილზე, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე გახსნილი კერძო ავტოსადგომი იყო, რომელსაც 1993 წლიდან 2011 წლამდე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ.
2011 წელს მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტომ“ ოჯახს საიჯარო ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა და ამის მიზეზად, საიჯარო საფასურის გადაუხდელობა დაასახელა, თუმცა ოჯახში არსებული გადახდის ქვითრები საპირისპიროზე მეტყველებს. ნარი გეგეშიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მათთვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსმა დავით ჭედიამ საკუთარ მეგობარზე გაასხვისა. მოგვიანებით კი ზემოთ აღნიშნული ტერიტორია არაბმა ინვესტორებმა შეიძინეს. ნარი გეგეშიძისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ საქმეზე გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა, ხატიაშვილების ოჯახი კი დღემდე ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრება. სად გაქრა ხატიაშვილების მიერ გადახდილი გადასახადები და როგორ დაკარგა ოჯახმა ერთადერთი საცხოვრებელი?

„საერთო გაზეთს“ ნარი გეგეშიძე ესაუბრა:

— თითქმის ერთი წელია, რაც ქუჩაში დარჩენის მოლოდინით ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია. ინსულტის შემდეგ პარალიზებულს დიაბეტური განგრენის გამო, აპრილში ფეხი მოკვეთეს და თავადაც ხედავთ, რომ ლოგინიდან ადგომა არ შეუძლია. ასეთი ავადმყოფი გამუდმებულ მოვლას საჭიროებს, ამიტომ შვილი მუშაობას ვერ ახერხებს და ჩვენ გვივლის. ამბის მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ 1964 წლიდან 2007 წლამდე გლდანის 1 მიკრორაიონში მდებარე 33-ე ბაგა-ბაღის გამგედ ვიმუშავე. ბაღის შენობის უკან 1800 კვ.მ. ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია მდებარეობდა. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ომის შემდეგ მოსახლეობას ეკონომიურად გაუჭირდა. ყველა ცდილობდა, პატარა ბიზნესი წამოეწყო და ოჯახი ამით ერჩინა. მეც ამ პერიოდში გადავწყვიტე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია გამესუფთავებინა და ავტოსადგომი გამეხსნა. 1995 წელს ხსენებული მიწის ნაკვეთი იჯარით ავიღეთ, გავასუფთავეთ, მავთულბადით შემოვღობეთ, ნარგავები ჩავყარეთ და ღამის ავტოსადგომი გავხსენით. მაშინ ქონების მართვის სააგენტოს ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული არქიტექტურის სამსახური იყო და იქ ხუთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც ვადის გასვლის შემდეგ გავაგძელეთ. ბოლო, მესამე ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და 2013 წლის 6 ივლისამდე ჰქონდა ვადა. საიჯარო გადასახადს, რომელიც წელიწადში 6000 დოლარს შეადგენდა, წლების მანძილზე კეთილსინდისიერად იხდიდით. 2010 წელს ქონების მართვის სააგენტომ 4 წლის საიჯარო გადასახადების წარდგენა გვთხოვა. მოთხოვნის შესაბამისად, მერიაში გადახდის ქვითრები წარვადგინეთ. მერიამ დაადასტურა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და შენიშვნა არ მიგვიღია. 2011 წელს მერიამ უძრავ ქონებაზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით, საიჯარო გადასახადის ოდენობის გადახედვა გადაწყვიტა და სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზის გავლა მოგვთხოვა. ეს ეტაპიც გავიარეთ და მერიაში ავიღეთ საბუთი, რომლის მიხედით, საიჯარო გადასახადი იგივე დარჩა, თუმცა 6000 დოლარის ნაცვლად, ამ თანხის ექვივალენტი ლარებში უნდა გადაგვეხადა. ყოველთვიურად, 500 დოლარის ექვივანენტს ვიხდიდით ლარებში. 2011 წელს ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს დავით ჭედიას შესაბამისი განცხადებით მივმართეთ და აქედან დაიწყო ჩვენი ოჯახის უბედურება.

— თანმიმდევრობით გვიამბეთ რა მოხდა.

– როგორც გითხარით, 2011 წელს გადავწყვიტეთ, რომ ნაკვეთი, რომელსაც 18 წელი ვუვლიდით, შეგვესყიდა და ბიზნესი გაგვეფართოვებინა. მიწის შესაძენი თანხა რომ მოგვეძიებინა, ბინა კერძო იპოთეკით დავტვირთეთ. ამასობაში, მერიამ მოგვწერა, რომ ჩვენს განცხადებას განიხილავდნენ, მაგრამ მანამდე მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსთან წითელი ხაზების დადგენა უნდა მომხდარიყო. ჩემი ფულით გავაკეთე გამიჯვნა ბაგა-ბაღის ტერიტორიიდან და ყველაფერი მერიაში წარვადგინე, მაგრამ ტერიტორიის შესყიდვის ნაცვლად, 2011 წლის 30 დეკემბერს ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დავით ჭედიამ ხელშეკრულება უკანონოდ შეგვიწყვიტა.

– ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი რა იყო?

– საფუძველი ვითომ იჯარის საფასურის გადაუხდელობა იყო, სინამდვილეში კი ჭედიას ამ ტერიტორიის დასაკუთრება სურდა. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანზე 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენა მოახერხა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი იჯარა რატომ შემიწყვიტეს. მიპასუხეს, რომ საიჯარო გადასახადის დადგენასთან დაკავშირებით, წერილი გამოგიგზავნეთ, მერიაში მოსვლა გთხოვეთ და არ მოხვედითო. სინამდვილეში, წერილი არ ჩაგვბარებია და ამის დამადასტურებელი საბუთიც გვაქვს. ქონების მართვის სააგენტომ ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინა და სასამართლოში გვიჩივლა. ჩემს ოჯახს 25 000 დოლარის გადახდას თხოვდნენ, საიდანაც საიჯარო თანხა 17 641 დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო 8820 დოლარს შეადგენდა.

– როგორც ბრძანეთ, ქონების მართვის სააგენტომ 2010 წელს თქვენი 4 წლის საიჯარო გადასახადები შეამოწმა და დარღვევა ვერ ნახა. საინტერესოა, ერთ წელიწადში 25 000 დოლარიანი დანაკლისი საიდან აღმოაჩინეს?


– საქმეც ესაა.. 25 000 ლარი ფაქტობრივად, 4 წლის ქირა იყო და გამოდის, რომ 4 წელი არაფერი გადამიხდია. მალე გაირკვა, რომ ჩვენს მიერ ბანკში ყოველთვიურად გადახდილი თანხის ოდენობა, ქვითრებს არ ემთხვეოდა. მაგალითად, მერიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ 2009 წლის იანვარში ჩემმა ოჯახმა 291 ლარი გადაიხადა, ჩვენი ქვითრის მიხედვით კი ეს თანხა 834 ლარს შეადგენს. მერიის მონაცემებით, 2009 წლის თებერვალში შეტანილი თანხა 292 ლარია, ჩვენი ქვითრის მიხედვით კი გადახდილი თანხა 837 ლარი გახლავთ. 2010 წლის მაისში მერიის მონაცემებით 311 ლარია გადახდილი, ქვითარში კი 890 ლარი ფიქსირდება. 2011 წლის მაისში მერიის მონაცემებით 294 ლარია გადახდილი, ქვითარზე 842 ლარი ფიქსირდება და ა.შ.

– მერიამ საკუთარ მონაცემებსა და თქვენს მიერ გადახდილ ქვითრებს შორის ცდომილების არსებობა რით ახსნა?

– ფულს სხვა კოდებზე რიცხავდითო, რაც სრული აბსურდია.. მე ზუსტად იმ სახაზინო კოდებზე ვრიცხავდი, რომლებიც ხელშეკრულებაშია მითითებული. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, მერიის იურისტმა ლევან აფხაზავამ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა და ოჯახისგან უკვე არა 17 641 დოლარი, არამედ 17 641 ლარი და პირგასამტეხლო 8820 ლარი მოითხოვა. 11 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა — მერიის ადვოკატმა ლევან აფხაზავამ სასამართლოს დავალიანების შესახებ ახალი დოკუმენტი წარადგინა და საიჯარო ქირის სახით 15 000 ლარით ნაკლები ანუ 2841 ლარი მოითხოვა, პირგასამტეხლოს სახით კი 8820 დოლარის ნაცვლად, 2081 ლარი. მერიამ სასამართლოზე ისიც კი ვერ ახსნა, თუ რატომ მოხდა მათ მიერ თანხის ამდენჯერ ცვლილება, თუმცა დარწმუნებული ვარ საიჯარო გადახდების დამადასტურებელი ქვითრები რომ არ შემენახა, პირველად დასახელებულ თანხას კაპიკს არ დააკლებდნენ და 25 000 დოლარის გადახდას მომთხოვდნენ. საბოლოოდ, სასამართლომ მერიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2 853 ლარისა და პირგასამტეხლოს 2064 ლარის გადახდა დაგვაკისრა, თუმცა მთელი უბედურება ისაა, რომ ჭედია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და პროცესების დასრულებამდე 6 თვით ადრე, მიწის ნაკვეთი თავის მეგობარზე ხათუნა გოგინაშვილზე გაასხვისა. სხვათა შორის, მისი მამა ზაურ გოგინაშვილი უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც თბილისში საცხოვრებელი კორპუსები, კახეთის რეგიონში ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები, ალკოჰოლური სასმელის კომპანიები, და ღვინის ქარხნები აქვს. აღსანიშნავია, რომ გოგინაშვილებს ქონების დიდი ნაწილი დავით ჭედიას ქონების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში აქვთ შეძენილი. მიწის ნაკვეთი მე რომ შემესყიდა, საფასური 2 თვეში უნდა დამეფარა, გოგინაშვილებს კი განვადებით მისცეს. ფაქტობრივად, დავით ჭედიამ და ქონების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თამარ მათიაშვილმა მიწის ნაკვეთი უკანონოდ წამართვეს, მაგრამ სამართალს დღემდე ვერ მივაღწიე.. ნათქვამია, დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო.

– როგორც ვიცი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ საქმის შესწავლის მიზნით პროკურატურას მიმართა. პროკურატურისგან რა პასუხი მიიღეთ?

– საიას მიერ პროკურატურაში გაგზავნილ წერილში წერია, რომ ჩემი ოჯახი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და გაურკეველია, რაზე დაყრდნობით არის გაანგარიშებული და კონკრეტულად, რომელი თვეების დავალიანებას ითხოვს მერია. წერილში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ჩემს მიერ დასახელებული ფაქტები სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიებას ექვემდებარება, თუმცა, პროკურატურიდან მიღებულ წერილში ასეთი რამ წერია: „როგორც გადახდის ქვითრებიდან ჩანს, თქვენს მიერ საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდებოდა სხვადასხვა სახაზინო კოდებზე, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო საამსახური 3208 სახაზინო კოდზე გადახდილ თანხებს ანაწილებდა სახელმწიფო და ქალაქ თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის. შესაბამისად, ქალაქ თბილისის ბიუჯეტში აისახა გადახდილი თანხის 35%, ნაცვლად 100%-სა. ამიტომაც თბილისის მერიაში დაფიქსირდა თანხის არასრულად გადახდა“. საბოლოოდ, პროკურატურამ დაადგინა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ დღემდე გაუგებარია, სად წავიდა ჩემს მიერ გადახდილი თანხის 65% და კეთილსინდისიერი გადამხდელი რატომ უნდა დავისაჯო ბიუროკრატიული შეცდომების გამო? ამის გარდა, საქმის სასამართლოში განხილვის დროს, არ მომხდარა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ იჯარით აღებული ფართის 38,3 კვ.მ მე არ მისარგებლია. 2007 წლიდან გლდანის რაიონის გამგებელმა აღნიშნული ფართი შემოღობა და იქ დევნილი მანანა თვარაძე ჩაასახლა, თუმცა ჩემი უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, იჯარის ხელშეკრულებაში არ მომხდარა ცვლილება ფართის ნაწილში და იმ ფართობის საიჯარო გადასახადსაც მე ვიხდიდი, სადაც დევნილი ქალბატონი ცხოვრობდა.

– როგორ აღმოჩნდა ხათუნა გოგინაშვილზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი არაბი ინვესტორების ხელში?

– არაბი ინვესტორები გოგინაშვილის მეგობარმა და სამშენებლო კომპანია „ბონა დეა და კომპანიას“ დირექტორმა პაატა ნუცუბიძემ მოიძია და 2017 წლის მარტში გოგინაშვილმა ჩემთვის წართმეული მიწა მათ მიყიდა. სხვათა შორის, ამ არაბებს სხვა მიწის ნაკვეთებიც ჩამოურიგეს. ზოგი თბილისში, ზოგი, ჯიხაიშში და ზოგი იანეთში. დღეს მიწის ნაკვეთი, რომელსაც ჩემი ოჯახი 18 წლის განმავლობაში უვლიდა, მიშელ სალიბას, სეიფ ჰაჩიმის, კაზან ფარიდის, სეიფ ჟანის და სიმონ ტაბჩარანის მფლობელობაშია, მე და ჩემს ოჯახს კი გამოსახლება გვემუქრება, რადგან ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, იპოთეკარებისთვის პროცენტების გადახდა ვეღარ შევძელით. როგორც გითხარით, მიწის შესაძენად, ბინა კერძო იპოთეკარებთან, ცოლ-ქმარ მარინა მაღალდაძე და კობა კახნიაშვილებთან იპოთეკით დავტვირთეთ. ეს ადამიანები ცნობილი მევახშეები არიან და უამრავი ოჯახი ჰყავთ გამწარებული. სამაჩაბლოდან დევნილები არიან და მშვენივრად იციან რას ნიშნავს უსახლკაროდ დარჩენა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სახლიდან გაყრისთვის ყველაფერი გააკეთეს. ძირი თანხა 55 000 დოლარი იყო. ამის სანაცვლოდ, 92 000 დოლარი და ყვარლის რაიონი სოფელი საბუეში მდებარე მიწის ნაკვეთები წაგვართვეს და კიდევ 7000 დოლარს გვთხოვენ. 2017 წლის 27 ივნისს, როცა იპოთეკარები გამოსასახლებლად მოგვადგნენ, იძულებული გავხდი ნათესავის დახმარებით, ფული „საქართველოს ბანკიდან“ გამომეტანა და ახლა უკვე ბანკი გვედავება.. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაგვაგდო მერიის უსინდისო ჩინოვნიკის მოქმედებამ. ამჟამად, ჩვენი სახლი „საქართველოს ბანკის“ სახელზეა გადაფორმებული და კაცმა არ იცის, ქუჩაში როდის გაგვყრიან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე ჩვენი და მერე გვიკვირს, რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან. ჩემს მეუღლეს თვეში სულ მცირე, 500 ლარის მედიკამენტი ჭირდება. ამ დროს, პირველი ჯგუფის ინვალიდია და მხოლოდ 180 ლარიან პენსიას იღებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დახმარებოდა, ერთადერთი შემოსავლის წყარო წაგვართვა და ახლა ბინიდანაც გვაგდებს..
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროკურატურამ საქმეში გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ აღმოაჩინა და ნარი გეგეშიძეს საქმის განხილვა სასამართლოში ურჩია. ხატიაშვილების ოჯახს ახალი სამართლებრივი დავის დასაწყებად არც ფინანსური და აღარც მორალური რესურსი გააჩნია, ამიტომ როგორ დასრულდება გამოსახლების მოლოდინში მცხოვრები ოჯახის ამბავი, ჯერჯერობით, უცნობია.

ნელი თორდია
скачать dle 12.0