დამიბრუნეთ ჩემი ქართული რელიგია

"საერთო გაზეთის" სტუმარია სკანდალური განცხადებებით ცნობილი რესტავრატორი, ქვაზე ჩუქურთმის ოსტატი, ბატონი არჩილ ღუდუშაური.

– სად აღარ მივედი – არავინ მისმენს… საშინელი სენია მოდებული: უცოდინარობა, გაუნათლებლობა, ისევ და ისევ ყოველგვარი უცხოურის თაყვანისცემა… ქართული აღარაფერი უნდათ… საქართველოს ისტორია გაყალბებულიაო, გიკვირთ! კარგი, გააყალბეს შენამდე, შენ რომ მოხვედი, როგორადაც შეგიძლია, თქვი სიმართლე!
საქართველო ზესაოცარი ქვეყანაა საკუთარი სალოცავი მდინარეებით, მთებითა და ნაგებობებით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გადაკეთდა უცხოური რელიგიებით – დაწყებული ქრისტიანობით, დამთავრებული მუსლიმანობით, ყველას მითვისებული აქვს ქართული სალოცავები, ძველებიც და ახლებიც… მაგალითად, უფლისციხეში ქართველთა ღმერთის ტაძარი დაინგრა და გადაკეთდა ქრისტიანულად, ისევე, როგორც მცხეთაში. სვეტიცხოველი კი არ აშენებულა, არამედ გადაკეთდა. სვეტიცხოველს აქვს სამი კედელი, შიდა კედელი არის ქართველთა ღმერთის სალოცავი, რომელიც გარედან შეფუთეს ქრისტიანული კედლით. ეს იმდენად უხეიროდაა გაკეთებული, მითუმეტეს მისთვის, ვინც იცნობს ბერძნულ კულტურას, მასზე საუბარიც კი სამარცხვინოა. თვით ტაძარი ბერძნული არქიტექტურული მიმდინარეობის შენობაა. დღემდეა შემორჩენილი ქართული სიმბოლოები სვეტიცხოველზე: გონიო, ბორჯღალი, ვაზი…

– "ქართულ რელიგიას" თქვენ რას უწოდებთ?

– მაგალითად, "გიორგი" არის ქართული ღვთაება…

– "გიორგი" ბერძნულია და მიწათმოქმედს ნიშნავს…

– საქმე მაგაში გახლავთ, რომ როგორც ბევრი სხვა რამ, მითვისებული აქვთ ბერძნებს. ორივე "გიორგობა" მიძღვნილია მის წამებასა და სიკვდილზე, დაბადებასა და წარმატებაზე არ არის აქცენტი, რატომ, არ დაბადებულა? ქართული ღვთებაა და იმიტომ!

– კაპადოკიაში დაიბადა… გასაგებია კაპადოკია ძველი ქართული (კოლხური) ცივილიზაციის ნაწილი იყო…

– ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე, რაც დაავიწყეს და თავს მოახვიეს, უნდა გაიხსენონ… შაბათი მეშვიდე დღეა ბიბლიურად, ხომ? კვირის პირველი დღე არის ქართველთა ღმერთის შვილის დღე, დღესასწაული, რომელიც მითვისებული აქვთ ქრისტიანებს. რომ გამოვაცალკევოთ და აღვნიშნოთ, რომ ეს ქართული ღმერთის დღეა და არა ქრისტიანული, უკვე შედეგია. მაგალითად, სვეტიცხოველი შიგნიდან კვირაცხოველია, კვირაცხოვლობა ქართული დღესასწაულია, რომელიც ქრისტიანებმა მიითვისეს. ბარბარობაც ქართულია, ბარბარე მზის სალოცავია, რომელიც შემდეგ ქრისტიანებმა მიითვისეს (ცნობისათვის, მეფის რუსეთი უფრო გვიწყობდა ამაში ხელს და 40-იან წლებამდე კომუნისტები).

_ მაშასადამე, თქვენ ამბობთ, რომ ძელიცხოველი უკვე უცხოურია? სვეტიცხოველი ხომ ძელიცხოველზე დაიდგა.

– უცხოურის ხიბლია. სვეტიცხოველს გარეთა კედლები რომ მოვხსნათ, საწყისი არის ქართული სალოცავი. ბავშვობაში, სვეტიცხოველში რომ დავდიოდი, სამი ახალგაზრდა გოგონა იყო გიდი და იმ მყარი ათეიზმის დროს ისინიც ყვებოდნენ, რომ სვეტიცხოვლის შიგნითა კედელი იყო ქართული სალოცავის კედელი.
ანჩის ხატი, როგორც შენობა-ნაგებობა, არის ბუდა რომელიც 1989 წელს გამოიტანეს როგორც იესო და არის ბუდა. ახლა ხელოვნების მუზეუმში ინახება ორი ბუდა, ერთი არის ნამდვილი ბუდა რასაც ჰქვია…
ქურთებს რომ გადაეცათ ნარიყალას ქვემოთ არსებული ტერიტორია ე.წ ათეშგათი. ათეშგათი შებოლილია 1985 წელს…

– რას ჰქვია შებოლილი…

– მაგ ადგილზე იყო მცირე ზომის ხის საწყობი სადაც ინახებოდა საბურავები და ის დაიწვა. შეისწავლონ ჭვარტლი და ხომ გაირკვევა რა შემადგენლობისაც არის – რომელი "მუდმივი ცეცხლის ტაძარი" რა ტყუილები და სიბრიყვეა, როგორ უნდა ბედავდეს ვინმე ასე თვალში ნაცრის შეყრას?
მე ისეთი პროფესია მაქვს ადვილად ვერავინ დამიდგება წინ, მითუმეტეს, რომ რაზეც ვსაუბრობ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გადამოწმებული. მე რომც არაფერი ვთქვა, თვითონ ღაღადებენ ქვები!… "მუდმივი ცეცხლის ტაძარი" კი არა, იქ არსებული ქართული სალოცავი მიართვეს ქურთებს! რომელი პოლიტიკის ნაწილია საკუთარი ისტორიის გაყალბება, არ მესმის და ვერც გავიგებ!
კაცხის სვეტი! – სვეტს ქვემოთ შემორჩენილი აქვს მზის სიმბოლო, მაგრამ რვა წელი გავიდა და გადაკეთდა ქრისტიანულად, რატომ?! რა ვქნა, საიდან ვიყვირო რომ გაიგოთ _ ქრისტიანობა არის ახალი ბერძნული რელიგია რომელსაც შიგნით გაერთიანებული აქვს კიდევ რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა. ბერძნული, ებრაული _ თვით იმ ებრაულში განშტოებებია. მაგალითად, იოანობა. იქ წერია, რომ იესო მივიდა იოანესთან და გახდა, "ჩვენებურად" რომ ვთქვათ "იოანისტი". ეს უკვე სულ სხვა რელიგიური მიმდინარეობაა, ხომ?

უბედურებაა, აბა, რა არის, როცა შენს სულიერებასთან ერთად სრულიად უცხო რამ ითვისებს შენივე მზა შენობა-ნაგებობებსაც და იქიდან გიქადაგებს უცხოურს!… ასე მიითვისა ყველა უცხოურმა ქართველი ადამიანის სულიერება და მატერიალური სიმდიდრე და მინდა ხმა მივაწვდინო ვინმეს, ვთქვათ, "იუნესკოს", "მსოფლიო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციას", მე – ერთი კაცი თუ ვერაფერს გავაწყობ, ფაქტი დაფიქსირდეს რომ ტყუილზეა აგებული ეს ყველაფერი და დღესვე თუ არა, ხვალ მაინც უნდა დაუბრუნდეს კანონიერ შემოქმედს – დაგვიბრუნდეს ის, რაც ჩვენია!
"ალაზანი" მუსლიმანური სახელია, ქართულად ერქვა "ღვთის წყალი", სალოცავი მდინარე იყო…

– მაშასადამე, თქვენ ამბობთ რომ ქართულ რელიგიას ერქვა "გიორგიანობა" და ვიყავით (გვერქვა) "გიორგიანელები"?

_ გეოგრაფიული მეზობლები "გრუზიას" რომ გვიწოდებენ, "გურჯისტანს" – ეს ნიშნავს არა ქრისტიანობას, არამედ "გიორგიანელობას", ქართულ რელიგიას. ქართული მიწა-წყალი შემოსაზღვრულია ძველ არა მხოლოდ ქართულ რუკებში, ევროპულშიც და აზიურშიც და არის "გიორგიათი" შემოსაზღვრული.
ფაქტია, რომ საუკუნეების მანძილზე ხდებოდა მსოფლიო ისტორიის გაყალბება, უპირველესად ქართულს ვწუხვარ, ჩვენს თანამედროვეობაში კი ასე გამიზნულად ხდება რელიგიებისა და ისტორიული ფაქტების აღრევა, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას?
სულ რვა საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო, თქვენ კი გგონიათ, IV საუკუნეში მივიღეთ...

– მე 9 საუკუნეში მიიღეს რუსებმა ქრისტიანობა და მანამდე რა ჰქონოდათ, როცა მე 5 საუკუნეში ტომობრივი გაერთიანება ჰქონდათ…

– არ მიუღია მთლიანად რუსეთს (ან სად იყო), ეს ჩვენ მივიღეთ რვა საუკუნეა…

– რას ამბობთ? თქვენ მეუბნებით რომ XII–XIII საუკუნეებში მივიღეთ? ჩვენ მართლმადიდებლობის მიღების საწყისად ნანა დედოფლისა და მირიან მეფის გაქრისტიანება გვაქვს…

– არა! არა! ამ მოგონილ ზღაპრებს ნუ იჯერებთ! ეს იყო უცხოურის ხიბლი!

ჯვარი არის მსოფლიო ნიშანი, რომელიც აქვს ავსტრალიასაც, ინდონეზიასაც, ტიბეტსაც, ევროპასაც და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ინდიელებსაც კი. ჯვარი სამყაროს ოთხი მხარეა და გვქონდა ჩვენც, ბერძნებსაც, აისორებსაც და ა. შ ჯვარი არ არის არც ქართული და არც არავის ნიშანი, სამყაროს ოთხი მხარეა და მორჩა, ქართული ნიშანი არის ბორჯღალი!"

გადაკეთებულია ყველაფრის ისტორია და ასაკი! მაგალითად, თბილისის მეჩეთი და ე.წ არმიანული ეკლესია, სულ 170–180 წლისაა. აგურები შეამოწმონ! არმიანული ეკლესია აშენებულია ქართული აგურით, მეჩეთი – რუსული დაბეჭდილი აგურით, თარიღიც ზედ არტყია, მანამდე ეგ უცხოური სალოცავები იქ არ იყო, ეს არის ფაქტი და რატომ გავურბივართ? ათეშგათი იყო, მაგრამ ქურთული კი არა, ქართული სალოცავი იყო…

– ამეებს საიდან ამბობთ, პროფესიიიდან გამომდინარე?

– რესტავრაციებზე მუშაობა არც არის საჭირო, თვალნათლივ ეტყობა ყველა შენობას როგორ გადაკეთდა. მაგალითად, ანჩისხატს აბსოლუტურად ყველა გადაკეთება ეტყობა შეუიარაღებელი თვალისა და ცოდნის გარეშეც. მეტეხი მხოლოდ სამი საუკუნეა რაც ქრისტიანულად გადაკეთდა და ეტყობა გადაკეთება – მანამდე იყო ქართული რელიგიის შენობა, სახელიც იგივე შერჩა, ვერც შეუცვალეს.

– ქვაშვეთი? იმ ადგილას არაფერი იყო, ანუ არ არის ახლით შეფუთული?

– ქვაშვეთი მხოლოდ 100 წლისაა, მაგრამ ქვაშვეთი იმიტომ აშენდა, რომ "მასონი" ითარგმნება "ქვაშვეთად". ქვის შვეთაც შეიძლება, თლაც, ფლეთვაც, ხვეწაც, ტეხვაც. "მასონი" თვითონ რელიგიების ნაკრებია და ამ ნაკრებით გაკეთდა ერთი ახალი მიმდინარეობა.

უცხოელებს ესმით რასაც ვსაუბრობ, მაგრამ რატომღაც ქართველებს არ ესმით. ახლახანს დავესწარი უცხოური რელიგიების შეკრებას. თურქეთიდან იყო სუფისტების შეიხი, სუნიტების შეიხი, შიიტების შეიხი, დერვიშების შეიხი და ნაკაიძის თბილისელი წარმომადგენელი, ხოლო შეხვედრა იყო ბაპტისტების ეკლესიაში, მათ მოაწყვეს შეხვედრა და სცეს პატივი. მოკლედ რომ ვთქვათ, უცხოური რელიგიების შეკრება იყო საქართველოში. მე კი დავესწარი, მაგრამ არ დამალაპარაკეს, მხოლოდ ნაკაიძის წარმომადგენელმა უთარგმნა დერვიშების შეიხს რასაც ვამბობდი და დიდი ყურადღებით მისმენდა რომ წარმოვუდგინე თავი "ქართული" რელიგიის წარმომადგენლად, მაგრამ ვიღამ დამალაპარაკა, გამარიდეს იმ კაცს ბაპტისტებმა…
ბაპტისტების გადასაწყვეტია საქართველოში მე, ქართველი, ვის დაველაპარაკები და ვის არა? ეს იმდენად დამამცირებელია ქართული მიწისა და რელიგიისთვის, რა გითხრათ…

გიორგი ჩხეიძე
скачать dle 12.0