გიორგი გახარია: "პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას"

18 მაისს შინაგან საქმეთ მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე პარლამენტართა წინაშე წარდგა. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს მისთვის მიცემული შესაძლებლობისთვის, წარუდგინოს მათ სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე თავისი მოსაზრებები, გეგმები, აგრეთვე დეტალური ინფორმაცია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, განსაკუთრებით, 12 მაისის ღონისძიების შესახებ. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში გამოსვლა მისთვის, მისი გუნდისა და მთლიანად სამისტროსთვის არის შესაძლებლობა, ესაუბროს არა მარტო პარლამენტარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც.

გიორგი გახარია:
„გვინდა, წარმოგიდგინოთ რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. რეფორმების სრული გეგმა გვინდა წარვუდგინოთ პოლიციელებს 31 მაისს, პოლიციის დღეს, და შემდგომ გეწვიოთ თქვენ და კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნოთ ის გეგმები, რომლებსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში.

კონცეპტუალურად ამ გეგმების შესახებ: ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა ჩვენს ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანაა. საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგსა და საპოლიციო სერვისებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება – ჩვენს რეგიონშიც და ქვეყანაშიც გამოწვევები მატულობს და ისინი უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამ გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროში შემუშავებულია სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავს. ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმები, შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული გულისხმობს კონკრეტულ გეგმას. სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტებია: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების კომპონენტის დაცვის გაძლიერება ცენტრალურ აპარატში.

კრიმინალური პოლიციის კომპონენტი სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია. პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ დღეს კრიმინალურ პოლიციაში ხდება სპეციალიზაციის მკაფიო გამიჯვნა. ცალკე გამოიყო საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ ტესტირება ამ მიმართულებით. საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს. რაც ყველაზე მთავარია და რისიც ყველაზე დიდი იმედი გვაქვს, ეს არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ უკვე ახალი სახელით და ახალი, განახლებული ფუნქციებით – ეს გახლავთ უბნის ოფიცერი. უკვე შექმნილი გვაქვს მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით, ასეთ პოზიციაზე გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია. 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის".

მინისტრმა ისაუბრა იმ სიახლის შესახებ, რომელიც ქვეითი პატრულის კორპუსის ჩამოყალიბებას ეხება. ამგვარი პატრულირება განაპირობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ნაკადის მატებამ, რაც დიდი სარგებელია ეკონომიკისთვის და იმავდროულად, უდიდესი გამოწვევაა სამართალდამცავი სისტემისთვის. 21 მაისიდან ტურისტულ ზონაში საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟის პატრულირების გარდა, ყოველთვიურად მას დამატებით 20 ეკიპაჟი მიემატება. საბოლოოდ, ამ ქვედანაყოფის 60 ეკიპაჟი სრულად გააკონტროლებს თბილისის ტურისტულ ადგილებს.

გიორგი გახარია: „კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი წარმატება ვერ იქნება სათანადოდ შეფასებული ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტი. სწორედ ამ მიზნით, ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც აქვს კონკრეტული ამოცანები, აქვს კონკრეტული გეგმები და მისი მუშაობის ეფექტიანობა უკვე აისახება ციფრებშიც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული და ვერანაირი შედეგები და წარმატებები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება“.

გამომსვლელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ანალიტიკისა და ტექნოლოგიების საკითხებს და აღნიშნა, რომ სამინისტროში ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მათს საქმიანობაში ძირითადი მიმართულებები იყოს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურების ყველაზე მაღალი სტანდარტების მაჩვენებელი.

გიორგი გახარია:
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა მართლწესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და კრიმინალთან ბრძოლა. ამ ამოცანებზე შესაბამისი და სათანადო პასუხის გაცემა შეუძლებელია ეფექტიანად მომუშავე პოლიციის გარეშე, ეფექტიანად მომუშავე პოლიციის სოციალური დაცულობის ხარისხი კი უნდა იყოს ძალზე მაღალი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი წარმატებები ვერ გაამართლებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის დაუცველობას“.

მინისტრმა დიდი დრო დაუთმო იმ სპეცოპერაციაზე საუბარს, რომელიც ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“12–13 მაისის ღამეს ჩატარდა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, მით უმეტეს, რომ, მინისტრის თქმით, უფლებამოსილების გადამეტების ვერც ერთი მაგალითი ვერავინ ვერ წარმოადგინა. და თუ მსგავსი მაგალითები წარმოდგენილი იქნება, სამინისტრო შესაბამისს რეაგირებას მოახდენს.

გიორგი გახარია:
სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთმნიშვნელოვნად ფაქტობრივი მასალებით დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა სისტემური სახით მიმდინარეობდა. ჩვენ, საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. საკონტროლო შესყიდვა დაფიქსირებული გვაქვს სასამართლო განჩინებით, 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე (მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდით უბანს, ეს არის კლუბის წინ), ისე კლუბის შიგნი თ. სადაც დადასტურებული არ გვქონდა კლუბის შიგნით შესყიდვა, ღონისძიება არ ჩაგვიტარებია. ერთ-ერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, ადმინისტრაციის ჩვეულებრივი წევრი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს. ფორმასთან დაკავშირებითაც გვაქვს შინაგანი რწმენა იმისა, რომ სწორად მოვიქეცით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით. თუ უფლებამოსილების გადამეტების ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, ამაზე გვექნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარანტული რეაქცია.

ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა, რასაც თავისი ახსნა აქვს. ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ღონისძიების ჩატარება. იყო ორი კომპონენტი, პირველი – აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს, და მეორე – ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერაცია ჩავატარეთ.

მინისტრმა განმარტა აგრეთვე, თუ რატომ ჩატარდა ჩხრეკა ღამის კლუბებში მაინცდამაინც ასეთ დროს:

გიორგი გახარია: „არჩევანი იყო ძალიან მარტივი – ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი-ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან გამთენიისას, 6-იდან 7 საათამდე, როცა იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი. პირველ შემთხვევაში, პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა და ეს აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, მეორე შემთხვევაში – ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, ეს ჩვეულებრივი აზრის გამოხატვაა, რომლის თავისუფლებაც პოლიციამ უზრუნველყო. თუ იქ ხდებოდა დაკავება, მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნაწილში. ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის… არანაირი სახის სპეცაღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა“.

პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის პოლიტიკური შეფასებებისა და დებატების შემდეგ, გიორგი გახარიამ დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა. მინისტრის სიტყვის მთავარი ადრესატი რიგითი პოლიციელები იყვნენ.

გიორგი გახარია:
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. ჩვენთვის პატივია და ძალიან სასარგებლო, წარვდგეთ თქვენ წინაშე. რა თქმა უნდა, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს და ვუთხრა, რომ თმენის ვალდებულება არის საფუძველი ჩვენი მოვალეობის შესრულების. კეთილსინდისიერება და ეფექტიანობა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ ნდობის ის მაღალი ხარისხი, ურომლისოდაც ეფექტიანი ბრძოლა კრიმინალთან იქნება შეუძლებელი.“.скачать dle 12.0