ისტორიული სასამართლო პროცესი სტრასბურგში - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

23 მაისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა. საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთს აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, კერძოდ: სიცოცხლის უფლება (მე‑2 მუხლი), წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე‑3 მუხლი), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე‑5 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე‑8 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე‑13 მუხლი), საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი), განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე‑2 მუხლი), მიმოსვლის თავისუფლება (მე‑4 დამატებითი ოქმის მე‑2 მუხლი). პროცესის მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ სტრასბურგიდან დაბრუნებული ქართულ დელეგაციის წევრი, ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე გვესაუბრა:

– 23 მაისს სტრასბურგში მრავალწლიანი პროცესის შემაჯამებელი, ფაქტობრივად, დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროცესს ქართველი ჟურნალისტების გარდა, უამრავი სხვა ქვეყნის ჟურნალისტი აშუქებდა. დაახლოებით, საათისა და 20 წუთის განმავლობაში საქართველოს ადვოკატებმა დეტალურად მიმოიხილეს ომის დაწყებამდე განვითარებული პროცესები და ისაუბრეს რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე. საქართველოსაც და რუსეთსაც ბრიტანელი ადვოკატები ჰყავდათ დაქირავებული, მაგრამ მომზადების დონით, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, საქართველოს ადვოკატები გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ძალიან კვალიფიციურად შეძლეს ჩვენი ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ დასკვნითი სიტყვა არ განსაზღვრავს, რადგან მანამდეც უამრავი პროცესი ჩატარდა, უამრავი მტკიცებულება იქნა წარდგენილი და მრავალი მოწმე დაიკითხა. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა ბრალდების უმეტეს ნაწილში ჩვენი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ სასამართლომ აუცილებლად ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, განწყობა ასეთია.

– როგორც ვიცი, რუსეთის კონტრარგუმენტები ამჯერადაც, ომის დაწყების დროს და მძინარე ცხინვალის დაბომბვას ეხებოდა..

– დიახ, რუსეთი გამუდმებით ომის დაწყების თემაზე აპელირებს, ამიტომ ცუდია, რომ ჩვენს გამოსვლაში ნახსენები არ იყო რა უძღოდა წინ 7 აგვისტოს. რომ იყო სროლები ქართული სოფლების მიმართულებით და ა.შ. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენს საზოგადოებაში ერთობა უნდა იყოს. ჩვენ შეიძლება საკუთარ ხელისუფლებას პრეტენზიები წავუყენოთ სამხედრო ოპერაციების წარმოების საკითხში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, რუსეთს აწყობს, რომ ომის ათვლა 7 და 8 აგვისტოდან დაიწყოს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სროლები იყო ივნისში, ივლისში და აგვისტოს პირველ რიცხვებში, მათ შორის არტილერიის გამოყენებითაც. ჩვენი ხელისუფლების შეცდომა ისაა, რომ ამ რეალობის სათანადოდ გაშუქება და მსოფლიოსთვის ჩვენება ვერ მოახერხა, ამიტომ რუსეთი გამუდმებით ატრიალებს რეაქტიული დანადგარების ღამით გამოყენების კადრებს და ცდილობს პრეტენზია შემოგვიბრუნოს, რომ მძინარე ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა დავბომბეთ.

– ამ ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები თუ წარმოადგინეს?


– ასეთი ფაქტები წლების განმავლობაში ვერ წარმოადგინეს და ვერც წარმოადგენენ, რადგან დასახლებული პუნქტები არავის დაუბომბავს .. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბომბავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ რუსულ კოლონებს. ამის გარდა, რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს სტალინმა მიუერთა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთი ძალით იქნა მიერთებული საქართველოსთან და ზოგადად, ძალიან ბევრ ისტორიულ აბსურდზე ისაუბრეს. რაც შეეხება ომის დაწყება-არდაწყების თემას, სამშვიდობო კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში იმისთვის არ დგას, რომ რომელიმე მხარე განსაჯოს და კონფლიქტი ცალმხრივად გადაწყვიტოს. მისი ფუნქცია ცეცხლის განახლების შემთხვევაში დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება და მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაა. ჩვენ კი სრულიად სხვა რამ ვიხილეთ. რუსეთი მეორე მხარის სასარგებლოდ მოქმედებდა, რაც სამშვიდობო ფორმატში ნამდვილად არ ჯდება. ვიმეორებ, რუსეთის ქმედებები ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული დაპირისპირების აღკვეთისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და ამისათვის მას ძალის გამოყენების მანდატიც ჰქონდა. ჩვენი ერთ-ერთი ბრალდება რუსეთის მიერ ჭარბი ძალის გამოყენებაა, მაგრამ თუ ეს ძალა საომარი მოქმედებების შეწყვეტას და რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფდა, პრეტენზიები არ გვექნებოდა. საქმე ისაა, რომ რუსეთის ინტერესებში სწორედ ომი და სროლები ჯდებოდა, ამიტომ პროცესები დიდი ხნის წინ დაწერილი სცენარით წარმართა.

– ასეთი სცენარის არსებობას რით ვადასტურებთ?

– იმას, რომ კონფლიქტის სცენარი წინასწარ არსებობდა, რუსეთის ოფიციალური პირების ომამდელი და ომის შემდგომი განცხადებებიც ადასტურებს. ქართულმა მხარემ სასამართლო პროცესზე ზემოთ ხსენებული სცენარის არსებობა საკმაოდ ეფექტიანად დაამტკიცა რუსეთის ლიდერის ომამდელი განცხადებებით სამოქმედო გეგმებსა და ე.წ. საშინაო დავალებებზე და და ასევე ომის შემდგომი განცხადებებით, როცა აღარ მალავდნენ, თუ როდის დაიწერა ეს გეგმა გენერალურ შტაბში. ყველაფერი მეტყველებს, რომ 2006–07 წლებში ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და აღიარების პროცესის გეგმა უკვე არსებობდა და პუტინმა მას ომამდე ორი წლით ადრე მოაწერა ხელი. რუსეთმა შემოიყვანა ჯარი, გამოდევნა კონფლიქტის ზონიდან ეთნიკურად ქართული მოსახლეობა, ჭარბი ძალის გამოყენებით ვითომ მშვიდობის იძულება, რეალურად კი ამ ორი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და იქ საკუთარი ბაზები განათავსა. ზუსტად ეს იყო რუსეთის მთავარი მიზანი. 

რაც მთავარია, საქართველო ომის დაწყებაში დამნაშავეც რომ იყოს, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ომის დანაშაულებთან. ადამიანის უფლებათა სასამართლო კონფლიქტის ისტორიას არ იხილავს. მას არ აქვს იმის მანდატი, რომ მხარე ომის დაწყებაში დაადანაშაულოს.. სასამართლო იხილავს ომის დანაშაულებს და ადამიანის უფლების დარღვევებს, რაც სახეზეა. ომის დაწყებისა თუ ცუდად წარმოებული სამხედრო მოქმედებების თემა, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, ეს ჩვენი განსახილველი საკითხია და ამ სასამართლოს ფორმატში არ განიხილება. მნიშვნელოვანი თემაა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აფხაზეთის ომის შემდეგ, მუდმივად ახორციელებდა სეპარატისტული რეჟიმების როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო ფირმირებების ჩამოყალიბებას, მათ აღჭურვას, სპეციალისტების მომზადებას, წვრთნებს და ა.შ. სრულიად უკანონოდ ახორციელებდა ძალადობრივ პასპორტიზაციას და ჩვენი მოსახლეობის ყოველმხრივ შევიწროვებას. განსაკუთრებით, გალის რაიონში და ეს ყველაფერი აგვისტოს ომამდე ხდებოდა.

– რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები არ გამოუყენებიათ და გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორმანსის სხეულში რაკეტის ნამსხვრევები ქართულმა მხარემ მოათავა.

– დიახ, რუსეთის მხარეს უხეშად მოუვიდა ჰოლანდიელი ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების კომენტირება და ბოდიშიც არ მოუხდია, რომ „ისკანდერის“ ჩამოგდების დროს ათზე მეტი ადამიანი და მათ შორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ „ისკანდერი“ არის ძლიერი მოქმედების ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა, რომელიც აზიანებს 15 000 კვ-მ-მდე ტერიტორიას და რა თქმა უნდა, მისი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე აკრძალულია, რაც რუსეთმა უგულვებელყო. ამიტომ რუსეთი მთლიანად უარყოფს „ისკანდერის“ არსებობას და ქართული მხარის ბრალდებებს, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებებითაა გამყარებული, ფალსიფიკაციას უწოდებს. ჟურნალისტებმა დათვალეს, რომ რუსულმა მხარემ საათნახევარში დაახლოებით, ასჯერ გამოიყენა სიტყვა „ფალსიფიკაცია“, რაც არგუმენტების არარსებობაზე მიუთითებს. დაიწყეს რაღაც ზღაპრების მოყოლა, რომ არსებობს „ისკანდერების“ საექსპერტო მოდიფიკაციები, რომლებსაც ბოლოში „E“ აწერია და ა.შ. ალბათ, ამით რუსეთის ადვოკატს უნდოდა დაემტკიცებინა, რომ „ისკანდერები“ სხვა სახელმწიფოებსაც გააჩნია, თუმცა 2008 წელს რუსეთის გარდა, ჩვენს არც ერთ მეზობელ ქვეყანას ეს რაკეტა არ ჰქონდა. რუსები სიცრუეს უწოდებენ გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებს და უამრავ მასალას, რომელიც სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს. სიცრუეს და ფალსიფიკაციას უწოდებენ ქართული მოსახლეობის გამოდევნას და მათი სახლების განადგურებას. მოკლედ გეტყვით, რომ რუსეთის ადვკატების მიერ წარმოდგენილი ცინიკური და უსუსური თავდაცვითი სტრატეგია საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო.

– დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ მსოფლიოში ანტირუსული განწყობა გაძლიერდა. შეიძლება თუ არა ამ განწყობამ სასამართლოზე ჩვენს სასარგებლოდ იმუშაოს?

– მე სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას ველოდები და არ მინდა, რომ ის რაიმე განწყობებზე იყოს დაფუძნებული. სხვათა შორის, შეიძლება პირიქით მოხდეს და სასამართლო გარკვეულწილად, რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ზეწოლისა და შანტაჟის გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს განსაკუთრებით, ევროსტრუქტურების დაფინანსებას ეხება. რუსეთი იმუქრება, რომ დაფინანსებას შეწყვეტს და ამ ფორმატებს მთლიანად დატოვებს. თუ არ ვცდები, საუბარია 34 მილიონ ევროზე, მაგრამ არა მგონია, რომ სასამართლო შანტაჟს დაექვემდებაროს.

– საუბრის ბოლოს 26 მაისის საზეიმო აღლუმზე მომხდარ ინციდენტზეც გკითხავთ. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი ცუდად გახდა და პრეზიდენტმა მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. „ძალიან ცხელი გარემოდან და იქიდან გამომდინარე, რომ მზე გვაჭერს, მე მინდა, რომ ჯარი მოედნიდან გავიდეს და მე გავაგრძელებ ცერემონიას“ — ბრძანა გიორგი მარგველაშვილმა. როგორ ფიქრობთ, ჯარისკაცების შეუძლოდ გახდომის მიზეზი მართლა სიცხე გახდა?

– სოციალურ ქსელში გარკვეულ დეტალებს გავეცანი და მაღალი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ჯარისკაცები მოედანზე ფაქტობრივად, 6 საათიდან მშივრები იდგნენ. ეს იყო ჩვეულებრივი გამოსვლა, ფიცის დადება და გასვლა, რაც უამრავჯერ გაკეთებულა და ჯარისკაცებს განსაკუთრებული უნარ-ჩვევების გამოვლენა არ ჭირდებოდათ, ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭირო იყო ჯარის 6 საათზე მიყვანა და ამდენი ხნის განმავლობაში დაყენება. როცა ხალხი მოედანზე 6-7 საათზე მიგყავს და 2-3 საათამდე ანუ 7-8 საათის განმავლობაში დაყენებას გეგმავ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და მათი კვებაც დაგეგმო, თუნდაც მშრალი ულუფით და წვენებით. ამ ყველაფრის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა და არაფერი მოხდებოდა. ასე, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი და არა იმის თქმა, რომ ასეთი რაღაცეები სხვაგანაც ხდება. კი ბატონო, ასეთი შემთხვევები სხვა არმიებშიც ხდება, მაგრამ როცა ასე მასიურად, რამდენიმე ჯარისკაცი წაიქცევა, სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ფიზიკური ჯანმრთელობა ყველას სხვადასხვა აქვს. ვიღაცამ ამდენი ხანი მშიერ კუჭზე, სრული აღჭურვილობით ფეხზე დგომას გაუძლო და ვიღაცამ ვერა. არ მომეწონა ოფიციალური პირების განცხადებები, რადგან ასეთ დროს უადგილოა საქმის მიჩქმალვის მცდელობა და იმაზე საუბრები, რომ ჯარისკაცს მეტი სივრცე ჭირდება. ამას ჯობდა მომხდარის მიზეზები გაერკვიათ და ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა ეცნობებინათ, რადგან ეს ჯარისკაცები ჩვენი შვილები არიან და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. არ მინდა საუბარი ნეგატიურ ნოტაზე დავამთავრო.. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვულოცავ ყველას და პირველ რიგში იმ ჯარისკაცებს და სამხედროებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე იდგნენ და საქართველოს ერთგულებაზეფიცი დადეს.

ნელი თორდია
скачать dle 12.0