ენგურჰესს სასწრაფოდ ჭირდება შველა, თორემ დავიღუპებით!

ამდენს იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ თავის გამოჩენა მინდა, 80 წლის კაცს ეს არაფერში მჭირდება, არც თანამდებობას ვეძებ. გული რომ შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, იმიტომ ვამბობ, ხელისუფლება რომ გქვია, რატომ არ მიჯერებ, მით უმეტეს  იცი, რომ მთელი ცხოვრება ენერგეტიკაში გავატარე

ენგურჰესზე უჩვეულო არაფერი ხდება, მოხდა ის, რაც ჩვეულებრივ ხდება ზედამხედმხედველობის, კონტროლის და სპეციალისტების არარსებობის პირობებში. ის ადამიანები არ მყავს მხედველობაში, ვინც ექსპლუატაციას უწევს ამ სადგურს, იმ სპეციალისტებს, ვინც კანონმდებლობას და საფუძველს ქმნიან, რომ ქვეყანაში გაჩნდეს კანონის აღსრულების მექანიზმი მართვის სტრუქტურისთვის, მათ შორის ენერგეტიკისთვის , აცხადებს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა.

ამ ყველაფრის არარსებობამ და ხელმძრვანელობის სითამამემ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად იგნორირება გავუკეთეთ ამ უნიკალური ნაგებობისთვის საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნებს. უსაფრთხოება ნიშნავს პირველ რიგში კრიტერიუმების დადგენას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მდგრადი, შეეძლოს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. ჩვენ არც ეროვნული კრიტერიუმები გვაქვს შემუშავებული და არც ვინმესგან გვაქვს გადმოღებული, გამოდის, თვითდინებაზეა მიშვებული ექსპლუატაციის უსაფრთხოება. ენერგეტიკაში უსაფრთხოება ყველა ობიექტისთვის ინდივიდუალურია, ყველას თავისი შესაძლებლობები აქვს, ზოგადი მოთხოვნების გავრცელება შეიძლება, მაგრამ კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით თუ არ გააკეთე კორექტირება, არ შეიყვანე ეს მონაცემები იმ ბაზაში, რასაც ჰქვია მდგრადობა და საიმედო ექსპლუატაცია, დაიშლება ეს სისტემა.

ენგურჰესი 40 წელია ექსპლუატაციაშია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი ვადაა, ამ ხნის განმავლობაში მას ჭირდებოდა რეაბილიტაცია, განახლება, გარკვეული მოთხოვნების, დაკვირვებების შედეგად მიღებული მასალების საფუძველზე იმ მოთხოვნების კორექტირება, რასაც ჰქვია ობიექტის მდგრადობის, საიმედობის მახასიათებლები და უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობები. წლების განმავლობაში ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებდით, კომუნისტების მმართველობის პერიოდში ინტენსიურად ანალიზდებოდა, კორექტირდებოდა ეს მონაცემები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს პროცესებიც შეწყდა. დღეს ჩვენ სრულყოფილად არ ვფლობთ ვითარებას, ავტომატიზირებული სისტემებიდან (ნაგებობის ტანშიცაა ჩატანებული ზოგიერთი აპარატურა) ანათვლებს ვღებულობთ, მაგრამ თუ ის სისტემაში არ იქნა დანარჩენ კომპონენტებთან, ცალკე ზუსტ სურათს არ იძლევა, ამახინჯებს მდგომარეობას და ფაქტობრივად, შეიძლება პიროვნულ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. მდგომარეობა ზოგჯერ შეიძლება გაიოლებულად წარმოიდგინო, ზოგჯერ კატასტროფულად მოგეჩვენოს, მაგრამ მოჩვენებითი იყოს ეს ყველაფერი. ეს ამ უნიკალური ნაგებობის, მსოფლიოში იშვიათია ასეთი რთული კომპლექსი, როგორიცაა ენგურჰესი, ნაკლი არ არის. მართლაც საამაყო ნაგებობაა, რომელსაც ასეთივე ზედამხედველობა და ყურადღება ჭირდება, რასაც დღეს ვერ ვაკეთებთ.

რაც შეეხება თავად რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიას. გვირაბის გაჩერების, წყალმოდინების შეჩერების შემდეგ დათვალიერების შედეგად, სპეციალისტებს გარკვეული ინფორმაციები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე არ არის გარკვეული რა მოხდა. რამდენიმე დღეში დაიდება მომხდარის შესახებ, პირველი მიახლოებითი დასკვნა, თუმცა სპეციალისტებს მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, უკვე გვაქვს ვიზუალური დათვალიერების შედეგად მიღებული დასკვნა, რომ სატურბინო მილსადენის ბოლო ნაწილში (სადაც ტურბინაში წყალი შედის) არსებული სარქველი მოწყდა. ეს რთული კონსტრუქცია ლითონისგანაა დამზადებული. 40 წელია, რაც ენგურჰესი ექსპლუატაციაშია და ამ ხნის განმავლობაში იქ არაფერი შეუცვლიათ, ე.ი. ლითონი დაიღალა, არსებობს ასეთი ტერმინი, ლითონის დაღლა, ვერ გაუძლო წყლის დაწოლას და გამოხეთქა. სპეცილისტებს არაერთხელ გაგვიკეთებია საჯარო განცხადებები, გვისაუბრია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ სახიფათო იყო ასეთი უკონტროლობა, საჭირო იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ კაციშვილი არ აქცევს ამას ყურადღებას. ჰესზე ამისთანა ხუთი კონსტრუქციაა, ახლა ერთმა გამოხეთქა და ამხელა პრობლემები შეგვიქმნა, არ არის გამორიცხული დანარჩენებზეც იგივე მოხდეს.

ამიტომ ვამბობდით 2006 წლიდან რომ გაგვეჩერებინა ენგურჰესი და ცალკეული ნაგებობის კი არა, მთლიანად სისტემის რეაბილიტაცია მოგვეხდინა. იმის მერე 12 წელი გავიდა, წესით უკვე ორჯერ უნდა გაგვეჩერებინა ენგურჰესი და ჩაგვეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანად, კომპლექსში უნდა გაგვეკეთებინა რევიზია, დაგვედგინა ავარიასაშიში უბნები და იმის მიხედვით მოგვეხდინა რეაგირება, რომ შეგვერბილებინა მოსალოდნელი უსიამოვნებები. არ გაგვაჩერებინეს, ახლა ამის დრო არ არის, როგორმე გავიტანთო, რას გაიტან, ხომ ხედავთ რაც მოხდა. როგორც სპეციალისტი გეუბნებით, რომ რაც მოხდა, ამას თავიდან ვერავინ აიცილებდა.

უვიცობაა შეფასება, რომ რაც მოხდა, ადამიანური ფაქტორითაა გამოწვეული. ლითონის დაღლის გარდა, იქ სხვა ფაქტორებიც მრავლად არის, გრავიტაცია, წყალში ათასნაირი ქიმიური მინარევია, რაც ჭამს კონსტრუქციებს და მოქმედებს მთლიანად კომპლექსზე. ასე რომ, ადამიანური ფაქტორით აპელირება, ვიღაცის დასჯაზე საუბარი, ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია, რადგან ეს არის კანონზომიერი შედეგი კანონით უზრუნველყოფილი მოთხოვნების შეუსრულებლობისა. ხუთი ობიექტი უკვე გითხარით, კიდევ რამდენი წერტილია დაწყებული გვირაბიდან, ყველგან შეიძლება მოხდეს რაღაც ანომალია. ენერგეტიკოსები ამას ვაფასებთ, როცა უშუალოდ ხდება ძირეული შემოწმება და ანალიზი, ეს იქნება აპარატურა, გაანგარიშება, რაიმე თვალით დანახული და ა.შ. ყველაზე სერიოზული ნაგებობის ე.წ. ნატურით გამოცდაა, როდესაც წყალსაცავი და გვირაბი ბოლომდე შევსებულია, ხუთი აგრეგატი მუშაობს, წნევა, ხარჯი სრულია და ამ პირობებში როგორ იქცევა ეს ნაგებობა. შედეგებს ვაანალიზებთ და ვქმნით ნორმატიულ ბაზას ექსპლუატაციისთვის. სხვათა შორის, ენგურჰესი ბოლომდე არ არის დამთავრებული, ობიექტის მიღება არ მომხდარა. სადგური საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩაბარდა, მაშინ ითქვა, დროებით ექსპლუატაციაში ჩავაბაროთ და როცა კომპლექსს მთლიანად დავამთავრებთ, კომპლექსურად მაშინ გამოვცადოთო. მაშინ არავის ეგონა საბჭოთა კავშირი თუ დაინგრეოდა, ამიტომ ნატურალური გამოცდა არ ჩატარებულა და დღესაც გაუკეთებელია. ამიტომ ჩვენ კრიტერიუმები, რომელიც უნდა დავადგინოთ და გადავცეთ ახალ თაობას, რომ იხელმძღვანელოს და მოახდინოს ნაგებობის ექსპლუატაცია, უზრუნველყოს მისი საიმედობა და ა.შ. დღესდღეობით არ გვაქვს.

სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო საკანონმდებლო დოკუმენტაციის შექმნა, რომელიც ყველა სუბიექტს ავალდებულებს, რა უნდა გააკეთოს. ამიტომ ყველა თავისებურად იქცევა. ჩეხები როგორც მოეპრიანებათ, ისე იქცევიან, ჩეხეთში მიღებული რაღაც წესებით ხელმძღვანელობენ, ნორვეგიელები, როგორც თავად გაუხარდებათ და აწყობთ, ანალოგიურად იქცევიან ჩინელებიც. ქართველებს ეს კრიტერიუმები არ გვაქვს, ჩვენმა მთავრობამ იოლი გამოსავალი მონახა, მიიღო დადგენილება, რომელიც უფლებას აძლევს დამკვეთს ან ინვესტორს ის ნორმატივები გამოიყენოს, რომელიც თვითონ მიაჩნია სრულყოფილად, ანუ თავისი დანერგონ ჩვენთან. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობამ ამ ვითომდა პასუხისმგებლობის მოშორებით, უდიდესი დანაშაული ჩაიდინა, პასუხისმგებლობა კი არ მოიშორა, მარყუჟში გაყო თავი. სად ჩინეთის, ნორვეგიის, რუსეთის, ჩეხეთის ნორმატივი და სად საქართველოს ნორმატივი, ჩვენთან ყველა მდინარე თავისებურია, თავისი წესი, ხასიათი, ქიმია-ფიზიკა და შესაძლებლობები აქვს, რასაც მისადაგება უნდა. ამიტომ არსებობდა ჩვენი ინსტიტუტი, რომელიც ფაქტობრივად 1922 წელს, ზაჰესის მშენებლობის დროს შეიქმნა, ჩვენი აშენებულია ენგურჰესი, ჟინვალჰესი და სხვა მრავალი ჰესი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს ენერგეტიკაში, დღემდე ვერ მივიღეთ კანონი ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ, იმიტომ, რომ ინსტიტუცია, რომელიც ამას გააკეთებს, საქართველოში აღარ არსებობს, ყველა გაიყიდა, დაიშალა, არავის არაფერი ჭირდება. ფრაგმენტულად ვწყვეტთ საკითხებს, ეს ფრაგმენტული საკითხები მერე თავს იყრის და გამოდის ნაზავი, რომელსაც არცერთი პარამეტრი არ აქვს ნორმალური ქვეყნის და ცხოვრების პირობების შექმნისთვის.

ვიმეორებ, აუცილებლად არის შესამუშავებელი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ეკონომიკური სტრატეგია შეთანხმებული იქნება ენერგეტიკულ უზრუნველყოფასთან. ენერგეტიკის გარეშე, ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია. ეს პოლიტიკაა შესამუშავებელი. ამდენს იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ თავის გამოჩენა მინდა, 80 წლის კაცს ეს არაფერში მჭირდება, არც თანამდებობას ვეძებ. გული რომ შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, იმიტომ ვამბობ, ხელისუფლება რომ გქვია, რატომ არ მიჯერებ, მით უმეტეს იცი, რომ მთელი ცხოვრება ენერგეტიკაში გავატარე.

– ბატონო ანზორ, გასაგებია, რომ ენგურჰესზე მომხდარ ავარიაში ადამიანური ფაქტორები გამორიცხეთ, მაგრამ როგორ აფასებთ იქ მომუშავე პერსონალის ქმდებას ექსტრემალური სიტუაციის დროს და საერთოდ, არ ფიქრობთ, რომ ენგურჰესის ამ მაგალითზე საქართველოში ასეთი მასშტაბური ჰესების მშენებლობა სახიფათოა.


– ავარიული სიტუაციის დროს, რეაგირების ხარისხის მიხედვით ფასდება კოლექტივის პროფესიონალიზმის ხარისხი. რამდენად ოპერატიულად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ სისტემას, რომ გააუვნებელყონ სავალალო შედეგები. ეს ამ კოლექტივმა შესანიშნავად გააკეთა, ჩაკეტა გვირაბი, გააჩერა სადგური, გადმოაქცია წყალი კაშხლის ტანიდან ქვედა ბიეფში (ენგურის კაშხლის ქვემო კალაპოტი), იქ გაუშვა და დაიწყო წყალში ჩაძირული ადგილების გამოსუფთავება ვიზუალური დაკვირვებისა და ანალიზისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ოპერატიულად და კვალიფიციურად გააკეთეს. ადგილზე ჰქონდათ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჭირდებოდა თ. ყველა სამუშაო ოპერატიულად ჩაატარეს და ფაქტობრივად რამდენიმე საათის განმავლობაში შევძელით, უმართავი პროცესი მართვადი გამხდარიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ დაიწია წყლის დონემ, 26 მაისს წყლის დონე ბოლომდე იყო დაწეული, მთლიანად გათავისუფლებული და გასუფთავებულია იქაურობა. იქაურმა ენერგეტიკოსებმა კი ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ეს არსებულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ვნახეთ, რომ სარქველი მოგლეჯილია, მისი მიდუღება და სხვა დეტალების აღდგენაც შეიძლება, მაგრამ ეს იქნება დროებითი, ენგურჰესმა იმ ვადის განმავლობაში უნდა იმუშაოს, რაც პროექტით აქვს განსაზღვრული. ეს დროებითი ღონისძიება კატასტროფას აჩერებს, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვაგანაც მოხდეს. ამიტომ დროა, მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იმ პერიოდში, როცა წყალი დიდი რაოდენობითაა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ნაკლებია, რადგან ზაფხულის პერიოდია. იმ ვადით გავაჩეროთ ჰესი, რა ვადაც პოტენციურად ავარიული უბნების ლიკვიდაციას ჭირდება, რომ ჰესი მთლიანობაში მოვიდეს წესრიგში.

იმისათვის, რომ ენგურჰესი, როგორც კომპლექსი და ნაგებობა, რომელიც მსოფლიო ხელოვნური ნაგებობების სიაშია შეტანილი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტილება, აქვს უჩვეულო პარამეტრები, რომლითაც არათუ უტოლდება, არამედ ჯობნის არსებულ ელექტროსადგურებს, წესრიგში რომ მოვიდეს, ასეთი პატარ-პატარა ინექციების შეშხაპუნება არ ეყოფა. ამისთვის საჭიროა კაპიტალური გაჩერება, სერიოზული მომზადება, თანხების მოძიება, კვალიფიციური მშენებლების და მემონტაჟეების მოყვანა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ადრე ყოველთვის ვიცოდით რა სამუშაოები იყო ჩასატარებელი და რა დრო ჭირდებოდა ამას. ახლა ზუსტად არ ვიცით, რადგან წლების განმავლობაში ვაკუუმი იყო, ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ დეტალური შესწავლაა საჭირო. პირდაპირ ვამბობ, 1922 წლიდან აშენებული ძველი ობიექტები დღესაც ყველა გამართულად მუშაობს, ასრულებს თავის დანიშნულებას. ეს იმიტომ ხდება, რომ თავის დროზე იყო 24-საათიანი ზედამხედველობა, კონტროლი, მართვის სისტემების და თვითონ გადაწყვეტილებების მიღების სრულყოფა. ენგურჰესმა საშიშროება ხომ არ შეგვახსენაო, თუ იგნორირებას გავუკეთებთ პრომბლემებს, არავითარ ზომებს არ მივიღებთ, მაშინ ეს საშიშროება რეალურია და შეიძლება ხვალვე დადგეს.

არასწორად მიმაჩნია ის პოზიცია, რომ ენგურჰესმა დაღუპა სვანეთი, ტენიანობის მატებასთან ერთად, დაავადებებმაც იმატა, იმას რატომ არ ამბობენ, რამდენი სიკეთე მოგვიტანა ამ უნიკალურმა ჰესმა. მას დღემდე ათ მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია აქვს გამომუშავებული, ეს კოლოსალური რაოდენობის შეშის, გაზის, მაზუთის, ქვანახშირის დაზოგვაა, რომელთა წვაც მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს. სამწუხაროდ, ჩემმა თაობამ ვერ მოვახერხეთ ამ პროექტში ჩადებული ყველა გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა, იმიტომაც არსებობს მის მიმართ პრეტენზიები, ანაკლიის მიდამოებში ნაპირი ირეცხება, ზღვა მიწა ჭამს და პლაჟები ინგრევა, ენგურს ჰესის გამო, ინერტული მასალა (ქვა-ღორღი) აღარ ჩააქვს, რომ გამაგრდეს ზღვის ნაპირიო. გათვალისწინებული გვქონდა ეს რომ არ მომხდარიყო, მეთოდიც გვქონდა, რომელიც მთლიანად ქართველების შემუშავებულია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდის არეულობამ, ეკოლოგიური მოძრაობის გამწვავებამ და ა.შ. ამის განხორციელების საშუალება არ მოგვცა, ფაქტობრივად არ გაგვაკეთებინეს, შუა გზაზე მივატოვეთ და მას შემდეგ ინტენსიურად ირეცხება ზღვის ნაპირი.

აქ მეორე საკითხცაა, რომელიც ვერ მოგვარდა, კაშხლის ქვევით ტერიტორიაზე, ანუ ქვედა ბიეფში უსაფრთხოების პროცესები ბოლომდე არ არის მიყვანილი, როდესაც კაშხლიდან კატასტროფული ხარჯების გადმოშვების პერიოდი დგება, უნდა გახსნა ფარები და წყალი გაუშვა. ხსემენული ავარიის დროს, ზუსტად ასე მოიქცნენ ჩვენი ენერგეტიკოსები. კატასტროფული ხარჯების სიდიდეც დადგენილია და მისი გავრცელების ზონაც, ყველა სახის კატასტროფის აღკვეთა ბუნებრივია არ იყო პროექტში ჩადებული, ეს გამორიცხულია, რადგან კატასტროფა არაპროგნოზირებადია. ამას ჭირდებოდა უსაფრთხოების ღონისძიებები: სანაპიროს დაცვისთვის გამაგრებითი სამუშაოები, წყალმომარაგების, ხიდების დაცვის და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომ მოსახლეობის არეალში არ გავრცელებულიყო კატასტროფული წყალმოვარდნებით გამოწვეული ცუდი შედეგები. ეს ვერ გავაკეთეთ, ვერ ავითვისეთ გამოყოფილი თანხები, აგრეგატების გაშვება და სხვა სამუშაო უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, მერე დაინგრა საბჭოთა კავშირი და პროექტი განუხორციელებელი დარჩა. ადამიანი ავად რომ ხდება, წამალი თუ არ მიეცი, შეიძლება იცოცხლოს, მაგრამ ვერ განიკურნება, ჩვენ ეს წამალი ენგურჰესისთვის არ მიგვაცემინეს და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრი, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოს ბუნებას აჩანაგებს, არ გვინდა ჰესები, მითუმეტეს ასეთი გიგანტებიო. ყველა საკითხი თავიდან ბოლომდე მეცნიერულად არის შესწავლილი და გაანალიზებული, ყველაფრის მოვლა-პატრონობა შეიძლება, მთავარია სახელმწიფო დონეზე იყოს ამის სურვილი.

– ბატონო ანზორ, ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ვისაუბრეთ, რომ ენგურის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი კაშხალს მიღმა ვერ გადის, სადღაც რჩება და თუ ხდებოდა მდინარის კალაპოტის გაწმენდა, რომ ისეთი ტრაგედია არ დატრიალებულიყო, რის მოწმეც 2015 წლის ივნისში ვერეს ხეობაში გავხდით, მით უმეტეს, რომ მასშტაბები გაცილებით დიდია. თუ გატარდა რაიმე ღონისძიება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

– აბსოლუტურად არაფერი, ინერტული მასალა კაშხლის უკან მდებარე წყალსაცავში ილექება, დალექვის ინტენსივობა შეფასებული გვაქვს — 170 წლის განმავლობაში წყალსაგდებების დონემდე შეივსება, 310 წლის განმავლობაში კი მთლიანად ამოივსება წყალსაცავი ამ მასალით. ძალიან დიდი პერიოდი კი გვაქვს დარჩენილი, ეს რომ არ მოხდეს, მაგრამ დამშვიდების უფლება არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მოქმედება, არსებობს უამრავი ხერხი, რომ ტრაგედია თავიდან ავიცილოთ და სარგებელიც მივიღოთ. ეს ინერტული მასალა მშენებლობის და ნაპირის გამაგრების გარდა, სოფლის მეურნეობაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მიწის სასუქად. მასში ასევე საკმაოდ არის ძვირფასი და იშვიათი ლითონები, ოქრო, ვერცხლი, ტიტანი, ნიკელი, ვოლფრამი. პროექტში ესეც გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნგრევამ, ეს საკითხიც გადაუწყვეტელი დატოვა. ენგურის წყალსაცავის გარკვეულ დონემდე ამოვსების საწყის ეტაპზე ვართ, ანაკლიიდან შავი ზღვა გვიტევს, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი შენდება და ზღვის აგრესია უფრო იმატებს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიურად 5 ჰექტარი მიწა მიაქვს ზღვას, რადგან ის კვება არ აქვს, რაც მანამდე ჰქონდა, ამიტომ ეს კვება აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

დამატებით სხვა პროცესიც მიმდინარეობს, ენგურის ქვედა ბიეფში მდინარის კალაპოტის დონის აწევა ხდება, რადგან მას არ აქვს იმის ძალა, რომ კაშხლის ქვემოთ არსებული ხევების და პატარა მდინარეების მიერ ჩამოტანილი შვავი ზღვამდე გაიტანოს. ეს ჩამოშვავებული ნაკადები გზადაგზა რჩება და ენგურის კალაპოტს ავსებს. სანამ კაშხალი აშენდებოდა, ათასობით კუბმეტრი შვავი ისე გაივლიდა ენგურზე, რომ ვერავინ იგებდა, ახლა საკმარისია სამასმა კუბმა გაიაროს, რომ მოსახლობას ზარალდება, იტბორება ყანები, სახლები, ეზოები, იხრჩობა შინაური ფრინველები და პირუტყვი. ადრეც გითხარით და გავიმეორებ, კაშხლის ზემოთაც და ქვემოთაც სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ღონისძიებები, რაც ნიშნავს მდინარის მიმდებარე ტერიტორიების დაცვას, თუ ენგურის ქვედა ბიეფის ნორმალური ექსპლუატაცია არ მოხდა, ამოივსო მდინარის კალაპოტი, წყალდიდობისას შედეგად წამოსული ნაკადები ყველაფერს წალეკავს. გამოვიყენოთ ენგური ჩვენს სასარგებლოდ, ამოვიღოთ ჩამოტანილი ინერტული მასალა, ჯერ ერთი, დატბორვის საფრთხე მოიხსნება, მეორე, ინერტული მასალა მთელ მსოფლიოში დეფიციტურია, ჩვენ კი ამ მასალით და შესაბამისად სამშენებლო მასალებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ვართ, რადგან საქართველო ვულკანური წარმოშობის ზონაში მდებარეობს. ენგურის ქვედა ბიეფში მართლაც არის საშიშროება, რომ მძიმე მოვლენები განვითარდეს.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0