საქართველომ სირიას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად აცნობა

სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით, 1 ივნისს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაეროსა და ეგვიპტეში ოფიციალური ნოტა გადაეცათ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელეკბს ინფორმაციას. 

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ასევე აცნობა გაეროს გენერალურ მდივანს. 

"2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირდაპირ მხარდაჭერას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის განკარგულების საფუძველზე, ქართულმა მხარემ შეწყვიტა „საქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე“ 1993 წლის 18 მაისის დადებული შეთანხმების მოქმედება", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა,  ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.

imedinews.ge
скачать dle 12.0