როცა დუმილი არ არის ოქრო

ახალი მეცნიერული აღმოჩენა - ლაზები და მეგრელები ქურთებისა და ებრაელების შთამომავლები არიან!

ზურაბ თორია:


სამწუხაროდ ჩვენდა, დღესდღეობით საზოგადოებაში უფრო და უფრო იმატა განუსჯელობამ და თავკერძობამ, ამ შემთხვევაშიც ძაღლიც ყეფს და ქარავანიც მიდის, მაგრამ სჯობს, ვიდრე გვიან არ არის, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას მიკიბვ მოკიბვის გარეშე და უშეღავათოდ.
მეცნიერის დიდი პრეტენზიის მქონე ვინმე ნაზი ხანიაშვილმა 2017 წლის 24 მარტის და მიმდინარე წლის 23 აპრილის ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე გამოაქვეყნა ამბიციურობისა და თავხედობის უპრეცენდენტო მაგალითებით სავსე წერილები, სადაც თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ლაზები და მეგრელები ქურთებისა და მეგარელი ებრაელების შთამომავლები არიან.

ქურთებსა და მით უმეტეს, ებრაელებთან საუკუნეთა განმავლობაში კეთილისმყოფელი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ქართველებს და ამის გამოც ჰპოვეს თავიანთი მიწა-წყლიდან ბარბაროსულად აყრილმა მათმა ნაწილმა მშვიდი ნავსაყუდელი ჩვენ მიწაზე, და ერთიც და მეორეც დადებითად აფასებს ქართველთა რჯულთშემწყნარებლობას. ამ ურთიერთობის მსგავს ნათელ მაგალითებს დედამიწის ზურგზე იშვიათად თუ მოიძიებ, მაგრამ, როცა ვიღაცა აკვიტებათა გამო ხელოვნურად შეკოწიწებულ არგუმენტებზე დაყრდნობით მთელ კუთხეს, ანუ ნახევარ საქართველოს, კეთილად განწყობილ, თუმცა სხვა გენეტიკისა და მენტალობის ერებს მიაკუთვნებს, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

საინტერესოა, პირადად რომელი ეროვნული ნიშნის მატარებელია ეს თვითმარქვია მეცნიერი . ის თავის ბეჭდურ გამოცემებსა თუ სატალევიზიო გადაცემებში ამტკიცებს, ამ ცნობებს მიცვალებულები მკარნახობენ და ჩემი მოწოდებული ინფორმაციები უტყუარიაო. თუ ამის უარყოფას შეეცდება, შეგვიძლია მისი წიგნებიდან, სოციალურ ქსელში განთავსებული მასალებიდან ან ტელეგადაცემებიდან ცოცხალი მაგალითები მოვუყვანო, მაგრამ მასთან პოლემიკაში ჩართვას არაფრისდიდებით არ ვაპირებ, რადგან, როცა 2017 წლის 24 მარტის ნომერში ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე ლაზებისა და მეგრელების შესახებ მისი განმაქიქებელი ოპუსი დაიბეჭდა, 21 აპრილს ამავე გაზეთში არგუმენტებით აღჭურვილი საპასუხო წერილით: ქართველთა კიდევ ერთი საჭირბოროტო სატკივარი , ვუპასუხე და ვფიქრობდი, რომ იგი პრობლემის არსს ჩასწვდებოდა და ამ საკითხს მეტად არ მიუბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ჩერდება, ან არ აჩერებენ, თორემ უნდა შეეგნო, რომ მისი აღმოჩენა , თითქოს კოლხური მითები სინამდვილისაგან შორს დგას და ბერძნების მიერ არის შეთხზული, კოლხეთს, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნს არასოდეს უარსებია და ლაზ-მეგრელებს ქართულ სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს, მთელი ერის წინააღმდეგ მიმართული ავანტიურაა. საუკუნეთა განმავლობაში მსგავსი აზრი საქართველოში არ გაჭაჭანებულა, ამ პრულარიზმისა და განუკითხაობის გარემოში ხანიაშვილი მეცამეტე გოჭივით გამოხტა და ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილი, ან ვიღაცისგან შეგულიანებული, თავის აკვიატებებს ვერ ელევა. ეტყობა, ყველაფერთან ერთად, ქართველთა ბედოვლათობამდე მისული მიმტევებლობის იმედი აქვს, თორემ ასეთ რამეს არავის არსად არ პატიობენ.
მას თავისუფლად შეუძლია, რომელ მიცვალებულთანაც მოესურვება, იმასთან იმუსაიფოს, ამისი აკრძალვის უფლება არავის აქვს, მაგრამ ერთ რამეს მაინც შევნიშნავ: ამ ასაკოვანმა პირმა უნდა იცოდეს, რომ მიცვალებულთა და დიად სულთა შეწუხება საკუთარი ამბიციების გამო, უდიდესი მკერეხელობაა, ამისი ფართო საზოგადოების წინაშე განხილვა კი ორმაგი მკრეხელობა და აქედან გამომდინარე, ყველა მისი ე.წ. მეცნიერული ვერსია სწორედ მეცნიერული დასკვნების სანდოობას კარგავს, რადგან ერთმანეთში ურევს მისტიკას და შარლატანობას.

ისტორია არაერთ მაგალითს იცნობს ცრუმეცნიერთა მიერ წამოჭრილი მსოფლიო პრობლემებისას, რომლებიც სულ ცოტა ხანში საპნის ბუშტივით გამსკდარან, ხანიაშვილის მსგავს მუცლითმეზღაპრეთა ნაყალბევი კონცეფციები მალე დავიწყებას მისცემია, ხოლო საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, რომელიც ათასწლეულებში იღებს დასაბამს, თავისი განუყოფელი კუთხეებითურთ მარადიულად იარსებებს და ამ რამდენიმე ათასწლოვანი ერთობის ეჭვქვეშ დამყენებელი ყველა ნათელმხილველი ამაოდ გაისარჯება.

ამჯერად არ შეიძლება უაღრესად საგანგაშო რამ არ აღვნიშნო: რატომ გამოჰყავთ ამ ტიპის მოღვაწეები ღია ეთერში, ვის ინტერესში შედის ამ სუბიექტების კონცეფციების ტირაჟირება? საქართველოში საბედნიეროდ, ბევრი სახელგანთქმული მწერალი, მეცნიერი და ხელოვნების მოღვაწეა, რომელთაც დიდი ხანია, აქვთ საზოგადოების ნდობა მოპოვებული და სახელმწფოებრივადაც აზროვნებენ, მაგრამ მათ წლობით არსად აჩენენ, ხოლო ნაზი ხანიაშვილის მსგავს მუცლითმეზღაპრეებს ყველა გზა აქვს ხსნილი და პერიოდულ გამოცემებში მთელ გვერდებს უთმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცემების ბოლოში რედაქციები მკითხველებს მიუთითებენ, რედაქციის აზრი შესაძლოა, არ ემთხვეოდეს მასალის ავტორის მოსაზრებებსო, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ნაზი ხანიაშვილის არგუმენტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო როცა ვიღაცა პირადი მაგალითით, ან ვინმეს დავალებით ერის შუაზე გახლეჩას ცდილობს, ეს ქმედება ჩემი აზრით, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია და სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

ძნელია აღშფოთებას დაოკება, როცა ხანიაშვილის ტირადებს კითხულობ: ქალდეველებმა (ანუ ლაზ-მეგრელებმა, ზ.თ.) თავი დაანებეთ საქართველოში ღმერთთან მებრძოლობის პოლიტიკას, ზედმეტ ამბიციებს და ამპარტავნობას და იყავით უბრალოდ ქართველები. თქვენმა ღმერთმა დღეს აქ ამ მიწა-წყალზე ქართველებთან მოგიყვანათ და დაგასახლათ, იყავით ქართველების წინაშე მოკრძალებულნი, რამეთუ თვით შემოქმედმა ღმერთმა აირჩია ისინი და თავისი ხალხი უწოდა … ქალდეველები – საბერძნეთის მეგარელი ლაზები (მეგრელები) ქართველთა წინაპრები ვერასოდეს იქნებიან! ეს კანონზომიერება თვით შემოქმედმა ღმერთმა დააწესა, რომლის ნების გარეშეც სამყაროში არაფერი ხდება … გრაკლიანის ნიშნები ქართულია და არა მეგრული , მეგრელ-ლაზი ქართველები ქართველთა პროტო ხალხი ვერ იქნება. ქართველს პროტო არ შეიძლება ჰყავდეს, ვინაიდან თვით სამყაროს შემოქმედი ღმერთია გენეტიკურად ქართველი… , კ. ფიფიას მიერ წარმოდგენილი გრაკლიანის წარწერის ნიმუშები თითქმის ძირეულად განსხვავდება პროფ. ვახტანგ ლიჩელის მიერ წარმოდგენილ ასო-ნიშანთა გამოსახულებებისაგან. ფიფია მის მიერ წარმოდგენილ გრაკლიანის წარწერის ასო-ნიშნებს კითხულობს მარცხნიდან მარჯვნივ, რაც სემიტურ-არამეული წარმომავლობის ქალდეველი მეგრელ-ლაზი ხალხისთვის უჩვეულოა. ისინი ნაწერს წერენ და კითხულობენ აუცილებლად მარჯვნიდან მარცხნივ), (რა საინტერესოა, სად ნახა მეგრელ-ლაზების მიერ მარჯვნიდან მარცხნივ ნაწერი ტექსტები ამ სუბიექტმა, ალბათ, მიცვალებულებთან, და ამაზე ისე სერიოზულად საუბრობს, თითქოს უფალო მომიტევე და, მიცვალებულთა რომელიმე კონფერენციის მასალებს ასაჯაროებდეს! (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ კუკური ფიფიას, ანუ ერთი პიროვნების მიერ წამოჭრილ, სავარაუდოდ მცდარი კონცეფციის გამო, დაუშვებელია, მთელი კუთხის მიმართ ააგორო მსგავსი ანტიეროვნული ინსინუაციები.ზ.თ), ამას ადასტურებს ისიც, რომ მეგრელ-ლაზების უახლოესი წინაპრები ქურთები და ებრაელები არიან… და ამ მის აღმოჩენასთან დაკავშირებით მოჰყავს გიორგი ანდრიაძის არგუმენტები , რომლებიც გაზ. რეზონანსში 2013 წლის 27 მაისსა და 25 ნოემბერს გამოქვეყნებულა.) ჩემი კვლევებით, გრაკლიანის ასო-ნიშნებით სიტყვები არ იკითხება და არავითარ მეგრულ-ლაზური კვალი არ შეინიშნება. ძალიან საეჭვოა, რომ მეგრელები 3000 წლის წინათ დღევანდელი მეგრული ენით ლაპარაკობდნენ. , ივ. ჯავახიშვილი ქალდეველთა შესახებ წერს: ითრუშენას ანუ ითრუჯანი -ს ღვთაებაზე აქ არაფერს ვამბობთ, რადგან თვით წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების ავტორსაც ქართველთა ღვთაებად არ ჰყავს მიჩნეული და მას არც სალოცავი ჰქონია საქართველოში: იგი ქალდეველთა ღვთაებად იწოდება. მაშასადამე, ის ქართულ წარმართულ პანთეონს არ ეკუთვნის … , მეგრელები (მეგარელები) ვერავის პროტო ხალხი ვერ იქნება, ვინაიდან სემიტური რასა ქვეყნის გაჩენიდან დღემდე 5700 წელს ითვლის. მაშინ, როცა ქართველები ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ყურძენს ვწურავდით და ქვევრში ღვინოს ვაყენებდით … ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ, მეგარელმა სემიტებმა (მხედველობაში ჰყავს ლაზ-მეგრელები.ზ.თ.) მიითვისონ ქართული ანბანი… 

აი, ასეთი აღმაშფოთებელი, ზღვარდაუდებელი მარგალიტებითაა სავსე ნაზი ხანიაშვილის მიერ დროის გარკვეული ინტერვალით დაბეჭდილი ორივე წერილი. მას მიზნად აქვს დასახული ქართულ სამყაროს როგორმე ჩამოაშოროს ქართულივე სამყაროს განუყოფელი ნაწილი – სამეგრელო და მეცნიერული რუდუნებით ცდილობს, ლაზ-მეგრელების სემიტური რასისთვის მიკუთვნებას. საიდან ეს თავდაჯერება? ჯერ ერთი, ვინ არის ის თვითონ, ან რატომ აძლევს თავს უფლებას, ლაზ-მეგრელები ქართული სამყაროსთვის უცხო ეთნოსად წარმოაჩინოს, საკუთარი თავი კი ქართული ეთნოსის კანონიერ მემკვიდრედ და მისი უფლების ყველაზე კომპეტენტურ დამცველად. შემთხვევით აკაკი წერეთლის ღამურას სენი ხომ არ შეჰყრია?..
თავისი არგუმენტის ერთადერთ მტკიცებად მოჰყავს ივანე ჯავახიშვილის ნაშრომის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა ითრუჯანასთან დაკავშირებით და ერთხელაც არ ახსენებს ოქრომრავალი კოლხეთის სამყაროს, მზის შვილების, აიეტისა და მედეას ხანას, რადგან მათი ებრაელებისა და ქურთების ეთნოსისადმი მიკუთვნება მისი კონცეფციის სიმცდარეს იმთავითვე დაადასტურებდა.

მადლობა ღმერთს, ოქროს საწმისის მითი ქართველების მიერ არაა შეთხზული და მსოფლიო რანგის მკვლევარების მიერ ისტორიულ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული. გასულ საუკუნეში მეცნიერმა და მსოფლიო მოგზაურმა ტიმ სევერინმა, როცა არგოს ასლით კოლხეთამდე ის საზღვაო მარშრუტი გაიარა, რაც არგონავტთა ოდისეაშია აღწერილი, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არგონავტების მოგზაურობა ისტორიულ სინამდვილეს შეეფერება და ყველა მითს დამადასტურებელი არტეფაქტები უმაგრებს ზურგს.

ხანიაშვილი მსოფლიო რანგის მეცნიერთა მიერ დადგენილ ფაქტებს შეგნებულად არიდებს თავს, რადგან დიდი მიზანი აქვს, ამ მიზნიდან გადახვევა არ აწყობს და ამგვარი მეთოდით ცდილობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავისი თამამი გამოხდომებით თავი დაამახსოვროს.

რაო, ბერძნებს ამ საკითხების ირგვლივ ხანიაშვილზე ნაკლები ცოდნა ჰქონდათ და არ იცოდნენ კოლხეთისკენ რისთვის მოემართებოდნენ? საქმე ისაა, რომ ისინი ამ ნაბიჯის გამართლებას საუკუნეებია ცდილობენ, მაგარამ მათ თვითონ ისტორიამ გამოუტანა განაჩენი და დაამტკიცა, რომ სხვის საუნჯეთა მიმტაცებელი ერი სრულ კეთილდღეობასა და ბედნიერებას ვერასოდეს ეღირსება… და ხანიაშვილი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები რომ მიაფუჩეჩოს, წინასწარ თავს იზღვევს, სამი ათასი წლის წინ საეჭვოა, მეგრელები დღევანდელ მეგრულზე მეტყველებდნენო, და ლაზ-მეგრელთა და კოლხთა იდენტობასა და მემკვიდრეობითობას იმთავითვე გამორიცხავს… ან როგორ შეეხება არანაკლებ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ადგილი ჰქონდა წარმართული ხანისა და შემდგომ, გაქრისტიანების გზაზე შემდგარი საქართველოს ბობოქარ ისტორიაში. საინტერესოა, რატომ არ ახსენებს სხვადასხვა მწვალებლური ჯგუფების მცდელობებს, გაბატონებულიყვნენ ქართულ სივრცეში, რათა ერი მათთვის სასურველ გზაზე დაეყენებინათ. ამავე წარმატებით შეიძლებოდა კოლხებისთვის წარმართულ მისტერიების ტრადიციის, კერძოდ კი ჭყონის (მუხის) კულტის მადიდებელი ვინმე უცხო (მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოვლად გამორიცხულია.ზ.თ.), ხალხის ნათესაობა დაებრალებინა, ან ეგრისში კათოლიკე ბერების მოღვაწეობის გამო მეგრელ-ლაზები იტალიელებად შეერაცხა, რით არიან სხვებზე ნაკლები, ხოლო აგერ, ჩვენს რეალობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ ქუჩაზე ახეტებულ იეღოველთა სექტის მაგალითზე, რომელთაც, სამწუხაროდ, კანონი იცავს და სულებზე ნადირობის აქტიური ბრძოლა აქვთ გაჩაღებული, ქართველები ამერიკულ ან სექტანტთა შემომგზავნი ქვეყნის ეროვნულ წარმონაქმს მიაკუთვნოს. მაგრამ მშვენივრად იცის, დიდი ავანტიურის დასატრიალებლად, რაც უფრო დიდ სიცრუეს ააგორებს, მისთვის უფრო ხელსაყრელია, და ვიღაცის დავალებით, იმ კუთხეს უმიზნებს, რომელზეც თავის დროს ილია ჭავჭავაძემ ბრძანა, სამეგრელოში ვიყავი და ნამდვილი საქართველო აქ ვნახეო… და ამჯერად აუცილებლად უნდა მოვუხმო ერთი ხალხურ სიბრძნეს: ეგრე არაა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო!.. 

მისი ნაღვაწები იმის საბაბს იძლევა, ვიფიქრო, რომ ამ პერსონას საქართველო ჩალით ჰგონია გადახურული. მას არც ერთი ქართველი მეცნიერი არაკომპენტენტურობის გამო პასუხის ღირსად არ ცნობს, და აქედან გამომდინარე, ეტყობა, გაუმყარდა აზრი იმისა, რომ მისი ნაცოდვილარი სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ქართული აზროვნება არასოდეს ისე არ დაკნინდება, რომ ნაზი ხანიაშვილისა და კიდევ თითზე ჩამოსათვლელი ანგარებიანი შარლატანის ამარა დარჩეს, რომელთაგან ერთ-ერთს, ვინმე ფირცხელავას ვეფხისტყაოსნის დაწერის თარიღი სხვა დროსა და სხვა სივრცეში გადააქვს და გაუთვითცნობიერებელი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

საინტერესოა, როდის ამოიღებთ ხმას ზოგადად ისტორიის და კონკრეტულად ლიტერატურის ისტორიის მკვლევარებო. თქვენი სეფე სიტყვა ბრძანეთ რეგალიებმოხვეჭილო პროფესორებო და აკადემიკოსებო, როდემდე აპირებთ სირაქლემას პოზაში ყოფნას, ვითომ ამ დილეტანტებს თავს როგორ გავუყადრებთო… ნუ გაუყადრებთ თავს, მაგრამ ნურც გაუჩუმდებით, რადგან დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო, პირიქით, ის ხშირად თანხმობის ნიშანია. ადექით და პირუთვნელი არგუმენტებით გამყარებული პასუხი გაეცით ამ ვიღაცის მიერ დაქირავებულ ვითომ მეცნიერებს. საბუთი გნებავთ? ხანიაშვილის წერილები ნათელი ნიმუშია აშკარა დილეტანტიზმისა, დროში ემთხვევა და უნისონში მოდის ამასწინათ ზუგდიდში გამართულ მომიტინგეთა მოთხოვნასთან, სამეგრელოს ავტონომიზაციასთან დაკავშირებით. აშკარაა, ვიღაცა სხვადასხვა გზებით ცდილობს თავისი ავი ზრახვების ბოლომდე მიყვანას და ეს იდეა აფხაზეთში თავმოყრილი და ნახტომის სამზადისში მყოფი, დაფინანსებული და ყოველგვარ პროვოკაციაზე წამსვლელი ჯგუფებიდან მომდინარეობს.
ჩემი აზრით, ხსენებულ საკითხებზე შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, რადგან ამ ქმედებებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები იკვეთება და თუ სახელმწიფოს ძალა შესწევს, წინ უნდა აღუდგეს ამგვარ ანტისახელმწიფოებრივ, მიზანმიმართულ გამოხდომებს.
რედაქციებს კი მოკრძალებით ვურჩევდი: ნაზი ხანიაშვილი და სხვა წინასწარმეტყველები და გურუები , როგორც ჩანს, მათ ნდობასა და კეთილგანწყობას ბოროტად იყენებენ. თუ კეთილს ინებებენ, ძველ ტრადიციას გაიხსენებენ და პრობლემურ და საეჭვო შინაარსის წერილებს სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის სწავლულებს გადასცემენ, უხერხულობას უეჭველად აიცილებენ თავიდან.

ინტერნეტის იშვიათი მომხმარებელი ვარ, მაგრამ ამ წერილისთვის ხანიაშვილის პოსტს რომ ვეძებდი, წავაწყდი გვერდს, რომელმაც ჩემში საშინელი გულისწყრომა აღძრა: პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფერად ილუსტრაციაზე მცხეთის ჯვარი, მტკვრისა და არაგვის შესართავთან საქართველოს უძველესი დედაქალაქი – მცხეთა, ქართული ქრისტიანობის ბურჯით – სვეტიცხოველით, სამთავროს მონასტრით, ბებრის ციხითა და მთელი რიგი კომპლექსებით… იყო განფენილი და ინგლისურ ენაზე, შთამბეჭდავი მხატვრული შრიფტით, არც მეტი, არც ნაკლები, ამშვენებდა სათაური – არმენია.
იქნებ მოიძიოთ, ბატონებო, ინტერნეტში ეს ფოტო. თუ თქვენ იმის მტკიცებას მოჰყვებით, რომ ეს შემთხვევით ხდება და ყურადღების ღირსი არაა, ვერ დამარწმუნებთ, რადგან სამყაროში ყველაფერი მკაცრ კანონზომიერებას ემორჩილება. ვინც ეს ჩაიდინა, მას აქვს მიზანი, რისი ერთ-ერთი უდიდესი ქმედითი იარაღია სოციალური ქსელი და მისი რეკლამა, რაც ადამიანის გონების შრეებში სამუდამოდ ილექება და ვინ იცის, ნელი მოქმედების ნაღმივით როდის იფეთქებს. უკიდურეს შემთხვევაში, გაიხსენეთ აფხაზეთი, სადაც ამგვარმა წაყრუებებმა და მსგავსი დანაშაულის ტოლფასმა ქმედებებმა ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. დღეს მისი ძირძველი მოსახლეობის უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, ხოლო სამურზაყანოში ჩარჩენილები უუფლებო უცხოტომელებადაა გამოცხადებული, უმძიმეს, დამამცირებელ პირობებში უხდებათ არსებობა და ვერც მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებები თუ ზერელე დაპირებები ცვლის ეთნიკური კუთვნილობის გამო მონობასთან გათანაბრებულ, გაუსაძლის ყოფას.

სანამ გვიან არ არის, დროა, ზემოთჩამოთვლილ თავკერძობებს საკადრისი პასუხი გაეცეს და ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
ეს ჭეშმარიტ მეცნიერთა მოქალაქეობრივი ვალია.скачать dle 12.0