ღია წერილი ზაზა სარალიძეს

ბატონო ზაზა, უპირველეს ყოვლისა, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ იმ ტრაგედიის გამო, რაც თქვენ და თქვენს ოჯახს დაატყდა თავს. თუმცა ამასთან ერთად გვაქვს კითხვები, რომლებიც არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ საზოგადოებას აწუხებს.

ბატონო ზაზა, როდის უნდა მიხვდეთ თქვენ, რომ თქვენთვის საბედისწერო და ქვეყნისთვის უაღრესად სახიფათო შეცდომას უშვებთ, როცა პოლიტიკურ ნაძირალებს და პოლიტიკურ პროსტიტუტკებს, მკვლელებს და ბანდიტებს აყენებინებთ თავს და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას უპირისპირდებით, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა არაადამიანური სისასტიკე იმ რეჟიმისა, რომლის წარმომადგენლებიც თქვენ თანამოაზრეებად და თანამებრძოლებად აირჩიეთ.

ქართველი ხალხი გულწრფელად თანაგიგრძნობთ თქვენ, ბატონო ზაზა და გულწრფელად იზიარებს თქვენს ტრაგედიას. ქართველ ხალხს, ისე, როგორც თქვენ, გულწრფელად სურს, დამნაშავეები და მათი მფარველები დაისაჯოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის აყირავების, სამოქალაქო დაპირისპირების და სახელმწიფო გადატრიალების უფლებას მისცემს ვინმეს, რომ ამის შემდგომ ხელისუფლების სათავეში კვლავ ის ფაშისტურ-კრიმინალური ძალები მოვიდნენ, რომლებმაც ცხრა წლის განმავლობაში საისხლსა და ცრემლში აბანავეს მთელი ქვეყანა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება კი არა ქართველი ხალხი არავის დაუთმობს იმ ისტორიულ მონაპოვარს, რასაც "ნაცმოძრაობის" რეჟიმზე გამარჯვება ჰქვია და ქვეყნის უკან, უკუნში და წყვდიადში შებრუნების უფლებას არავის მისცემს.

გაუგებარია, აუხსნელია, რატომ არჩიეთ თქვენ ქართველი ხალხის თანადგომას კუპრავას, მელიას, ვაშაძის, მაჭუტაძის, ქარდავას და მათნაირების თანადგომა?
გულუბრყვილობით და გამოუცდელობით მოგდით ეს ამბავი, თუ კიდევ არსებობს სხვა მიზეზები?
იქნებ, მართლა გჯერათ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები 10 ივნისს იმდენ ხალხს შეკრებენ, რომ მთავრობასაც გადააყენებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც დანიშნავენ?

უტოპიაა ეს, წმინდაწყლის პროვოკაციაა, რადგან ეს არის ზღვარი, რომლის გადაბიჯება ნებისმიერ სახელმწიფოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ითვლება და ამის გამკეთებლებს, კანონი მთელი სიმკაცრით მოსთხოვს პასუხს.

არ დაიჯეროთ, არ ირწმუნოთ ნაცების და მისი სატელიტი პარტიების დემაგოგია, თითქოს ისინი კონსტიტუციის ფარგლებში, კანონების დაცვით, მშვიდობიანი ფორმით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი საპროტესტო ტალღის აგორების ფონზე რაღაც სისხლიან შეთქმულებას, სატანისტური მსხვერპლშეწირვის მსგავს რაღაც დიდ პროვოკაციას გეგმავენ, რომ ამით გამოიწვიონ საყოველთაო სახალხო მღელვარება და საწადელს მიაღწიონ.

ფრთხილად იყავით თქვენ, ბატონო ზაზა, ჯვარი გწერიათ, მაგრამ თქვენ არ აღმოჩნდეთ ის მსხვერპლი, რომელსაც ნაცები კარგა ხანია, არჩევენ.
არც ნაცები, არც ევრონაცები, არც ვაშაძენაცები, არც შალვანაცები, არც ნაცების ძუძუთი ნაკვები სხვა პოლიტიკური პარაზიტები, არავინ არ არის სხვა თქვენი დარდის და ტკივილის უფრო მეტად გამზიარებელი, ვიდრე "ქართული ოცნებაა".

მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად დაგვიანებული რეაქციებისა, მაინც ერთადერთი ეს ხელისუფლებაა, რომელიც გვერდით დაგიდგებათ და თქვენი შვილის მკვლელობის საქმეს ფარდას ახდის.

ეს ქვეყანა თქვენი სამშობლოა, ეს ქვეყანა თქვენი შვილების სამშობლოა, ეს ქვეყანა ყველა ჩვენთაგანის სამშობლოა და, ცუდია თუ კარგია, მაინც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ მას და ისედაც დაზიანებული კიდევ უფრო არ დავაზიანოთ — ესაა თითოეული ქართველის უპირველესი მოვალეობა, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, თქვენ შესანიშნავად აცნობიერებთ.

და ბოლოს: ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ, შვილმკვდარ მამას, ცოტა არ იყოს, მკაცრი ტონით გელაპარაკეთ, მაგრამ იმდენად ბევრი რამ არის შეგდებული ქვეყნის ყოფნა-არყოფნის სასწორზე, ვფიქრობთ, ენის მოჩლექით საუბრის დრო არ არის.

"საერთო გაზეთი"
скачать dle 12.0