ვინ აფარებს ხელს 51-ე სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს?

განაჩენის თანახმად, 16 წლის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია. პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო დავით სარალიძის მამამ მოსახლეობას თანადგომისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქციების ტალღას ქვეყნის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებული და ხორავას ქუჩაზე ტრაგედიით დასრულებული ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის და პროკურატურის თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილია. მოვლენებს თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, კონფლიქტი 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. შელაპარაკება პნევმატური იარაღიდან 14 წლის ა.სუბელიანის მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლას მოჰყვა. ამ დროს საპირფარეშოში ორი მეცხრეკლასელი და ოთხი მეთერთმეტეკლასელი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მანდატურმა ხმაური გაიგო და ბავშვებს შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ ურთიერთობა სკოლის გარეთ გაერკვიათ. სუბელიანმა, რომელიც უფროსკლასელებისგან გარკვეულ ზეწოლას განიცდიდა, დახმარების თხოვნით თავის მე 12 კლასელ, რაგბისტ დეიდაშვილს მიხეილ კალანდიას დაურეკა, რომელიც პირველ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე გახლავთ. ამ უკანასკნელმა კი საქმის გარჩევაზე გაყოლა მეგობრებს თხოვა. საბოლოოდ, ხორავას #4-ში ოცზე მეტმა მოზარდმა მოიყარა თავი.

როგორც ირკვევა, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია ქვისლები არიან. მათი ცოლები ბორის კაკუბავას შვილები თეა და ლელა კაკუბავები არიან. ერთ-ერთი ქვისლი თენგიზ კალანდია თავის ორ შვილთან ერთად პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა, როცა მეორე ქვისლი, მირზა სუბელიანი არც დაუკითხავს. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა და საქმის ფაბრიკაციით სწორედ მირზა სუბელიანია დაინტერესებული. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ სუბელიანს თანამდებობრივი მდგომარეობის გამო საქმეზე ხელი მიუწვდებოდა და სურვილის შემთხვევაში, შეეძლო ოჯახის წევრებისთვის ალიბის შექმნა შეეძლო. მის მიმართ არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, სუბელიანმა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით მთავარ პროკურორს მიმართა, თუმცა მოგვიანებით გაჟღერდა ბრალდება, რომ სუბელიანი პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებდა, რასაც სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს.

მ. სუბელიანი: „არ ყოფილა ისე, რომ მე ვიღაც გადამემალა. ჩემი შვილი პირველივე წუთებიდან მივიყვანე საგამოძიებო ორგანოებში და მისი დაკითხვით დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე. მირჩევნია, მე ვიყო მკვდარი და ეს ბავშვები ცოცხლები.. დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია. 2014 წლიდან მას შემდეგ, რაც გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტიდან წამოვედი, გამოძიებასთან არანაირი შეხება არ მქონია. არანაირი კადრები, არავითარი მერაბიშვილის გაყვანა და არაფერი გარდა იმისა, რომ დევს ჩემი დასკვნა, რომ მერავიშვილის საკნიდან გასვლა არ ყოფილა“.

სისხლიან გარჩევის მონაწილეთა ოჯახის წევრები კონფლიქტის მიზეზად 51-ე სკოლაში არსებულ არაჯანსაღ გარემოს ასახელებენ. მათი თქმით, სკოლაში აკრძალული ნივთების ტარება, „ფულის შეწერა“ და ბულინგი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ კოინფლიქტი მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და ამის მიზეზი მის მე 9 კლასელ შვილიშვილზე განხორციელებული ძალადობა გახლდათ. ექსპარლამენტარის თქმით, მოძალადეები მის შვილიშვილს ფულს სძალავდნენ, ამცირებდნენ და უნიტაზში თავს აყოფინებდნენ და სკოლა ამ პროცესს ვერ აკონტროლებდა.

რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუკზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „დავინტერესდი, თუ რატომ არ უდგანან მხარში ზაზა სარალიძეს დანარჩენი მშობლები, რატომ არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან მისი შვილის მკვლელობის საქმეზე და რატომ დარჩა გამწარებული მშობელი ბრძოლაში მარტო. როგორც ამბობენ, ზაზა სარალიძის შვილი სისტემატიურად ძალავდა ფულს ბავშვებს და ამ საქმეში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ ის იყო ტიპიური მჩაგვრელი — ე.წ. კუნთიანი ბეზპრედელშიკი და აბიჟნიკი, რომელიც ბავშვების უმეტესობას სძულდა და ყველას ყელში ჰყავდა ამოსული. მის მიმართ ჩადენილ სისასტიკეს სწორედ აფექტის ამ მაპროვოცირებელ მოცემულობას უკავშირებენ“.

ზემოთ თქმული სიმართლეა თუ მკვლელების მხარდასაჭერად შეთხზული ვერსია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მოზარდების მკვლელობას რომ არაფერი ამართლებს, ისედაც ცხადია. ცხადია ისიც, რომ 51-ე საჯარო სკოლის დირექცია სკოლაში მიმდინარე პროცესებს ვერ აკონტროლებდა და სკოლის საპირფარეშოში 1 დეკემბერს მომხდარი ინციდენტი ერთეული შემთხვევა არ გახლდათ.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სასტიკი მკვლელობის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოზარდთა ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს პრიორიტეტად გამოაცხადა და სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და მშობლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება დააანონსა, თუმცა დაიწყო თუ არა ეს კამპანია, უცნობია.

ერთ-ერთ ინტერვიუში 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ადასტურებს, რომ 1 დეკემბერს სკოლაში არ ყოფილა, რასაც შვებულებაში ყოფნით ხსნის. ჩვენი ინფორმაციით კი საქმე სრულიად სხვაგვარად გახლავთ. იმ ავბედით დღეს სკოლაში არც 51-ე და არც პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი იმყოფებოდა, სადაც მკვლელობისთვის გასამართლებული მოსწავლეები სწავლობდნენ. მანანა თურქაძე და ხათუნა ბარაბაძე შვებულებაში კი არა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩასატარებლად იმყოფებოდნენ.

იცოდა თუ არა განათლების სამინისტრომ, რომ მკვლელობის დღეს სკოლების დირექტორები სამსახურში არ იმყოფებოდნენ? რა თქმა უნდა იცოდა, რადგან სკოლის დირექტორის სამუშაო საათებში ტრენინგებზე მივლინება სწორედ სამინისტროსთან შეთანხმებით ხდება. სავარაუდოდ, ამიტომ არავის უფიქრია დირექტორების პასუხისმგებლობაზე, მაშინაც კი, როცა თანამდებობა მთავარმა პროკურორმა დატოვა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მთავრობისა და პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნები გაისმა.

შეიძლება ვიღაც იკითხოს, რა მნიშვნელობა აქვს დირექტორის სკოლაში ყოფნა-არყოფნასო და ძალიან შეცდება. დავიწყოთ იმით, რომ სწორედ დირექტორი ხელმძღვანელობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. შესაბამისად, კონფლიქტის შემთხვევაში, დირექტორს ბავშვები ქუჩაში კი არ უნდა გაეშვა, სკოლაში მშობლები უნდა დაებარებინა და ბავშვები მათთვის გაეყოლებინა.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე 9 მუხლის თანახმად, სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმავე მუხლის მე 8 თავის მიხედვით, მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისგან. კანონის მე 20 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 33- მუხლი უზრინველყოფს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება.

დარღვეული იყო თუ არა 51-ე სკოლაში კანონის ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები და შეეძლო თუ არა სკოლის დირექციას ტრაგედიის თავიდან აცილება, მშობლებმა, მოსწავლეებმა და ჩვენმა მკითხველმა განსაჯონ. თავის დროზე, როცა განათლების სამინისტრომ პედაგოგიური განათლების მქონე პროფესიონალებზე უარი თქვა და სკოლის მართვა მენეჯერებს გადააბარა, ვწერდით, რომ ეს შეცდომა სკოლის უსაფრთხო გარემოზე და ზოგადად, მოსწავლეთა დისციპლინაზე აისახებოდა. იმასაც ვამბობდით, რომ მოსწავლეთა დისციპლინასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთლიანად მანდატურებს და პოლიციას არ უნდა გადავაბაროთ და პასუხისმგებლობა სისტემამაც უნდა აიღოს. გვახსოვდეს, ბავშვები პირად მაგალითს შეგონებებზე მეტად ენდობიან, ამიტომ როცა მოზარდს პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ, თავადაც ამის მაგალითი უნდა ვაჩვენოთ..

ნელი თორდია
скачать dle 12.0