სააკაშვილის მეტამორფოზა

გვესაუბრება ანალიტიკოსი, ბატონი სოსო მანჯავიძე:

– ბატონო სოსო, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა `რუსთავი 2~-ის ეთერში. მისი პოლიტიკური მომავალი საქართველოში რეალურად გეჩვენებათ?

– სააკაშვილი პოლიტიკურ ცხოველია და აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური ყნოსვა, ამიტომ იგი მშვენივრად ხვდება, საიდან უბერავს ქარი. ის ცდილობს ჩაერთოს კონსერვატიული რევოლუციის ტალღაში, რომელიც მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში და საუბრობს იმავე ენით, რომელი ენითაც ვებრძოდით მას პატრიოტულად განწყობილი ადამიანები მისი მძვინვარების პერიოდში.
ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, ვის ებრძვის და ვის წინააღმდეგ იყენებს ის ამ "პატრიოტულ" რიტორიკას?  – "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რომელიც მას ებრძოდა, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური თაღლითობის პერიოდში კოსმოპოლიტური ძალების წარმომადგენელი გახლდათ.
სააკაშვილი მეტყველებს ზუსტად იმ ტერმინოლოგიით, ზუსტად ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის კონსერვატიული ნაწილი ლაპარაკობს.
იგი მსჯელობს, როგორც ამერიკელი ზვიად გამსახურდია, ამერიკელებისვე მხარდაჭერით. აი, ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ჰოლანდიაში უკვე მიმდინარეობს სერიოზული კონსულტაციები, რათა განხორციელდეს მისი განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში. ეს გეგმა იქ ინტენსიურად განიხილება.

– როგორ და რატომ მოხდა სააკაშვილში მეტამორფოზა?

– ის ელექტორატის მოთხოვნებს დაემორჩილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ დააჩოქეს და ვერ მოხდა ჩვენთან ეროვნული იდეების საბოლოო დამხობა. ეს მშვენივრად იცის სააკაშვილმა და ის ახლა პოლიტიკურად ძალიან მომგებიან მდგომარეობაში იმყოფება.
"ქართული ოცნება" და მისი პოლიტიკური ხელისუფლება არ არის კომუნიკაციაში აშშ-ის პოლიტიკურ ადმინისტრაციასთან. ესენი იმთავითვე ორიენტირს იღებდნენ კლინტონის ლიბერალურ, უკიდურეს მემარცხენე ფლანგთან, ანუ სოროსთან და ამის შესახებ მშვენივრად იცის საკმაოდ შურისმაძიებელმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. შესაბამისად, რბილად რომ ვთქვათ, მათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ არის მთლად სახარბიელო.
ჩვენს ხელისუფლებაში არსებული ძალები, ე.წ. "წიწამურელები", რომლებიც ყოველგვარი დამსახურებებისა და წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯების მიუხედავად გავლენებით სარგებლობენ დღევანდელ ხელისუფლებაში…

– "წიწამურელები" ვინ არიან?

– ის ახალგაზრდა "ოცნებელები", რომლებიც ადრე "ნაცმოძრაობაში" იყვნენ და ახლა "ოცნების" ხელმძღვანელობაში გახლავან. ისინი წიწამურში წარადგინა ბატონმა კვირიკაშვილმა. ხოდა, ესენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა. ჰოი, საოცრებავ, და, გაიმარჯვა ტრამპმა. იგავ-არაკები, რომ ის რუსეთის აგენტია და ა. შ. არ გამართლდა და მივიღეთ ის, რომ საქართველო გადაიქცა მარგინალური ლიბერალიზმის ფორპოსტად, ანუ სოროსიანელობის კუნძულად და დაპირისპირებული აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან, შესაბამისად, დაკავშირებული ტრამპის მოქმედ ოპოზიციასთან.
სააკაშვილი ცდილობს მოიხმოს დასავლური ძალები და საქართველოს ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს _ დაარწმუნოს ტრამპი, რომ ის და მისი მხარდამჭერი ძალები არიან მისი ერთგულები, ხოლო მოქმედი ხელისუფლება არის ტრამპის მოწინააღმდეგე.
ამაში დარწმუნებაც კი არაა საჭირო. ფაქტები არსებობს _ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას ითხოვს, ჩვენ ნარკოლიბერალიზაციის კანონს ვიღებთ, აშშ ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდის, ჩვენთან ამ თემატიკის პროპაგანდაა გაჩაღებული. ტრამპი ეკონომიკურ ნაციონალიზმს ქადაგებს, ჩვენ უკიდურეს საბაზრო ლიბერალიზმს ვუჭერთ მხარს, თუმცა ბოლო ხანებში ამის საწინააღმდეგო ტენდენციები შეინიშნება, მე ვგულისხმობ ფინანსთა მინისტრის ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვან და გაბედულ ქმედებებს ბანკებთან დაკავშირებით.
თუ მიდგომები არ შეიცვალა, ტრამპი საქართველოს მის მოკავშირედ აღარ განიხილავს იდეოლოგიურ საკითხებში და ეს ცუდად მოუბრუნდება საქართველოს.

ჩვენთან ფიქრობენ, რაა მერე, ვიყოთ დაპირისპირებული იდეოლოგიური თვალსაზრისით და საგარეო პოლიტიკურ ვექტორებში თანხვედრა გვქონდეს. ფიქრობენ ასე, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, იქ საკმაოდ პრინციპული და რადიკალურად განწყობილი კონსერვატორები მოვიდნენ სათავეში და სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობენ ხელისუფლების ყველა შტოს, რისი პიკიც იქნება არჩევნები, სადაც კვლავ ტრამპის მხარდამჭერები ლიდერობენ, რითაც სრული კონსოლიდაცია იქნება ტრამპის ადმინისტრაციაში. ამის ნიშანია ისიც, რომ ჯერჯერობით არ აგზავნიან ახალ ელჩს. ეს იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ში მიმდინარეობს მუშაობა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესამუშავებლად საქართველოს მიმართ.
ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და სოროსის კადრებიდან გაწმინდოს მმართველობა, შეცვალოს ეკონომიკური და მედიაპოლიტიკა, ლაგამი ამოსდოს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა. შ. თუ ასეთი ტიპის საკადრო ნაბიჯები გადაიდგმება, გამოსავალი ნამდვილად არის და თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელ ესკალაციას.

ამის აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და ეს შესანიშნავად იცის სააკაშვილმა. მას აქვს ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა, აქვს მედია და ჰყავს ფანატიკოსთა არმია, რომლებიც მიშას, როგორც მესიას, ისე ელოდებიან და რევანშის იდეით არიან გამსჭვალულნი.

"ქართული ოცნების" "წიწამურელთა" ნაწილმა ჩათვალა, რომ ისინი "ნაცმოძრაობას" ორად გაყოფდნენ და ბოკერიას ფრთა კონსტრუქციულ ოპოზიციად გამოაცხადეს. ეს მიდგომა უზნეობასთან ერთად, პოლიტიკურად გაუთვლელია. ბოკერია და მისი ფრთა ქართველი ხალხისთვის ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური პერსონები არიან, ისინი გახლავან ყველაფერ იმის იდეოლოგები, რასაც ცუდს აკეთებდა "ნაცმოძრაობა". იყვნენ უკიდურესად რადიკალური სოროსელების ფრთა _ რამიშვილი-ბოკერიას ჯგუფი, რომლებიც სააკაშვილზე მეტად რადიკალური მარგინალი ლიბერალები იყვნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ესენი ყველაზე საშიში ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება გახლავთ. ჩვენმა სახელმწიფომ სწორედ ისინი აირჩია მთავარ ოპოზიციურ ძალად, რაც მდგომარეობის უკიდურეს სიმწვავეზე მიუთითებს.

– თქვენ წეღან საქართველო რეგიონში ლიბერალიზმის კუნძულად მოიხსენიეთ…

– რეგიონში კი არა, საქართველო მსოფლიოშიც ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფორპოსტია.
სოროსმა სად გადაიხადა დაბადების დღე? _ საქართველოში. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი.
ამას გარდა, არის ილუზია, თითქოს ჩვენ გვკარნახობდნენ ლიბერალურ ტრენდს, მე პირიქით ვიტყვი. ხშირ შემთხვევაში, ჩვენგან მოდის ინიციატივა.
ყველა ვხედავთ, რამხელა წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწევს, რომ ჩვენი ხელისუფლება გავხადოთ ეროვნული ინტერესების მსახური.

– ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი პოლიტიკური ფსევდოწინასწარმეტყველები, როგორიც, მაგალითად, ვინმე კაკულიაა, მაგრამ მოვლენების ანალიზის გათვალისწინებით, შევეცადოთ პერსპექტივები განვსაზღვროთ.

– სააკაშვილი, მართალია, უნამუსოდ ცდილობს თავი ეროვნული იდეებით გამსჭვალულ პირად წარმოაჩინოს, მაგრამ მისი წარსული ყველას ახსოვს. ამიტომ, მისი დაბრუნების შემთხვევაში, ხალხი დაუპირისპირდება მას.
სამწუხარო ისაა, რომ სააკაშვილის და "ქართული ოცნების" ანტირეიტინგი ერთნაირია. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს შუა გაკრეფილი ორი ძალა, რომლებიც უახლოვდებიან ერთმანეთს და ქვეყანა დაპირისპირებისკენ მიჰყავთ.
ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ამ ორმა ძალამ კვლავ ვერ მოილაპარაკა, მოხდება ის, რომ ეს ძალები ერთმანეთს გაანეიტრალებენ და ვაითუ, ამ პროცესებმა ქვეყანაც არ "გაანეიტრალოს".
სავარაუდოდ, ამის შემდეგ დაიწყება ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესების ფორმირება.

– ბატონო სოსო, იმაზე რას იტყვით, აქციები რომ პერმანენტულ ხასიათს იღებს, ხოლო ყოფილი ზონდერი კუპრავა მიტინგების ლიდერად იქცა?

– კუპრავა რომ ფსიქიურად ავადაა, ნათელია. რის გამოც აქცია ისტერიულ და ირაციონალურ ვაკხანალიად გადაიქცა.
ისტერია მიზანმიმართულად ღვივდება ორი ტელევიზიის მიერ.
უკვე გითხარით, "ნაციონალური მოძრაობა" რევანშს გეგმავს.

“ქართული ოცნების” გაურკვეველმა ქცევამ, ნაცების გვერდით უამრავი აღშფოთებული ადამიანი დააყენა.
ზაზა სარალიძე ამ აღშფოთების ასაფეთქებელ ნაპერწკლად იქცა და მისი მოთხოვნები გასცდა ყოველგვარ რეალიზმს.
თუ ეს მარაზმი გაგრძელდება და ამ ტრაგედიის გამოყენებას ნაცები და მათი მოკავშირეები ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენებენ, მზად უნდა ვიყოთ კონტრზომებისათვის.
იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ამ კაციჭამიებს ახალი სისხლის გუბეები დავაყენებინოთ.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0