ნაციონალები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ

გვესაუბრება ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელი, გრიგოლ გაგნიძე.

- ბატონო გრიგოლ, ფაქტობრივად, ემოციურ ტალღაზე შეიკრიბა საზოგადოება, თითქოსდა დავით სარალიძის მკვლელები გაამართლესო. რა მოხდა სინამდვილეში?

- საზოგადოებაში წარმოიშვა აზრი, რომ პროკურატურა არაადეკვატურად იქცეოდა და ამიტომ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.

ეს იყო პროვოკაცია და თვით აქციაც იყო პროვოკაცია, რადგან სასამართლოზე არავინ გამართლებულა.
ამ ხნის განმავლობაში აშკარად იყო საუბრები, რომ ზაზა სარალიძე "ნაცმოძრაობის" საბურთალოს რაიონის კოორდინატორი იყო თავის დროზე.
"ნაცმოძრაობა" სულ ცდილობდა, გირგვლიანის თემასთან დაეკავშირებინა სარალიძის ტრაგედია, მაგრამ ეს არ გამოვა. ხალხი მშვენივრად ხედავს, რომ მაშინ იყო სისტემური პრობლემა. პოლიცია თვითონ ხოცავდა ადამიანებს. გირგვლიანიც, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და 200 მეტი ადამიანი პოლიციელების ხელით გარდაიცვალა. ამჟამად კი რიგით კრიმინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.
შვილმკვდარ მამას კი არა, ნებისმიერ ადამიანს ვუსამძიმრებ, რომელიც კრიმინალის ხელით მოკვდება, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები, მთავრობა გადადგესო და ა. შ. არ უნდა ყოფილიყო აქციის მოტივი. თავიდანვე ჩანდა ის მუხტი, რაც გაჩნდა პროკურატურასთან, რომ მომიტინგეები არ დაიშლებოდნენ მხოლოდ პროკურორის გადადგომით.

აქციაზე "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ უკმაყოფილება ვინც გამოთქვა, ქალბატონები ნაციონალებმა გინებით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააძევეს იქიდან.

ახლა ნაციონალები საზოგადოების მართვას ცდილობენ და ამბობენ, რომ მხოლოდ მათი ჯალათები არიან სამართლიანობის აღმდგენები და ისინი თუ მოვლენ ხელისუფლებაში, თვითონ დაადგენენ სამართალს.
პირველი გეგმა, წიქარიშვილისა და "ბასიანის" დაპირისპირება ჩაუვარდათ, წამოიწყეს მეორე ტალღა და ამჯერად, პრინციპულად ცდილობენ, იგივე შეცდომები არ დაუშვან და, ალბათ, ამიტომაც არ დაალაპარაკეს პრემიერი შეკრებილ საზოგადოებას.
კიდევ ვიმეორებ, "ნაცმოძრაობა" აქტიურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტად წამოაგოს პროვოკაციაზე ხელისუფლება, რომ, მათი აზრით, გამეორდეს 26 მაისი ან 7 ნოემბერი, რომ სამართლებრივადაც, ასე ვთქვათ, გადატეხოს ხელისუფლება.

- "ნაცმოძრაობა" შეძლებს პროვოკაციების მოწყობას და მიზნის მიღწევას?

- "რუსთავი 2"-ზე რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილი გამოვიდა და ჩემდა გასაკვირად და მოსაწონად, `ნაცმოძრაობის~ წევრებს მიმართა: რა გინდათ, რას მოელით და რა მიზანი გაქვთ, პირდაპირ თქვით, ხელისუფლებაში მობრუნება გინდათო? ესენი შეცდომებს კი უშვებენ, მაგრამ თქვენ რასაც აკეთებდით, იმის გათვალისწინებით, თქვენ კი არ უნდა მობრუნდეთ ხელისუფლებაში, არამედ ახალი ძალა უნდა მოვიდესო.
თეა წულუკიანმა განაცხადა, მთავარი პროკურორის გადადგომა მართლმსაჯულებისთვის არასასურველი ნაბიჯი იყოო და იქვე მოუწოდა პროკურორებს, თავიანთი საქმიანობა მოტივირებულად გააგრძელონ სახელმწიფო სამსახურში რაც მორალურად, ვფიქრობ, სწორი იყო. პროკურორატურის დისკრედიტაცია რომ არ მოხდეს, ეს განცხადება აქეთკენ იყო მიმართული.

მოკლედ, არასახარბიელო ვითარებაა და თუ ხელისუფლებამ, "ნაცმოძრაობის"ასე ვთქვათ, ჭკუაზე გაიარა, სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება. ნაცები თავიანთ „სამართლიანობაზე“ აცხადებენ პრეტენზიებს, "ნაცმოძრაობის" მიერ დაზარალებული ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება პირიქით მოხდეს. შეიძლება, "ნაცმოძრაობამ" მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა იმათთვის, ვისაც თვითონ ჩათვლიან დაზარალებულად, თუ მათ მიერ დასახელებული კანდიდატი გავიდა პროკურორის თანამდებობაზე.
გენერალური პროკურორი შესაბამისი სამსახურებიდან უნდა დაინიშნოს, რადგან მათი პრობლემა თავად უფრო იციან, თორემ, აბა, ოთო კახიძე ან მათ მიერ მოწონებული რომ პროკურორად დანიშნონ, რა მოხდება, თვითონაც მშვენივრად მიხვდებით.
ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატი მთლად დაანგრევს სტრუქტურას.

- როგორ ფიქრობთ, უნდა გადამდგარიყო ირაკლი შოთაძე?

- საქმე იმაშია, რომ ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება ჰუმანურად გამართლებული გახლდათ. მან განაცხადა, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს თანამდებობის ფასადო. სწორი იყო მისი განცხადება.

- აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ფიქრობდით, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები?

_ წიქარიშვილის და მისი ამფსონების მიერ ორგანიზებული აქციები რომ ჩაუვარდათ, ნაცები საჯაროდ ნანობდნენ და ახალი ტალღა აგორდა. პირველი დღეებიდანვე ვფიქრობდი, და სოცქსელებში განცხადებებსაც ვაკეთებდი, ვიცოდი, ესენი ასე ადვილად აღარ გაჩერდებოდნენ და იმ `შეცდომებს~, რაც წინა აქციისას დაუშვეს, ამჯერად უფრო მასშტაბურ ხასიათს მისცემდნენ აქციებს. პირდაპირ ვწერდი ამას ფეისბუქზე.
როგორც კი სასამართლო დამთავრდა, გინება დაიწყო ფოიეში: გაამართლეს დამნაშავეებიო. მერე კი, როცა ინტერვიუები მისცეს მედიასაშუალებებს, იქ განაცხადეს _ სასამართლო სწორად მოიქცა, მაგრამ პროკურატურამ სისუსტე გამოიჩინაო.
ზვიად კუპრავა და მისი მეგობრები გაჰკიოდნენ ამას.

ზვიად კუპრავა კი, მოგეხსენებათ, "ნაცმოძრაობის" გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის პერიოდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც გარკვეული დარღვევების გამო 2012 წლის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
რაც შეეხება ნიკოლოზ გვარამიას, ყველამ კარგად ვიცით, ვინც არის და რაც არის. ისიც გაჰკიოდა მიტინგზე. ამიტომ, ცხადია, სარალიძის სახელით გამართული მიტინგი პოლიტიკური იყო.
ბავშვების მკვლელები უნდა დაისაჯონ, ამაზე არავინ კამათობს, თუმცა ყოფილი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად რომ ითხოვენ სამართალს, ეს შეცდომაა.

- როგორც უფლებადამცველს, გკითხავთ: ამ აქციების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?

- როგორც უკვე გითხარით, პირველი საპროტესტო ტალღა ჩაუვარდათ და ახლა წამოაგორეს თემა, რომელიც მეტად მტკივნეული იქნებოდა საზოგადოებისთვის. ნაციონალებმა მშვენივრად განსაზღვრეს, რომ ამ აქციას სხვა კატეგორიის ხალხიც შეუერთდებოდა.
კარგი იქნება, ზაზა სარალიძე საბოლოოდ თუ გაემიჯნება ნაციონალებს და თავად იბრძოლებს მისი შვილის მკვლელების დასასჯელად.
პირველ ხანებში, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება გაჟღერდებოდა, ბატონი სარალიძე აცხადებდა, თუკი დამნაშავეები არ დაისჯებიან, "მალალეტკების" ომი დაიწყება და ჩემი შვილის მეგობრები სისხლს აიღებენო.
გამოდის, რომ ბავშვებს აქეზებდა დანაშაულისკენ.

შე კაი ადამიანო, თუ შენი შვილის მეგობრებმა იციან. ვინ არის მკვლელი, დაასახელონ, რომ დაისაჯოს დამნაშავე.
ათეულობით ბავშვიდან რამდენიმემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ ითანამშრომლეს მოკლული სარალიძის მეგობრებმა და არც ზაზა სარალიძეს მოუწოდებია მათთვის, თქვენი ძმაკაცის მკვლელები დაასახელეთო. დარწმუნებული ვარ, სარალიძემ მშვენივრად იცის, ვინ არიან მისი შვილის მკვლელები, მაგრამ არ ამბობს, ამიტომ დიდი ალბათობაა, ის გააფრთხილეს და უთხრეს, არ ეთქვა არაფერი მკვლელების შესახებ, ოღონდ დრო გაეწელათ და გაეგრძელებინათ აქციები პოლიტიკური მოსაზრებით.
"ნაცმოძრაობას" პირდაპირ ვადებ ხელს, ისინი ცდილობენ ახალგაზრდები დაუპირისპირონ ხელისუფლებას და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0