პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს [ბიძინა ივანიშვილი] უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.
„იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიდრე თანამდებობის დატოვების შესახებ იტყოდა, მისი ხელმძღვანელობით მთავრობის მუშაობის შედეგებზეც ილაპარაკა.     

„ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს თანამდებობას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ უამრავ, ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემს თანამშრომლებს უდიდესი მადლობა გადავუხადო გათენებული ღამეებისთვის, იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, ადამიანური თანადგომისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო ქვეყნის სასიკეთოდ გადაგმულ თითოეულ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესაძლებლობაზე ბოლოს ორი კვირის წინ, რუსთაველის გამზირზე, მოკლული მოზარდების საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ილაპარაკა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სკამს მისთვის ფასი არ აქვს, თუმცა გადადგება თუკი ამის აუცილებლობას დაინახავს.

imedinews.ge

 

скачать dle 12.0