"დიახ, ძალა ერთობაშია!"

"საერთო გაზეთის" სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია: „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტი დავით ქაცარავა.

- ბატონო დავით, როგორ დაიბადა ორგანიზაციის შექმნის იდეა?

- რუსული პოლიტიკით უკმაყოფილება, ყველა ქართველისთვის 9 აპრილით დაიწყო, ალბათ. არც მე ვიყავი გამონაკლისი. შემდეგ გამოვიარეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომი. 

სულ მუდამ მჭამდა ბოღმა და უსუსურობა. არასოდეს მექეიფება, არ შემიძლია, დიდი ყანწით დავლიო სამშობლოს სადღეგრძელო, აღმატებულ ხარისხში, პომპეზურად, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მრცხვენია… მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა არ არის თავისუფალი, ჩამოჭრილი აქვს ჩემს ქვეყანას მიწები და ადამიანები და ტკივა ჩემს ქვეყანას…

ყველა ადამიანი უნდა მივიდეს რაღაც ეტაპამდე და ჩემი ეს ეტაპი შედგა, ამდენი წლის მერე, როცა 40 წლის გავხდი. 2017 წელს. 4 ან 5 ივლისი იყო, ბერშვეთში კიდევ გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა. ვიგრძენი, ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ გაწყდა რაღაც ჩემში. დავწერე სტატუსი: მორჩა აღარ მინდა სახლში ჯდომა და კლავიშების კაკუნი ვირტუალურად და ვაპირებ ამას და ამას და ვინც გინდათ შემომიერთდით. 

- არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება თქვენს გვერდით მდგომმა რომელიმე ადამიანმა შესაძლოა ფული აიღოს, ან არ აიღოს და ისე, პირადი მიზენებისთვის -პროვოკაცია მოაწყოს, რასაც კიდევ მოჰყვება ტერიტორიების დაკარგვა. ვისი პასუხისმგებლობა იქნება ეს?

- ბუნებრივია ჩემი პასუხისმგებლობა იქნება. ეს უკვე ის ბირთვია, ვინც თავიდანვე დადგა ჩვენს გვერდით და რომელმაც გაიარა საკმაოდ დიდი ფილტრი. ზოგი ჩამოშორდა მოძრაობას, ზოგი მოვიდა, წავიდა. ეს ბუნებრივია. საქართველოს ისტორიას რომ გადახედო, გაჯერებული იყო მოღალატეებით, მაგრამ მგლის შიშით, ცხვრის ფარა ვის გაუწყვეტია. ეს თანმდევი რისკია, რომელზედაც ჩვენ მუდამ ვფიქრობთ და მის მინიმიზაციას ვახდენთ. არც ასეთი მარტივია ჩვენს გუნდში ნდობის მოპოვება. ჩვენ დესტრუქციული რომ ვიყოთ, სხვაგვარად მოვიქცეოდით, ათასნაირი შანსი გვქონდა დივერსიის, პროვოკაციის, მაგრამ, ყველამ კარგად იცის, შსს-მაც, პოლიციამაც, სუსმაც, რომ ჩვენგან მსგავსს არაფერს უნდა ელოდეს.

ჩვენს ხელისუფლებასაც ვთავაზობ ჩვენს გამოყენებას, ეფექტურად გამოგვიყენეთ, მე არ მიტყდება ეს. ჩვენ ყველა პოლიტიკური და არაპოლიტიკური ძალის მისაღებად მზად ვართ…

ვის ხედავ ჩვენს გვერდით, ვინც იყო ხელისუფლებაში და იღებდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას? არც ერთი, ხო? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ რაღაც ღირებულებებს, რაღაც მოწონდათ, რაღაც არ მოწონდათ. ობიექტურობა მოითხოვს იმას, რომ უღიარო ის, რაც გაკეთდა კარგი და აღიარო ისიც, რაც გაკეთდა, ძალიან ცუდი. ჩემს გვერდით არ დგას არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც მიუძღვის წვლილი ან გაზის გაყიდვაში, ან თელასის გაყიდვაში, ან კოდორისთვის სახელის გადარქმევაში და მიერთებაში აფხაზეთისთვის.

- გასული წლის ივლისის მერე, ყველა დღე საოკუპაციო ზოლში პატრულირებთ, როგორც ვიცი, საკმაოდ რთული პროცესია, ყოველდღიურად ჩახვიდე, იდგე, ისმენდე იქაურ პრობლემებს და მეორეს მხრივ, ამ პროცესს ფინანსებიც ხომ სჭირდება, საიდან, ვისი ფულით?

- ქართველი არის მენტალურად ფეთქებადი ხასიათის, სწრაფად ფეთქდება და ასევე სწრაფად ვარდება მისი შემართება. ქართველი გრძელვადიან ბრძოლაში ძალიან სუსტია, იმიტომ, რომ ბეზრდება. ამიტომ, თავიდანვე ვიცოდი, რომ დიდ მასაზე გათვლა, წამგებიანი იქნებოდა, განწყობას ვერ გავუქაჩავდი. მინდოდა, შემქნილიყო ჯგუფი, საიდანაც ადამიანები ერთმანეთს ჩაანაცვლებდნენ პატრულირებისას და თითო ადამიანს შეიძლებოდა, მორიგეობა მოსწეოდა თვეში ერთხელ და ორჯერ. პრინციპში, ამდენიც კი ვერ შეიკრიბა. პირველი 7–8 თვე დაახლოებით 10 კაცზე გადადიარა ამ მორიგეობამ. ხან ერთი გადიოდა მხოლოდ, ხან ორი, ხან ხუთნიც ვიყავით.

რაც შეეხება ფინანსებს, გაჩვენებთ პირველი აგვისტოდან დღემდე, საბანკო ამონაწერს ჩვენი ორგანიზაციის და ნახეთ, ვისგან რა თანხები ირიცხება. 1200 ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა თვის მანძილზე – ჯერ ჩვენ არ გვქონია. თავიდან უმეტესად ჩემს კისერზე გადადიდოდა, მე ვიღებდი ჯიბიდან ფულს და დღესაც ხშირად ეგრე ხდება. 2000 ლარამდე სრულიად საკმარისია, რომ ერთი ჯგუფის პატრულირება კარგად უზურნველჰყო თვის მანძილზე. ეს არის სულ ფინანსები რეალურად. 

- ბევრს საუბრობენ თქვენს ტურისტულ ბიზნესზეც, ამ ბოლოს, ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც თქვენ „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებს ხვდებით.

- რუსი ტურისტი რომ ჩამოდის ჩემთან, მას ფაინდაზად არ ვეფინები. მე მას ვაჩვენებ, რომ მე ამ ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. ეს კიდევ ერთი ფრონტია, იმიტომ რომ ის სტუმარია, მე უხერხულ თემებს გვერდს არ ავუვლი.

ძალიან უბედურნი არიან რუსები, რადგან ისინი არიან მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პროპაგანტისტული მანქანის მსხვერპლნი.
რამდენიმე წლის წინ „გაზპრომი“ მყავდა კორპორატიულ კლიენტად. 25 კაციდან ერთი გადათვრა და ცოტა არ იყოს, ცუდი ფრაზა თქვა ქართველებზე. დანარჩენებს ავუხსენი, რომ მხოლოდ იმიტომ გადაგვირჩა, რომ სტუმარია. საბოლოო ჯამში, რომ დაბრუნდნენ რუსეთში, სამსახურიდან გაუშვეს ეს კაცი.
„გაზპრომის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან დავმეგობრდი და ჩემი პოსტების გამო ფეესბეს გენერალიტეტმა დაიბარა, ეს რატომ გყავს მეგობრებშიო. მომწერა თხოვნით, იქნება თავი შეიკავო აგრესიული ნარატივისგანო. ვუპასუხე: მე ქვეყანა ვარ, რომელიც დაჩაგრული და დაპყრობილი ვარ და თუ გიქმნი პრობლემას, წამშალე. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდება, როცა ფეიოსბუქ პოსტები მაქვს მხოლოდ.
ეს ბანკი არის ფრიდმანის, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირია და შეიძლება ამ ადამიანებს პირიქით შეექმნათ პრობლემა, ჩემთან და ჩემს ტურისტულ კომპანიასთან ურთიერთობის გამო.

– თქვენი ორგანიზაცია ანტირუსულია, თუ ანტიპუტინური?

- ჩემთვის ის რუსი, რომელიც მეუბნება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის შენი ტერიტორია და არის ჩემი ქვეყნის მიერ დაპყრობილი, არის ჩემი მეგობარი და მყავს მე ასეთი მეგობრები, მაგრამ ისინი, რომლებიც მე აგრესიულად მასწავლიან ჭკუას, რომ რუსეთი ჩემი უფროსი ძმაა და თავი უნდა დავუხარო, ბედნიერი უნდა ვიყო რომ რუსის ჩექმა მადგას კისერზე და რომ რუსმა მე გამომიყვანა ტყიდან – ეგეთი რუსი ჩემთვის პუტინს უდრის.

- როგორ გგონიათ, თქვენი იქ დგომის გამო, რუსი გაიყვანს თავის ჯარს?

ჩვენ არც ერთი წამი არ გვიფიქრია, რომ რუსი ჩვენი იქ დგომით, შეიძლება გავიდეს. ეს აბსურდია, ამის ილუზიაც არა გვაქვს, ჩვენი ყოველდღიური პატრულირება ემსახურება იმას, რომ ჩვენ გვინდა გავახსენოთ ჩვენს ერს, რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დაკარგული, ჩვენ გვინდა ეროვნული თვითშეგნება გავაღვიძოთ. ჩვენ ვართ გენეტიკური მეომრები. რუსი გვებრძვის საუკუნებია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეგვიქმნას წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ ჩვენ ვართ მომღერლები, მოცეკვავეები და ხაჭაპურ-ხინკლის მკეთებლები, ამას ძალიან მაგრად ცდილობს და საკმაოდ კარგად გამოსდის.
გარდა ამისა, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს იმედს ვაძლევთ, რომ ისინი მარტოები არ არიან, მათ განცდა აქვთ, რომ ისინი მიგდებულები არიან. ძალიან ბევრ ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარება, სარგებლობენ მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით, მაშინ როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს უფასოდ სამედიცინო მომსახურება აქვთ. მაშინ, როცა რუს სამხედროთა ბაზას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა, იხდის ელექტროენერგიის ფულს.
შარშან, გატაცებული იყო 127 ადამიანი მთელი წლის მანძილზე სამაჩაბლოში. თუ გადაკვეთა ადამიანმა, ის პირობითი საოკუპოაციო ხაზი, მოკიდებენ ხელს და მიჰყავთ, ხშირად ჩვენი, კონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც მიჰყავთ. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? 127 ადამიანი ნიშნავს, რომ იქედან ყველა მესამე დღე იტაცებენ ვინმეს. რამდენ გატაცებაზე გქონდათ შარშან ინფორმაცია? რამდენ გატაცებაზე დაიწერა?

- და მათი დაბრუნება როგორ ხდება, ან რას ყვებიან?

- ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და დაშინება. გარდა ამისა, აჩვევენ იმას, რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი. თავში უნერგავენ და წვრთნიან, უხეშად რომ ვთქვათ, რომ საკუთარ მიწაზე თუ გადავლენ, მათრახი მოხვდებათ. გარდა ამისა, რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვეს მიიყვანს, თავის ბანაკში, ორკვირიან შვებულებას აძლევენ და 2 000 რუბლია ჯარიმა, ანუ ჩვენი ფულით 80 ლარი, რომელსაც ოჯახი შავად გადააწოდებს და მერე გამოუშვებენ ტყვეს. გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ შემოდიან გარკვეულ სოფლებში, სახლებში, აშანტაჟებენ და პროდუქტს ართმევენ.
სტატისტიკას გეტყვით უბრალოდ: 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, შარშან გატაცებული იყო 50 კაცზე მეტი, წელს იგივე პერიოდში – 26.
ჩვენ იქ ჟურნალისტებიც ვართ, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ვეხმარებით, დაზვერვის ფუნქციასაც ვარულებთ და ამ დროს მოქალაქეები ვართ, ამ დროს, ამ ინფორმაციას ღიად ვდებთ – ესაა ჩვენი ძალა.

2010 წლიდან დღემდე გადმოწეულია 53 კილომეტრი მავთულხლართი და ღობე.

მათ შორის, 2017 წლის 21 ივლისიდან დღემდე – მხოლოდ კილომეტრნახევარი – არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა. მაგრამ, ვაკუუმი, რომელიც კომფორტს უქმნიდა რუსს, გაირღვა და დაირღვა. არ არის ეგრე, რომ რუსს ფეხებზე ჰკიდია, არ ჰკიდია მას ფეხზე ხმაური, ის წუხდება, იმას თავისი რეაგირება აქვს. რუსის წინააღმდეგ მიდის გლობალური ბრძოლა მსოფლიო მაშტაბით და ყველა იყენებს მის წინააღმდეგ ნებისმიერ მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას. ის რომ იწყებს მავთულხლართის გავლებას, მე თუ მივედი და ლაივი ჩავურთე, იმან იცის, რომ ამ ვიდეოს, რომ ახლაც, ამ წუთშიც გრძელდება ოკუპაცია, ყველა ნახავს და ის წყვეტს და მიდის. ჩვენ როგორც კი ამბავს ავტეხთ, ის რეაგირებს, ის დათვი აღარ არის, ამ დათვსაც უკვე უამრავი სუსტი წერილი გაუჩნდა. შარშან გატაცებულ ადამიანებს 3–4 დღეში აბრუნებდნენ, ახლა 24 საათში აბრუნებენ უკან. საკმარისია, რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის, ჩვენ ან ქართული პოლიცია დაინახოს, რომ ეგრევე უკან ბრუნდება.

- როგორც მითხარით, ტერიტორიების დაბრუნების იმედი გაქვთ, მათი დაბრუნების გზებზეც გექნებათ ნაფიქრი…

- ბრძოლა და ძალა, ოღონდ ძალაში – ინფორმაციას ვგულისხმობ და ინფორმაციულ ბრძოლას ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ამისთვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ პირველ რიგში ის ღირებულებები უნდა გავაცოცხლოთ და იმის გვერდით დავდგეთ, რომელმაც მოგვატანინა ჩვენი იდენტობა დღემდე.

თამო კეშელავა

скачать dle 12.0