გუგა სამხარაძე:"როცა საქმე მკვლელობამდე მიდის, ვფიქრობ, სკოლის დირექტორს თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს"

რატომ გახშირდა 51-ე სკოლაში ქუჩური გარჩევების შემთხვევები, შეეძლო თუ სკოლის დირექციას სტრაგედიის თავიდან აცილება და ეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო? ამ და სხვა საკითხებზე 52-ე და 154-ე სკოლების ყოფილი დირექტორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი გუგა სამხარაძე გვესაუბრა:

– მოგეხსენებათ, რომ შვიდი წლის მანძილზე, ორი სხვადასხვა სკოლის დირექტორად ვიმუშავე, ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პედაგოგი განსაკუთრებული პროფესიის ადამიანია, რომელიც სამართლებრივზე მეტად, მორალური კოდექსით უნდა ხელმძღვანელობდეს. რა თქმა უნდა, ბავშვებს შორის შეკამათებაც ხდება და ჩხუბიც, მაგრამ როცა საქმე მკვლელობამდე მიდის, ვფიქრობ, სკოლის დირექტორს თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს. ისეთი საშინელი დანაშაული, როგორიც მკვლელობაა, ერთ დღეში არ იწყება და მთავრდება. სავარაუდოდ, კონფლიქტი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეებს და დამრიგებელს აუცილებლად უნდა სცოდნოდათ. როცა კონფლიქტი სერიოზულ სახეს იღებს, დირექცია და დამრიგებელი ვალდებული არიან მშობლები საქმის კურსში ჩააყენონ და პრობლემის მოგვარებაზე მათთან ერთად იზრუნონ. ამიტომ ვამბობ, რომ თუ სკოლის დირექტორს თანამდებობიდან წასვლისთვის თავად არ ეყო შინაგანი ძალა, განათლების სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინა მისი უფლებამოსილება. რას ელოდებოდნენ, რომ ზაზა სარალიძე აქციებს მოაწყობდა და რუსთაველის გამზირს გადაკეტავდა? ბოლო დღეებამდე რატომ არ ჩანდა სკოლის დირექტორის პოზიცია?

– ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და გვახსოვს, რომ დირექტორის სკოლიდან გასვლა განსაკუთრებით ცელქ ბავშვებს უხაროდათ. დირექციას ამ დროს განსაკუთრებით უჭირდა სკოლაში დისციპლინის დაცვა. როგორც ვიცი, ხორავას ქუჩის ტრაგედიის დღეს არც 51-ე და არც 1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა და ტრენინგებს ატარებდა.

– გასაგებია, რომ ტრენინგების ჩატარება შემოსავალთან არის დაკავშირებული, მაგრამ კოლეგიალობის მიუხედავად, მაინც უნდა ვთქვა, რომ როცა სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლე გყავს, სასწავლო პროცესის დროს, სხვა საქმით არ უნდა იყო დაკავებული. არ შეიძლება დამატებითი შემოსავლის გამო სკოლა მიატოვო და მხოლოდ მაშინ გამოჩნდე, როცა რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

– 51-ე სკოლას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად, სკოლებში შექმნილ სიტუაციას როგორ შეაფასებ თ. თქვენი აზრით, თავის დროზე სკოლის დირექტორებად მენეჯერების დანიშვნა კარგი იდეა იყო?


– რა თქმა უნდა, არა. დიდ პატივს ვცემ ეკონომისტსაც, იურისტსაც და ინჟინერსაც, მაგრამ მათთვის ეს უცხო სფეროა. როგორც მე არ გამოვდგები სამშენებლო ან იურიდიული კომპანიის დირექტორად, ისე ვერ მართავს სკოლას ეკონომისტი, ინჟინერი, იურისტი და სხვა. სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში სკოლის დირექტორებს აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონოდათ. 
მახსოვს, როცა სკოლის დირექტორად დამნიშნეს, ათასი გეგმა მქონდა, სკოლის კულტურის კერად ქცევას ვაპირებდი და ვერ მოვახერხე, რადგან ათას უსარგებლო საქმეზე ვცდებოდი. ვფიქრობ, სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს დირექტორს, რომ პირველ რიგში აკადემიური პროცესის ხელმძღვანელი იყოს და არა მნე და მენეჯერი.

– ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ განათლების სისტემა საფუძვლიან რეფორმას საჭიროებს. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა განახორციელოს სასახელმწიფომ ვითარების შესაცვლელად?

— შესაცვლელი ძალიან ბევრია. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით.. 2006 წელს, ჩემი სკოლის ერთ-ერთი უფროსკლასელი სამი თვის მანძილზე სკოლაში არ გამოჩენილა. ბუნებრივია, მოსწავლის ბედით დავინტერესდით. მასთან, სახლში რამდენჯერმე მივიდა კლასის დამრიგებელი და სასწავლო ნაწილი, მაგრამ არავინ დახვდათ. სამი თვის მანძილზე გამუდმებით ვაკითხავდით სახლში და ბოლოს, მეზობლებისგან გავიგეთ, რომ მოზარდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი, როგორც ჩანს, სიტუციას გაერიდა. წარმოიდგინეთ, სამი თვის მანძილზე არც პოლიციას, არც პროკურატურას და არავის ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. საბჭოთა პერიოდში თუ მოსწავლესთან დაკავშირებით პრობლემა იქმნებოდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებული იყო სკოლისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

– როგორც მახსოვს, საბჭოთა განათლების სისტემას სხვა უამრავი დადებითი მხარეც ჰქონდა. თუმცა, ეს ხომ საბჭოთა კი არა, გერმანული სისტემა იყო?

– რა თქმა უნდა, ეს იყო გერმანული, ძალიან კარგი მოდელი, რომელიც რუსებმა გადაიღეს და შემდეგ მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელდა. იმის ნაცვლად, რომ რაღაც გაუგებარი და უვარგისი მოდელი გადმოგვეღო, შეიძლებოდა უკვე არსებული განათლების მოდელისთვის იდეოლოგიური და პოლიტიზირებული მომენტები ჩამოგვეცილებინა და გამოგვეყენებინა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, არც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 000 მოსწავლე გვყოლოდა და არც ამდენი პრობლემა დაგროვილიყო, რაც ახლა სკოლებშია. მე 123-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და არასოდეს დამავიწყდება როგორ მოულოდნელად გვეწვეოდა არასრულწლოვანთა საქმის ინსპექტორი ლია მეტონიძე. ამას ახლა არავინ აქცევს ყურადღებას, მაშინ კი მოსწავლეებში ჩხრეკას მარტო ცივი იარაღის კი არა, ფულის აღმოსაჩენადაც ატარებდნენ. დღეს ზოგიერთ მოსწავლეს ჯიბეში 100 და 200 დოლარი უდევს და არც სკოლა და არც ოჯახი ინტერესდება, საიდან აქვს ან რისთვის ჭირდება ეს ფული?

– როგორც მახსოვს, თანამდებობიდან ნაციონალებმა გაგათავისუფლეს, რადგან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გაშვებაზე უარი თქვით. სისტემაში დაბრუნებას არ გეგმავთ?

– 2012 წლის აპრილი იყო, რომ 9 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება მომთხოვეს. ჩემი დირექტორობის პერიოდში მუდმივად იყო ასეთი მოთხოვნები, მაგრამ მანამდე ცოტა მსუბუქად.. სამსახურიდან გასაშვებთა სიაში დამლაგებელიც კი ჰყავდათ შეყვანილი. გამიკვირდა, ამ ქალის ხმა არ გამიგია. მოდის, ალაგებს და მიდის და რას ერჩით თქო? ამას არაფერს ვერჩით, მაგრამ ამის დედამთილს მეზობლებში სააკაშვილზე ცუდად ულაპარაკიაო, მიპასუხეს. წარმოგიდგენიათ? მერე ოფიციალური წერილით მივმართე, რომ ეს ცხრა ადამიანი ოპოზიციურად განწყობილი არაა და თავი დავანებოთ თქო. ეს სია სამი სხვადასხვა სტრუქტურის გადამოწმებულია და არაფერი გვეშლებაო, მივიღე პასუხად.
სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განათლების სამინისტროს განცხადებით მივმართე. დირექტორად დაბრუნება არ მსურდა, მხოლოდ იმის აღიარებას ვითხოვდი, რომ უსამართლოდ გამათავისუფლეს. სამინისტროდან მივიღე ოფიციალური წერილი, სადაც ეწერა — გთხოვთ წარმოადგინოთ ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ხართო..

– ანუ დიმიტრი შაშკინმა დაგვიდასტუროს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგიშვათო, არა?

– ასე გამოდის. ვინ მომცემდა ამ ცნობას, შაშკინი, მერაბიშვილი თუ სააკაშვილი? მოგვიანებით, სამინისტრომ შემომთავაზა განცხადება დაწერეთ, რომ დირექტორობა გსურთ და სხვა სკოლაში დაგნიშნავთო, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. ვიმეორებ, მე დირექტორად დანიშვნა კი არა, მორალური კომპენსაცია მინდოდა, რასაც ვერ მოვაღწიე. სამაგიეროდ, ადამიანი, რომელმაც ჩემი მოსახსნელი დასკვნა დაწერა და პირველ ოქტომბრამდე მხურვალე ნაციონალი იყო, დააწინაურეს და ეს ერთეული შემთხვევა არაა. ის მასწავლებლები, რომლებიც შაშკინისა და მისი მიმდევრების სკოლებში თარეშს ვერ ეგუებოდნენ, ქუჩაში გამოყარეს და დღესაც უმუშევრები არიან, ისინი კი რომლებიც მაშინ ყველა ბინძურ დავალებას ასრულებდნენ, მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს. ამ ფაქტორისა და დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყველაფერზე გული გამიტყდა და სისტემაში დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობ. სამწუხაროდ, ქვეყნის არასტაბილური სიტუაცია სკოლაზე აისახა, რადგან სკოლა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად, ლაკმუსის ქაღალდივითაა. ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუ ქვეყანას კარგად აწყობილი განათლების სისტემა და გამართული სკოლა არ ექნა, ეკონომიკურ აღმავლობაზე და პროგრესზე ფიქრი ზედმეტია..

ნელი თორდია
скачать dle 12.0