ანზორ ჭითანავა:"მე რომ მკითხოთ, აფხაზეთის გასაღები ენგურჰესშია"

(დასასრული.  დასწყისი იხ. "სგ" №20 )

ვაგრძელებთ ინტერვიუს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის ჰიდროპროექტის ყოფილ დირექტორთან, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ანზორ ჭითანავასთან.

– ავარიის შედეგად გაჩერებული ენგურჰესი ამოქმედდა და სრული სიმძლავრით მუშაობს, მაგრამ ეს დამშვიდების უფლება არ გვაძლევს, რადგან არ ნიშნავს, რომ აღარაფერი მოხდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ენგურჰესის კვალიფიციური კოლექტივის შრომა-გარჯა და საქმისადმი ერთგულება, ზუსტად მათი პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა მოკლე ვადაში ავარიის ლიკვიდაცია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კოლექტივის წევრები და მათი ხელმძღვანელი ლევან მებონია, ფაქტობრივად ენგურჰესზე გაიზარდნენ, იქ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლევან მებონიას სახით გვაყავს ერთ-ერთი უძლიერესი ხელმძღვანელი და სტრატეგი. ძალიან კარგია, რომ ავარიის დროს არ იყო კომისიების შექმნა და ხელისუფლების მაღალი ეშელონების აქტიური ჩარევა, ამან ხელი შეუწყო კოლექტივის მიზანსწრაფულ და შეუფერხებელ მუშაობას, აღარ გაჭიანურდა სამუშაო პროცესი. რაც შეეხება ავარიის ზუსტ მიზეზს, გასკდა მილსადენის დამცლელი მილი, როდესაც გვირაბს ვაჩერებთ, წყალი უნდა გამოათავისუფლო, ამისთვის სხვა მოწყობილობებთან ერთად ეს მილიცაა. რომელიც ჰესის აშენების პირველი დღიდან იყო იქ ჩამონტაჟებული და არასდროს შეკეთებულა. გვირაბის დაცლის გარეშე მას ვერ შეამოწმებდნენ და შეაკეთებდნენ, შეკეთების რიგი კი უწევდა, მაგრამ ენგურჰესი არ გაჩერეს. იქ ასეთი კიდევ ხუთი მილია, შეიძლება იქაც მოხდეს ასეთი რაღაც, ამან გამოიწვიოს დატბორვა, რაც კატასტროფით მთავრდება.

დღეს რომ გადავრჩით, წყალი გენერაციის უბნამდე (სადაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება) არ ამოვიდა, ენგურჰესის კოლექტივის პროფესიონალიზმის, მათი ოპერატიული მუშაობის დამსახურებაა. ენგურჰესის პრობლემა კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, ამიტომ, როგორც გითხარით, მარტო ამ ავარიის ლიკვიდაციით და მსგავსი შემთხვევების გაუვნებელყოფით არ მთავრდება. ენგურჰესი ძალზე რთულად სამართავი სისტემაა, მას მართვის მექანიზმების სრულყოფა და გაძლიერება ჭირდება, სადგური ისე უნდა მოქმედებდეს, რომ გამომუშავება არ დაიკარგოს, არ უნდა გავთიშოთ სისტემიდან. ამისთვის საჭიროა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად განხორციელება, რაც ქართველმა დამპროექტებლებმა და ინჟინრებმა 70-იანი წლების დასაწყისშივე გაითვალისწინეს. მდგრადობის, საიმედოობის და ფუნქციონირების ამაღლების მიზნით, კაშხლის ტანში ჩატანებულია მილები, რომლებიც გამოყენებადია, როგორც გამომუშავების, ისე წყალაქაჩვის რეჟიმში. როდესაც ენგურჰესის გაჩერება მოგვიწევს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ან გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, როგორც ახლა მოხდა, თავისუფლად უნდა შევძლოთ მისი გადართვა კაშხლის ტანში ჩატანებულ ხსენებულ სქემაზე. კაშხლის ტანში ოთხი მილია ჩატანებული, რომლებიც წყალსაცავის ეფექტურობის ასამაღლებლად და ენგურის ქვედა ბიეფიდან ჰესის მიერ უკვე გამოყენებული წყლის ხელმეორედ გამოყენებას ემსახურება. პროექტის მიხედვით, ეს სქემა 2000 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო, რადგან ჩვენი გათვლებით, ამ პერიოდისთვის დგებოდა მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, სქემის ამოქმედება არ მოხდა, მიზეზების ძებნა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ახლა ხომ მაინც შეგვიძლია, რომ სასწრაფოდ მოხდეს პროექტის ბოლო კონდიციამდე მიყვანა, მისი რეალიზაციისთვის ფინანსების მოძიება, ლიცენზიის გაცემა და მშენებლობის დაწყება. ამას თან სდევს მრავალჯერადი პროცესები, ენგურის ქვედა და ზედა (კაშხლის უკან) ბიეფების მომზადება, გაწმენდითი სამუშაოები, მთელი რიგი ჰიდროტექნიკური და ძალოვანი დანადგარების შეკვეთა, გამოცვლა, დამონტაჟება და ამუშავება. ენგურის ზედა და ქვედა ბიეფები ისედაც სასწრაფოდ გასაწმენდია, ადრეც გითხარით და გავიმეორებ, ერთი, რომ მოიხსნება სამეგრელოსა და გალის რაიონის დატბორვის საფრთხე, თანაც მდინარის მიერ ჩამოტანილი ინერტული მასალა ფასდაუდებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის. მუდმივად მიდის საუბარი, რომ ენგურჰესის აშენების შემდეგ, მდინარეს აღარ ჩააქვს ანაკლიაში ქვა-ღორღი და ზღვა მიწას იტაცებს.

ჩვენი შეფასებით, ზღვას ყოველწლიურად ხუთი ჰექტარი მიწა მიაქვს, რადგან "კვება" არ აქვს. ეს "კვება" ზუსტად ენგურის კალაპოტიდამ ამოღებული ინერტული მასალით უნდა მოხდეს. ენგურჰესის პროექტში გათვალისწინებული გვქონდა დეფიციტის შევსების მეთოდი, 3-კილომეტრიან უბნებზე ცდები ჩავატარეთ, შედეგები საუკეთესო იყო. 1 კმ სიგრძის ნაპირის დაცვა ძალიან იაფი ჯდებოდა, რაც ენგურჰესის ტარიფში შესული ისეთი დაბალი მაჩვენებელია, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. ეს პროექტი მთლიანად ქართველების დამუშავებულია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა განხორციელების საშუალება არ მოგვცა, შუა გზაზე მივატოვეთ. მას შემდეგ ინტენსიურად ირეცხება ზღვის ნაპირი. ხსენებული ინერტული მასალა, გარდა იმისა, რომ ნაპირგამაგრებისთვის და მშენებლობისთვის საუკეთესო მასალაა, სოფლის მეურნეობაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სასუქად ენგურის ჩამოტანილი შლამი. მდინარის ჩამოტანილი მასალა საკმაო რაოდენობის ისეთ ძვირფას და იშვიათ ლითონებსაც შეიცავს, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, ტიტანი, ნიკელი, ვოლფრამი.

ინერტული მასალა მთელ მსოფლიოში დეფიციტურია, ჩვენ ამ მასალით უმდიდრესი ქვეყანა ვართ, რადგან საქართველო ვულკანური წარმოშობის ზონაში მდებარეობს, ეს მასალა ენგურის კალაპოტში დიდი რაოდენობით დევს. ჩემი აზრით, მისი არგამოყენება, დანაშაულის ტოლფასია. დავუბრუნდეთ, ჩვენი საუბრის თემას, ვფიქრობ, ქართულ ენერგეტიკას და ეკონომიკას ისე არაფერი ჭირდება, როგორც კაშხალთან არსებული ჰიდროსააკუმულაციო სადგურის ამოქმედება, რაც სასწრაფოდაა გასაკეთებელი, რადგან გარანტირებულად უზრუნველვყოფთ ელექტრონერგიის იმ დანაკლისის კომპენსაციას, რაც ენგურჰესის გაჩერებით იქნება გამოწვეული. ქვეყნის გარედან აღარ დაგვჭირდება იმ დანაკლისის შევსება, რაც გაუთვალისწინებელი, არაპროგნოზირებადი სიტუაციების დროს არის, რომელიც პოლიტიკას, სტიქიას და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორს უკავშირდება ხოლმე. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეს გათვალისწინებული, რადგან ერთადერთი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროგრამებში, გათვლებში, საერთოდ, ენერგეტიკულ ხედვაში ეს საკითხები დაფიქსირებულია, ამოქმედებული არ არის. ხსენებული სქემის ამოქმედებით, გარდა იმისა, რომ შემთხვევითობაზე არ ვიქნებით დამოკიდებული და შეგვეძლება თვითონ ვმართოთ პროცესები, სხვა ძალიან ბევრი სასარგებლო საქმეც მოყვება, ესაა ხალხის დასაქმება, ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ა.შ. ამ ყველაფრის განხორციელება, ანუ ეკონომიკური საქმიანობა, გამოიწვევს საქართველოს და აფხაზეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვას, ხალხის დაახლოებას, რადგან ხალხს ყველაზე მეტად მაინც ეკონომიკური საქმიანობა აახლოებს.

ენგურჰესი, თავისი მოცულობით და მასშტაბით ამის წინაპირობაა. მარტო ჰიდროსააკუმულაციო დანადგარის ამოქმედებით არ მთავრდება ჩემი ხედვა ენგურჰესის სრულყოფასთან დაკავშირებით, ის პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვარდნილჰესების(სამი ობიექტი) სრულყოფილად ამოქმედებასთან. არც ამ პროცესის გადადება შეიძლება, დაუყოვნებლივ, პარალელურ რეჟიმში უნდა ავამოქმედოთ ხსენებული დანადგარები და ეს ობიექტები. იქ ფაქტობრივად 340 მეგავატი სიმძლავრე გვაქვს და უფლება არ გვაქვს ამხელა სიმძლავრე არ გამოვიყენოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საქართველოს ყველაზე მეტად წაადგება. ელექტროენერგიის ნამატი, რაც ხსენებული ობიექტების ამუშავებით გვექნება, აფხაზეთის მოხმარებაში რომ წავიდეს, მათ საკუთარი წყარო ექნებათ, დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება ნდობისა და ურთიერთობის გაუმჯობესების ბიძგი და სტიმულატორი. აფხაზები რომ დაინახავენ გაუუმჯობესდათ ენერგომომარაგება, თვითონაც დაინტერესებული იქნებიან და ჩვენს მიმართ განწყობა უკეთესობისკენ შეეცვლება თ. მარტო პიროვნულ ურთიერთობებს არ ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობის გამთლიანება მაქვს მხედველობაში. ვფიქრობ, ყოველ მხრივ მომგებიანია ამ ღონისძიებების განხორციელება. მე რომ მკითხოთ, აფხაზეთის გასაღები ენგურჰესშია, რადგან აფხაზეთის ელექტრომომარაგების დიდი წილი ენგურჰესზე მოდის, ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ენგურჰესი არაფერში გვჭირდება, როცა ამ ობიექტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ოღონდ ქართველებმაც და აფხაზებმაც უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერს აქვს ფასი, მათ შორის ელექტროენერგიას, რომელსაც გადახდა უნდა. აფხაზებმა უფასოდ რატომ უნდა მიიღონ დენი, მხოლოდ იმიტომ, რომ ენგურჰესს მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკავია გარკვეული `მოედანი~? ეს დაუშვებელია, ასეთი საუბარი ყოვლად უვიცი, გაუნათლებელი ადამიანების ლოგიკაა.

– ბატონო ანზორ, როგორ შეაფასებთ ქვეყნის ენერგეტიკულ კურსს?

– ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში უკვე ნათელი სურათი გვაქვს, რა მოგვცა ენერგეტიკაში აღებულმა გეზმა, რასაც ჩვენ მცირე ენერგეტიკა დავარქვით. 2005 წლიდან დღემდე 22 მცირე და საშუალო ელექტრო სადგურია აშენებული, მათ შორის, ერთი ქარის სადგურია. ამგვარი სადგურების პრიორიტეტებად გამოცხადებამ, მართლაც მოგვცა გარკვეული შედეგი, ჯამში 790 მეგავატი სიმძლავრე მოგვემატა, ე.ი. იმდენი, რამდენსაც ერთი ხუდონჰესი გამოიმუშავებდა რომ აშენებულიყო. თანაც ეს ელენერგია მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც სისტემაში ისედაც არის დენი, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ამ სადგურების გამომუშავებული ელ-ენერგია მკვეთრად ეცემა. ხუდონჰესს გარდა იმისა, რომ ერთად აღებული 22 სადგურის სიმძლავრე აქვს, მას აქვს რეზერვუარი, რომელიც ელენერგიას ინახავს და როდესაც წყლის და დენის დეფიციტია, ანუ შემოდგომასა და ზამთარში, შეგვიძლია ეს შენახული ელენერგია გამოვიყენოთ. სხვათა შორის, ხუდონჰესის 1/3 უკვე აშენებულია. ელექტროენერგიის მთლიანად კომპენსირებაზე უკვე გითხარით, ამ 22 სადგურისთვის გამოყოფილი ტერიტორიები, მათ მიერ დატბორილი ან დაკავებული ტერიტორიების ერთობლიობა გაცილებით მეტია, ვიდრე ხუდონის წყალსაცავის. მე ეს ციფრებიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ხალხი ამისთვის მზად არ არის. ჰესს როცა ვაშენებთ, კეთდება წყალაღების სათავე-ნაგებობა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი შეტბორვის დონე, უნდა მოეწყოს გზები, კომუნიკაციები. ამ ყველაფრის ათვისებას ენერგეტიკაში ტერიტორიის გასხვისება ჰქვია, ანუ სახელმწიფომ ეს მიწა ენერგეტიკას მისცა, ეს იქნება მცენარეული საფარი, ხიდები, სახლები, ეზოები, უამრავი რამ. რამდენი რამ მოგვარდა ხსენებული სადგური რომ აშენებულიყო, მე კი ვიცი, მაგრამ ხალხმა არ იცის და ჰგონიათ, რომ უმტკივნეულოდ მოხდა. მესტია-ჭალის ჰესზე რომ არის ატეხილი აჟიოტაჟი, არ გვინდაო, ვფიქრობ, ძალიან ცუდს აკეთებენ, როცა დაუსაბუთებლად აკეთებემ ასეთ განცხადებებს, როცა მშენებლობა დამთავრების სტადიაშია. მეპატრონემ ან მშენებელმა რატომ არ აუხსნა ხალხს, რა შედეგი ექნება ამ ჰესს, ყველა პარამეტრებით, რასაც ეკონომიკის და სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია, მისაღები ობიექტია. როგორც გითხარით, მცირე და საშუალო სადგურები, რაღაც ამოცანებს კი წყვეტენ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა.

გარანტირებული სიმძლავრე, ზამთრის ენერგია, აკუმულირებული ენერგია ხუდონჰესის სახით მთლიანად ანეიტრალებს ამ 22 სადგურს, ამიტომ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ხუდონჰესის აშენების საკითხს და სასწრაფოდ გადავწვიტოთ. ენგურჰესის უფრო მეტად ეფექტურობისთვის, ჰიდროსააკუმულაციო დანადგარი და ვარდნილჰესები რომ ამუშავდება და ამას ხუდონჰესიც დაემატება, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. ენგურჰესისა და ხუდონჰესის ერთ სქემაში მოქცევა, მათი ენერგეტიკული ურთიერთკავშირი, დამატებითი ეფექტის და მოგების მიღების საშუალებას იძლევა. მე ამას რომ ვამბობ, დაინტერესებულ პირად მთვლიან, რადგან ის ინსტიტუტია იმ პროექტის ავტორი, რომლის დირექტორიც ვიყავი წლების განმავლობაში. მე რა თქმა უნდა ლობირებას ვუწევდი ამ პროექტს სიმპოზიუმებზე, სამთავრობო სტრუქტურებში, ექსპერტთა წრეებში და წარმატებასაც ვაღწევდი, მაგრამ ეროვნული მოძრაობის პირობებში, როდესაც ძალიან გამძაფრდა დამოკიდებულება ეკოლოგიის მიმართ, ვერ განვახორციელეთ, ისეთი საზიანო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელმაც 25 წლით უკან დაგვხია, ამ პერიოდის დანაკარგებმა ძალიან დიდი ციფრი შეადგინა.

პირადად მე, ყოველთვის მხარს ვუჭერდი და დღესაც ასე ვარ განწყობილი, რომ სვანეთის იმ უბანში მცხოვრებ ხალხს, მაქსიმალური პირობები შეექმნას, ისე არა, რომ ფული მივცეთ და გავუშვათ, სახლიც უნდა ავუშენოთ, თანხაც მივცეთ, ვეცადოთ სვანეთში დავამაგროთ, კომპენსაციის თანხა შევიდეს ამ კომპლექსის დანახარჯების ნუსხაში, ეს უზრუნველვყოთ. გადაუჭრელი საკითხი არ არსებობს, ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება, სვანებთან საერთო ენის გამონახვა პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მათ უნდა აუხსნა, რომ ეს მარტო მათი საქმე კი არა, სახელმწიფოებრივი საქმეა და სახელმწიფოს რთულ მდგომარეობაში ვარდება, როცა ხსენებული პროექტის განხორციელების საშუალებას არ აძლევ. ამის უფლება არავის აქვს, ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხები კანონმდებლობით არის დარეგულირებული. ვფიქრობ, სახელმწიფომ კორექტირება უნდა შეიტანოს ენერგეტიკისადმი მიდგომებში და საზოგადოებასაც გააცნოს თავისი გეზი და სტრატეგია.

რაც შეეხება ენგურის ზედა ბიეფის ათვისებას (ხუდონის ზემოთ), პირდაპირ ვაცხადებ, ჩვენმა ინსტიტუტმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ძირფესვიანად შეესწავლა ენგურის ხეობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური და ენერგეტიკული საკითხები. 33-მა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დადო დასკვნები, რომ ხუდონის ზევით მაღალი კაშხლების და დიდი წყალსაცავების მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, უნდა შეიცვალოს საშუალო და მცირე ზომის ენერგეტიკული ობიექტებით. ამის შესახებ მედიასა სხვა წრეებში რომ ვისაუბრე, ეს ძველებური მიდგომაა, ძველებური ხედვები დღეს არ გამოგვადგებაო. მინდა ჩემს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს ვუთხრა, ჩვენ წარმოშობის და მრავალფეროვნების თვალსაზრისით, უძველესი მიწა-წყალი გვაქვს, რადგან ძველია, არ ვარგა და გადავსახლდეთ აქედან?! ზემოხსენებულ დასკვნებს მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები აწერენ ხელს, ვიღაც გუშინ გამოჩეკილი ექსპერტები კი არა, ისიც რომ არ იციან, რა არის ენერგეტიკა. ამ თემას ჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და რეგულირება, კიდევ ერთხელ მკვეთრად ვაყენებ საკითხს, ყველა მდინარის და წყლის რესურსების ენერგეტიკული გამოყენების პერსპექტივები და ცხვა მრავალი შესაძლებლობები სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს გააზრებული, მოწონებული. და მხოლოდ მას შემდეგ უნდა ხდებოდეს სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

როცა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იღწვის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა დარგების უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან. ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, საქართველოში დემოკრატიამ ეკონომიკას გაასწროო, მეც ასე ვფიქრობ, და აქვე იმასაც დავამატებდი, რომ, ენერგეტიკა ეკონომიკას ჩამორჩა. ამ დროს პირიქით უნდა იყოს – ენერგეტიკამ უნდა გაასწროს ეკონომიკას, ის იმდენად უნდა იყოს წინ წასული, რომ ვერავითარმა კატაკლიზმებმა და სტრატეგიული გეგმიდან გადახვევებმა, რომელიც მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, ვერ უნდა შესძლოს მისი შერყევა და საფუძვლის გამოცლა.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0