განაჩენი

ვახტანგ ხარჩილავა:

10 ივნისის აქცია ჩაიშალა, ამის მიზეზი კი არც ხელისუფლების ზეწოლა ყოფილა, არც რაიმე სხვა გარე ფაქტორი -  აქცია მისი ფარული ორგანიზატორის და იდეოლოგის, "ნაცმოძრაობის" გამო ვერ შედგა.

ეს უკვე ის საბოლოო განაჩენია, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა `ნაცმოძრაობის~ სისხლიან რეჟიმს და მის წარმომადგენლებს.
ქართველ ხალხს არა მარტო ნაცები, არამედ მათთან რაიმე სახით დაკავშირებულ სხვა პოლიტიკოსებთან თუ არაპოლიტიკოსებთან თანამშრომლობა სურს.
აქციის ჩაშლაში ლომის წილი შეიტანა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც კარგა ხანია, სააკაშვილის პარტნიორად და სატელიტად ითვლება.

"ვამბობთ ლენინი და ვგულისხმობთ დიდი პარტია, ვამბობთ პარტია და ვგულისხმობთ დიდი ლენინი".
სააკაშვილიც და ნათელაშვილიც ასე არიან და როცა დიდმა შალვამ თავისთან კარავში უხმო სხვა ყარტაყურტა ოპოზიციურ პარტიებს, იქ დამთავრდა 10 ივნისის აქციის ყოველგვარი პერსპექტივა - რა შალვას უხმია და რა მიშას - ასე ჩათვალეს მოქალაქეებმა (არა მარტო მოქალაქეებმა, არამედ პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმაც) და აქციაზე არ მივიდნენ.

ამ აქციაზე კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი მოხდა _ აქციაზე სახელწოდებით "ნუ მომკლავ", არ გამოჩენილა არც ერთი შვილმოკლული მშობელი, რომელსაც შვილი "ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის დროს მოუკლეს.

არადა, ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ ვიღაცამ იზრუნა იმაზე, რომ ისინი აქციაზე არ მისულიყვნენ და თუ მაინც გამოჩნდებოდნენ, მათთვის მიკროფონთან მისვლის საშუალება არ უნდა მიეცათ.

ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ აქციის ქვეტექსტი პოლიტიკური ხასიათისა იყო და მისი მთავარი აქცენტი "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და არა ზოგადად ძალადობის და განუკითხაობისკენ.

ამაზრზენი ფარისევლობა და უტიფრობაა, როცა თავად მკვლელები, რომლებიც მიზეზთა და მიზეზთა გამო სათანადოდ არ დაისაჯნენ, დღეს სხვის მსაჯულებად და ბრალმდებლებად გამოდიან.

- როგორ ახსნით იმას, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებით აშინებს. ექვსი წელი გავიდა უკვე, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში არ არის და ეს დრო საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ამ პარტიაზე არ ვილაპარაკოთ? - ასეთ კითხვას სვამდა და მიამიტურად აფახულებდა თვალებს ნიკა გვარამია, რომლის ბოლოდროინდელი საქციელები აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ეს კაცი მთლად საღ ჭკუაზე არ არის.

თუ გავიხსენებთ, როგორ კოტრიალობდა დივანზე და როგორ აფხარკალებდა ფეხებს ვითომ სიცილისგან ჩაბჟირებული ეს დირექტორი კაცი ვანო ჯავახიშვილის შოუში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გვარამიას კრამიტი დაუცურდა.

ჰოდა, ამ კრამიტდაცურებულ გვარამიას გვინდა შევახსენოთ, რომ არსებობს კატეგორია დანაშაულებისა, რომლებიც დავიწყებას და გადაფასებას არ ექვემდებარება.

სწორედ ამ დანაშაულთა რიგს მიეკუთვნება იმ დანაშაულთა მთელი წყება, რომლებიც ნაციონალებს აქვთ ჩადენილი და რომლებშიც ბოლო დროს გაბავშვებულ გვარამიას თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა სახიფათო და დამანგრეველი შეიძლება იყოს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის დაუსჯელობის სინდრომი, როცა დაუსჯელობით გაპარპაშებული და გათავხედებული დამნაშავეები და კრიმინალები უკან, ხელისუფლებაში, აპირებენ მობრუნებას, რომ საბოლოოდ წაშალონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობების კვალი, რასაც ისინი ახალი დანაშაულობების ჩადენის გარეშე ვერ შეძლებენ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ამ ყველაფერს სადღაც უნდა დაესვას წერტილი, ეს ყველაფერი სადღაც უნდა დამთავრდეს, რაც შეუძლებელია, თუ არ გასრულდა 6 წლის განმავლობაში გაჭიმული კოაბიტაციის პროცესი, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა "ქართულ ოცნებას" და ქართულ სახელმწიფოს.

ქართველმა ხალხმა არ მიიღო კოაბიტაცია, ქართველი ხალხი ვერ შეეგუა კოაბიტაციის მავნებლურ ზნეს და შინაარსს.

მას არც "ნაცმოძრაობასთან" სურს თანამშრომლობა, არც "ნაცმოძრაობის" განაყოფებთან, არც "ნაცმოძრაობის" სატელიტებთან.

აი, ამის დასტური იყო 10 ივნისის აქცია, რითაც, ფაქტობრივად, სამუდამოდ დამთავრდა გაკოტრებული და გაბითურებული "ნაცმოძრაობის" ფაფხური.
10 ივნისი -  "ნაცმოძრაობის" გარდაცვალების დღეა!

ცხედრის დამარხვა ნაწილ-ნაწილ, 2020 წლის შემოდგომამდე.скачать dle 12.0