სააკაშვილის ფიასკო

ლალი მოროშკინა: ამბიციური სააკაშვილისთვის ასეთი დასასრული სრული ფიასკოა! ვინ და როგორ სცადა შვილმოკლული მამის სამართლიანი პროტესტის გამოყენება, მოტყუვდა თუ მოატყუეს სააკაშვილი და რა გაგრძელება მოჰყვება რუსთაველის გამზირზე დროებით შეჩერებულ აქციებს? „საერთო გაზეთს“ ლალი მოროშკინა ესაუბრა:

– გულწრფელად თანავუგრძნობ შვილმკვდარ მშობლებს, რომლებიც თუნდაც საპროტესტო აქციებში ცდილობენ იპოვონ შვება და ვწუხვარ, რომ ორკაციანმა პარტიებმა და გაკოტრებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ხალხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ცუდ მდგომარეობაში ჩაყარა. ზუსტად ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში სერიოზული განხეთქილებაა. ეს აკო მინაშვილის სიტყვებმაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ აქცია მათი ორგანიზებული არ იყო და უბრალოდ, მხარდასაჭერად მივიდნენ. ცხადია, ეს უკან დახევა იყო. დილიდან ვამბობდი, რომ ნაციონალები ხალხის სიმცირეს შალვა ნათელაშვილს და აქციის სხვა ორგანიზატორებს გადააბრალებდნენ და ასეც მოხდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ხალხი პოლიტიზირებულ და მარგინალიზირებულ აქციაზე არ მივიდოდა და არც იმ უგუნურ მოთხოვნებს აჰყვებოდა, რომლებიც გაისმა. სამწუხაროდ, ზოგს უბედურებამ დაუბრმავა თვალები, ზოგს (ნაცმოძრაობის აქტივისტებს ვგულისხმობ) ფულმა, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს აქცია დაფინანსებული იყო. ისიც ცხადია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ასეთი ფიასკო 2012 წლის შემდეგ არ განუცდია.

სააკაშვილი მოატყუეს, რომ საპროტესტო მუხტი დიდია და, ასე ვთქვათ, გირგვლიანიზაციის პროცესი იგეგმებოდა. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და განსაკუთრებით ამბიციური სააკაშვილისთვის აქციების ასეთი დასასრული ფიასკოა! აშკარაა, რომ ის ენდო ცრუ ინფორმაციას და მძიმე შეცდომა დაუშვა. სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან თავისივე თანაგუნდელები რიყავენ პოლიტიკიდან. ასე, რომ გასაკვირი არაა, რომ პარტია შიგნიდან გაიხლიჩა.

– როგორ ფიქრობთ, რა იქნება ნაციონალური მოძრაობის შემდეგი სვლა, აქციები გაგრძელდება თუ არა?

– ჩემი აზრით, ეს დასრულებული ამბავია. მე ამჟამად რეგიონში ვარ და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ დადიოდნენ, ხალხს10 ლარს პირდებოდნენ და აქციაზე მისვლას თხოვდნენ და 1000 კაცზე მეტს ვერ შეაგროვეს. პირდაპირ ეთერში ერთი ქალბატონის სიტყვები გაეპარათ, რომელიც ამბობდა ჩამომიყვანეს და თუ ბინის ფულს გადამიხდიან, კიდევ დავრჩებიო. ვფიქრობ, ამ აქციების შემდეგ სააკაშვილს ტაიმ-აუტის აღება მოუწევს, რომ ადამიანებს საკუთარი მარცხი დაავიწყოს. ახლა დაიწყება ხმაურიანი და ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები და ყველა ერთად, თავიდან გავივლით იმ უბედურებას, რაც ხორავას ქუჩაზე დატრიალდა. ამ საშინელი ტრაგედიით ორივე მხარე და ქვეყანა დაზარალდა, იმიტომ, რომ გარდაცვლილები არასრულწლოვანები არიან, მაგრამ საქმეს პოლიტიკური გაგრძელდება ვერ მოჰყვება, რადგან რეალურად, ეს არ იყო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და რეჟიმის დროს დახოცილი სხვა ახალგაზრდების მსგავსი საქმე. ეს იყო სკოლის მოსწავლეების საქმის გარჩევა, რაშიც პირველ რიგში, სკოლაა დამნაშავე. სკოლის ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცოდა, რომ ბულინგი არსებობდა. ნებისმიერი სკოლის ხელმძღვანელობა თავად უნდა აგვარებდეს ამ პრობლემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს.

– ბუნებრივია, ეს ერთი დღის პრობლემა არ იყო და სკოლას შეეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება.

– სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, რომ ფაქტზე ინფორმაცია პოლიციის განყოფილებისთვის გადაეცა, რომელიც ოჯახებთან და არასრულწლოვანებთან მუშაობს. სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოზარდებთან უნდა ემუშავათ ფსიქოლოგებს და სოციალურ მუშაკებს, მაგრამ ამ თემის დროში გაჭიანურება მოხდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ სკოლის დირექტორს და კლასის დამრიგებელს სკოლაში დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვთ. იქნებ, ეს საზარელი მაგალითი საქართველოს განათლების სისტემისთვის გარდამტეხი გახდეს და მივხვდეთ, რომ ბავშვისთვის დილით საუზმის გამზადება საკმარისი არაა. სკოლებში უნდა დაიწყოს მშობლების მორიგეობა. მეც 51-ე სკოლა დავამთავრე და მახსოვს, რომ ყოველ დღე გვყავდა მორიგე მშობელი, რომელიც სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, პასუხისმგებლობას ინაწილებდა. მანდატური საკმარისი არაა. მშობლები უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში.

– აქციის თემას დავუბრუნდეთ.. როგორც ბრძანეთ, აქციაზე განცდილი მარცხის შემდეგ სააკაშვილი ტაიმ-აუტს აიღებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი თანდათან იკლებს, არა მგონია, ყოფილ პრეზიდენტს შესვენებისთვის დიდი დრო ჰქონდეს.

– იცით რატომ იყო ნაცმოძრაობა აქციაში ასე აქტიური ჩართული? იმიტომ, რომ საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები ჩამოვიდნენ. სააკაშვილს ბრალი ედება ომთან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებში. ის შეიძლება მალე ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს. სააკაშვილი განაჩენს ელოდება და ძალიან განერვიულებულია. სწორედ ამიტომ აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის ცდილობს ჰააგის პროკურორებს ხალხის უკმაყოფილება აჩვენოს. „ევროპული საქართველო“, სადაც გაცილებით ჭკვიანი ძალაა კონცენტრირებული, დიდი ხანია მიხვდა, რომ ჰააგის მიერ დასჯილი ექსპრეზიდენტი მძიმე ტვირთია და ამიტომაც გაემიჯნენ. აქეთ დარჩა მთლიანად გამარგინალებული და შეშინებული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც როგორც კი ტრიბუნალი განაჩენს გამოიტანს, კანონგარეშე გამოცხადდება.

– ფიქრობთ, რომ ჰააგაში სააკაშვილს გაამტყუნებენ?

– ამას თვითონ სააკაშვილი ფიქრობს. მე მოვისმინე მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ პუტინმა და ივანიშვილმა ყველა მოისყიდეს, მათ შორის, ჰააგა. ძალიან მძიმე ბრალდებაა ანგაჟირებული და მოსყიდული ეძახო ტრიბუნალს, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა და მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ერთ ერთ ყველაზე სამართლიან ორგანოდ ითვლება. ვფიქრობ, სააკაშვილს ასეთი ცილისწამება ძვირად დაუჯდება და ეს შიში ალაპარაკებს. აი, ეს პრობლემა უნდა გადაეფარა ამ აქციებს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ხალხი გაცილებით ბრძენი აღმოჩნდა.

– მოსალოდნელია თუ არა, ისევ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის „საქმის ჩაფარცხვა“ და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება?

– არა მგონია. ეს იყო წითელი ბარათი, რომელიც მთავრობამ ჯეროვნად შეაფასა და არ მგონია, რომ გახარია და წულუკიანი იმდენად არაშორსმჭვრეტელები არიან, რომ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანონ. ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში გარკვეული ცვლილებები და პოლიტიკის გადახედვა მოხდება. სავარაუდოდ, თანამდებობებს დატოვებენ ადამიანები, რომლებიც აშკარა საბოტაჟზე მუშაობდნენ და ბევრი ადგილი გამოთავისუფლდება პატრიოტებისთვის, რომლებიც დღესაც სახლში სხედან. რაც მთავარია, მე ველოდები „ქართული ოცნების“ გუნდის განახლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და საბოლოდ უნდა დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ყველაზე საშიში და მავნებელია.

ნელი თორდია
скачать dle 12.0