"ამ აქციების უკან, ვფიქრობ, რუსული სპეცსამსახურები დგანან"

გვესაუბრება უფლებადამცველი, ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე

– ბატონო ნიკოლოზ, ზაზა სარალიძის მოთხოვნები შვილის მკვლელობის გამოძიებიდან პოლიტიკურ ულტიმატუმებში გადაიზარდა. რას იტყვით ამის შესახებ?


– გამოძიებაში, ცხადია, ხარვეზები იყო, რომელთა აღმოფხვრას შეეცადა ახლანდელი ხელისუფლება, მაგრამ სიტუაციას ვხედავთ მაინც, როგორიც არის.
მირზა სუბელიანი დააკავეს, მაგრამ სარალიძემ განაცხადა, მისი ცოლის დაკავებასაც ვითხოვო. ცოტა ხანში, ვინც გვარად სუბელიანია, ალბათ, ყველას დაჭერას მოინდომებს.

მე, მართალია, არ ვიცი, სუბელიანის ცოლს რა როლი ეკისრება ამ საქმეში, მაგრამ გამოძიება შეკვეთით არ ხდება და რასაც ითხოვდა ზაზა სარალიძე, იმაზე მეტი კეთდება. ყველა შევდივართ მის მდგომარეობაში, თუმცა ეს კაცი, როგორც ჩანს, სხვა თამაშს თამაშობს. 
ფაქტია, რომ ვიღაცების სურვილია, ამ შემთხვევისგან გირგვლიანი 2 შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ. გირგვლიანის დედას არც ერთი მთავრობის წევრი არ შეხვედრია, არავის არაფერი გაუკეთებია ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, თანაც გირგვლიანი უშიშროების თანამშრომლების ხელით მოკვდა, ზაზა სარალიძის ვაჟი კი თანატოლებმა იმსხვერპლეს.

ცხადია, გარკვეულ ჯგუფებს სურთ, სარალიძის თემას პოლიტიკური სარჩული მისცენ და თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.
ზვიად კუპრავამ თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა კიდევაც: ჩვენ არ გვაინტერესებს, სუბელიანს დაიჭერენ თუ არა, ჩვენ გვინდა ამ ხელისუფლების დამხობაო. პირდაპირ ამბობენ ამას.

ანუ გამოდის, რომ სარალიძეც ხელისუფლების დამხობას ითხოვს.
ამასწინათ მე მივმართე კიდევაც ზაზა სარალიძეს:

– ღმერთმა გვაშოროს და ვინმე რომ კიდევ მოკლან, შენი შვილის მკვლელები რომ ამოუდგნენ გვერდში იმ მოკლულის ახლობლებს, მოგეწონებათ-მეთქი? აბა, ახლა როცა მკვლელების გვერდით დგახარ, როგორღა ითხოვ, ხალხმა დაგიჭიროს მხარი-მეთქი?! ნაციონალურ-ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ვერა და ვერ გასამართლდა და რომელსაც ხალხმა 2012 წელს განაჩენი გამოუტანა, თითქოს ეს ამბები სარალიძემ არ იცოდეს, მაინც გაიძახის, არ მაინტერესებს არაფერი, ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონო. რას ნიშნავს, კაცო: შენი შვილის მკვლელები რომ დაისაჯონ, სხვისი შვილების მკვლელები უნდა დაგვასვა თავზე? ეს გინდა? 

ზაზა სარალიძე თავისი ქმედებებით საკუთარ შვილს ხელახლა კლავს. 
სარალიძეს უნდა ამ ხელისუფლების ჩამოგდება და, მგონი, სულ აღარ აინტერესებს, როგორ დამთავრდება გამოძიება.

– 10 ივნისს აქციაზე პირდაპირ ისმოდა ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნები.

– როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობაზე მიმდინარეობს მოწოდებები, ძალადობრივი მოთხოვნები და მუქარები ჟღერდება, ეს არის დანაშაული და მე, როგორც უფლებადამცველი, ვაცხადებ, რომ სახელმწიფო წესრიგის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ასეთ დროს, აქციების ორგანიზატორები დაკავებული იქნენ. როდემდე უნდა ვითმინოთ ამათი პარპაში?!

ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის, რომ ბოკერია, რომელიც პროკურატურაში ჩვენებებს უნდა იძლეოდეს, დაკითხვებზე უნდა დარბოდეს, აქეთ იბარებს პროკურატურას და ადანაშაულებს, მკვლელობის საქმე ვერ გამოიძიეთო. სატირლად გვაქვს საქმე _ კაცი, რომელიც დაჭერილი უნდა იყოს, აცხადებს: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ კოჰაბიტაცია `ოცნებასთანო~. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია, ვითხოვთ ჩვენ, კოჰაბიტაცია შეწყდეს ნაცებთანო. ახლა თვითონ ითხოვენ პირიქით.

მე ვფიქრობ: ეს კომისიაც და ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ამათი მოსაწონი მაინც არ იქნება. ამათი მიზანი არის ხელისუფლების ჩამოგდება.

არასამთავრობო სექტორიც, რომელიც გულში ჩაიხუტა ამ ხელისუფლებამ და სამოქალაქო სექტორად მონათლა, უკან მოგვიბრუნდა ბუმერანგივით, რადგან საქართველოში დღეს არავითარი სამოქალაქო სექტორი არ არსებობს. ესენი არიან ნაცსექტის განშტოებები.

სოროსის ფონდს ერთი თეთრიც რომ არ გამოუყვია იმ დახვრეტების და სისხლისღვრების გამოსაძიებლად, რაც იყო სააკაშვილის დროს, ახლა ამოიდგა ენა ქალბატონმა ხუციშვილმა და აფინანსებს და აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ხელისუფლების დამხობაზეა ორიენტირებული. 

ზურაბ ადეიშვილი გადასაყენებელი იყო კი არა, დასაჭერი იყო, მაგრამ იმ ხუციშვილს და არასამთავრობოებს, ბოდიში და, ცოცხი ჰქონდათ, მგონი, გაკეთებული პირშიც და ყველგან და ხმა ჰქონდათ ჩაკმენდილი.
ჩართავ ტელევიზიებს და ისეთი ინფორმაციები მიდის, შეიძლება ღამე არ დაგეძინოს. თანაც, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ნაცები იყვნენ უმრავლესობაში, სინამდვილეში, ესენი არიან ერთი მუჭა ნაძირლები.

– აბა, 500 000 მხარდამჭერი გვყავსო?

– 500 000 კაცი რომ ამათ მხარს უჭერდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდნენ. 500 000 კი არა, 10 000-საც ვერ კრებენ ეს საცოდავები.
დღეს კარგად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. მორიგი მცდელობა მიმდინარეობს ხელისუფლების ხელში ჩაგდების. ჯერ იყო და, რუსული ხელისუფლება გვმართავსო, მერე ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ლახავსო, მერე მედიაზე ზეწოლაო, ნარკოტიკების ლეგალიზაციაო, ყველაფერი ჩაუფლავდათ და ახლა საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას ეხებიან, ვითომდა საქართველოში ბავშვებს ხოცავენ და მიზეზები არ დგინდებაო და ა. შ.
სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის ლიდერები უნდა დააკავონ!

ნიკოლოზ გვარამია ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეჭირათ, აქციაზე ქალბატონს რომ აგინა.

– შესაძლებელია თუ არა ამ პროტესტს სახელმწიფოს გარედან დასაყრდენი ჰქონდეს?

– არჩევნებით ესენი ვერ მოიგებენ და ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს არის ხელისუფლების დამხობის გზა. ამ პროცესებში კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რუსული კვალი იკვეთება. მე თვალს ვადევნებ უცხოურ ტელევიზიებს, ბი-ბი-სი-ს, ევრონიუსს, სნნ-ს, არც ერთს არ გაუშუქებია ეს აქციები, ერთადერთი რუსეთია ორიენტირებული ამ ამბებზე. რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო ნაციონალური ხელისუფლება, რადგან მათ ლანგარზე დადებული მიართვა სააკაშვილმა აფხაზეთი და სამაჩაბლო და ყველა სტრატეგიული ობიექტი. შვილი მამას არ გაუკეთებს, რაც მიშამ რუსებს გაუკეთა. მე ვფიქრობ, რუსული სპეცსამსახურები ჩართულნი არიან ამ საქმეში და როგორც თავის დროზე სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში ბორია ივანოვმა, არ გაგვიკვირდეს, რომ ასეთივე სცენარი კიდევ განმეორდეს.

დასავლეთს უკვე ფეხებზე ჰკიდია ნაცები და სააკაშვილი.
ერთადერთი, ვისაც სურს აქ სიტუაციის არევა, არიან რუსები.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველომ დაიწყო სტრატეგიული მოლაპარაკებები ჩინეთთან, ნატოს საწვრთნელი ბაზები განთავსდა ჩვენს ტერიტორიაზე და ა. შ.

რეალურად ვხედავთ, რომ ფული მოდის, სავარაუდოდ, იმ ოლიგარქებისგან, რომლებიც სააკაშვილს დასაყრდენად ჰყავს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ მიტინგზე ვერ შეკრებენ ისეთ რაოდენობას, რომ ხელისუფლების რევოლუციური შეცვლის სცენარი განხორციელდეს, თუმცა მე გაკვირვებული ვარ იმ ლუსტრაციით, რაც ხდება. შალვა ნათელაშვილს დაავიწყდა, ნიკა გვარამია რუსეთის აგენტს რომ ეძახდა?!

ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. აქციებისთვის ფულს ნაცები იხდიან. შალიკო ნათელაშვილი იქ იმიტომ ბოგინობს, რომ ვიღაცებს თვალი აუხვიონ, ვითომდა საერთო აქციაა და არა ნაცებისო, ამათი სიტუაცია რას ჰგავს, იცით? ლამაზი ქალი რომ იდგეს ქუჩაში და სინამდვილეში ტრანსგენდერი რომ იყოს.
ვისაც მიტინგები მიჰყავს, პოლიტიკური ტრანსგენდერები არიან. რეალურად, მათი სახე არის პოლიტიკური პუტანკობა სქესის განურჩევლად. თუ ნათელაშვილი და ლეიბორისტები ადრე ფარულად იყვნენ სააკაშვილის სატელიტები, ახლა ღიად გაცხადდა ყველაფერი.

– ნათელაშვილსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და ინტერესები დაემთხვა. არ შეიძლება ასე იყოს?

– თუ ხელისუფლების შეცვლა უნდა, ცალკე დადგეს და ჩაატაროს მიტინგები, რატომ დგება მკვლელებთან?

წარმოგიდგენიათ, 1945 წლის მერე ვიღაცას დაეწყო ბრძოლა გერმანიის უკეთესი მომავლისთვის და გერინგთან და გებელსთან ერთად მოეთხოვა ეს? ან ებრაელები რომ მდგარიყვნენ ნაცისტების გვერდზე და ეძახათ _ ებრაელი ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვითო?!
თუ ვინმეს ეს ხელისუფლება არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხვრის ქურქში გახვეული კრიმინალები დავისვათ თავზე.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0