მამუკა ბახტაძე: "განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია იქნება ჩვენი უპირობო პრიორიტეტი"

განათლებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა იქნება მომტანი იმ ეკონომიკური შედეგისა, რომელიც  საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა ორიენტირებული იქნება თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე.

„ახლა კი მსურს მოგახსენოთ ის კონკრეტული პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ხედვა. პირველი – ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია გავხადოთ შეუქცევადი. ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ ინტეგრაციას აღნიშნულ სტრუქტურებში, არამედ ღირებულებით კავშირებს და დასავლური პრინციპებისადმი ერთგულებას. უნდა მოხდეს სრული ჰარმონიზაცია განათლების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და მრავალი სხვა მიმართულებით. ჩვენ ამ საკითხში გვაქვს მიღწეული ძალიან დიდი წარმატება და ამ წარმატებას სჭირდება შემდგომი განმტკიცება. მეორე – ჩვენ გავატარებთ ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს. ამ რეფორმების შედეგად მივიღებთ ეკონომიკის ისეთ მოდელს და დავამკვიდრებთ თამაშის ისეთ წესებს, რომლებიც იქნება სამართლიანი და აისახება თითოეულ ოჯახზე, თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ასე დავძლევთ სიღარიბეს და ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. მესამე გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია. ჩვენ გვჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატია.

ეს იქნება სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლი. მეოთხე – განათლება, ჩვენი ახალგაზრდობა და ინოვაცია. ეს იქნება ჩვენი უპირობო პრიორიტეტი. სწორედ განათლებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა იქნება მომტანი იმ ეკონომიკური შედეგისა, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებულ ეკონომიკათა, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. შესაბამისად, მთავრობა აუცილებლად განახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს და მივმართავთ ამ სექტორში მასშტაბურ ინვესტიციებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე უფრო დეტალურად შემდგომ მოგახსენებთ. და ბოლოს, მეხუთე და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის ადამიანი და მასზე ზრუნვა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. შესაბამისად, ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა ორიენტირებული იქნება თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე. ეს ხუთი პრინციპი საფუძვლად დაედება და ლაიტმოტივად გაჰყვება მთავრობის საქმიანობას მომდევნო წლებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.скачать dle 12.0