ჩემი საქართველო აქ არის

კეშას ბლოგი
_______________________
– სიზარმაცეში, დავიწყებაში, ხვალისთვის გადადებაში…
ყველაფერი გვეზარება – ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ და ვყრით… სტატუსების დაწერით ვიოხებთ გულს და მეზობლებთან ჭორაობით გაგვყავს დრო.

ქვეყანა კი გვეღუპება, სიზარმაცეში გვეხრჩობა ქვეყანა.
ნაცების განდევნაც გვეზარებოდა, მთელი ცხრა წელი გვეზარებოდა – ვეტყოდით, გვიპასუხებდნენ, ვუპასუხებდით, დაგვტუსქავდნენ, დაგვტუქსავდნენ ას და ორასს ადამიანს და დანარჩენ ორასი ათაას, დანარჩენ ორ მილიონს, იმ ორასის გვერდით დადგომა გვეზარებოდა…
დაარბიეს 7 ნოემბერს აქცია, ცრემლსადენი აირით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური თოფებით და წყლის ჭავლით დაარბიეს, ზოგი სცემეს, ზოგი ძალიან სცემეს, ზოგს თავი გაუტეხეს, ზოგს თავიც არ შეარჩინეს და 8 ნოემბერს – ქვეყანამ მშვიდად მისცა ხელისუფლებას უფლება, რუსთაველი დაელაგებინა, სისხლი აეწმინდა რუსთაველიდან – ქუდზე – კაცი, კაბაზე – ქალი არ გამოვიდა მეორე დღეს რუსთაველზე. შეგვეშინდა? – რისი? შეუძლებელია მთელ ერს მოერიოს პოლიცია, შეუძლებელია მთელ ქვეყანას მოერიოს ჯარი – ყველას ხომ ვერ დაგვხოცავდნენ – უბრალოდ, დაგვეზარა… 9 ნოემბერსაც დაგვეზარა და 10 ნოემბერსაც…

გავუშვით ნაცები, ჩვენ არა, თავად ნაცებმა გაყიდეს ნაცები და წავიდნენ და ახლა დასჯა დაგვეზარა – აუ, დაიჭერ ნაცს და ატეხენ დანარჩენი ნაცები მთელ ამბავს, დაგემუქრებიან სტრასბურგით, დაგემუქრებიან ამერიკით და აღშფოთებისთვის მუდამ მზადყოფნაში ევროპით – ხოდა, დავეზარა – უმტკიცე ახლა სტრასბურგს, ეომე ახლა ინფორმაციულად ნაცებს, უხსენი ახლა ამერიკას და ევროპას – რომ ყოფილი მთავრობის წევრებზე მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია გაქვს – ამიტომ, დავწვით ინფორმაცია, ფერფლს გავატანეთ სამართალია…
ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ 51-ე სკოლის დირექტორს 6 თვე ეზარებოდა მოკლულ მოსწავლეზე კარგის თქმა, 6 თვე ათრევინა ჭორს და სიბინძურს, 6 თვე სილაში ედო სირაქლემასავით თავი…

ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ ლგბტ საზოგადოება, თუ მთელი წლის მანძილზე, ეწევა თავისი თავის პროპაგანდას და აგიტაციას – ჩვენ მხოლოდ 17 მაისს გვახსენდება, 17 მაისს გვეწვება ჯიგარი…
ისე ზარმაცები ვართ, რომ ერის სიწმინდეზე საუბარს საუბრით ვამთავრებთ, არ ვაპროტესტებს გაბორდელებულ ქალაქს – კანონიერია ბორდელები? კანონიერად ზის 16 წლის გოგო ზრდასრული კაცის მუხლებზე შუა აღმაშენებელზე?
აპოლიტიკურობა მოგვინდა… ჩვენ მოგვინდა აპოლიტიკურობა? პარადოქსიც აღარ არის, სასაცილოა… როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში აპოლიტიკური იყოს რამე, როცა არც ერთხელ არ გამოვსულვართ ქუჩაში პოლიტიკური პარტიების შეძახილის გარეშე? არც ერთი სოციალური მოთხოვნის გამო არ გადაგვიკეტია რუსთაველი?

რატომ? – არ გვშია და არ გვწყურია?

ჩვენ გვეზარება პასუხი მოვთხოვოთ ჩინოვნიკებს და მერე გვიკვირს – გვიკვირს რატომ ეზარებათ მათ პასუხების გაცემა.
ჩვენ არ ვითხოვთ, გვითხრან, სად მიდის ბიუჯეტიდან თანხები, არ ვკითხულობთ, როგორ ხდება, რომ ბიუჯეტი იზრდება და ჩვენ ვპატარავდებით – მერე გვიკვირს, ამა თუ იმ ჩინოვნიკის გაზრდილი ხელფასი, მერე გვიკვირს დარიცხული პრემიები, დარიცხული დანამატები…
ვუყვებით მეზობლებს, მეგობრებს ვუყვებით, ნაცნობებს ვაჩერებთ და საქმის კურსში ვაყენებთ: რამდენი დანამატი და ხელფასი აუღია ამას და ამას, გაოცების გამომხატველი ჟესტიკულაციებით ვიღლებით, ვოხრავთ და საფულეში ვიხედებით – მაგრამ ისევ გვეზარება, გვეზარება კითხვის დასმა ხმამაღლა და ისინიც იწერენ და იჯიბავენ, იჯიბავენ და მდიდრდებიან – ასე იყო და ასე იქნება – სანამ ჩვენ გვეზარება…
ჩვენ სარალიძის მოკლული შვილისთვის სამართლის თხოვნაც დაგვეზარა – დაგვეზარა და მივუგდეთ ნაცებს, მერე კონტრაქცია მოვაწყვეთ, რამდენიმე საათიანი და დავიშალეთ, ისევ ნაცების ანაბარა დავტოვეთ – გავსულიყავით ორასი ათასი ადამიანი და სად გამოჩნდებოდა ორი ათასი ნაცი – ვნახავდით, გამოვსულიყავით ყველა დაბასა და ქალაქში, ორი მილიონი გამოვსულიყავით, ამდენნი მაინც ხომ ვართ დარჩენილნი და ვინ იქნებოდა ნაცი, ვინ მოუსმენდა კუპრავას.

ტყუილია, ტყუილია რომ პოლიტიკოსები წყვეტენ – ხმა ერისა წყვეტს, ხალხის ხმაა გადამწყვეტი – მაგრამ, როცა ერს და ხალხს ხმა არა აქვს, როცა ერს და ხალხს ხმის ამოღება ეზარება, როცა ერმა და ხალხმა რამდენიმე ასეულ ადამიანს დაუთმო ასპარეზი – შედეგი ასეთია – დავტკბეთ.
რა შიში? ყველა მეორე ექსტრემალი ვართ, რომ გვკითხონ… მოტოებით დავრბივართ, პარაპლანებიდან ვხტებით, ახალ ნარკოტიკებს ვსინჯავთ, ავტორბოლებში ვიღებთ მონაწილეობას, ვჩხუბობთ უბანში ორი, ათის წინააღმდეგ, უთანასწოროდ და ამაყად. ყველა მეორე, საკუთარ სიცოცხლეს უაზროდ ვაგდებთ საფრთხის ქვეშ ყოველდღიურად – რა შიში, არ ვართ ჩვენ მშიშრები – ზარმაცები და ნაცარქექიები ვართ.
ნაცარქექიაც კი არ იყო მშიშარა, ისიც ებრძოდა დევს.

ჩვენ გვეზარება ჩვენი მიწის და სახლის დაცვა და მთავრობას ვლანძღავთ, მთავრობას ვთხოვთ პასუხს – უცხოელები რომ ჩვენს ქვეყანაში მიწებს და სახლებს ყიდულობენ – არ მოგვწონს, მაგრამ ვინ მიყიდა უცხოელს, ის მიწა და სახლი – ეს გვავიწყდება.
გვეზარება დაველოდოთ ქართველ მყიდველს, გვეზარება შრომით ვიშოვნოთ ის რამდენიმე ათასი, რომელსაც უცხელი გვიხდის ზედმეტად და ამიტომ, უშრომელად ვუთმობთ მათ ჩვენს მიწა-წყალს, ამიტომ არ ვყიდით ქართველზე.
7 შვილის დედა შეკრულ ბარგზე ზის, არც ერთი ქართველს არ უნდა, რომ სახლი მიაქირავოს, ამდენი ბავშვი სახლს გამიფუჭებსო, იხმაურებსო, მეზობლებს შემიწუხებსო.

თურქი ხომ არ შეუწუხებს მეზობელს, არც არაბი, არც ერაყელი.
თურქს და ერაყელს ქართველი გოგოები რომ მოჰყავს შუღამისას სახლში – ეგ რატომ არ აწუხებთ ქართველ მეზობლებს?
9 ვაჟი რომ გაზარდეს ხერხეულიძეებმა – მაშინაც წუხდებოდნენ, ნეტავი, ქართველები? მაშინაც უკვირდათ, ნეტავი, ბევრი შვილი და ბევრი ბავშვი ერთად?
ბავშვები რომ შიმშილობენ, სათამაშოები რომ არა აქვთ ბავშვებს, ფერად ფანქრებს და სახატავ რვეულებს რომ ნატრობენ ბავშვები – ეგ ხომ არ გვაწუხებს?
კი, ეგაც სიზარმაცეა, გვეზარება ადამიანების მოსმენა, მოთმენა გვეზარება, აღზრდაში მონაწილეობის მიღება გვეზარება, სხვისი ტკივილის გაზიარება გვეზარება, დახმარება გვეზარება.
ისე წინ და წინ წავედით, უკვე ცოლის მოყვანა და გათხოვება გვეზარება, შვილის გაჩენა გვეზარება, მისი მოვლა და პატრონობა გვეზარება.
სიღარიბის ბრალიაო – მეტყვით ახლა და ეგაც ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ სამართლის მოთხოვნა გინდოდათ, მაგრამ კუპრავამ გადაგაფიქრებინათ – ღატაკ ქვეყნებში ყველგან მაღალი შობადობაა – ჩვენს გარდა. აქაც უცნაურები ვართ. აქაც პარადოქსს ვაწვებით. ღატაკს – ღარიბზე მეტი შვილი ჰყავს, ღარიბს – საშუალო მაცხოვრებელზე მეტი, საშუალო მაცხოვრებელს – მდიდარზე მეტი…

უფლის სახლში მოსალოცად შევდივართ და იმის კითხვა გვეზარება – რატომ არის გადაქცეული უფლის სახლი ისევ სავაჭრო დახლად – რა უნდა გასაყიდ პოვიდლოს და მურაბას, რა უნდა გასაყიდ შოკოლადს უფლის სახლში? ვისი მიწიდან მოჰყავთ ეს ხილი და ბოსტნეული, ზეცაში გამოკერებული მიწიდან? ამისთვის ვაჩუქეთ მიწები, რომ მერე იქ მოყვანილი პროდუქცია ოთუსბირად მოგვყიდონ?
თუ იმაზე ზედმეტი მოგყავთ, რაც თავად გჭირდებათ, უპატრონო ბავშვები აღარ გვყავს? აღარ გვყავს გაჭირვებული ოჯახები?
რად უნდა მღვდელს სასტუმრო და ბიზნესი, რად უნდა მღვდელს სასახლე?

ნაცარქექიაც კი ადგა ერთ დღეს და გზას გაუდგა, იმანაც კი მოკლა, ერთ დღეს, დევი, იმანაც დაიწყო, ერთ დღეს, ცხოვრებასთან ბრძოლა…
ჭეშმარიტად, სიზარმაცე – ჩვენი საყვარელი ცოდვაა.
სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით ჭეშმარიტებას, სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით სიმართლეს, სიზარმაცეში ვერ ვიპონით პურს – სანახაობა კი, სანახაობა რამდენიც გვინდა.

ველოდები იმ დღეს, როცა სანახაობის ნახვაც დაგვეზარება…
სიზარმაცე – მკვლელობაა, ქურდობაა – სიზარმაცე, მეძავეობაა – სიზარმაცე, საკუთარი მშობლების და შვილების უპატივცემულობაა – სიზარმაცე, უფლის უსიყვარულობაშია -სიზარმაცე, ცილისწამებლობაა – სიზარმაცე…
ყველა ცოდვის თანაზიარნი ვართ, ჩვენი სიჩუმით და უმოქმედობით, ჩვენ, ასე საყვარლად ზარმაცნიскачать dle 12.0