ჩვენი ქვეყნის პრობლემა ბანკებშია

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, გვესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

– ჩემი აზრით, ნახევარი, ერთი წელი არ არის ის ვადა, რომ სათანადოდ შეაფასო სად იყო დაშვებული შეცდომები, დღეს ახალი ხელმძღვანელების საქმიანობის კრიტერიუმი მიღწეული წარმატებები იქნება, აქედან გამოჩნდება, რამდენად სწორად მუშაობდა წინა მინისტრი. თუ მართლაც არის ობიექტური პრობლემები, რომელსაც მეორე მინისტრიც შეიძლება წააწყდეს, მაგრამ გადაილახება და ტემპის დაბრუნება მოხდება, შესაბამისად ეს უკვე აჩვენებს წინამორბედების ჩავარდნას. ამ ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, მთავარმა პროკურორმა შოთაძემ ჯერ იყო და თქვა, უცხოელ პროკურორებს ჩამოვიყვანთო, რითაც ფაქტობრივად მთელი პროკურატურის დისკრედიტაცია მოხდა. შოთაძის განცხადება იმის მიმანიშნებელი იყო, რომ იგი საკუთარ სისტემაში აღარავის ენდობა, რომელსაც ავტორიტეტი ექნება. ამიტომ მისი გადადგომაც საჭირო იყო, რადგან ჩემი აზრით, ესეც არ იყო მთავრობისთვის ქულების მომტანი. იგივე საპარლამენტო კომისიის შექმნაც, ე.ი. ვაღიარეთ, რომ არ გვყავს სათანადო დონის საგამოძიებო სტრუქტურები? თან რა ხდება, იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, საზოგადოებას "ქართული ოცნების" მიმართაც გააჩნდა კითხვები, რატომ არ ისხდნენ ეს ადამიანები მსჯავრდებულის სკამზე, სამწუხაროდ კომისია შევუქმენით, სადაც უმრავლესობით დავნიშნეთ და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დავავალეთ.

მართალია, "ქართულ ოცნებას" ისეთი შეცდომები არ დაუშვია, რაც ადამიანის ღირსებას შეეხებოდა, არ არის უსამართლობის განცდა, რომ ვიღაცას უმიზეზოდ ჩაგრავენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით იმ ადამიანებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც რას იმსახურებდა. ჩვენ "ქართული ოცნების" ლოიალობასთან გვაქვს პრეტენზია, ის მეტად ლოიალურია წინამორბედებთან მიმართებაში, ვიდრე ამას საზოგადოება მოითხოვს. ასე თუ მივყვებით, პრაქტიკულად ყველგან ხდება იმის აღიარება, რომ, რასაც ჩვენ მოსახლეობას ვპირდებოდით, ვერსად წინ ვერ წავიწიეთ. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვერ აკეთებ, უნდა გადადგე, ეს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მთავრობა სწორად მოიქცა რომ გადადგა, ამით ახალ სამთავრობო გუნდს საშუალება მიეცემა ჩავარდნები გამოასწოროს. დღეს პარლამენტის რეპუტაციაც საკმაოდ შელახულია, ამიტომ ვისურვებდი, რომ პარლამენტმაც თავიდან მიმართოს ამომრჩეველს ახალი მანდატის მოსაპოვებლად, რათა ხელი არ შეუშალოს მთავრობის საქმიანობას, თუნდაც თავისი ასე ვთქვათ, არაპოპულარობით. საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატები არიან ძირითადად მაკონტროლებელი ფუნქციის მატარებელი, ჩვენს კრიტიკა იქნება თუ პოზიცია, ის ძალა უნდა ჰქონდეს, რაც საერთოდ აქვს ავტორიტეტულ ორგანოს.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მთავრობასთან ერთად პარლამენტსაც ჭირდება ახალი ნდობის მოპოვება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტი არ იყოს მთავრობისთვის ასე ვთქვათ, დამამძიმებელი თავისი ავტორიტეტით. პერსონალიებზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ, თვითონ მთავრობის პროგრამა იყო ლიბერალური, უფრო მემარჯვენე, ახალ მთავრობას თუ ექნა მემარცხენე ცენტრისტული პროგრამა, ანუ სოციალ-დემოკრატიული მიმართულებით, რაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ, ძირითადი მიმართულებებიც ეს უნდა იყოს. შესაბამისად, ხელისუფლებაშიც ის ხალხი უნდა იყოს, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, დეპუტატს კითხვას რომ უსვამ, მას რა თქმა უნდა გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა უნდა გააჩნდეს. თუ ისევ ის ადამიანები იქნებიან მხარდაჭერილი, შესაბამისად ეს ჩვენი ხალხის პრობლემა იქნება. არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ საზოგადოებამ თავისი მხარდაჭერა-არმხარდაჭერა ამ გზით დააფიქსიროს, თორემ მიტინგებით პრობლემა არ წყდება. 

ხალხი სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადებას უჭერდა მხარს, მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რამაც ისეთი ინტერესი გააჩინა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილმა ხალხმა სოფლებში დაბრუნება დაიწყო. 2016 წლიდან ეს დარგი აღარავის გახსენებია და შესაბამისად, სოფლად ყველაფერი ისევ ჩაკვდა. ტურიზმი განვავითაროთო, რა სარგებელს მივიღებთ ამით, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც კი უცხოეთიდან შემოგვაქვს. დედაქალაქში მალე გავლა შეუძლებელი გახდება ქრონიკული საცობების გამო, ამდენი ტაქსი არასდროს მინახავს, ლამის მთელი საქართველო თბილისშია ჩამოსული, რომ როგორმე ოჯახი არჩინოს. ქალაქის განტვირთვის ახალ-ახალი გზების ძიებას, იქნებ ჯობდეს პროფესიონალებს დაუჯერონ, ააღორძინონ სოფლის მეურნეობა, ხალხს ადგილზე დასაქმების საშუალება რომ გაუჩნდება, თვიონვე დაუბრუნდება სოფელს..

მთავარი მიზანი ისაა, ხელისუფლებამ შეძლოს იმ გამოწვევების გადალახვა, რომელიც მის წინაშე დგას, საბოლოო მიზანია, ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ და ამას როგორ მიაღწევ, სოფლის მეურნეობით, მაღალი ტექნოლოგიებით, ინდუსტრიალიზაციით თუ საერთოდ უსაქმურობით…დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ისეთი შედეგი მივიღოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა კარგად ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, რეალობა გვიჩვენებს, რომ რომ ვისაც თავისი თავის გამოკვება არ შეუძლია, ის დამოკიდებულია, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებზე და შენი ეკონომიკა ყოველთვის არ არის მდგრადი. ვთვლი, რომ სოფლის მეურნეობა ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენს ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციის განვითარება, დიდი საწარმოები, წარმოუდგენლად მიმაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბაზარი ძალიან მცირეა. აქცენტი მცირე საწარმოებზე, იმ გადამამუშავებელი საწარმოებზე უნდა გაკეთდეს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან იქნება დაკავშირებული. საკუთარი დარგის წარმოება-განვითარება და არა იმპორტი, ეს არის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.

ბუნებრივია, ამას ჭირდება ფინანსები ჭირდება, ამ დაფინანსებას კი ბანკები არ იძლევიან. მათ სოფლის მეურნეობაში არ უნდათ ფულის ჩადება, იმიტომ, რომ ბევრად უფრო მიმზიდველი სეგმენტები აქვთ, სადაც პირველ რიგში თვითონ არიან წარმოდგენილები, ამას გარდა უნდათ სავალუტო სპეკულაციები, რასაც ბოლო ხანს ძალიან ხშირად ვხედავ, ეს არის ლარის კურსის ცვალებადობა, რაც ბანკებს კოლოსალურ მოგებას აძლევს და ეს ასახულიც არის მათ შემოსავლებზე. ტურიზმი ვახსენეთ, გეთანხმებით, ჩვენ პროდუქციას ვერ ვაჭმევთ ტურისტებს, ამიტომ რა ფულიც შემოდის მათგან, ისევ უკან გადის მათი კვებისა და მომსახურებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარება თუ გვინდა, პროგრამა ლოკალურად ერთ კაცზე არ უნდა იყოს დამყარებული. ბევრს ეხსომება კოლმეურნეობა, თუ არ მოგვწონს ეს სახელი, საბჭოთა გადმონაშთად ვთვლით, დავარქვათ კოოპერატივი, კიბუცი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, საჭიროა კოლექტიური მეურნეობა. თავის დროზე იმიტომაც შექმნეს კოლმეურნეობები, რომ ერთი ადამიანი ვერასდროს ახერხებს სოფლის მეურნეობაში იმ წარმატების მიღწევას, რაც კოლექტიურ შრომას შეუძლია მოუტანოს, რადგან ტრაქტორის და ნებისმიერი ტექნიკის შეძენა, საკმაოდ ძვირადღირებული "სიამოვნებაა", ერთი ადამიანი ვერასდროს შეიძენს თუ არ არის საერთო საკუთრება და საერთო საქმეს არ ემსახურება. ამ ტრაქტორებისა და მექანიზმების გარეშე კი დღევანდელი სოფლის მეურნეობა არ არსებობს, როგორ შეძლებ კონკურენცია გაუწიო, უფრო იაფი დაგიჯდეს პრუდუქციის წარმოება იმ უცხოელთან შედარებით, რომელიც უამრავ ჰექტრებს ტექნიკით ამუშავებს. ჩვენი გლეხისა და ფერმერისთვის ეს ხელმიუწვდომელია, ამიტომ არის საჭირო კოლექტიური მეურნეობის შექმნა, მიწის ფართობების გამსხვილება და ეს ყველაფერი სახელმწიფოსთან უნდა იყოს ასე ვთქვათ, მიბმული. 

– ბატონო დავით, იმ ტრაქტორების და აგრეგატების ლამის 90%, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს პირდაპირ ქარხანა-მწარმოებლისგან შეიძინა, ჩვენს გლეხობას და ფერმერებს მომსახურებოდა და რაშიც მილიონობით თანხა (სავარაუდოდ 15 მილიონი ლარი) გადაიხადეს, სანდო წყაროების ინფორმაციით, გაძარცვული ყრია სახელმწიფო შპს `მექანიზატორის~ სხვა და სხვა სერვისცენტრებში. 


– ზუსტად მაგ ტრაქტორებთან დაკავშირებით მოხსნეს მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი კირვალიძე, რომელიც მერე პრემიერმა კვირიკაშვილმა დააბრუნა თავისი მრჩევლის სტატუსით და როგორც ამბობენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაფორმალური მმართველი, ბატონი კირვალიძე გახლდათ. მე იმიტომაც ვუთხარი გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელთანაც ვმეგობრობ, თანამდებობიდან გადამდგარიყო, რომ ჭაობია შექმნილი, მე ხომ არ დამირქმევია მისთვის ბრეჟნევი? 

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ადამიანებს სახელ-გვარებით ვირჩევთ და არა მათი ხედვით, პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ეს კაცი არის წესიერი, ზრდილობიანი, ასე, ვაცლავ ჰაველზე წესიერი კაცი არ არსებობდა, იბრძოდა თავისი ხალხის თავისუფლებისთვის, მათი უფლებების დასაცავად, მაგრამ პრეზიდენტად ვერ ივარგა და ჩეხებმა თანამდებობიდან გადააყენეს, იგივე მოხდა პოლონეთში ვალენსასთან დაკავშირებით. პატიოსნება, მორალური ღირებულებები, ეს სიმბოლოა, რომლისკენაც ყველა პოლიტიკოსი უნდა მიისწრაფოდეს, მაგრამ როცა ტექნოკრატებზე მიდის არჩევანი, იქ ადამიანის პროგრამა და პროფესიონალიზმია მთავარი, რამდენად შეუძლია მას თავისივე წარმოდგენილი პროგრამის შესრულება. ლაპარაკი ყველას შეუძლია, თუ ადამიანი არ ასრულებს თავის მოვალეობას, უნდა შეიცვალოს. ვთვლი, რომ მამუკა ბახტაძეს სწორი ხედვა აქვს, მას სრულად ვეთანხმები, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემა ბანკებშია. ამას ყოველთვის ვამბობდი, თავის დროზეც ვთქვი, რომ კახა ბენდუქიძე და ლადო გურგენიძე, ბანკირები ვერასდროს ააშენებდნენ ქვეყანას, პირიქით, გააღატაკებდნენ ხალხს, ვფიქრობ, ამას ყოველწლიურად ადასტურებს ცხოვრება, ხალხი სულ უფრო და უფრო ღატაკდება, ხოლო ბანკირები სულ უფრო მდიდრდებიან, ეს სანამდე უნდა გაგრძელდეს? გაიხსენეთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, პარლამენტარებს უკვე მოგვიწოდებდა, რომ სასწრაფოდ უნდა გაგვეტარებინა საპენსიო რეფორმა, თურმე უკვე დაგვიანებულიც იყო და ამ მიმართულებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მიიღებდა, ე.ი. მისთვის ფული უნდა მიგვეცა. 

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0