საქართველო ნელ-ნელა ემსგავსება 80-იანი წლების რაჭას, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მოხუცები და ბავშვები იყვნენ

გვესაუბრება ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე:

_ ბატონო ვაჟა, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, იგი, პოსტს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების გამო დაემშვიდობა.

_ გიორგი კვირიკაშვილი პედალირებდა მემარჯვენე ხედვებზე, პრო-ბიზნესურ, პრო-საბანკო მიმართულებაზე. იგი გარკვეული თვალსაზრისით იყო ბიზნესის, ბანკების ინტერესების ლობისტი მთავრობასა და ხელისუფლებაში. ის დასავლეთელ პარტნიორებს მოსწონდათ, მაგრამ მის მიერ ზედმეტად იქნა იგნორირებული სოციალური პრობლემები, რამაც შედეგად საკმაოდ მილევადი რეიტინგი მოგვცა როგორც კვირიკაშვილის, ისე ზოგადად, ხელისუფლების. ამის თაობაზე ივანიშვილის რეაქცია, ვფიქრობ, ადეკვატური და სწორი იყო. ვიდრე სიტუაცია დამძიმდებოდა ბატონმა ბიძინამ ბახტაძის სახით ახალი ფიგურა შემოგვთავაზა, რომელიც რკინიგზიდან მთავრობაში ფინანსთა მინისტრად გადაიყვანეს. მისგან წამოვიდა ინიციატივები, რაც მიზნად სოციალური ვითარების გაუმჯობესებას ისახავს. მის მიერ გაჟღერებული მიდგომები, უპირველეს ყოვლისა, სოციუმის პრობლემებზეა ორიენტირებული. 

მაშინ როცა დოვლათი არ იქმნება. ჩვენთან, დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ ქვეყნებთან მიმართებაში მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტული ხედვები პირობითია, რადგან აქ, სიღარიბის დონე იმ მასშტაბებისაა, რომ არ შეგვიძლია სამართლიანი განაწილების მთლიანი შიდა პროდუქტის და დოვლათის თანაბარი გადანაწილების პრიმატზე ვისაუბროთ. 
მმართველმა ძალამ შემოგვთავაზა ახალი მთავრობა, ახალი ხედვა, რომლის ფრაგმენტებიც მოცემულია მამუკა ბახტაძის ინიციატივებში.

_ რა მოლოდინები გაქვთ პრემიერობის კანდიდატ ბახტაძის მიმართ, რა შეიცვლება ქართულ ეკონომიკაში?

_ "ქართულმა ოცნებამ" ვერა და ვერ ისწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობა _ რასაც აკეთებს ისიც გაუგებარი და უცნობია. თუნდაც, ავიღოთ ბახტაძის პოლიტიკაში შემოყვანა. ეს ტექნოკრატიული მიდგომა არახალია, ბევრგან არის გამოყენებული, როცა მთავრობა კომპლექტდება არა პოლიტიკური ფიგურებით, არამედ ტექნოკრატებისგან. ასე დააკომპლექტა ივანიშვილმა თავის მთავრობა, ასევე მოიქცნენ ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი. ახლა, ბახტაძე უნდა გახდეს პოლიტიკოსი. ფაქტობრივად, ისევ ტექნოკრატიულ მართვაზე კეთდება აქცენტი, მაგრამ ადამიანს რომელიც მთავრობას სათავეში უდგება, ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემებისადმი უფრო ფართო და სისტემური ხედვა უნდა ჰქონდეს, რასაც, თითქოს, თანდათან გვაცნობს ბატონი ბახტაძე. 

ბახტაძე შემოვიდა და საბანკო, საფინანსო ინსტიტუტების მიმართ საკმაოდ კრიტიკული ხედვა წამოაყენა, შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობა არის ქართული საზოგადოების უმთავრესი პრობლემა, ეს არის ქვეყანაში სიღარიბის წყაროო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამორჩა _ ჭარბვალიანობა თვითონ არის სიღარიბის შედეგი. ადამიანები ჭარბ ვალებს იმის გამო იღებენ, რომ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ჩვენთვის მთავარი სამიზნე სიღარიბეა და არა ჭარბვალიანობა იმიტომ, რომ არ შეიძლება ებრძოლო შედეგს მისი წარმომშობი მიზეზების გარეშე. ასე, რომ ბახტაძის ხედვებში ბევრი რამ არის კრიტიკულად შესაფასებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ საჭიროა კურსის კორექტირება, შეცვლა და პოლიტიკაში უფრო სოციალისტური პრონციპების შემოტანა, რადგან მოსახლეობა უკმაყოფილოა, თან საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნები მოდის და თუ ხალხი ვერ მიიმხრე ვერანაირი გაყალბება ვერ გიშველის. ამ ყველაფრის შედეგი იყო კვირიკაშვილის ბახტაძით ჩანაცვლება. მე, რა თქმა უნდა, ვხედავ სუბიექტურ ფაქტორებსაც, თუნდაც ცალკეულ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის ანაკლიის პროექტზე, რომლის მიმართ მიდგომა, მთავარი წამყვანი უცხოური ძალის კაპიტალის და `თი-ბი-სის~ ხედვა, ივანიშვილს არ მოსწონს. დიდი პროექტი ღარიბ ქვეყანაში ბევრი რეგიონული, მასშტაბური მოთამაშისთვის ძალიან მიმზიდველია. ვგულისხმობ, როგორც დასავლურ, რუსულ, ისე ჩინურ კაპიტალს, რომელიც კიდევ უფრო აქტიურდება. ვფიქრობ, დროული და საჭირო ცვლილება იყო. 

როდესაც 2016 წელს `ქართულმა ოცნებამ~ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიაღწია, ფაქტობრივად, პოლიტიკაში კონკურენცია მოკვდა, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შეაჩერა, მოხდა პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, რამაც საზოგადოებაში სტაგნაცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა სულ ვითარდებოდა, ამ ყველაფერმა სიტუაცია დაამძიმა. როცა პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია, წინააღმდეგობა რაც საზოგადოებაში არსებობს, მით უმეტეს, ღარიბ ქვეყანაში, იჩქმალება, ხალხის წიაღში მიდის და იქ უკმაყოფილების სახით გროვდება, რაც მასობრივ მღელვარებაში გადაიზრდება, როგორც ეს მოხდა ბათუმში, ასევე, ნარკომომხმარებელთა აქცია თბილისში, რასაც მოჰყვა შვილმკვდარი მამების პროტესტი გამოწვეული სამართალწარმოების ხარვეზების გამო, რამაც სტაბილურობა ეჭვქვეშ დააყენა. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების სისუსტეა. სუსტი ხელისუფლება კი დესტაბილიზაციის წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, სასწრაფოდ თუ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, შესაძლოა, უკმაყოფილების მეოთხე ტალღა უფრო მასშტაბური იყოს, რაც არამარტო ხელისუფლებას დაემუქრება, არამედ საზოგადოების სტაბილურობას ეჭვქვეშ დააყენებს.

ჩვენ უკვე წლებია ვიხდით საფასურს ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ ქვეყანას უკეთესი ხალხი მართავდეს, რომლებიც მოახერხებენ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას, უფრო ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნას, უფრო მეტად გამოაცოცხლებენ ქვეყნის ეკონომიკის საკმაოდ მიძინებულ სექტორებს. მხოლოდ ეს არის გზა წარმატებისკენ და რაც მთავარია ბოლოს და ბოლოს უნდა გადაიჭრას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, დალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან, რაც ამ პოლიტიკით რასაც ახლა ვახორციელებთ, წარმოუდგენელია. არ შეიძლება ქვეყნის 22% ოკუპირებული იყოს, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იყო დიდ მეზობელთან, მას როცა უნდა გადაგიკეტავს ბაზრისკენ მიმავალ გზებს. რუსეთის ბაზარზე ღვინის შეტანის პირობები მკაცრდება. მათ, რეალურად, ხარისხთან კი არ აქვს პრეტენზია, არამედ რუსეთი ყველანაირად ცდილობს მაქსიმალურად შეგიზღუდოს შესაძლებლობები, თან ისე, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები არ შელახოს.
 
მოსახლეობისგან სოფელი სწრაფად იცლება და ხალხი საზღვარგარეთ მიდის, რასაც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება სჭირდება. არადა, თითქოს, კვირიკაშვილის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკის განვითარების ოთხ პუნქტიანი გეგმა, ხედვები ჰქონდა, მაგრამ იგი ასეთ კონკრეტიკამდე არ დადიოდა. ეს ყველაფერი გასააზრებელია და თან ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გამოიკვეთოს და გარკვეული ეროვნული პოლიტიკა მიესადაგოს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყებთ ფიქრს, რომ ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია და უფრო მეტი უნდა დავუთმოთ ბიუჯეტიდან დახმარებების, შემწეობების, პენსიების გაზრდით, ეს მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს, მაგრამ ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ახლა, ამბობენ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც წელიწადში სამ მილიარდამდე ლარამდე იხარჯება, ყველას არ სჭირდება და საჭიროების მიხედვით იყოსო. ვთქვათ, 10 ათასი ლარიანი ოპერაციის გასაკეთებლად რამდენ პროცენტს არ სჭირდება სახელმწიფოს დახმარება?! არ ვიცი, როგორ უნდა შეამცირო აქ დანახარჯი და ეს თანხა პენსიის გასაზრდელად გადმოისროლო. პენსიონერების ნაწილი ამბობს: სულ არ მჭირდება ოპერაცია, 180 ლარი თვიდან თვემდე არ მყოფნისო. მაგრამ ოჯახის წევრს რომ რამე დაემართოს და ოპერაციის გასაკეთებლად ბინის ბანკში ჩადება მოუწევს, ამაზე არ ფიქრობს. "ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციამ" დათვალა, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა საერთოდ რომ გავაუქმოთ, პენსია 103 ლარით გაიზრდება, მაგრამ ვინ გადაიხდის ოპერაციების და ძვირი მკურნალობის ფულს?! ეს მთავრობის მიერ კომპლექსურად გასააზრებელია. ამ მხრივ, მომწონს ბახტაძის ხედვები. თუ მისი პლატფორმა და ხედვები მეტისმეტად სოციალიზებული არ იქნება და ბიზნეს-გარემოს არ გააუარესებს, მაშინ გვექნება შედეგიანი ცვლილება. კარგია პროგრამა "აწარმოე საქართველოში", მაგრამ ვერ დაეტყო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ასეთი პროექტები შედეგს მალე ვერ გამოიღებს, აქ, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილება. ამას შეეცადა სააკაშვილის ხელისუფლება, აქ, იყო ლიბერტარიანული მიდგომების ზეობა, დამქირავებელს ყველაფრის უფლება ჰქონდა, არანაირი შეზღუდვები, შრომის ინსპექცია არ არსებობდა, რაც მოქალაქეებს მძიმე მდგომარეობაში აგდებდა, მაგრამ ეს იყო ხედვის გზა. ლიბერტარიანული მოდგომები ჩვენზე არანაკლებ იციან ბულგარელებმა, პოლონელებმა, უნგრელებმა, ხორვატებმა, მაგრამ ისინი ამ გზას არ ირჩევენ, პირიქით, დასავლეთ ევროპელების აზრით, მათ, მიგრანტებთან დაკავშირებით, ნაციონალისტური შეხედულებები აქვთ. კვოტებიც კი არ აიღეს სირიიდან დევნილების მისაღებად იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ეკონომიკულ აღმავლობას ლიბერალური და ლიბერტარიანული ხედვებისკენ გადასვლას სჭირდება გახსნილი შრომითი ბაზარი, რათა საქართველოში მწარმოებელ კომპანიას რაც შეიძლება იაფი მუშახელი ჰყავდეს დასაქირავებელი. 

_ ბატონო ვაჟა, როცა თანამდებობის პირი თანამდებობას ტოვებს, თანაგუნდელებისგანვე იწყება საუბარი მის არაკვალიფიციურობაზე. თავიდანვე რატომ ინიშნებიან ასეთი კადრები, ამით ხომ ქვეყანა ზარალდება?

_ კვირიკაშვილიმა თავი ვერ გაართვა მთავრობის წინაშე მდგომ რიგ პრობლემებს, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური იყო. მაგრამ იქ, რაშიც თავი ძლიერი ეგონა, რაღაც გამოეპარა. მაგალითად, ეკონომიკის მართვა, ან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ მიდგომა _ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელიწადში მილიარდ 200 მილიონი ლარი იხარჯება. აქ, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი არე კორუფციული გარიგებებისთვის. არასამთავრობების და მედიის ერთმა ჯგუფმა ბევრი მასალა გამოაქვეყნა, მაგრამ ამ ფაქტების შესწავლა არ დაიწყო. თუნდაც, რასაც ადგილი ჰქონდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ტენდერი უკრაინულმა ფირმამ მოიგო, ფული გადაირიცხა უკრაინული ბანკის დონეცკის ფილიალში _ 47 მილიონი, დაიკარგა დონეცკი, ფულიც და კომპანიაც გაქრა, ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ამას კვირიკაშვილი უნდა ჩაღრმავებოდა. მაგრამ წავიდა მინისტრი და მიჩუმდა ყველაფერი. აი, კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი თუ რატომ შეიცვალა კვირიკაშვილი. მოსკოვის, გინდაც ჰარვარდის, პრინსტონის უნივერსიტეტებში განათლების მიღება კარგია, მაგრამ როგორც რუსთაველი ამბობდა: `არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა~. თუ არ შეგიძლია აკადემიური ცოდნა პოლიტიკურ ასპექტში გარდატეხო და მისი შესრულება უზრუნველყო, არც ხელმძღვანელობა შეგიძლია. ახლა, ყველაფერი ისევ ივანიშვილზეა დამოკიდებული. მან დასკვნები უნდა გამოიტანოს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0