პატარა კიმი დიდ დონალდს სიმაღლეში თითქმის გაუტოლდა

სინგაპურში გამართული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩინ ინის სამიტი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ მსოფლიოს პოლიტოლოგების განხილვის საგნად დღემდე რჩება.

სინგაპურში თავდაპირველად კიმ ჩინ ინი ჩავიდა. მიმომხილველებისთვის გამოცანად რჩება, თუ რატომ ისარგებლა კიმ ჩინ ინმა მაინცდამაინც ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამშობლოდან თავისი ქვეყნის თვითმფრინავით გაემგზავრა, მაგრამ ლაინერმა მოულოდნელად შეცვალა გეზი და ჩინეთში დაეშვა. სწორედ იქ გადაჯდა კიმ ჩინ ინი ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავში და განაგრძო გზა სინგაპურისკენ.
სამიტის მასპინძელ ქვეყანაში კიმ ჩინ ინმა დონალდ ტრამპის ჩასვლამდე მოასწრო სინგაპურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა. ამის გარდა, კიმ ჩინ ინმა ქალაქის ქუჩებში ფეხით გაისეირნა, ადგილობრივი მოსახლეობა მას აღფრთოვანებით შეხვდა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩინ ინის შეხვედრა, თავისთავად, დახურული იყო და თითქმის ორი საათი გაგრძელდა. დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ საუზმე გაიმართა. ტრამპმა კიმ ჩინ ინს შესთავაზა, სწრაფი კვების ობიექტში ესადილათ. იმის გარდა, რომ ტრამპი სწრაფი კვების სამზარეულოს მოყვარულია, ექსპერტების ვარაუდით, მას სურდა, ერთგვარი რეკლამა გაეკეთებინა და ირიბად შესთავაზა კიმ ჩინ ინს ჩრდილოეთ კორეაში სწრაფი კვების ობიექტების გახსნა.
კონკრეტულად რა თემები განიხილეს სინგაპურში ორი ქვეყნის ლიდერებმა, უცნობია. ზოგადად, გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ორივე ქვეყანა იღვაწებს ხალხის კეთილდღეობისთვის, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისთვის, ჩრდილოეთ კორეის განიარაღებისთვის. ამასთან, დონალ ტრამპი პირადად დაუდგა გარანტად კიმ ჩინ ინს, თუ მისი ქვეყანა სრულად განიარაღდება.

აშშ-ში პოლიტიკოსებისა და პრესის კრიტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა კიმ ჩინ ინთან შეხვედრას ისტორიული უწოდა. მართალიც არის, რადგან თითქმის 70 წლის მანძIლზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ კიმ ჩინ ინი ჩამორჩენილი და გაუნათლებელი სულაც არ ყოფილა, როგორც აქამდე მოიხსენიებდნენ.

"…ფანტასტიკური, ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა. კიმთან განსაკუთრებული ურთიერთობა დავამყარეთ… იმედია, სხვა ბევრ საკითხზეც შევთანხმდებით",
_ განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, მოხარული იქნება კიმ ჩინ ინი თეთრ სახლში მიიღოს. 

მიუხედავად უამრავი კომპლიმენტისა, როგორც ჩანს, მხარეებს შორის უნდობლობა არ განელებულა. სინგაპურიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო სამხრეთ კორეაში არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზას ეწვია. მისი თქმით, ერთობლივი წვრთნების შეჩერება დროებითი მოვლენა ყოფილა და ტრამპს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა. სამიტის შემდეგ კიმ ჩინ ინის პირადი წარმომადგენელი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შედეგები კი არა, საუბრის თემაც კი უცნობია.

დონალდ ტრამპს ერთდროულად უწევს ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მოწინაღმდეგეებთან. მან რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი ვლადიმირ პუტინთან პირად შეხვედრაზე. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა ნაწილი ყველანაირად ცდილობდნენ, არ შემდგარიყო შეხვედრა, რასაც დღემდე აღწევდნენ კიდეც. თუმცა ტრამპი კვლავ დაჟინებით ითხოვს, შედგეს დიალოგი. სამზადისის დაწყების განკარგულებაც გასცა. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვედრის დაბლოკვას ვეღარ შეძლებენ. ექსპერტები ორი პრეზიდენტის შეხვედრას ზაფხულში ვარაუდობენ.
აფრიკა-აზიიდან ევროპაში მიმწყდარი მიგრანტების თემა ადვილი შესაძლებელია, ქვეყნებს შორის განხეთქილების საგნად იქცეს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი უარს აცხადებენ მიგრანტების მიღებაზე. მათ რიცხვს ახლა იტალიაც შეუერთდა. გასულ კვირას იტალიის ახალმა მთავრობამ ქვეყნის პორტებში შესვლის უფლება არ მისცეს გემს, რომელზეც 600-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. ფაქტმა ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამისთვის მკაცრად გააკრიტიკა იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონტე. მათი დაგეგმილი შეხვედრა ჩაშლის პირას იყო. თუმცა ჯუზეპე კონტე პარიზში კი ჩავიდა, მაგრამ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელი აღიარებს მიგრანტების პრობლემას, რამაც ბევრი თავსატეხი გაუჩინა ევროკავშირის ქვეყნებს.

განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მიგრანტების მიმართ გერმანიის მოსახლეობა გამოთქვამს. უკვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ და კანცლერ ანგელა მერკელს ღიად აკრიტიკებენ მიგრანტთა მიმართ განხორციელებული პოლიტიკის გამო. გერმანელი პოლიტოლოგები შიშობენ, არ დაიშალოს წვალებით შეკოწიწებული კოალიციური მთავრობა, რომლის ფორმირებასაც 5 თვეზე მეტი დასჭირდა. გერმანულ პრესაში გავრცელდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის გამონათქვამი მერკელის შესახებ: "…აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობაო". რას მოიმოქმედებს მერკელი, უცნობია. თუმცა მთავრობის წევრები და პოლიტიკური პარტიების ნაწილი კანცლერს ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან. უცნობია ასევე, ევროკავშირის პოზიცია, რომელიც დღემდე დუმს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, თუ არ მიიღეს ქმედითი ზომები, კრიზისი გაღრმავდება, რამაც, შესაძლოა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დიდი განხეთქილება გამოიწვიოს, რაც ევროპისთვის საზიანო იქნება.

გია ბურდული
скачать dle 12.0