განათლების სფეროში სრული კატასტროფაა - ამ დარგს მთლიანად `ნაციონალები~ აკონტროლებენ

საზოგადოებისა და ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლისა თუ გაშვების მიზეზი UNISEF-ის საგანგაშო დასკვნაში იმალება, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ დასკვნა პრემიერის წასვლის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზია. ამ და სხვა თემებზე საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა, თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, გაზეთში ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

– სამწუხაროდ, IUNISEF-ის კვლევის შედეგები არ გამკვირვებია და ვეცდები ვხსნა, რატომ.. განათლება და მეცნიერება ნებისმიერი განვითარებულ სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მთავარი, მამოძრავებელი ძალაა. ამ ძალას თუ დაამუხრუჭებ ან პოლიტიკურ პროცესებს დაუქვემდებარებ, ერის ეკონომიკა მუდმივად სამომხმრებლო და დაბალი შემოსავლებისთვის იქნება განწირული. ადამიანად და პიროვნებად რომ შედგე, უფლის მიერ მონიჭებული გონი შენი ღვაწლმოსილი მეცნიერების შექმნილი ცოდნით უნდა დატვირთო და გაამდიდრო. დღეს კი ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტს ამ ცოდნის გადამცემიც არ ჰყავს.

– რატომ? უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა დეფიციტია?

– სამწუხაროდ, უნივერსიტეტს მართავს რექტორი, რომელიც არავის აურჩევია და მისი მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტი გეომეტრიული პროგრესიით განადგურებისკენ მიექანება. 1918 წელს კავკასიის რეგიონში გახსნილი პირველი უნივერსიტეტის დიდი დამფუძნებლებიც კი ცდილობდნენ პოლიტიკური მმართველობისგან დისტანცირებას, დღეს კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მთლიანად პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტში არავის გააჭაჭანებს, თუ პირწავრდნილი ნაციონალი არაა და ეს ოცნებამაც მშვენივრად იცის. გენიალურად ბრძანა უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ — ბატონმა ბიძინამ სააკაშვილი კი არ მოგვაშორა, დაგვაშორაო. ყველა დეკანი და დეკანის მოადგილე ნაციონალია და საათები მათი ბრძანებით ნაწილდება. აკადემიურ ბაზარს მთლიანად ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს და ნაციონალი თუ არ ხარ, ილია ვეკუაც რომ იყო, ლექციაზე არავინ შეგიშვებს. უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს „გაქანებული ნაციონალი“ დალი კანდელაკი ხელმძღვანელობს. ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთი დოქტორანტის მქონე პროფესორს კათედრა შეუქმნან, მაგრამ ნაციონალ კანდელაკს კათედრაც შეუქმნეს და სადოქტორო საბჭოც ჩააბარეს.

შარვაშიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში ნაციონალები ისე აღზევდნენ, როგორც არასდროს, სამაგიეროდ, კატასტროფულად ეცემა სტუდენტთა ცოდნის დონე. შარვაშიძე უნივერსიტეტში დიდი რიხით მოვიდა, ამას ვიზამ, იმას ვიზამო და საბოლოოდ რიგ კორპუსებში ტუალეტების გარემონტებას დაჯერდა. არადა, რექტორის და მართვის სამენეჯერო საკითხებში ტუალეტების მოწესრიგება არასოდეს შედიოდა. უნივერსიტეტს ჰქონდა სამეურნეო განყოფილება, რომელსაც ახლა ლოჯისტიკა ქვია და ასეთ საკითხებს ის აგვარებდა. ვიღაცამ ადეკვატური პროექტი დაწერა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოში წარადგინა და სახელმწიფომ დააფინანსა. ესაა და ეს. ციცერონმა ბრძანა, რომ ისტორია ცხოვრების საუკეთესო გაკვეთილია და ამ დროს ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტში ისტორიას არ ასწავლიან. რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენი საუნივერსიტეტო სივრცე სტუდენტს საერთაშორისო ბაზრის შესაბამისი ცოდნის უმცირეს ნაწილსაც ვერ აძლევს? ალბათ, სწორედ ეს იყო ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გაშვების მთავარი მიზანი, რაშიც ყოფილ პრემიერს ლომის წვლილი მიუძღვის.

– პაპავა თანამდებობიდან სტუდენტების საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. კვირიკაშვილი რა შუაშია?

– დავიწყებ იმით რომ სტუდენტების აქცია, რომელსაც კვირიკაშვილმა მხარი დაუჭირა, მთლიანად მართული პროცესი იყო. თუ გახსოვთ, სტუდენტებმა ორი დაჯგუფება შექმნეს: „აუდიტორია 115“, რომელსაც სწორედ კვირიკაშვილი აკონტროლებდა და თვითმმართველობა, სადაც ყველა სტუდენტი ნაციონალია. ისტორიას არ ახსოვს, რომ ჰარვარდის, კემბრიჯის ან სხვა რომელიმე უმაღლესი სასწავლელის ხელმძღვანელთან პრემიერ-მინისტრი ან კონგრესმენი გაუფრთხილებლად მისულიყო, ჩვენთან კი სწორედ ასეთი რამ მოხდა. ვლადიმერ პაპავა თავის კაბინეტში მუშაობდა, როცა კვირიკაშვილმა კარი გაუფრთხილებლად შეუღო და რამდენიმე დღეში რექტორი, რომელიც უნივერსიტეტის ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენა იყო, თანამდებობიდან გადადგა. რაც შეეხება ბატონი შარვაშიძის გარექტორებას, ამაში ბევრი კლანი მონაწილეობდა. მათ შორის, განათლების სამინისტროდან, ხუბუას გარემოცვიდან და ა.შ. უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერები პირად საუბრებში იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ საქმეში მამა-შვილ გაბაშვილებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. ნებით თუ უნებურად, კვირიკაშვილიც ამ პროცესებში ჩართული აღმოჩნდა, თუმცა ეს ყოფილი პრემიერის ერთადერთი შეცდომა არ გახლავთ.

თავის დროზე, სწორედ მან დანიშნა განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც ნაციონალების დროს უნივერსიტეტიდან უამრავი დამსახურებული პროფესორი გაუშვა. გამეღიმა, როცა ახალმა პრემიერ მინისტრმა განათლების სექტორის ფუნდამენტალური რეფორმის შესახებ ისაუბრა.. ლომაიადან მოყოლებული, განათლების სამინისტროში ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო თანამდებობაზე ნაციონალები მუშაობენ და რომელ რეფორმებზე და ცვლილებებზე შეიძლება საუბარი? თანამედროვე სამყარო ფუნდამენტალურ მეცნიერებებზე დგას, ესენია: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და კომპიუტერული ტექნოლოგიები. ამ დროს, ჩვენი სახელმწიფო მათემატიკაში, ფიზიკაში და ქიმიაში 100 სტუდენტს ვერ იღებს, იმიტომ, რომ არ გვყავს 100 ბავშვი, რომელიც უნარების როდენობრივ ნაწილში 44 ქულს მიიღებს. სამწუხაროდ, განათლების მინისტრი, რომელიც მექანიკა-მათემატიკის დოქტორი გახლავთ, ამ ვითარებას ისევე მშვიდად უყურებს, როგორც სამინისტროში ნაციონლების სიმრავლეს, რაც „ქართული ოცნების“ ფიასკოდ მიმაჩნია. 

– 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სიღარიბის ზრდა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი ამ დასკვნას გადააყოლეს?

— ჩემი აზრით, კვირიკაშვილის წასვლა თუ გაშვება დასკვნასთან პირდაპირ კავშირშია. UNISEF-მა გვითხრა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იხოცებიან. გვითხრა, რომ ჩვენი ბავშვების უდიდესი ნაწილი დღეში 3 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, რაც სომალის, გუანტანამოს და ამ ტიპის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას უტოლდება. ანგარიშის თანახმად, 21-ე საუკუნეში საქართველოს უამრავი რეგიონი ვერ პასუხობს ელემენტალურ საყოფაცხოვრებო სტანდარტს. 
წარმოიდგინეთ, აფრიკულ სომალიში, რომელიც საქართველოზე ჩამორჩენილი ქვეყანა გვგონია, ჩვენზე მაღალი ყოფითი კულტურა აქვთ, რადგან მეტ-ნაკლებად სამართლიანი განაწილება იციან. ჩვენთან მინისტრთა კაბინეტს და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ასტრონომიული ხელფასები და პრემიები აქვთ, იმ ხალხს კი ვისი გადახდილი ფულითაც საჯარო სექტორი საზრდოობს, შიმშილით სული ძვრება. თუ ევროპისკენ მივდივართ, ამ ხალხმა ბრიტანეთის ისტორია წაიკითხოს, საფრანგეთისა და გერმანიის ისტორია წაიკითხოს და ბისმარკის მოღვაწეობას გაეცნოს. 

რუსულ-ამერიკული ძალა, რომელიც თანამედროვე ლიბერალურ იმპერიას ქმნის, თამაშის წესებს გვკარნახობს და ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. თუ დავაკვირდებით, ყველაფერი „ხელის გულზე“ დევს.. „ვნეშტორგბანკმა“, რომელიც რუსული უშიშროების ბანკი გახლავთ, „გაერთიანებული ქართული ბანკი“ შეიძინა და იმის ბაზაზე „ვითიბი ბანკი“ შექმნა.

ნაციონალების დროს ყველა რენტაბელური, ლიკვიდური კომპანია რუსების ხელში აღმოჩნდა და გასაკვირი არაა, რომ ტერიტორიებიც მისცეს. თანაც, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა და საქართველომ დასავლეთიდან 5 დღეში 4 მილიარდი დოლარი მიიღეს, რაც ცოტა არაა..

– აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ, როგორც ომით დაზარალებულმა ქვეყანამ 4,55 მილიარდი დოლარის დახმარება ნამდვილად მიიღო, მაგრამ დასავლეთს რუსეთისთვის დახმარება არ გაუგზავნია..

– ფაქტია, ეს ფული ხალხს რომ მოხმარებოდა, ქვეყანაში მოშიმშილე ბავშვები და მოხუცები არ გვეყოლებოდა და „იუნისეფი“ ზემოთ ხსენებულ დასკვნას არ დაწერდა. ეს მილიარდები იმ ბიზნეს-სექტორში დაილექა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსების ხელშია. ცალკე სასაუბრო თემაა მედია. წარმოიდგინეთ, გაეროს ბავშვთა ფონდი ასეთ დასკვნას აქვეყნებს და ჩვენს ტელევიზიებში (მათ შორის, იმაშიც, ჩვენი ჯიბიდან რომ ფინანსდება), საბავშვო გადაცემებს და ბავშვთა პრობლემებზე საუბარს ვერ ნახავთ. ყველგან პრიმიტიული გართობა და რუსული თუ ევროპული მაუწყებლობების ბადიდან ამოღებული გადაცემების კალკები გადის. ეს არის სახელმწიფოს პროპაგანდული მანქანის ნაწილად ქცეული ტელებიზნესი, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ დაჩლუნგებას იწვევს. 

– წელს თქვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი წელია — სასწავლებელს აკრედიტაცია ელის და მთელ რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსებიც იწყება. რა შედეგებს ელით ერთი ან მეორე პროცესიდან?

– არავითარს! აკრედიტაციასთან დაკავშირებით მოსულები იყვნენ განთლების ხრისხის განვითარების ცენტრის ექსპერტები, რომლებიც აუცილებლად დადებით დასკვნას დაწერენ, რდგან ამ სსიპის სათვეშიც ნაციონალი თამარ სანიკიძეა და ესპერტებიც ნაციონალები იყვნენ. რაც შეეხება კონკურსებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკურსების შემდეგ ის სამარცხვინო პროფესორები, რომლებიც უნივერსიტეტში არიან, უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხებს მიიღებენ და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდგომარეობაზე ყველაზე კარგად ერთი ფაქტი მეტყველებს — მსოფლიო დონის მეცნიერები, ცნობილი ფოლკლორისტი და ბიბლეისტი ზურაბ კიკნაძე და ენათმეცნიერი, თედო სახოკიას შვილიშვილი შუქია აფრიდონიძე ჩვენი უნივერსიტეტიდან ილიას უნივერსიტეტში გადავიდნენ, იმიტომ, რომ იქ მაღალი ხელფასებია. ილიაუნში მოღვაწეობს შესანიშნვი ფიზიკოსი გია მაჩაბელიც, რადგან ჩვენთან მოაზროვნე, განათლებული და ეროვნული სულის მქონე ადამიანების ადგილი აღარ დარჩა. არა მარტო უნივერსიტეტიდან, ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კვალიფიციური, ყველაზე შრომისუნარიანი, ყველაზე მოაზროვნე და ენერგიული ნაწილი გადის. 

განვითარებული მსოფლიო ინფორმაციული და ქსელური ურთიერთობების ეპოქაში შევიდა. ასეთ მოცემულობაში ხელისუფლება მთლიანად ტრანსფორმირდება.. ელექტრონული მმართველობის დროს ვერტიკალი ინგრევა და ყველაფერი ჰორიზუნტალურ სიბრტყეზე გადადის. სამყაროს განვითარებული ნაწილი აქამდე მივიდა, ჩვენ კი ამის სიახლოვესაც არ ვართ, ამიტომ ხელისუფლებამ და ახალმა პრემიერ მინისტრმა ყველა საქმე უნდა გადადოს და განათლებას, განსაკუთრებით, სასკოლო განათლებას უნდა მიხედოს. ქვეყნის გადარჩენის გზა განათლებაზე გადის…

ნელი თორდია
скачать dle 12.0