ის, რაც მარნეულში მოხდა, "ნაციონალების" მიერ დადგმული პროვოკაციული სპექტაკლია

გვესაუბრება საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი:

– ბატონო ალი, მოგვიყევით, რა მოხდა სინამდვილეში მარნეულში, თქვენ გექნებათ უფრო ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია.

– მარნეულში მომხდარი ინციდენტი თბილისიდან დაიწყო.
მოგეხსენებათ, თბილისში გასულ კვირებში აქციები მიმდინარეობდა შვილმკვდარი მამებისთვის ვითომ სოლიდარობის გამოსახატავად, რომელსაც, ფაქტობრივად, ნაციონალები ხელმძღვანელობდნენ.

აქციაზე ჩამოყვანილი ჰყავდათ დეპუტატი "ნაცმოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვი, რომელიც არ უარყოფს, რომ ხშირად ხვდება მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ. ფაქტებიც არის დაფიქსირებული, როცა ის საბჭოში ზის ჰოლანდიაში და, რა თქმა უნდა, მეორე ფრთის "ევროპული საქართველოს" ლიდერი ახმედ გულმამედოვი. ამ არეულ სიტუაციაში თბილისში აქციაზე ელჩინ ალახვერდოვმა პირდაპირ აგინა ბიძინა ივანიშვილს, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს, მთელ "ქართულ ოცნებას", ამ პარტიის მამაკაცების ცოლებს და მარნეულის მერს თემურ აბაზოვს.

იმ საღამოს, როცა ალახვერდოვის გინების ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიის გამტარებელ ტელევიზიაში "რუსთავი 2"-ში გავიდა სიუჟეტი და დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. პარალელურად "ნაცმოძრაობის" ოფისში მარნეულში "ნაცმოძრაობის" დეპუტატი აზერ სულეიმანოვი და მისი მომხრეები იბარებენ ალახვერდოვს ოფისში და მიდის იქ გარჩევა, თუ რატომ მოქმედებდა ეს ადამიანი "ნაცმოძრაობის" სახელით. ოფისში ფიზიკური შეხლა-შემოხლაც ყოფილა და სხვათა შორის, ამ ამბავს, თურმე "ქართული ოცნების" ერთი წარმომადგენელიც ესწრებოდა, კერძოდ, საკრებულოს დეპუტატი რამინ ალახვერდოვი. ამ გარჩევის მერე წასულან მერნეულში რესტორანში, სადაც მოხდა კიდევაც ის ინციდენტი, რომელსაც იღებენ – ალახვერდოვი ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" უხდის ბოდიშს და იგინება ახლა უკვე თავისი ცოლის მისამართით, ხელში უჭირავს პლასტმასის ჭიქა და სახეზე ისვამს რაღაც სითხეს, მაგრამ რა სითხეა ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია.

ამ ვიდეოს გადაღებას თემურ აბაზოვს აბრალებენ, არადა, თავის გაკეთებულ ამ სამარცხვინო საქმეს თემურ აბაზოვი როგორ და რატომ გაავრცელებდა?!.
ეს იყო "ნაციონალების" მიერ დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაცია "ქართული ოცნების" და მარნეულში "ოცნების" ლიდერის თემურ აბაზოვის წინააღმდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიაში თემურ აბაზოვი არის პირველი მერი, რომელიც მარნეულში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აირჩია ხალხმა.

ჩვენ კავკასიელები ვართ და ჯერ კიდევ დაგვრჩა წინაპრებისგან სინდის-ნამუსი და ტრადიცია, რასაც საუკუნეებია ვინახავთ. როცა დღეს ჩვენ თვალწინ ილახება ქალის ღირსება და პატიოსნება, მოხუცის, ბავშვის პატივისცემა იკარგება, მათ შეურაცხყოფას ჩვენ ვერ მოვითმენთ. საჯაროდ ადამიანს ცოლს უგინებენ, კიდევ კარგი მოთმინება ჰქონია გინების ადრესატებს. მიმაჩნია, რომ ეს იყო მოწყობილი, სპეციალურად დადგმული ამბავი. "ნაციონალები" უკვე დიდი ხანია ცუდად ურევენ ხელს მარნეულში.

– რატომ მაინცდამაინც მარნეულში?


– მარნეული ქვემო ქართლში ყველაზე მძიმე ობიექტია, მოქმედებენ კლანური ძალები. არის ადგილობრივი – აზერბაიჯანული კლანები, რომლებიც ითხოვენ, რომ მარნეულში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მხოლოდ ადგილობრივები უნდა იყვნენ და არა სხვა რაიონიდან ან თბილისიდან ჩასულები; ასევე არის სვანური კლანი, რომელთაც სურთ, თავიანთი ძალაუფლება ჰქონდეთ; მესამე – „პოლიტიკური კლანი“ და მეოთხე – „რელიგიური კლანი“. 
პრინციპში, მათი ძირითადი ინტერესია, რეგიონში და კერძოდ, მარნეულში, ხელისუფლებაში არ მოვიდეს ინტეგრირებული, ქართულენოვანი აზერბაიჯანელი.

ამ პროცესებში განსაკუთრებით აქტიურობენ ის პოლიტიკური კლანები, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ფლობენ ძალაუფლებას. ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ ეს ადამიანები არ იცვლებიან.
თემურ აბაზოვს გირაოზე უარი უთხრეს, რითაც გამოდის, რომ მარნეულის გამგებელი ყოფილა სერიოზული კრიმინალი, სახელმწიფო დამნაშავე, მაშინ, როცა აბაზოვი არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი და კიდევ ვიმეორებ, ხალხის მიერ არჩეული. შეიძლებოდა მას დაკისრებოდა გირაო და აკრძალვოდა ქვეყნიდან გასვლის უფლება ან მისჯოდა შინაპატიმრობა.

– ბატონო ალი, თქვენ იცნობთ ელჩინ ალახვერდოვს? იგი "ნაცმოძრაობის" წევრია?

– ალახვერდოვს პირადად ვიცნობ. 2012 წელს გავიცანი. ის ჩვენს ჯგუფში დადიოდა, ვითომ `ოცნებას~ ვუჭერ მხარსო, მაგრამ მერე ნაციონალების გვერდით დადგა. სინამდვილეში ის ყოველთვის ნაციონალი იყო და აქტიურად მონაწილეობდა იმ სისაძაგლეებში, დარბევებში და ა. შ. რაც ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დროს. 

ნაციონალებს ქვეყანაში არეულობა სურთ, რომ ხელისუფლება შეცვალონ, ვითომ მშვიდობიანი გზით, სინამდვილეში კი ნებისმიერი ხერხით, ოღონდაც თვითონ მოვიდნენ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. იგივე სურვილები აქვს მათ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, რომლის ადგილი მატროსოვის ციხეშია. მის გვერდით ადგილები ეკუთვნის იმ ნაციონალებს, რომლებიც დღეს დათარეშობენ და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. მათ შორის მოიაზრება პატივცემული ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ძალით სტაცებდა ბიზნესებს ხალხს, უსამართლოდ უკანონებდა მიწებს მათ მომხრეებს. ამ ადამიანმა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის რეგისტრაცია, ყოველგვარი კანონის დაცვით შექმნილი, წამართვა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, სისხლის სამართლის საქმე რომაა აღძრული, ისეთ ადამიანს გადასცა.

– ვისზე საუბრობთ?

– ჰუსეინ უსუბოვზე, რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა იდგეს ახლა. მასზე სს საქმეა აღძრული. ეს კაცი დღემდე `ნაცმოძრაობის~ მომხრეა და ელოდება, როდის დაბრუნდება მიშა საქართველოში, რომ თვითონ ისევ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასკუპდეს.
ნუ ეწყინება "ნამდვილებს", ჩემს "ოცნებელებს", მე ვაცხადებ: პორტირებულები სპეციალურად არიან ჩანერგილი ჩვენს გუნდში იმისთვის, რომ `ნაცმოძრაობის~ დაბრუნების შემთხვევაში, ზურგიდან ხანჯალი ჩაგვცენ.

ის, რაც ხდება "ქართული ოცნების" შიგნით, ყველაფერი იციან ნაციონალებმა. ინფორმაციები ჟონავს პროკურატურიდან, შს ორგანოებიდან, უსაფრთხოების სამსახურებიდან, პრეზიდენტის აპარატში, გუბერნიებში, გამგეობაში და ყველა ორგანოში, ყველგან ნაციონალები არიან მოკალათებული. თვითონ სააკაშვილმაც თქვა: ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ჩვენი ხალხი გვყავს, საიდანაც ინფორმაციებს ვიღებთო.
მივმართავ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას!

მოხდეს პორტირებულების ლუსტრაცია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ერთგულები არ არიან, წავიდნენ ჩვენი რიგებიდან, დავიბრუნოთ ჩვენი თანამებრძოლი, პატიოსანი ადამიანები, რომლებიც 1 ოქტომბერს გმირებივით იდგნენ ამ ფაშისტების წინააღმდეგ,"ოცნების" გვერდით. ეს ხალხი დღეს ძალიან არის გაბრაზებული და გულნატკენი. რატომ ვკარგავთ მომხრეებს, ბატონებო?! 

თემურ აბაზოვს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ქვემო ქართლში. ეს კაცი წარმოშობით თბილისელია, არის ერთგული და განათლებული ადამიანი. მის გათავისუფლებას ითხოვენ მარნეულელები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში კომპაქტურად მცხოვრები აზერბაიჯანელები.
თემურ აბაზოვი თანამშრომლობს გამოძიებასთან და თუ მხარდაჭერას იგრძნობს, კიდევ ბევრი სიმართლე გაირკვევა. მისი იზოლაცია, არის ნაციონალების ინტერესი და პროკურატურის ვითომდა პრინციპულობა. თუ ასეთი პრინციპულები არიან, თაროებზე რომ უდევთ მტვერდაყრილი, ნაციონალების ჩადენილი დანაშაულებების ტომეულები, იმათ მიხედონ და არა `ქართული ოცნების~ წარმომადგენლების დისკრედიტაციას ქვემო ქართლში.

თუ პროკურატურა აბაზოვის საქმეს ასე გააგრძელებს, ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელები, ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერები შევაგროვოთ მის მხარდასაჭერად. ამანაც თუ შედეგი არ გამოიღო, პერმანენტულ აქციებს გავმართავთ, როგორც გენპროკურატურასთან, ასევე მარნეულში.
დამნაშავე ნაციონალები ჭკუას რატომ გვარიგებენ? ესენი უნდა დარბოდნენ ხალხში და პროვოკაციებს აწყობდნენ, ხოლო თემურ აბაზოვი უნდა იყოს ციხეში? ეს არის ჩვენი დღევანდელი სამართალი?

დღეს დაიჭირეს თემურ აბაზოვი, ხვალ სხვას დაიჭერენ, ზეგ ჩვენ დაგვიჭერენ, სად ვიპოვოთ სამართალი, უკვე გაუგებარია.

ძალიან მიკვირს, რატომ არ იჩენენ არავითარ რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნების ელჩები იმაზე, რასაც აკეთებს „ნაცმოძრაობა“ და მისი ჯუჯა პარიტები საქართველოში. ეს ჯგუფები ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ და ამით გზას უკეტავენ საქართველოს განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. საერთაშორისო დონეზე ულახავენ იმიჯს ჩვენს ქვეყანას.

დიდი იმედი მაქვს სახელისუფლო ცვლილებების და ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ პატიოსან, პროფესიონალ გენერალურ პროკურორს, რომელიც მართლაც გენერალურ წმენდას ჩაატარებს და ზოდელავას, ოქრუაშვილის, ადეიშვილის კადრებს ჩამოაცილებს პასუხსაგებ თანამდებობებს.
ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის დასაწყები ცვლილებები კანონმდებლობაში – ადამიანის უფლებებს თუ ვიცავთ, ადამიანის უფლებაა ოჯახის ღირსების დაცვაც, ქონების დაცვის უფლებაც და ა.შ. გინება, რომელსაც ბინძურად ახორციელებენ ნაციონალები, შორსაა ჩვენი, კავკასიური ეთიკიდან და ადათ-წესიდან, ამოძირკვონ მეტყველებიდან და ურთიერთობებიდან ბილწსიტყვაობა. დაცული იყოს ადამიანის ღირსება კანონით, თორემ სხვანაირად ნორმალურ სახელმწიფოს ჩვენ ვერ ავაშენებთ.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0