როდის დაინტერესდებიან სათანადო ორგანოები შპს "მექანიზატორში" შექმნილი საგანგაშო მდგომარეობით?

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა სარგებლობა უნდა მოუტანოს ქვეყანას ტურიზმის "ბუმმა", როცა სოფლის მეურნეობის იმდენ პროდუქტსაც კი ვერ აწარმოებ, რომ საკუთარი მოსახლეობა გამოკვებო.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტის, პროფესორ სოსო არჩვაძის განცხადებით, ტურისტების მიერ შემოტანილი ფულის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის, რადგან კვების პროდუქტები უცხოეთიდან, ძირითადად თურქეთიდან შემოდის. ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი ხდება, ანუ თურქეთის ეკონომიკას ვანვითარებთ. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ამ პროდუქციის უტილიზაციის და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადგილი იქნებაო. ალბათ ამ ყველაფრიდან გამომდინარე იყო, ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად რომ გამოაცხადა. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამაც ამოქმედდა, რასაც საქმეში ჩახედული ადამიანების განცხადებით, დადებითი შედეგი მოყვა, დაიხნა და დაითესა წლობით მიტოვებული მიწის ფართობები. სოფელზე გულაცრუებულმა, ოჯახის სარჩენად დედაქალაქში თუ უცხოეთში გადახვეწილმა გლეხობამ, უკან დაბრუნება დაიწყო, მაგრამ ეს "ბედნიერება" დიდხანს არ გაგრძელებულა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ტრადიციულ აგრარულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა რატომღაც აღარ მიიჩნიეს პრიორიტეტულ დარგად, რაც დროებით გამოცოცხლებულ სოფელს და ჩვენ ბაზარსაც დაეტყო. 2016 წლის სექტემბერში სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კი მოგვწერეს, ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში 772.616 ბენეფიციარი (წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი) განისაზღვრა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 44.698.610 ლარის ღირებულების სარგებელი იქნა ათვისებულიო, ისე, დამუშავებული ფართობების მოცულობა ოფიციალური მონაცემებითაც საგრძნობლად შემცირებულია, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებენ სანდო წყაროები. გასაგებია, რომ დახმარების პროგრამამ ამოწურა თავისი ვადა, მაგრამ ის ტექნიკა, რომელიც სახელმწიფომ გლეხობისა და ფერმერების მომსახურეობისთვის შეიძინა, ხომ უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი ფინანსებით დაიქირაონ და გამოიყენონ? კომპეტენტური და სანდო წყაროების ცნობით, სახელმწიფო შპს "მექანიზატორს", რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურაა, კი ყავს 1300-მდე ტრაქტორი, მაგრამ აქედან 350 თუ იქნება მეტნაკლებად მუშა მდგომარეობაში. როდესაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაზიანებული ტრაქტორებით იყო გამოვსებული "მექანიზატორის" სერვისცენტრები, ბუნებრივია, დავუკავშირდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საიდანაც გვაცნობეს, რომ "მექანიზატორის" ათას ერთეულამდე ტექნიკა პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად სამუშაოებს ასრულებს. პროცესის მიმდინარეობისას, ბუნებრივია ტექნიკის დაზიანება, მაქსიმალურად ოპერატიულად ხდება მათი აღდგენა, რათა ხელი არ შეეშალოს მუშა პროცესს. 2015 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში დაზიანდა და შემდგომ აღდგენილი იქნა შპს "მექანიზატორის" კუთვნილი 89 ერთეული კომბაინი და 343 ერთეული ტრაქტორი. აგროვადების გათვალისწინებით, იმ რეგიონებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ხორციელდება, შპს "მექანიზატორის" ტექნიკა აქტიურად არის ჩართული პროცესში, რა რაოდენობაც საჭიროა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისასო. 

თუ ასე გამართულად მუშაობდა შპს "მექნიზატორის" ტექნიკური პარკი, მაშინ რატომ დაარბენინებდნენ ტრაქტორებს აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს რეგიონებს შორის, საგაზაფხულო ხვნის პროცესს კახეთში რომ დაასრულებდნენ, მერე დასავლეთის რეგიონში გადაყავდათ იგივე სამუშაოების შესასრულებლად, რადგან გამართული ტექნიკა არ ყოფნიდათ. დასავლეთ საქართველოში ერთი და ორი თვით გვიან დგება გაზაფხული? ცხადია, დასავლეთის რეგიონშიც გვიანდებოდა ხვნის პროცესი, კახეთში უკვე სხვა სამუშაოების დრო დგებოდა, ცხადია, ტექნიკა იქ არ იყო და გვიანდებოდა ამ სამუშაოების შესრულება. აგროვადები თუ დაირღვა, მერე აზრი ეკარგება ამ სამუშაოებს, რადგან ვეღარ მიიღებ მოსავალს, ფუჭი შრომაა. ამიტომ გახდა ხალხი იძულებული დახნული მინდვრები მიეტოვებინა, მით უმეტეს, რომ შემდგომ სამუშაოებში ფული თვითონ უნდა გადაეხადა. არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ გადაყრის წყალში ფინანსებსა და შრომას. ჩვენ გამომძიებლის ფუნქციაზე არ გვაქვს პრეტენზია, რომ მტყუან-მართალი ვარჩიოთ, ეს შესაბამისი ორგანოების პრეროგატივაა. სხვათა შორის, სახელმწიფო აუდიტმა დადო დასკვნა, რომ იმ ტექნიკიდან მიღებული შემოსავალი, რომლის შეძენაც სახელმწიფოს მილიონობით ლარი დაუჯდა, ნახევარ მილიონსაც კი არ შეადგენდა. თანაც ეს დასკვნა იმ წლების მონაცემების მიხედვით დაიდო, როცა ეს ტექნიკა, ასე თუ ისე, სრული დატვირთვით მუშაობდა, ანუ 2013–2015 წლებში. რატომ არ დაინტერესდა მთავრობა შემდეგი წლების მუშაობის შესწავლით, ესეც სერიოზულ კითხვას ბადებს.

"საერთო გაზეთს" ხელში ჩაუვარდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2469 განკარგულება (მას ხელს აწერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი), რომელიც შპს "მექანიზატორის" საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება. განკარგულების თანახმად "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ოთხი მილიონი ლარი უნდა მიმართოს შპს "მექანიზატორის" ანგარიშზე კაპიტალის გასაზრდელად, შემდგომში კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურად გამართვისთვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად და 2015 წელს წარმოშობილი ვალდებულებების დასაფარად. ამ ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უნდა განეხორციელებინა ცვლილება ამ უწყების 2015 წლის ბიუჯეტში. გარდა ამისა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის შესაბამისად, უფლება მიეცეს შპს "მექანიზატორს", სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების (მათ შორის, საბურავები) და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობითო. მარტივი ენით რომ ვთქვათ, შპს "მექანიზატორს" ეს ოთხი მილიონი ლარი იმისთვის გამოუყვეს, რომ შეესყიდა სათადარიგო ნაწილები, აღედგინა დაზიანებული ტექნიკა და მექანიზატორებითვის დაეფარათ სახელფასო დავალიანება.

"საერთო გაზეთი" უკვე წერდა, რომ ამ კონტიგენტს თვეობით უგვიანებდნენ ხელფასებს. "ავ ენებს" თუ დავუჯერებთ, იყო შემთხვევები, როცა საერთოდ არ უნაზღაურებდნენ მათ შრომას, იმის მომიზეზებით, შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაცია სათაო ოფისამდე არ მოსულაო, რომელი მხარე ითავსებდა ილუზიონისტის "ფუნქციას", ადგილობრივი სერვისცენტრი თუ "მექანიზატორის" ადმინისტრაცია, ღმერთმა იცის. პროფესსიონალ მექანიზატორებს ისედაც მიზერულ ხელფასს უხდიდნენ, ამასაც უგვიანებდნენ ან არ უხდიდნენ, რითაც აიძულეს ეს ხალხი სამსახურიდან წასულიყო. მერე მოკრიბეს შემთხვევითი ადამიანები და დაასაქმეს, ვითომდა ფინანსების დაზოგვის მიზნით, იაფფასიან, უხარისხო საპოხ-საცხებ მასალებს ყიდულობდნენ და იყენებდნენ, სწორედ ეს ყველაფერი იყო ძვირადღირებული ტექნიკის დაზიანების მიზეზი. ხდებოდა თუ არა ამ ტექნიკის აღდგენა-შეკეთება, ესეც საკითხავია, სპეციალისტთა განცხადებით, "მექანიზატორმა" აუქციონზე დაზიანებული, ფაქტობრივად გაძარცვული ტრაქტორები გამოიტანა, რომლებსაც ისეთი ფასი ადევს, არავის უღირს შეძენა. მათი შეკეთება იმხელა თანხა დაჯდება, მაგ ფასში მთლად ახალ ტრაქტორს იყიდიო, ამბობენ. სამთავრობო განკარგულებაში, სათადარიგო ნაწილების შესაძენად, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებზეცაა საუბარი, თუმცა დაინტერესებულ პირებს, ტენდერების გამოცხადება-ჩატარების შესახებ არაფერი სმენიათ. შპს "მექანიზატორმა" ამ ტექნიკის დილერი კომპანიების მესვეურთ თურმე ისეთი ფოკუსი ჩაუტარა, რომ დღესაც ჭკუაზე ვერ მოსულან. სანდო წყაროს ცნობით, მათ 2017 წლის დასაწყისში ე.წ. ინვენტარიზაცია ჩაატარებინეს, ვითომდა მათთვის უნდა მიეცათ შეკვეთა, შეადგენინეს დოკუმენტაცია რომელ ტრაქტორს რა სათადარიგო ნაწილი ჭირდებოდა, მიიღეს სასურველი ინფორმაცია, მერე ესენი "გადაყარეს" და სულ სხვა, უცხოურ კომპანიასთან დაამყარეს ურთიერთობა. იმ კომპანიას კი შემოატანინეს სათადარიგო ნაწილები, სავარაუდოდ გაცილებით მაღალ ფასში, გამოიყენეს თუ არა ეს მარაგ-ნაწილები, სათანადო ორგანოების მსჯელობის თემაა. ჩვენ ინფორმაცია ადრეც გვქონდა და დავწერეთ კიდეც, რომ სათადარიგო ნაწილებს არ ყიდულობდნენ, სხვა დაზიანებული ტექნიკიდან ხსნიდნენ, რამდენიმე ტრაქტორიდან ერთს აკოწიწებდნენ, რომ მთლად არ გაჩერებულიყო ტექნიკური პარკი, რაც მათთვის შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. სპეციალისტთა განცხადებით, ტექნიკის ძარცვა, თუნდაც ასეთი "კეთილშობილური" მიზნით, სისხლის სამართლის დანაშაულია და თავის დროზე ისჯებოდნენ კიდეც ახალი მოდის "კონსტრუქტორები".

სად წავიდა ზემოხსენებული ოთხი მილიონი ლარი? სად წავიდა ის ოთხი მილიონი და "განმკარგავების" ხელფასებსა და დანამატებს მოხმარდა, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინცო, აცხადებენ სანდო წყაროები. რატომ ანიჭებენ საქართველოს ხელისუფალნი უპირატესობას უცხოელ ბიზნესმენებსა თუ სპეციალისტებს, ეს ცალკე საკითხია. რომ კითხო, საკუთარი მოქალაქეების დასაქმებისთვის "იღწვიან". შპს "მექანიზატორმა", რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან ფინანსდება და ამ ხალხის დასაქმებასა და კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს, როგორც აღვნიშნეთ, ქართველი დილერები ჩააჩოჩა, მას თავად მოუნდომებია დილერის ფუნქციის შეთავსება, მაგრამ ქარხანა-მწარმოებლებთან ვერ გარიგებულა, რადგან მათ თავიანთ დილერებს მიანიჭეს უპირატესობა. "მექანიზატორის" ხელმძღვანელობას დილერებისთვის უთქვამს კიდეც, მართალია, თქვენ ქარხანა გიჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენსას მაინც გავიტანთ, რადგან მთავრობის მეთაურისგან გვაქვს მხარდაჭერა, ის დაგვეხმარებაო. მართლაც თუ იყო ამ საქმეში პრემიერი კვირიკაშვილი ჩართული, ამის მტკიცებას ვერ მოვყვებით, მაგრამ ფაქტია, "მექანიზატორს" დილერების გვერდის ავლით შემოუტანია მარაგ-ნაწილები, "იმპორტიორ-პარტნიორებისთვის" უკრაინასა და თურქეთში მიუკვლევია. სხვათა შორის, დამადასტურებელ მასალასაც გავეცანით, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ მეტი კონკრეტიკისგან. ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინელები ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან აქტიურად ყოფილან ჩართული ქართულ ბიზნესში და თურმე დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. ეს "სიამტკბილობა" კვირიკაშვილის გამინისტრების, განსაკუთრებით კი გაპრემიერების შემდეგ გახდა აშკარა. რით დაიმსახურეს მათ საქართველოს მთავრობისგან ასეთი ყურადღება, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ქართველი ბიზნესმენებისა და ადგილობრივი დაქირავებული მუშახელითვის მთლად სასურველი პარტნიორები არ არიან, ეს ჩვენთვის არაერთხელ უთქვამთ. 

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0