მასწავლებელო, გთხოვთ, მომისმინოთ!

კეშას ბლოგი 

– მოგწონს შენი შვილი? – ჰკითხეს ერთხელს ჩემს მეგობარს…
– რას ჰქვია, მომწონს, მიყვარს – უპასუხა დაბნეულმა.
– არა, ბებო, რომ გიყვარს, ცხადია და ვინ დაობს, კარგია, მაგრამ მთავარია, მოგწონდეს მისი ქცევა, სიტყვა და პასუხი, მისი დამოკიდებულება ადამიანებისა და სამყაროს მიმართ.

მინდა 51-ე და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგებს ვკითხო – მოგწონთ, თქვენი აღზრდილი მოსწავლეები?
დიდი ხანია, სკოლაში სწავლამ სადღაც სხვა პლანზე გადაიწია, წლებია – ყველა ბავშვს რეპეტიტორი სჭირდება საგნის დასაძლევად, რას არ იმიზეზებენ პედაგოგები – წიგნის სირთულეს, გაკვეთილის სიმცირეს, მოსწალეთა სიმრავლეს – ხოდა, უნდა ვატაროთ შვილები რეპეტიტორებთან, უნდა გადავიხადოთ ფული იმის სასწავლებლად, რაც სკოლის პროგრამაში შედის და სკოლის პედაგოგს უნდა ესწავლებინა, რომ შესძლებოდა.
არ შეუძლია რომ ასწავლოს და ძალაა? – ვერ მოკლავ. არ უნდა და რას უზამ? – ძალით როგორ აიძულებ.

თბილისის რომელ სკოლაშიც არ უნდა მიხვიდე, პედაგოგი გეუბნება, რომ დრო არ ჰყოფნის მოსწავლის დავალების შესამოწმებლად, განა ყველადღიურად, განა კვირიაში ერთხელ – ჩვენი შვილების დავალებები თვიდან თვემდე არ მოწმდება.
ტიროდა, ამას წინათ, ჩემი მეგობრის მეორეკლასელი გოგონა, რისთვის ვწერ დავალებებს, მე ხომ მაინტერესებს მასწავლებლის აზრი, რა მოხდება, რომ შეამოწმოსო…

მეორე დღეს მივიდა ეს ჩემი მეგობარი სკოლაში და პედაგოგს სთხოვა, იქნებ დავალება შეუმოწმოთ ჩემს შვილს, თორემ, განიცდისო.
იმავე დღეს, ფეხზე ააყენა პედაგოგმა ჩემი მეგობრის გოგონა და კლასელების თანდასწრებით უთხრა: შენმა დედამ რომ დავალების შემოწმება მომთხოვა, ვერ ხედავ როგორი დაკავებული ვარო.

უფრო მყარად ატირებული დაბრუნდა ბავშვი სახლში, მთელი კლასი დამცინოდა, დედაშენმა მასწავლებელს დავალების შემოწმება სთხოვაო…
ხოდა, დაკავებულნო, გაკვეთილის შემოწმებაც რომ გიჭირთ და თითზე ჩამოსათვლელნი დაგვრჩით მართლა პედაგოგნი, რომელთაც შეუძლიათ ასწავლონ – თუ შვილები რეპეტიტორებთან უნდა ვატაროთ, თუ უფასო სწავლაში, მაინც უნდა ვიხადოთ ფული, ან უსწავლელნი დავრჩეთ – იქნება და კეთილი ინებოთ და ფიზიკურად ცოცხალნი მაინც დაგვიბრუნოთ სახლში ჩვენი შვილები.

გაკვეთილებიდან წავიდა ხორავას ქუჩაზე ყველა მოსწავლე, ყველა მეორე მოსწავლეს ცივი იარაღი ედო ჯიბეში.
იმ დილით ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ჩხუბი მოხდებოდა, იმ დილით არავინ იყო მზად დანის დასარტყამად, მაგრამ მაინც შეირაღებულბნი იყვნენ – ესე იგი, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, ესე იგი, ყოველ დილით იკაზმებიან დანებით…
შეუძლებელია, ზუსტად ვიცი, შეუძლებელია, მთელი წლის მანძილზე მოსწავლეებმა დანებით იარონ სკოლებში და პედაგოგებმა ვერ შეამჩნიონ.
მე რომ პედაგოგი ვიყო და ჩემი მოსწავლე დანით დადიოდეს – მანამდე დავიბარებ ამ მოსწავლის მშობელს, სანამ არ გავაგებინებ, რომ მისი შვილი შეიძლება ან მოკლან, ან ციხეში ჩასვან მკვლელობისთვის.

მე რომ პედაგოგი ვიყო და ვერ გავაგებინო მშობლებს, რა შეიძლება მოჰყვეს მოსწავლეთა დანით სიარულს – განათლების სამინისტროს მივმართავ – ისინიც თუ არ იმოქმედებენ, შსს სამინისტროს და ისინიც თუ ვერას გახდებიან – ავდგები და სახლში წამოვალ – ვერ შევძლებ, ვიჯდე და ველოდო, როდის დაჩეხავენ ერთმანეთს ბავშვები.

90-იან წებში იყო დანების ფრიალი, თუ იყო. დიდი უჯრა ჰქონდა მამას, სადაც მოსწავლეთა ჩამორთმეულ დანებს ინახავდა – მერე მშობლებს იბარებდა და ხელწერილით ატანდა. ზოგს მშობელს არ მიჰქონდა დანა, ტოვებდა მამას დიდ უჯრაში, იმის შიშით, რომ მის შვილს ისევ არ ეპოვნა და არ წაეღო სკოლაში. როცა მამა გარდაიცვალა – ხელუხლებელი ვიპოვნე მის უჯრაში მოსწავლეებისთვის წართმეული დანები. ვუყურებდი და ვფიქრობდი: – ეს ბიჭები ახლა კაცები არიან, ახლა ოჯახები ჰყავთ, ახლა შვილებს ზრდიან, ახლა მადლიერნი არიან, რომ მამამ დანა ჩამოართვა, საშუალება არ მისცა, დანის გამოყენების…
მორალური პასუხისმგებლობა რომ გვერდით გადავდოთ, ხორავას ქუჩის გარჩევის მონაწილეებიდან, რამდენიმე ადასტურებს, რომ მასწავლებლებმა გააჩერეს და სთხოვეს, არ წასულიყვნენ საჩხუბრად. თუმცა, თხოვნა თხოვნად დარჩა და მოსწავლეები მაინც აღმოჩნდნენ ხორავას ქუჩის კუთხესთან.

რატომ რამდენიმე, მასწავლებელო, ყველას რატომ არ სთხოვეთ, ყველა თქვენი მოსწავლე არ იყო? ყველა თქვენ არ ჩაგაბარეთ აღსაზრდელად?
თხოვნით როგორ შემოიფარგლეთ მასწავლებელო, როგორ არ მიჰყევით ბოლომდე, როგორ არ დარეკეთ საპატრულოში, როგორ არ დაიბარეთ მშობლები, როგორ არ გადაუდექით წინ მოსწავლეებს?

რას, მასწავლებელო, რას აკეთებთ მაშინ, თუ არც აღზრდა გევალებათ, არც სწავლება და ფიზიკურად ცოცხლებსაც ვერ გვიბრუნებთ სახლებში შვილებს?
ფარული მკვლელია ჩემთვის ყველა ის პედაგოგი, რომელმაც იცოდა მოსალოდნელი ჩხუბის შესახებ და არაფერი მოიმოქმედა, ფარული მკვლელია, ყველა ის პედაგოგი, რომელმაც იცის, რომ მისი მოსწავლე დანით დადის და რეაქცია არა აქვს.

რა საჭიროა მაშ სკოლა, რა საჭიროა სკოლაში მორიგე პედაგოგები, თუ ვერაფერს ხედავენ, რა საჭიროა, მაშ, კლასის დამრიგებელი, თუ ვერაფერს ამჩნევს, რა საჭიროა მანდატური – თუ არაფრის კეთება ევალება?

სკოლებში უამრავი ბავშვის ხმა ისმის ერთად, ან მასწავლებლის ყვირილი.

რა გაყვირებთ, მასწავლებელო, ბავშვებს შესაშინებლად არ ვუშვებთ ჩვენ სკოლაში, რა გაყვირებთ, საშინელებათა ფილმში კი არ გიღებენ, რა გაყვირებთ, მასწავლებელო, სად გინახავთ ყვირილით დაშინებული ბავშვი ადამიანი გამოსულიყოს? ან ვის ეშინია იმ პედაგოგის, რომელიც სულ გაჰყვირის?
მშობლებისკენ იშვერთ ხელს და მესმის, კი, მშობლების როლი უდიდესია და მათ როლზეც დავწერ აუცილებლად, მაგრამ, მშობლის ვალი, თქვენ თქვენი ვალისგან არ გათავისუფლებთ, მასწავლებელო.

დანა კი არა, ტელეფონს ვერ რთავს ჩემი შვილი გაკვეთილზე – საჯარო სკოლაში სწავლობს ისიც.
51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორებო, არ გამიკვირდება, მალე ტანკებით რომ იარონ თქვენმა მოსწავლეებმა სკოლაში, არ გამიკვირდება, ავტომატები რომ შემოიტანონ გაკვეთილებზე.

ჩემი შვილის კლასის დამრიგებელს დანა კი არა, სიგარეტი არ მოეპარება, ვის შვილს მოუვიდა კამათი და ვისას არა – ყოველთვის იცის. მცირე დაძაბულობის შემთხვევაშიც კი – ბავშვი სახლში მარტო ვერ მიდის, ან მშობელს იბარებენ, ან პედაგოგი აცილებს.
ჩემი შვილის კლასის დამრიგებელიც ადამიანია და პედაგოგია და თქვენი პედაგოგებიც, პატივცემულო დირექტორებო?
ნუთუ, ძალიან ბევრს ვითხოვთ, ნუთუ, ესეც მეტია, რომ დილით სკოლაში გამოშვებული შვილი ცოცხალი დაგვიბრუნდეს სახლში?
რა ხელფასს ვიღებთო – მეტყვით ახლა პასუხად – 90-იან წლებში იყო პერიოდი 40 ლარი ჰქონდა მამას ხელფასი, არ მოდუნებულა, არ გაჩერებულა, ისევ ისე ხსნიდა გაკვეთილს, ისევ ისე იყო დაკავებული დანების ჩამორთმევით, ისევ ისე ეცალა ყველა მშობლისთვის და თუ რომელიმე მოსწავლეს დამხარება სჭირდებოდა, უანგაროდ ეხმარებოდა.

მყოფნიდა თუ არა მე მამას ხელფასი – არა, არ ჰყოფნიდა ჩემს მოვლა-პატრონობას 40 ლარი, სულ ვალი ჰქონდა მამას, შეიძლება ამ ვალებზე დარდმა გადაიყოლა, შეიძლება ჩვენს მოვლა-პატრონობაზე ფიქრმა შეიწირა – სამაგიეროდ, არც ერთი მოზარდის ცხოვრების გზის გამრუდებაში არ მიუძღვის წვლილი.

სულ ვფიქრობ და არ მესმის, რატომ არის ამ ორი სკოლის დირექტორი ისევ თავის ადგილას, რატომ არ დაიჭირეს, თუ მართლა იცოდნენ მოსალოდნელი ჩხუბის შესახებ და არ განაცხადეს, რას აკეთებს განათლების სამინისტრო – თუ გადაამოწმა მოსწავლეთა ნაამბობი და სიმართლე თუ დაადგინა? რატომ არ მოხდა სკოლების შემოწმება მკვლელობის მერეც კი? როცა ეჭვად მაინც იცი, რომ რომელიმე სკოლაში, დირექტორი თვალს ხუჭავს მოსწავლეები რომ დანებით დადიან და არ ამოწმებ – ეგაც ხომ მკვლელობის ხელშეწყობაა?

როდის ჩამოყალიბდა ჩვენს შორის ამდენი ფარული მკვლელი, როგორ შეიყარა ერთად ამდენი ფარული მკვლელი!
მშობლების და საზოგადოების შესახებ – შემდეგ ბლოგში – მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნე – ყველას თავისი ვალი აქვს მოსახდელი, ერთის გადაუხდელობით, მეორე არ თავისუფლდება მოვალეობისგან!скачать dle 12.0