"განათლებულთა" შესახებ, ანუ "რა არის იგი სინათლე…"

ერთმა კინორეჟისორმა ცოფები ჰყარა ამასწინათ – კაცი, რომელიც მე მარჩენს და სიბერის ხვედრს მიმსუბუქებს, გაუნათლებელი კაციაო.
როცა სხვას ეძახი გაუნათლებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ძალიან განათლებულად თვლი, თუმცა ნამდვილად განათლებული ადამიანი არ იკადრებს, რომ სხვას გაუნათლებელი დაუძახოს.


განათლებული ადამიანი რომ იყო, ამისთვის სულაც არ არის საკმარისი, ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, ბევრი ფილმი, ბევრი გამოფენა გქონდეს ნანახი, ფლობდე ბევრ ინფორმაციას, კარგად ერკვეოდე სხვადასხვა საკითხებში დ ა. შ.
სიტყვა განათლება სიტყვა სინათლიდან მოდის, სინათლეა მისი ფუძე და საწყისი.
განათლებული ადამიანი ის არის, ვინც შიგნიდან არის გასხივოსნებული და განათებული არა მარტო ცოდნით და ინტელექტით, არამედ სიკეთით, თავმდაბლობით, უბრალოებით, მოყვასისადმი სიყვარულითა და თანადგომით.

ამ ნიშნით და ამ საზომით სწორედ ის ადამიანი არის განათლებული, ვისაც გაუნათლებელი დაუძახა თავად როყიო და უკმეხმა კაცმა.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელსაც შემოქმედებითი ინტელიგენცია ჰქვია და რომელიც განათლებულად მიიჩნევს საკუთარ თავს, ერთ ცუდ, აშკარად პლებეურ-პროვინციალურ თვისებას ვამჩნევ.

ეს ადამიანები, რომლებსაც ზედმეტად აღმატებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და საკუთარ ღვაწლზე, ზოგჯერ ზემოდან დაჰყურებენ დანარჩენებს და თვლიან, რომ მათ იმხელა დამსახურება აქვთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ყველანაირ პრივილეგიას იმსახურებენ, მათ შორის, იმსახურებენ იმასაც, რომ ვინმე კეთილშობილმა და ქველმოქმედმა ადამიანმა თვეში ზოგს 3000 ლარი უხადოს სტიპენდიის სახით, ზოგს 4000, ზოგს — 5000, თუმცა ამის გამო ისინი მადლიერებიც არ არიან, რადგან თვლიან, რომ მათ ეკუთვნით, ეს მათ დაიმსახურეს ერის წინაშე.

ზოგიერთს მართლაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დამსახურება ერის წინაშე, მაგრამ როცა მთელი ერის ნაცვლად, მთელი ერის მაგიერ ერთი კაცი აკეთებს მთელი ერის გასაკეთებელს და საკუთარი ჯიბიდან სოლიდურ სტიპენდიას გიხდის ყოველთვიურად, თანაც ისე, რომ მას ამის არანაირი ვალდებულება არ აქვს, ასეთ კაცს რატომ უნდა მოექცე უდიერად და უმადურად?
მხოლოდ ეს ერთი უმადური ადამიანი რომ იყოს გამონაკლისი, ეს ამბავი, ალბათ, სალაპარაკოდაც არ ღირდა, მაგრამ ასეთები სხვაც ბევრი რომ არის, ამას რა ვუყოთ და ამას რა დავარქვათ?

უმადურობა მთავარ ნაციონალურ მახასიათებლად ხომ არ გვექცა შემთხვევით?
ეს ეგრეთწოდებული ელიტა, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მოასწრო გარყვნა და მორალური დეგრადირება, დღემდე ძველი ინერციით აგრძელებს ცხოვრებას და პრივილეგიებს ითხოვს.

დამსახურებაზე ვსაუბრობდით ზემოთ. სხვა დამსახურებათა შორის ერთი დიდი "დამსახურებაც" არ უნდა დავუვიწყოთ ამ პატივცემულ ელიტას.
სწორედ ეს ელიტა აღმოჩნდა მთავარი იდეოლოგიური მაპროვოცირებელი იმ უბედურებისა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების სახით თავს დაატყდა ქვეყანას გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მათ ლომის წილი აქვთ შეტანილი დამოუკიდებლობის გზაზე ახლადფეხადგმული საქართველოს დამარცხებასა და გაპარტახებაში. 
აი, ამ "დამსახურების" გამო ითხოვთ თქვენ, პატივცემულებო, პრივილეგიებს, კომფორტს, სტიპენდიებს, ჯილდოებს?
"უწიგნური" და "გაუნათლებელი" რომ აგიკვიატებიათ, იქნებ ზვიად გამსახურდიაც უწიგნური და გაუნათლებელი იყო, რუსების მიერ ნაჩუქარი ტანკებით და ბეტეერებით რომ მიადექით დასამხობად და მასთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოც რომ დაარბიეთ და დაიპყარით?

ვინმეს წიგნიერება თუ უწიგნურობა კი არ გაინტერესებთ თქვენ, თქვენი პირადი კეთილდღეობა გაწუხებთ მხოლოდ და ამ კეთილდღეობას თუ რაიმე საფრთხე დაემუქრება, მზად ხართ მთელი ქვეყანა დალეწოთ და გააცამტვეროთ, ოღონდ მუდმივად ზედაპირზე იტივტივოთ.
90-იან წლებში ზუსტად ეს საფრთხე იგრძნეს ამ ე.წ. ელიტარებმა – შეიძლება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ფასეულობათა გადაფასება მომხდარიყო და საბჭოთა იმპერიის ერთგული მსახურებისთვის ბოძებულ მათ ყალბ დიდებას წყალი შედგომოდა.

სწორედ ამიტომ აისხეს იარაღი, მკვლელების, ბანდიტების, ყაჩაღების, ნარკომანების გვერდით დადგნენ და მათთვის საბედისწერო ეს საფრთხე აღკვეთეს.
თუ საჭიროება დადგა, ისინი ახლაც ასე მოიქცევიან და ზუსტად ისე დაუპირისპირდებიან ნებისმიერ პიროვნებას, ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც მათ კეთილდღეობას საფრთხელ შეუქმნის.

ამ ელიტამ ღალატს გაუგო გემო და ახალი პატრონის გულის მოსაგებად ისე ადვილად და თვალის დაუხამხამებლად გაყიდის თავის ძველ კეთილისმყოფელს, ნერვი არ შეუტოკდება.

სიკეთის ღირსეულად მიღება და დაფასებაც ისეთივე ღვთიური მადლია, როგორიც სიკეთის გაღება.
თუ ამ ჭეშმარიტებას ადამიანები ვერ მიხვდებიან და ვერ გააცნობიერებენ, მაშინ სიკეთის ქმნაც ისეთივე უაზრობა ხდება, როგორც ღორებისთვის მარგალიტების დაყრა.

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0