30 000-მა მოქალაქემ გაყალბებული დოკუმენტები გაასწორა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 30 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. მათი დოკუმენტები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე შესწორდა.
გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. კანონი საბუთებსა და მონაცემთა ბაზებში შეუსაბამო მონაცემების გასწორებისათვის შეღავათებს აწესებს. ამნისტიის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა ბაზების და საარჩევნო სიის სრულყოფა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა დროს გაყალბებული მონაცემებით აიღეს საბუთები: პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.
ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე.
პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით ფულადი ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ინფორმაციას 1tv ავრცელებს.скачать dle 12.0