ჭუბერში მდინარემ კიდევ ერთი სახლი დაანგრია [ვიდეო]

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია. 

imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში წვიმამ იმატა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ამ წუთებში, უსაფრთხოების მიზნით,  ელექტროგადამცემ ბოძებს ხსნიან.  სტიქიის ზონაში გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, სტიქიის ადგილზე 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.
5 ივლისის სტიქიის შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მაშველები.  ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.


 скачать dle 12.0