უშედეგო სამიტი

ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ყურადღება გასულ კვირას, რუსეთის გარდა, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბრიუსელისკენ იყო მიპყრობილი. ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი აფრიკა-ახლო აღმოსავლეთიდან მომწყდარი მიგრანტების ბედის განსაზღვრა იყო. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში არაოფიციალურად შეიკრიბნენ, როგორც ამბობენ, `მოთელვისთვის~. არაოფიციალურ შეხვეარდა 16 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა დემონსტრაციულად უარი განაცხადეს არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე. სამიტი, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, საერთო აზრს ვერ მიაღწიეს.

გასულ კვირას, ხუთშაბათს, ევროკავშირის სამიტი მართლაც დაძაბული გამოდგა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველ დღეს შეხვედრა 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააგრძელეს. მიგრანტებთან მიმართებაში კი გაურკვევლობაა. ევროკავშირის ქვეყნების სურვილია, მესამე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადანაწილდნენ მიგრანტები. ამის გარდა, ევროკავშირის გეგმაა, აზია-აფრიკის ქვეყნებში შეიქმნას მიგრანტების საფილტრაციო ბანაკები, რომლებსაც ზედამხედველობას პოლიცია გაუწევს. ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით იტალიის პირველი ვიცე-პრემიერი და შსს-ის მინისტრი მატეო სალვინი ლიბიაში. იქაურმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ქვეყანაში მიგრანტთა ბანაკების შექმნაზე. სალვინის ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. 

ევროკავშირის გეგმებმა მიგრანტებთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი კრიტიკა დაიმსახურა ექსპერტების მხრიდან. მათთვის გაუგებარია, რომელი ქვეყნის პოლიციამ უნდა განახორციელოს ზედამხედბელობა მიგრანტების ბანაკებში, ან რას ნიშნავს ფილტრაცია. ისრაელელი სამხედრო ექსპერტის იაკობ კედმის განცხადებით, ბანაკების შექმნისთვის გამოყოფილი მილიონობით თანხა არაოფიციალური, გაურკვეველი შეიარაღებული ფორმირებების ხელში აღმოჩნდება. "…ლიბიაში, სადაც არ არსებობს ერთიანი ხელისუფლება, ვისთვის აპირებენ ფულის მიცემას? ვინ იქნება გარანტორი, რომ თანხები მიზნობრივად გაიხარჯება?" – აცხადებს იაკობ კედმი. რუსეთის სენქციებზე იგივე კედმის განცხადებით, ამით რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის. "…რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მათთვის სასიკეთოც აღმოჩნდაო", – ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ მიგრანტების საკითხმა, რომელიც პრობლემად იქცა ევროკავშირისთვის, შესაძლოა, წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ამაზე მეტყველებს იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტესა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შელაპარაკება სამიტზე. კონტემ მოუწოდა, საფრანგეთმაც გაუღოს კარი მიგრანტებს. ამაზე გაღიზიანებულმა მაკრონმა უპასუხა: "…არავის ჭკუის სწავლება არ გვჭირდებაო". ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაპირისპირების შედეგად, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებმა ჩაკეტონ თავიანთი ქვეყნის საზღვრები, რითიც ეჭვქვეშ დადგება შენგენის არსებობა. ევროკავშირის სამიტის შემდეგ შემაჯამებელი ერთობლივი დოკუმენტი არ მიუღიათ, რაც დღემდე არ მომხდარა. ამიტომ მიმომხილველებმა "უშედეგო სამიტად" მონათლეს.

"სავაჭრო ომი" ევროკავშირის დასასუსტებლად არის აგორებულიო, აცხადებენ ექსპერტები. "ევროკავშირის ქვეყნებიდან ეკონომიკურად ძლიერი სამია – გერმანია, დანია და ნიდერლანდები. დანარჩენები დოტაციის ხარჯზე ცხოვრობენ, ფაქტობრივად, გერმანელების, – აცხადებს კედმი. – ამას თუ დავუმატებთ სავაჭრო ომს, ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა". ამასობაში შეირყა კანცლერ ანგელა მერკელის პოზიციები ქვეყნის შიგნი თ. მართალია, ევროკავშირის სამიტზე კონკრეტულად არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ყველა საკვანძო საკითხი შემოდგომისთვის გადაიდო, მერკელის კოალიციური მთავრობის ბედი, ექსპერტების განცადებით, ჯერაც გაურკვეველია.

გასულ კვირას ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპრილში მაკრონის აშშ-ში ვიზიტისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა, საფრანგეთი გასულიყო ევროკავშირიდან. ამით სანქციები შეგიმსუბუქდებათო, უთქვამს ტრამპს. რამდენად მართალია პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, უცნობია. კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. არავის უარყვია და არც დაუდასტურებია ჩვენი ამერიკელი კოლეგების ინფორმაცია. თუმცა ამან, ეჭვი, რომ ტრამპი ევროკავშირისადმი არაკეთილგანწყობილია, კიდევ უფრო გაამყარა.

როგორც დაგეგმილი იყო, გასულ ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. "…თქვენი ჩამოსვლა იმედს გვისახავს, რომ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება. აქამდე სასურველი პოლიტიკური ვითარება არ იყო. ახლა სიტუაცია გამოსწორდა", _ უთხრა შეხვედრის დაწყებამდე სტუმარს პუტინმა. თავის მხრივ ბოლტონმა ჟურნალისტებს განუცხადა: "…პრეზიდენტები ერთმანეთს კარგად იცნობენ. შარშან უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მათ პირად შეხვედრაში უჩვეულო არაფერია. ეს უფრო გააუმჯობნესებს ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის".

ჯონ ბოლტონის ვიზიტის მიზანი დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრის დროისა და ადგილის შეთანხმება გახლდათ. როგორც გადაწყდა, პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შეხვდებიან. პრეზიდენტებამდე პირველი დიპოლმატები – მაიკლ პომპეო და სერგეი ლავროვი ისაუბრებენ. სამიტი ერთდღიანი იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ყველა საკითხზე, რომლებიც მრავლადაა დაგროვილი, ვერ მოასწრებენ საუბარს და რაიმე კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან. მათივე ვარაუდით, ჰელსინკში გამოჩნდება, როგორ განვითარდება აშშ-რუსეთის ურთიერთობა სამომავლოდ.

ჯერ მხოლოდ რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი და დროა ცნობილი, მაგრამ ევროპელებს უკვე აშფოთებთ ორი ქვეყნის დაახლოება. ამის თაობაზე წერენ ევროპული გამოცემები. ამერიკული გამოცემები კი აღნიშნავენ, რომ ტრამპი დიპლომატიურ ენაზე ვერ შეძლებს პუტინს აჯობოსო. ამ დღეებში კი ამერიკელი სენატორები ბიზნესმენების თანხლებით უკვე ჩავიდნენ რუსეთში.

გია ბურდული
скачать dle 12.0